უქმე დღის გულის სინდრომი: რა ემუქრება დღესასწაულებზე გულს?

გააზიარე:

ამბობენ, მეტისმეტი არაფერი ვარგაო. ჩვენც ვცდილობთ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მოვაქციოთ, თუმცა არის დღეები, როცა თავს ამ საზღვრების მოშლის უფლებას ვაძლევთ. ახალი და ძველით ახალი წელი, შობა, აღდგომა თითქმის არასოდეს ჩაივლის სუფრის, სასმლისა და ემოციების გარეშე. დღესასწაულის დასრულების შემდეგ კი ვგრძნობთ, რომ ორგანიზმი მწყობრიდან გამოვიდა, ვცდილობთ, ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ... ცუდი ის არის, რომ შესაძლოა, ჩვენს ნაცვლად ამის გაკეთება უკვე მედიკოსებს მოუხდეთ – ზღვარგადასულ მოლხენას შეუძლია, ჯანმრთელი გულიც კი ამოაგდოს კალაპოტიდან.

გვინდა, ერთ საინტერესო სინდრომზე გესაუბროთ, რომელიც უქმე დღის გულის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი.

ცოტა რამ ისტორიიდან

სამედიცინო ლიტერატურაში ეს ტერმინი 1978 წელს გამოჩნდა: ექიმმა ფილიპ ეტინგერმა სინდრომი აღწერა როგორც გულის რიტმის მწვავე დარღვევა, რომელიც დაკავშირებული იყო ალკოჰოლის ჭარბ მიღებასთან, უმეტესად – დღესასწაულებზე და ადამიანებთან, რომლებსაც მანამდე არასოდეს ჰქონიათ გულის პათოლოგია.

როგორ ვლინდება

სინდრომი უმეტესად წინაგულების ფიბრილაციით (სწრაფი და არარეგულარული კუმშვით) ვლინდება. შედარებით იშვიათია წინაგულების თრთოლა და პაროქსიზმული ტაქიკარდია. სიტყვა “პაროქსიზმული” ნიშნავს, რომ ტაქიკარდია მოულოდნელად იწყება და განსაზღვრული პერიოდის შემდეგ მოულოდნელადვე წყდება. პაროქსიზმული ფორმით ვლინდება წინაგულთა ფიბრილაციაც.

ვის ემუქრება

გულის რიტმზე ალკოჰოლის გავლენა დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ალკოჰოლის ოდენობასა და შემადგენლობაზე. ასე რომ, სინდრომი შეიძლება შეგვხვდეს ალკოჰოლის როგორც რეგულარულ, ისე არარეგულარულ მომხმარებლებთან, როგორც გულის პათოლოგიის მქონე, ისე ჯანმრთელ ადამიანებთან. აქვე დავძენთ, რომ უმეტესობა სწორედ ასეთია: არც გულის პათოლოგია უდასტურდება, არც გულის დაავადებების პირადი თუ ოჯახური ისტორია, არც ელექტროლიტური დისბალანსი, არც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მომატება და არც რამე სხვა დარღვევა, რომელსაც შესაძლოა არითმია გამოეწვია.

წინაგულთა ფიბრილაციის ტიპური ფორმის დროს, რომელიც ალკოჰოლის მიღებასთან არ არის დაკავშირებული, არითმია შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის დაავადებით, ხანდაზმულობით, მაღალი არტერიული წნევით, ჭარბწონიანობით, მჯდომარე ცხოვრების წესით. ზოგჯერ ზუსტ მიზეზს ვერც კი ადგენენ. უქმე დღის გულის სინდრომის დროს კი ის ყოველთვის ალკოჰოლის მიღებას უკავშირდება, რითაც ადვილად შეიძლება მისი გარჩევა ფიბრილაციის ტიპური ფორმისგან.

უალკოჰოლისთვის თავის დანებების შემდეგ არითმიის ეპიზოდები იშვიათდება, მაგრამ თუ ადამიანმა სმა გააგრძელა, შესაძლოა, კიდევ და კიდევ გაუმეორდეს. სიმპტომები უმეტესად 24 საათში თავისთავად ქრება.

მთავარი დამნაშავე

გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ალკოჰოლის ზემოქმედება კარგადაა ცნობილი. მისი სასარგებლო თუ საზიანო თვისებები ოდენობაზეა დამოკიდებული. ზომიერმა მიღებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მაგალითად, დღეში 350 მილილიტრამდე ლუდი, 150 მილილიტრამდე ღვინო, 44 მილილიტრამდე გამოხდილი სპირტი ნებადართულია ყველა ასაკის ქალისთვის და 65 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის, 65 წლამდე კი მამაკაცს შეუძლია, ყოველდღიურად ორჯერ მეტი სასმელიც მიიღოს.

ალკოჰოლიანი სასმლის სასარგებლო ოდენობით მიღება ხელს უშლის სისხლის შემდედებელი სისტემის აქტივაციას, რაც მკვეთრად ამცირებს სისხლძარღვებში თრომბული მასების ჩამოყალიბების რისკს; აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი – ანეიტრალებს ჟანგვითი პროცესების შედეგად წარმოქმნილ, თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც უჯრედების დაზიანება შეუძლია; ხელს უშლის ორგანიზმისთვის მავნე ცხიმების წარმოქმნას; აუმჯობესებს სისხლძარღვის კედლის შიგნითა შრის, ენდოთელიუმის, ფუნქციას.

ალკოჰოლის ჭარბმა და რეგულარულმა მიღებამ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს, კერძოდ, ასწიოს არტერიული წნევა, რაც ამ სისტემის დაავადების წინაპირობად იქცევა. არც ალკოჰოლური დილატაციური კარდიომიოპათიის განვითარებაა გამორიცხული.

ალკოჰოლის არარეგულარული მიღების დროს კი ფაქტობრივად ჯანმრთელ ადამიანებში გულის რიტმის დარღვევის მექანიზმი ჯერ კიდევ დაუდგენელია. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ჭარბი ალკოჰოლი ანელებს გულის გამტარ სისტემაში იმპულსების გადაცემას და არითმიასაც სწორედ ეს იწვევს. გარდა ამისა, ხდება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების, ადრენალინისა და ნორადრენალინის, გამოთავისუფლება, რაც გულისცემის სიხშირეს ზრდის. ვარაუდობენ, რომ იმატებს სისხლში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების ოდენობაც – მჟავებისა, რომლებსაც არითმიის გამოწვევის უნარი შესწევს. დაბოლოს, მიზეზი შესაძლოა ღვიძლში იყოს საძიებელი – აქ ალკოჰოლი იშლება და გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებაა და შეუძლია, გულის რიტმის დარღვევა გამოიწვიოს.

როგორ ვლინდება

სინდრომი უმეტესად სწრაფი, ძლიერი და არარეგულარული გულის რიტმით ვლინდება. თუ მას სხვა სიმპტომები არ ახლავს თან და არც გულის დაავადება აქვს პაციენტს, რიტმი მალე თავისთავად დაუბრუნდება ნორმას.

თუ რიტმის დარღვევას დაერთო

* თავბრუხვევა,

* სუნთქვის გაძნელება,

* ტკივილი გულმკერდის არეში,

* გონების დაკარგვა , –

მდგომარეობა საყურადღებოა – გულის რიტმის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობა და ინსულტი, რომლებიც მკურნალობის გარეშე არცთუ იშვიათად ფატალურად სრულდება.

დიაგნოსტიკა

მნიშვნელოვანი სადიაგნოზო ნიშანია გულის რიტმის დარღვევა, რომელსაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები ერთვის. გასათვალისწინებელია ალკოჰოლის სუნი ამონასუნთქში. ფონენდოსკოპით მოსმენისას გულის ტონები ნორმალურია, ხოლო პულსი – არარეგულარული. პაციენტმა შესაძლოა გონი დაკარგოს და წნევა დაუვარდეს.

მკურნალობა

პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც მას 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან, გაუკონტროლებენ გულისცემის სიხშირეს და რიტმს, აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ ინსულტის პრევენციისთვის საჭირო ზომებს. ამ ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეზინტოქსიკაციურ მკურნალობას.

პროგნოზი

უქმე დღის გულის სინდრომის პროგნოზი გულის სხვა, თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული. ალკოჰოლის რეგულარული მიღება ზრდის კარდიომიოპათიის, არითმიისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს.

უნდა ითქვას, რომ ალკოჰოლით გამოწვეული წინაგულების ფიბრილაცია ათიდან ცხრა შემთხვევაში თავისთავად ალაგდება და მხოლოდ 20-30 პროცენტს უდრის 12 თვის განმავლობაში მისი განმეორების ალბათობა, მაგრამ თუ ფიბრილაცია ერთხელ უკვე განვითარდა, საშუალოზე მეტი ოდენობის ალკოჰოლის მიღებისას შესაძლოა ჩამოყალიბდეს არითმიის მუდმივი ფორმა. დროული და ადეკვატური მკურნალობის და გართულებათა პრევენციის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

როგორ გადავურჩეთ უქმეს

მეგობრებთან ერთად უქმე დღის გატარება სასმლის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ მხიარულება ჯანმრთელობის ფასად რომ არ დაგიჯდეთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

* აკონტროლეთ ალკოჰოლის ოდენობა. გახსოვდეთ, რომ წითელი ღვინო და სპირტი უფრო მეტად იწვევს არითმიას, ვიდრე თეთრი ღვინო.

* ბევრი არ ჭამოთ.

* თავი არიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ადრენალინი და კორტიზოლი – სტრესის ჰორმონები – ზრდის გულისცემის სიხშირეს და მაღლა სწევს არტერიულ წნევას.

* მიიღეთ ნაკლები მარილი – ის სხეულში აკავებს სითხეს, რამაც ასევე შეიძლება დაარღვოს გულის რიტმი.

* მიიღეთ ნაკლები კოფეინი – ყავა, ჩაი, შოკოლადი, ენერგეტიკული სასმელები.

* სვით ბევრი წყალი. გაუწყლოებამ შესაძლოა ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს, ელექტროლიტებზე კი მნიშვნელოვანწილადაა დამოიდებული გულის რიტმი. დაღლილობა, შეუსაბამო კვება, ალკოჰოლი და კოფეინი წყლის კარგვას იწვევს, ამიტომ ეცადეთ, დღის განმავლობაში წყალი ხშირ-ხშირად სვათ, განსაკუთრებით – ვარჯიშის და, საზოგადოდ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს, ასევე – ისეთ სიტუაციაში, სადაც ალკოჰოლის მიღება გიწევთ.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: