ლაზერი თვალის დაავადებათა მკურნალობაში

გააზიარე:

მედიცინაში ლაზერულმა ტექნოლოგიებმა თავდაპირველად ოფთალმოლოგიაში მოიკიდა ფეხი, შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა და არაერთი სხვა დარგიც მოიცვა. გაფართოვდა თვალის იმ პათოლოგიების ჩამონათვალიც, რომელთა სამკურნალოდაც წარმატებით იყენებენ ლაზერის სხივს.

იმის შესახებ, როდის მიმართავენ ოფთალმოლოგიაში ლაზერით მკურნალობას, თსსუ-ს აფილირებული თვალის კლინიკა “ახალი მზერას” ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ დვალი გვესაუბრება.

– ლაზერი სინათლის სხივის ისეთი ნაირსახეობაა, რომელიც კონკრეტულ წერტილზე ზუსტად ფოკუსირდება. თვალის ოპტიკური სისტემის თავისებურება ლაზერის სხივს მის სხვადასხვა სტრუქტურაში შეღწევის საშუალებას აძლევს. ლაზერული ტექნოლოგიები კლასიკურ ქირურგიულ მეთოდებზე გაცილებით დამზოგველია თვალის ნაზი სტრუქტურებისთვის, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს გართულების ალბათობა. თვალის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა სიგრძის ტალღის მქონე ლაზერის სხივი გამოიყენება.

რეფრაქციული ანომალიები


– მოსახლეობის თითქმის ნახევარს ესა თუ ის რეფრაქციული ანომალია: ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, – აქვს. რეფრაქციული ქირურგია უმეტესად საშუალებას გვაძლევს, ადამიანი სამუდამოდ გავათავისუფლოთ სათვალისა და კონტაქტური ლინზების ხმარების აუცილებლობისგან.

  • – რას გულისხმობს მხედველობის ლაზერული კორექცია?

– რეფრაქციული ანომალიის ლაზერული კორექცია ხდება რქოვანას (თვალის გარეთა გამჭვირვალე გარსის) გარდამტეხი ძალის შეცვლით. არსებობს კორექციის სამი ნაირსახეობა: PRK, LASIK, SMILE. თითოეულ მათგანს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს. ამჟამად ყველაზე პოპულარული LASIK მეთოდია: რქოვანაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენება 193 ნმ სიგრძის ტალღის მქონე ექსიმერული ლაზერი, რომელიც “აშალაშინებს” რქოვანას ზედაპირს და ზუსტად იმ ფორმას აძლევს, რომელსაც წინასწარ ინდივიდუალურად გეგმავს ოფთალმოლოგი მაღალი სიზუსტის გამოკვლევების საფუძველზე. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ლაზერის სხივის ზემოქმედება სულ 5-10 წამი გრძელდება.
LASIK მეთოდი კიდევ უფრო ნატიფ ოპერაციად აქცია ფემტოწამიანმა ლაზერმა, რომელმაც, თამამად შეიძლება ითქვას, ჩაანაცვლა ქირურგიული დანა. ეს არის 1053 ნმ სიგრძის ტალღის მქონე ლაზერი, რომლის პულსის ანუ დარტყმის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი ფემტოწამია (10-15 წამი).
ტექნოლოგია განუწყვეტლივ იხვეწება, მაგრამ პროცედურის არსი უცვლელი რჩება, რადაგან LASIK მეთოდი ძალიან ეფექტურია. მთელ მსოფლიოში იმ პაციენტების 98%-ს, რომლებმაც ამ მეთოდით ჩაიტარეს მხედველობის კორექცია, მიაჩნიათ, რომ მკურნალობა წარმატებული იყო და მის გამოყენებას ახლობლებსაც ურჩევენ.
უკვე ოცი წელია, LASIK მეთოდს საქართველოშიც წარმატებით ვიყენებთ. მისი წყალობით ათასობით ადამიანი სამუდამოდ გამოეთხოვა სათვალეს და კონტაქტურ ლინზებს.

კატარაქტა
– კატარაქტა (ბროლის შემღვრევა) შექცევადი სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მისი მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ქირურგიული ჩარევაა. სადღეისოდ ოფთალმოლოგიაში ოპერაციები ყველაზე ხშირად სწორედ კატარაქტის გამო ტარდება. კატარაქტის ოპერაცია მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მისი მეთოდები, ისევე როგორც თვალშიგა ხელოვნური ბროლები, წლიდან წლამდე იხვეწება, რაც არა მხოლოდ კატარაქტის გამო დაქვეითებული მხედველობის აღდგენის, არამედ თანმხლები რეფრაქციული ანომალიების კორექციის საშუალებასაც იძლევა.

  • – რა დანიშნულება აქვს ლაზერს კატარაქტის ქირურგიაში?

– ამჟამად კატარაქტის ქირურგიის ოქროს სტანდარტად ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციაა მიჩნეული. ამ პროცედურის დროს შემღვრეულ ბროლს ულტრაბგერითი ბუნიკით შლიან და დაქუცმაცებული მასები თვალიდან გამოაქვთ. მეთოდი ეფექტურია, თუმცა გასათვალისწინებელია თვალის ნატიფ ქსოვილებზე ულტრაბგერის უარყოფითი ზემოქმედებაც.
კატარაქტის ქირურგიაში ახალი ეპოქის დაწყება ფემტო- და ნანოწამიანი ლაზერული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. ფემტოწამიან ლაზერს ოპერაციის სხვადასხვა ეტაპზე იყენებენ, თუმცა ბროლის მასების სრული დაშლისა და ასპირაციისთვის ულტრაბგერითი ენერგიის გამოყენება მაინც აუცილებელია. რასაკვირველია, ორივე მეთოდის (ულტრაბგერა და ლაზერი) ერთობლივი გამოყენება საგრძნობლად აძვირებს ოპერაციას, ამიტომ ფემტოწამიან ლაზერულ ტექნოლოგიაზე ყველა პაციენტს არ მიუწვდება ხელი.


თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ძალიან პერსპექტიულად მიიჩნევა კატარაქტის ნანოლაზერული ქირურგია, რომელიც სრულიად გამორიცხავს ოპერაციის მსვლელობისას ულტრაბგერითი ენერგიის გამოყენებას. ნანოლაზერული ტექნოლოგიის საშუალებით შემღვრეული ბროლი 1064 ნმ სიგრძის ტალღის მქონე ლაზერული სხივით იშლება. მისი პულსის ხანგრძლივობა 5 ნანოწამია. ეს მეთოდი გამორიცხავს თვალის მგრძნობიარე ქსოვილებზე ულტრაბგერითი ენერგიის მავნე ზემოქმედებას.
ოპერაციიდან დაახლოებით 12-24 თვის შემდეგ პაციენტებს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს და შუახნისებს, ხშირად უვითარდებათ ე.წ. მეორეული კატარაქტა, რაც მხედველობის ნაწილობრივ დაქვეითებას განაპირობებს. ახლაგაზრდებთან ეს პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. პაციენტები წინასწარ არის ინფორმირებულები, რომ მეორეული კატარაქტის სამკურნალოდ დასჭირდებათ ხანმოკლე და უმტკივნეულო მანიპულაცია ამბულატორიულ პირობებში. 1064 ნმ სიგრძის ტალღის მქონე ND-YAG ლაზერით ხელოვნური ბროლის უკან არსებული დანისლული აპკი (უკანა კაფსულა) იხსნება და პაციენტს უბრუნდება მხედველობა, რომელიც მეორეული კატარაქტის განვითარებამდე ჰქონდა.

გლაუკომა
– გლაუკომა მხედველობის ნერვის შეუქცევად დაზიანებას, მხედველობის ველის შევიწროებას და საბოლოოდ სიბრმავეს იწვევს. მკურნალობის მთავარი მიზანია თვალშიგა წნევის დაქვეითება, რასაც თვალშიგა სითხის ნორმალური ცირკულაციის აღდგენით ვაღწევთ. გლაუკომის ფორმის შესაბამისად შეირჩევა ლაზერული მკურნალობის მეთოდი და ლაზერის ტიპი. მაგალითად, ღიაკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია ე.წ. სელექციური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა (SLT). მას ვიყენებთ როგორც მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნამდე, ისე მის შემდეგაც, თუ მკურნალობამ სათანადო შედეგი არ გამოიღო. ამ პროცედურის დახმარებით ვახანგრძლივებთ პერიოდს ქირურგიულ ჩარევამდე. SLT ტარდება 532 ნმ სიგრძის ტალღის მქონე, მცირე ენერგიის, გაორმაგებული სიხშირის ND-YAG ლაზერით. ის შერჩევითად მოქმედებს ტრაბეკულის პიგმენტურ უჯრედებზე, არაპიგმენტურ უჯრედებსა და კოლაგენურ კავშირებს არ აზიანებს. პიგმენტით დახშული წინა საკნის კუთხე იხსნება და თვალის სადრენაჟო სისტემაში წყალწყალა ნამის დინება აღდგება, რაც წარმოადგენს კიდეც მკურნალობის მიზანს.
აბსოლუტური გლაუკომის დროს, როდესაც მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა უშედეგოა და მხედველობა მთლიანად დაკარგულია, ტკივილის პრევენციის მიზნით ვიწვევთ ცილიარული სხეულის მორჩების დესტრუქციას ლაზერული ციკლოფოტოკოაგულაციით.


ვიწრო- და დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს გამოიყენება ლაზერული ირიდოტომია ან ლაზერული პერიფერიული გონიოპლასტიკა. პირველი გულისხმობს ფერად გარსში (უმეტესად – მის პერიფერიულ ნაწილში) ხვრელის გაკეთებას, რომელიც წყალწყალა ნამს დამატებით გზას უხსნის. ის გლაუკომის მწვავე შეტევის პრევენციის საშუალებასაც იძლევა და ტარდება 1064 ნმ სიგრძის ტალღის მქონე ND-YAG ლაზერით. ლაზერული პერიფერიული გონიოპლასტიკის საშუალებით კი ფართოვდება წინა საკნის კუთხე. ზოგ შემთხვევაში ის სელექციური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

ბადურა გარსი
– დიაბეტური რეტინოპათია იყო პირველი ოფთალმოლოგიური დაავადება, რომლის სამკურნალოდაც ლაზერული სხივი გამოიყენეს. ბადურა გარსის პათოლოგიების დროს ლაზერული ჩარევა გულისხმობდა მასზე თერმულ ზემოქმედებას – ბადურა გარსზე ახლად წარმოქმნილი არასრულფასოვანი სისხლძარღვებიანი უბნების მოწვას, საიდანაც თვალის შიგნით სისხლი ჟონავდა. წლების განმავლობაში ეს დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის ერთადერთ მეთოდად მიიჩნეოდა. დღეს მას თვალშიგა მედიკამენტურ მკურნალობასთან კომბინაციაში განიხილავენ.

  • – ბადურა გარსის სხვა პათოლოგიების დროსაც იყენებენ ლაზერს?

– არგონლაზერითვე მკურნალობენ ბადურა გარსის ვენის თრომბოზს, ბადურა გარსის დისტროფიულ ცვლილებებს. მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს ბადურას ჩამოცლის რისკს ამცირებს ლაზერული ფოტოკოაგულაციის მეშვეობით ბადურას დეგენერაციული, გათხელებული კერების შემოსაზღვრა და გამაგრება.

თვალის დანამატები
– ცხვირ-საცრემლე არხის დახშობისას, რომლისთვისაც დამახასიათებელია გაძლიერებული ცრემლდენა, თვალიდან გამონადენი, დისკომფორტის შეგრძნება და ხშირად ტკივილიც, წარმატებით გამოიყენება საცრემლე არხის გახსნის ენდოსკოპიურ-ლაზერული მეთოდი, შიგნითა ან გარეთა დაკრიოცისტორინოსტომია. ამ პროცედურისთვის ვიყენებთ დიოდურ ლაზერს 810 ნმ სიგრძის ტალღით. ლაზერული პროცედურა კლასიკურ ქირურგიულ დაკრიოცისტორინოსტომიაზე ნაკლებტრავმული და ხანმოკლეა, თანაც იდეალურია კოსმეტიკური თვალსაზრისით – არ მოითხოვს განაკვეთს, შესაბამისად, ოპერაციის შემდეგ არ წარმოიქმნება ნაწიბური.
ლაზერული ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება ქუთუთოებზე კოსმეტიკური ცარევისთვის. თვალისირგვლივი კანის რემოდელირებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ 10600 ნმ სიგრძის ტალღის მქონე CO2 ლაზერს. ის მარტივად და უმტკივნეულოდ აქრობს თვალის ირგვლივ არსებულ ნაოჭებს, მეჭეჭებს, ნაწიბურებს, ლაქებს, ქსანთელაზმებს, პაპილომავირუსულ წარმონაქმნებს.
ამრიგად, გამოცდილი ექიმის ხელში ლაზერი ატრავმული და ზოგჯერ ერთადერთი ეფექტური საშუალებაა მხედველობის ორგანოს დაავადებათა სამკურნალოდ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: