ნინო ოძელაშვილი: “ძლიერი ქალები საქართველოს არასოდეს ჰკლებია”

გააზიარე:

დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ნინო ოძელაშვილი პირველი ქალია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი მან დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა რუმინელი მეტოქე და საქართველოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი პირველი ქალიც გახდა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ნინო ოძელაშვილი 2018 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დაასახელა. თუმცა წარმატება ადვილად არ მოსულა, მწვერვალისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი...

ამ ყველაფერზე ნინო თვითონ მოგვითხრობს:

– ჩემს ოჯახში მუდამ სპორტი იყო მთავარი. მშობლები თვითონაც სპორტსმენები იყვნენ და შვილებიც სპორტულად გაგვზარდეს. ხუთი დედმამიშვილი ვართ – ორი და და სამი ძმა. მამა პატარაობიდანვე გვავარჯიშებდა. 11 წლისა ვაჟთა გუნდთან ერთად გამოვყავდი ძიუდოს ტურნირებზე, რადგან მაშინ გოგონათა ორთაბრძოლები არ იმართებოდა. შეჯიბრებაზე თავგადაპარსული გავდიოდი და მოწინააღმდეგემ ხშირად არც კი იცოდა, რომ გოგოსთან ჭიდაობდა... 13 წლისა ვიყავი, როდესაც ჩემით უკრაინელი მწვრთნელები დაინტერესდნენ, მაგრამ საზღვარგარეთ წასვლაზე, სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე არც მიფიქრია.

ძიუდო სპორტის ოლიმპიური სახეობაა, ამიტომ მოჭიდავეთა უმრავლესობა მას ამჯობინებს. თავდაპირველად მეც ამ სახეობით დავინტერესდი. საქართველოში ძიუდოს შესანიშნავი სკოლაა, მაგრამ დაფინანსება ფაქტობრივად არ გვქონდა. უსახსრობის გამო ბევრმა შესანიშნავი მონაცემების გოგონამ უარი თქვა სპორტულ მომავალზე და საკუთარი თავის სხვა სფეროში რეალიზება სცადა.

ახალგაზრდულ ტურნირებზე რამდენჯერმე ვიასპარეზე, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიმიღწევია. რამდენიმეჯერ ტრავმაც მივიღე – მოგეხსენებათ, პროფესიული სპორტი, მით უმეტეს – ძალისმიერი სახეობები, ძალიან ტრავმულია.

თორმეტწლიანი ვარჯიშის შემდეგ სამბოში გადავედი. ეს ოლიმპიური სახეობა არ არის, თუმცა ძალიან სანახაობრივია და ამჟამად აქტიურად განიხილავენ ოლიმპიური დისციპლინების ჩამონათვალში მისი შეტანის საკითხს. 2008 წელს სამბოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართა. გვინდოდა ასპარეზობა, მაგრამ წინააღმდეგობას წავაწყდით – ქალების გამოყვანა ბევრმა მწვრთნელმა არ მოისურვა. ევროპის ჩემპიონატზეც დიდი ბრძოლის შედეგად დაგვიშვეს...

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც თბილისმა უმასპინძლა. ამჯერად მონაწილეობა მივიღე ტურნირში და ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალიც მოვიპოვე. ამის შემდეგ დაფინანსებაც გაიზარდა და დაინტერესებაც. მეც თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და 2011 წელს ვილნიუსში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გავხდი პრიზიორი, ამჯერად – დიდებს შორის. ეს შესანიშნავი შედეგი იყო.

სამბოს პერსპექტივა საქართველოში

– სპორტი ძლიერ სხეულთან ერთად ძლიერ სულსაც ზრდის. როცა ვარჯიშობ, უფრო რაინდული, დიდსულოვანი, მიმტევებელი, კეთილშობილი ხდები. წარმატებასთან ერთად გულშემატკივრებიც გემატება, გულშემატკივრების სიყვარული კი თავდაჯერებას გმატებს.

გარემოზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და მე ამ მხრივ გამიმართლა. მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი და სამბოს ფედერაცია ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ნამდვილი ოჯახია.

მინდა, სპორტის სამინისტროს მიმართაც მადლიერება გამოვხატო. ბოლო დროს სპორტს განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვს. საუკეთესო პირობებს გვიქმნიან, რაც შედეგებზეც აისახა – გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში 800-ზე მეტი მედალი მოიპოვა.

2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის თბილისში გაიმართა და ჩვენმა სპორტსმენებმა მართლა კარგად იასპარეზეს. ჩემმა უმცროსმა ძმამ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული და დადებითი საერთაშორისო შეფასებაც მოჰყვა. მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა სპორტულ სამყაროში თავის გამორჩეულ ადგილს იკავებს.

მხოლოდ საქართველოს სახელით

– ჩემი სპორტული წარმატებით ბევრი ქვეყანა დავაინტერესე, გულუხვი წინადადებებიც მივიღე უკრაინიდან, თურქეთიდან... მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მატერიალური კეთილდღეობა ვერასდროს შემიცვლის იმ შეგრძნებას, რომელიც მაშინ მეუფლება, როდესაც ჩემი ქვეყნის სახელით ვიმარჯვებ, კვარცხლბეკზე ჩემი ქვეყნის დროშა ფრიალებს და დარბაზში ჩემი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს. ამიტომ არასოდეს ვიასპარეზებ სხვა ქვეყნის სახელით. მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, ჩემი წარმატება მხოლოდ მას მივუძღვნა.

ფესვები

– მამაჩემი, ვაჟა ოძელაშვილი, ომგამოვლილი, მკაცრი ადამიანია. დედა, ია ელბაქიძე, ყოველთვის ღირსეულად ედგა გვერდით. მაგალითს ყოველთვის მათგან ვიღებდი. მათგან ვისწავლე, რომ ადამიანი არა მხოლოდ პირად ინტერესებზე, არამედ თავისი ქვეყნის, სოფლის, ქალაქის კეთილდღეობაზეც უნდა ზრუნავდეს. მამამ ბევრი იბრძოლა, რომ წყნეთში ბავშვებს სპორტული მოედანი ჰქონოდათ, თავისი სახსრებით შეიძინა მინდორი და დააგო, მაგრამ მისი ენთუზიაზმი ბიუროკრატიასა და ბიზნესინტერესებთან დამარცხდა. დღეს ამ ადგილას მშენებლობა მიმდინარეობს. ბავშვებს მოედანი აღარ აქვთ. თითქოს თვითონ ბავშვებიც შეიცვალნენ, მათი ინტერესების უმეტესი ნაწილი ინტერნეტმა ჩაანაცვლა. ჩვენ კი, მახსოვს, ეზოში ვიზრდებოდით, ორდროშობანა, კალათბურთი, შვიდქვაობანა, ფეხბურთი ჩვენი საყვარელი გასართობი იყო...

ვოცნებობ, ვიცხოვრო სპორტულ ქალაქში, სადაც იქნება სიმწვანე, სპორტული მოედნები, დარბაზები, თაობები ცხოვრების ჯანსაღი წესით გაიზრდებიან, ნაკლები იქნება ძალადობა და კრიმინალი...

ბევრჯერ გამიგონია, რომ სრულფასოვანი განათლება დიდ სპორტთან შეუთავსებელი რამაა. ამაში ალბათ არის სიმართლის წილი – ყველამ იცის, რომ პროფესიული სპორტი ბევრ დროს და ენერგიას, თავდაუზოგავ მუშაობას, მიზანსწრაფვას და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ მომავალმა თაობებმა ასეთი შეხედულებებით მაინც არ უნდა იხელმძღვანელონ. განათლება ყველა სფეროში აუცილებელია. სამწუხაროდ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობა არ მომეცა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანი თვითგანვითარებაზე გამუდმებით უნდა ზრუნავდეს.

– ძლიერი ქალის იმიჯი საზოგადოებაში რა განწყობას იწვევს?

– მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიე, ბევრი გულშემატკივარი გამომიჩნდა და თანდათან შესუსტდა ნეგატიური განწყობა, რომელიც მცირე ასაკიდან არაერთხელ მიგრძნია. ბევრს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ქალის საქმე დიასახლისობა და შვილების გაზრდაა, ხოლო ბრძოლა, ჭიდაობა, დიდი სპორტი მისთვის შეუფერებელია. ამის გამო ბევრ დაბრკოლებასთან შეჯახება მომიწია, თუმცა დღეს ბარიერებს ისე ვუყურებ როგორც ცხოვრებისეულ გამოცდებს.

ძლიერი ქალები საქართველოს არასოდეს ჰკლებია. სწორედ ისინი ზრდიდნენ მამაც, მებრძოლი სულის ვაჟკაცებს. მხოლოდ ძლიერ ქალს შეუძლია, შვილი ძლიერ მამაკაცად აღზარდოს. თუმცა ისიცაა, რომ ქალს, რომელიც დიდ სპორტში თავის დამკვიდრებას ცდილობს, რომელიც თავადაც ძლიერი სულის ადამიანია, გვერდით შესაფერისი კაცი უნდა ჰყავდეს, რომელიც მის ცხოვრების წესს შეეგუება, გაუგებს, უგულშემატკივრებს, თავდაჯერებას შემატებს და ბრძოლისა და გამარჯვებისთვის სტიმულს მისცემს.

გამარჯვების ცეკვა

ნინო ოძელაშვილმა გულშემატკივრებს იმითაც დაამახსოვრა თავი, რომ საოცრად გულღია ადამიანია და გამარჯვების სიხარულსაც ემოციურად – ცეკვით გამოხატავს. თავადაც უყვარს გულგახსნილი ადამიანები, რომლებიც სითბოს და სიცოცხლის სიხარულს ასხივებენ.

რამდენიმე თვეში ნინოს კიდევ ერთი დიდი ტურნირი ელის – ზაფხულის დასაწყისში მინსკში ევროპული თამაშები გაიმართება. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ ქართველ ჩემპიონს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: