ყბა-სახის მტკივანი სახსარი

გააზიარე:

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სტომატოლოგიურ დაავადებათა შორის, რასაც მათი რთული კლინიკური სურათი განაპირობებს. ისინი ხშირად ჰგავს სხვა პროფილის ექიმების (ოტოლარინგოლოგების, ნევროლოგების, ფსიქიატრების) კომპეტენციაში შემავალ დაავადებებს, რაც მათ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ართულებს. თსუ-ის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზურაბ გვენეტაძეს, არაერთი ასეთი შემთხვევა ჰქონია. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების შესახებ საუბრისას ბატონ ზურაბს ამ ისტორიების გახსენებაც ვთხოვეთ.
– საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მომუშავე სახსარია. ქვედა ყბა თითქმის განუწყვეტლივ მოძრაობს. ღეჭვის, ლაპარაკის, მთქნარების და სხვა მოქმედებების დროს ის დღეში დაახლოებით ორიათას მოძრაობას ასრულებს. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები მოსახლეობის 25-65%-თან გვხვდება, მათ შორის – მოზარდებსა და ახალგაზრდებთანაც (16-30%).
ადამიანის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე ცოცხალი სამყაროს სხვა წარმომადგენლებისა, და მოძრაობის სხვადასხვაგვარობითაც გამოირჩევა, მაგრამ ნაკლებად მტკიცეა. ვიდრე ამ სახსრის დაზიანებებზე გადავიდოდეთ, მინდა, მის აგებულებას შევეხოთ: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის შემადგენლობაში შედის ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურები, მყესები და კუნთები.
ძვლოვან სტრუქტურებს მიეკუთვნება ქვედა ყბის როკისებრი მორჩი, ქვედა ყბის ფოსო და საფეთქლის ძვლის სასახსრე ფოსო. როკისებრი მორჩის სასახსრე თავსა და სასახსრე ფოსოს შორის მდებარეობს სასახსრე დისკო, რომელიც ორმხრივ შეზნექილი ოვალის ფორმისაა. დისკო სახსარს ორ სართულად ყოფს. აღწერილი სტრუქტურები შემაერთებელქსოვილოვან სასახსრე პარკშია მოთავსებული. სასახსრე პარკი სახსრის ელემენტებს უკავშირდება და გამაგრებულია სახსარშიგა და სახხსარგარეთა იოგებით. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციობაში საღეჭი კუნთები მონაწილეობს. მათ ორ ჯგუფად ყოფენ: წინა ჯგუფის კუნთებად, რომლებიც ქვედა ყბას ქვევით სწევენ, და უკანა ჯგუფის, ანუ ყბის ამწევ კუნთებად.
თანამედროვე პირობებში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებათა ორ დამოუკიდებელ ჯგუფს გამოყოფენ:
* დაავადებებს, რომელთა დროსაც ზიანდება სახსრის ქსოვილი. ესენია ართრიტები (სახსრის ანთება), არაანთებითი დაავადებები – სახსარშიდა მოშლილობები, ოსტეოართროზები, ანკილოზები, თანდაყოლილი ანომალიები და სისმსივნეები;
* დაავადებებს, რომლებიც განპირობებულია საღეჭი კუნთების პათოლოგიითა და ყბა-კბილთა სისტემის აგებულებით. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ საღეჭი კუნთის პათოლოგიას – ბრუქსიზმს (კბილების კრაჭუნს), საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეულ დისფუნქციას, საღეჭი კუნთების კონტრაქტურას...
– ბატონო ზურაბ, რომელია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ყველაზე გავრცელებული პათოლოგია?
– საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მისი მტკივნეული დისფუნქცია, რომლის წილადაც მოდის ამ სახსრის დაავადებათა 80%. 
მისი სუბიექტური ჩივილები და კლინიკური გამოვლინებებია: ქვედა ყბის მოძრაობის თანმხლები ტკივილი სახსრისა და საღეჭი კუნთების არეში; დაჭიმულობისა და შებოჭილობის შეგრძნება; პირის გაღება-დაკუმვის თანმხლები ხმაური: ტკაცუნი, ხრაშუნი, შრიალი; ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა და მოშლა მის სხვადასხვა ფაზაში. ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა ყურში, თავში, კისერში, თვალბუდეში და ა.შ. ძლიერდება ქვედა ყბის მოძრაობისას.
– რა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მტკივნეულ დისფუნქციას?
– ამ სახსრის ფუნქციური პათოლოგიის მაღალ სიხშირეს მისი ანატომიური აგებულების თავისებურება – მოძრავი სასახსრე დისკო – და საღეჭი კუნთების შეკუმშვის დისკოორდინაცია განაპირობებს.
საღეჭი კუნთების ტონუსის ცვლილებისა და მათი მოქმედების კოორდინაციის მოშლის მიზეზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს თანკბილვის დარღვევა, კუნთების სისხლმომარაგების მოშლა, მათი მკვეთრი ერთჯერადი გადაძაბვა: პირის ზედმეტად ფართოდ გაღება, დიდხანს პირღია ყოფნა (რაც ხანგრძლივი დაძაბვის გამო კუნთების გადაღლას იწვევს), მკვეთრი სპაზმები, სტრესები და ფსიქოემოციური გადატვირთვა.
ტკივილის მიზეზად შეიძლება იქცეს სახსრის რბილქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანება, კერძოდ, ტრავმა, ან სასახსრე თავის მდებარეობის შეცვლა – ე.წ. ართროგენული სახსრისმიერი ტკივილი.
სახსარშიდა მოშლილობები (სასახსრე დისკოსა და სასახსრე თავის მოძრაობის დისკოორდინაცია) წარმოშობს ე.წ. ტკაცუნა სახსარს, რომელიც თანამედროვე მედიცინაში მტკივნეული დისფუნქციისგან დამოუკიდებლად განიხილება. მას ქვედა ყბის მოძრაობის დროს სახსრის ტკაცუნი, ხრაშუნი, შრიალი ან კრეპიტაცია ახასიათებს. იგი სახსარშიგა დისკოს ქვეამოვარდნილობის, მისი მორეციდივე (განმეორებადი) ან ქრონიკული ამოვარდნილობის შედეგია. ტკაცუნა სახსარი არ უნდა აგვერიოს ქვედა ყბის სასახსრე თავის ქრონიკულ ან ჩვეულ ამოვარდნილობაში ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მადეფორმირებელ ართროზში.
– როგორ სვამენ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მტკივნეული დისფუნქციის ან ტკაცუნა სახსრის დიაგნოზს?
– სპეციფიკური სტანდარტული გამოკვლევები არ არსებობს. დიაგნოზზე უმეტესად ჩივილები მიგვანიშნებს, თუმცა ამ ჩივილების მიხედვით ადამიანი შეიძლება სტომატოლოგთან, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, ყბა-სახის ქირურგთან ან სხვა დარგის სპეციალისტთან მოხვდეს. 
ხშირად ამ დაზიანების მქონე პაციენტები გაურკვევლობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან სტომატოლოგები მათ პრობლემას თავიანთი კომპეტენციის სფეროდ არ მიიჩნევენ. მკურნალობაზე ასევე უარს ამბობენ ნევროლოგები, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმები... ზოგჯერ ექიმისგან ექიმთან სიარულში პაციენტი ფსიქიატრთანაც კი ხვდება.
მახსოვს, როდესაც ერთ ასეთ პაციენტს ვუთხარი, ესა და ეს პათოლოგია გჭირს-მეთქი, გახარებული წამოხტა და დანიშნულების გარეშე მიდიოდა. როდესაც შევაჩერე, მითხრა – რაკი გავიგე, ნამდვილად რაღაც მჭირს და ფსიქიური აშლილობა არ მაქვს, წამალი აღარ მჭირდებაო. იყო კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც ათი წელი ქალასშიდა წნევის მომატების სინდრომზე მკურნალობდნენ. მერე, როდესაც ჩვენში კომპიუტერული ტომოგრაფია დაინერგა, გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ქალასშიდა წნევა არ ჰქონია მომატებული. დაიწყეს სხვა მიზეზების ძებნა და მაშინღა აღმოუჩინეს საფეთქელ-ქვედა ყბის მტკივნეული დისფუნქცია.
ასე რომ, ეს პათლოგია შესაძლოა ოტოლარინგოლოგების, ოკულისტების, ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრების სამკურნალო დაავადებებს წააგავდეს. შესაბამისად, დაიგნოსტიკისთვის ამ უკანასკნელთა გამორიცხვა აუცილებელია. მოსკოვში ყოფნისას სწორედ ამ მიზნით შექმნილ სტომატონევროლოგიურ განყოფილებაში მომიხდა მისვლა, სადაც სამივე სახის სტომატოლოგი (თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი), ასევე ოკულისტი, ოტოლარინგოლოგი, ნევროლოგი და ფსიქიატრი მოღვაწეობდნენ.
დიაგნოზის დასმისას ექიმი პაციენტს გამოკითხავს, გასინჯავს, ყბის გაღება-დახურვის პროცესს დააკვირდება და ა.შ. თუ საჭიროდ მიიჩნია, პაციენტს რენტგენოლოგიურ კვლევაზე ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც გაგზავნის. რა თქმა უნდა, მას ბევრი სხვა პრობლემის (კბილის პათოლოგია, ცუდად მორგებული ბჟენი, ყურის ინფექცია, სინუსების ანთება, ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები) გამორიცხვა მოუწევს.
– როგორ მკურნალობენ ამ დაზიანებას?
– თუ სიმპტომები მსუბუქი და იშვიათია, თავდაპირველად მკურნალობა სახსრის დაზოგით შემოიფარგლება. პაციენტს ვურჩევთ:
. მიირთვას რბილი საკვები;
. მტკივან ადგილზე დაიდოს თბილი სათბური;
. ერიდოს ყბის მკვეთრ მოძრაობებს (მთქნარებას, ხმამაღალ სიმღერას, საღეჭი რეზინის ღეჭვას);
. ისწავლოს მოდუნების ტექნიკა (თვითმასაჟი), რაშიც ფიზოთერაპევტიც დაეხმარება.
ქვედა ყბის მოძრაობის შესაზღუდავად ზოგჯერ ყბაზე სხვადასხვა აპარატს ამაგრებენ, რაც ნაკლებეფექტურია.
თუ, მიუხედავად ჩამოთვლილი ღონისძიებებისა,  ტკივილი და სხვა სიმპტომები არ ქრება, მომდევნო საფეხურზე – მედიკამენტურ მკურნალობაზე გადავდივართ. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეული დისფუნქციის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია და ყველა შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას მოითხოვს.
ტკივილის დროს მკურნალობა მისი კუპირებით იწყება. ამისთვის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს ვნიშნავთ. ტკივილების მიოგენური დაძაბულობის მოსახსნელად ტრანკვილიზატორებს ვიყენებთ, ასევე მივმართავთ ფიზიოთერაპიულ საშუალებებს (მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია), მკურნალობის კომპლექსში ვრთავთ საღეჭი კუნთების მასაჟს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების მტკივნეული დისფუნქციის ოპერაციული მკურნალობა ადრე ფართოდ ტარდებოდა, ახლა იშვიათად მიმართავენ. პრობლემას უმეტესად კონსერვატიული მკურნალობით, სახსარშიდა ინექციებით, ქონდროპროტექტორებით ვუმკლავდებით. ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესოს, ამიტომ საოპერაციო პაციენტთა შერჩევა მეტად გულდასმით უნდა მოხდეს. ასეთი პაციენტების რიცხვი ამ პათოლოგიის მქონეთა 0.5% -ს უდრის. 
ტკაცუნა სახსრის შემთხვევაში მკურნალობის მიზანია სახსარში ხმაურის აღმოფხვრა მისი ანატომიური სტრუქტურების ურთიერთდამიკიდებულების აღდგენის გზით. დისკოს ცდომისას, ფიზიოპროცედურებთან, საღეჭი კუნთების მასაჟთან ერთად, მის მანუალურ ჩასმასაც მივამრთავთ. საჭიროების შემთხვევაში სახსრის ელემენტებზე ოპერაციული ჩარევაც შესაძლებელია.
– როგორ შეიძლება დაავადების რეციდივის თავიდან აცილება?
– დაბეჯითებით თქმა, რომ რომელიმე ღონისძიება დაავადების განმეორებისგან დაგვიცავს, შეუძლებელია, თუმცა პაციენტებს ვურჩევთ, კვლავ სიფრთხილე გამოიჩინონ: არ ჩაკბიჩონ და ღეჭონ მეტისმეტად მაგარი საკვები, მოერიდონ ყბის მკვეთრ მოძრაობებს და სხვა.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: