მოგზაურობა ველოსიპედით: კომფორტული და საიმედო ტრანსპორტი

გააზიარე:

მოგზაურობა ყოველთვის ამაღელვებელია, შთაბეჭდილებებით სავსე, ველოსიპედით მოგზაურობა კი განსაკუთრებული თავგადასავალია. მიქრი უსასრულოდ, ქალაქიდან ქალაქისკენ, სოფლიდან სოფლისკენ, ქვეყნიდან ქვეყნისკენ, აღმართს დაღმართი ცვლის, ასფალტიან გზას – ხრეშიანი, თვალწინ სხვადასხვა პეიზაჟი გეშლება: მთები, ზღვები, ფიორდები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ეკრანზე გენახა... ეცნობი მსოფლიოს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, დიდი თუ პატარა ქალაქებით, ველური ტყეებით თუ მშვიდი, მარტოსული სანაპიროებით. ეცნობი ადამიანებს, მათი ცხოვრების თანამონაწილე ხდები, შენ თვალწინ მათი ისტორია და კულტურა ცოცხლდება.

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ბევრი ველომოყვარულის ოცნებაა. ჯუმბერ ლეჟავამ – როგორც თვითონ ამბობდა, ერთმა ქართველმა, მოგზაურობაზე თავგადამკვდარმა კაცმა – ამ ოცნებას ხორცი შეასხა. მან მსოფლიოს გარშემო ცხრა წელი და სამი თვე იმოგზაურა, 270 ათასი კილომეტრი გაიარა, ხუთივე კონტინეტი დალაშქრა და 234 ქვეყანა მოინახულა. ამ ხნის განმავლობაში – გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – ის ორჯერ ესტუმრა ანტარქტიდას.
როცა აფრიკული ჯუნგლი გაქვს გასავლელი ან უდაბნო გადასალახი, დამეთანხმებით, ტრანსპორტი კარგად უნდა გქონდეს გამართული, მეტიც – მისი შეკეთებაც შეგეძლოს. რჩევები, რომლებსაც საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, მასობრივი ველოღონისძიებების ორგანიზატორი ლადო ღუდუშაური მოგვცემს, ნამდვილად გამოადგებათ მათ, ვისაც მსოფლიოს შემოვლა აქვს განზრახული და არც მათთვის იქნება ზედმეტი, ვინც ჩვენი ქვეყნის რომელიმე კუთხეში რამდენიმედღიან ტურს გეგმავს.

– სამოგზაურო ველოსიპედი ხანგრძლივი ტურებისთვისაა შექმნილი. შესაბამისი კონსტრუქციის წყალობით 20-40 კგ ბარგით დატვირთულიც კი თავისუფლად დადის. მასში ერთმანეთს ერწყმის გამძლეობა და კომფორტულობა. გამოირჩევა სტაბილური ჩარჩოთი, მოქნილი გადაცემით (მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად), მოხერხებული სამუხრუჭე სისტემით და საბარგულების სიმრავლით.

ჩარჩო
ჩარჩო მყარი უნდა იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეგვეძლოს მასზე საბარგულის დამონტაჟება და მძიმე ტვირთიც კი არ აკარგვინებდეს წონასწორობას. მცირე მანძილზე სამოგზაურო ველოსიპედს უმეტესად ალუმინის ჩარჩო აქვს, რადგან ეს ლითონი უფრო მსუბუქია, შორეული მოგზაურობისთვის კი რკინისჩარჩოიანს ამჯობინებენ. ასეთი ველოსიპედი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ პრაქტიკული: შესაძლოა, ისეთ ადგილას მოხვდეთ, რომ ალუმინის ჩარჩოს შეკეთება გაგიჭირდეთ, რკინისას კი ყველგან იოლად შეაკეთებთ და ახალი ველოსიპედის ყიდვა აღარ მოგიწევთ.

ამორტიზატორი
სამოგზაურო ველოსიპედის ზოგიერთ მოდელს აქვს ამორტიზატორი, ზოგს კი – არა. ამორტიზატორიანი ველოსიპედი უფრო ძვირია.
ღირს კი ამისთვის მეტის გადახდა?
ამორტიზატორიანი ველოსიპედით მინდორში, ტყეში, ოღროჩოღრო გზაზე რბილად და კომფორტულად ივლით, მაგრამ თუ უმთავრესად ასფალტიან გზაზე გიწევთ სიარული, ამორტიზატორში ზედმეტი ფულის გადახდას არ გირჩევთ.
ამორტიზატორიანი ველოსიპედი შედარებით მძიმეა, გარდა ამისა, შესაბამისი მოვლაც სჭირდება, ასე რომ, თუ რამდენიმე წლით მიდიხართ სამოგზაუროდ და ისეთ ადგილებშიც მოხვდებით, სადაც შეკეთება შესაძლოა ვერ მოახერხოთ, უმჯობესია, უამორტიზატორო ველოსიპედით წახვიდეთ.

სკამი
როცა დღეში 8-9 საათი ველოსიპედზე ზიხარ, მეტი კომფორტისთვის ჯობს, ჩარჩოზე ამორტიზატორიანი სკამი დაამონტაჟო.
სკამის ამორტიზატორი ან ფოლადის ზამბარაა, ან საჰაერო ცილინდრი, რომელსაც მოძრაობის 4 სმ-მდე ამპლიტუდა აქვს. პატარა დაბრკოლებებს, მაგალითად, ტროტუარის შემაღლებულ საზღვარს, ტალღოვან ზედაპირს, მისი წყალობით ვერ იგრძნობთ. სირბილისთვის სკამს ხშირად გელით ავსებენ.
სამოგზაურო ველოსიპედის სკამი სითი ბაიკთან შედარებით ვიწროა და უფრო სპორტული. თავდაპირველად შესაძლოა მაგარი მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ- ან ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მიხვდებით, რომ კომფორტულია.
თუ მოუხერხებლად ზიხართ, მაშინვე ახალ სკამს ნუ იყიდით, ჯერ დარწმუნდით, რომ სწორად ზიხართ.

სიჩქარე
სიჩქარის გადამცემი სისტემა, როგორც უკვე იცით, ორნაირია: ჯაჭვისმექანიზმიანი და ბუდიანი. ჯაჭვისმექანიზმიანი უფრო მსუბუქია, მაღალ სიჩქარეზე გადართვისას დიდი ძალდატანება არ სჭირდება. რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით უფრო ადვილად ადიხარ ციცაბო აღმართზე, ამიტომ სამოგზაურო ველოსიპედებს ძირითადად 3-10–სიჩქარიანი ჯაჭვის მექანიზმი აქვს – ის უფრო მოხერხებულია, თუმცა უფრო ძნელი მოსავლელიც, ბუდეში ჩასმული მექანიზმი კი დაცულია და ნაკლებად საფრთხილო, ამიტომ თუ ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდიხართ, გირჩევთ, ველოსიპედს სწორედ ბუდიანი გადამცემი სისტემა შეურჩიოთ.

მუხრუჭი
თუ არც ისე შორს მიდიხართ სამოგზაუროდ და არც ბარგი გაქვთ ბევრი, თამამად შეგიძლიათ, ისეთი სამუხრუჭე სისტემა გამოიყენოთ, რომელშიც ხუნდი ბორბლის რკალს (ფერსოს) ედება (V-Brake), მაგრამ როცა დიდხანს გიწევთ მოგზაურობა, ბარგიც გაქვთ და აღმართ-დაღმართიც ხშირად გხვდებათ, ჰიდრავლიკური დისკური მუხრუჭი (რომელშიც ხუნდი ედება როტორს – პატარა დისკს) უფრო საიმედოა. მას ყოველგვარ ამინდში საუკეთესო მართვადობა და დამუხრუჭების ძალა აქვს.
დამუხრუჭების ძალა როტორის ზომაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო მძლავრია დამუხრუჭება. თუ ველოსიპედი ძალიან არის დატვირთული, გირჩევთ 180 მმ-იანი დისკის დამონტაჟებას წინა ბორბალზე და 160 მმ-იანისას – უკანაზე.
მუხრუჭის სწორად გამოყენებაც უნდა იცოდეთ. შეჩერების დაახ. 70% წინა მუხრუჭზე მოდის. შეჩერებისას წინა და უკანა მუხრუჭები ერთად უნდა გამოიყენოთ. ამასთან, უმჯობესია მუხრუჭით დიდხანს არ იაროთ – შესაძლოა ხუნდები გაცხელდეს და გაცვდეს. გირჩევთ მოკლე, ძლიერ დამუხრუჭებას.
ხუნდები დროდადრო უნდა შეამოწმოთ, რომ მათი ცვეთა არ გამოგეპაროთ.

საბურავი
საბურავი უნდა იყოს გამძლე, კომფორტული და ჰქონდეს კარგი მოჭიდება.
სამოგზაურო ველოსიპედს, ისევე როგორც ქალაქისას, 26-28-ინჩიანი საბურავები აქვს, მოცულობა კი მეტი სირბილისთვის უმჯობესია 28-1.75 მმ იყოს. ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ფართო საბურავი ყველა ჩარჩოს არ ერგება. ზომა საბურავზეა მითითებული.

წნევა
როცა ველოსიპედი მეტისმეტადაა დატვირთული, საბურავში წნევის შემოწმება ხშირად მოგიწევთ. სწორი წნევა კარგ მოჭიდებას და უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს.
წნევის ოპტიმალური მაჩვენებელია 3,5-4,5 ბარი. რაც უფრო დიდი ტვირთი აქვს ველოსიპედს, მით მეტი უნდა იყოს წნევაც.

პროტექტორი
სამოგზაურო ველოსიპედისთვის ნაკლებპროტექტორიან საბურავებს გირჩევთ, რადგან მათ ასფალტზეც და მიწაზეც, მშრალ ამინდშიც და წვიმაშიც კარგი მოჭიდება აქვთ.
უპროტექტორო საბურავი უკეთესია ასფალტიან გზაზე სასიარულოდ – უხმაუროა და სწრაფი, მკვეთრი პროტექტორები კი საუკეთესოა მიწიან და ფხვიერ ნიადაგზე, სველ ზედაპირზე, თოვლსა და ტალახში – მოცურებას თითქმის გამორიცხავს, თუმცა ნელია და ხმაურიანი.

სანათები
სამოგზაურო ველოსიპედი სრულყოფილად უნდა იყოს აღჭურვილი სანათებით, რომელთა დენის წყარო შეიძლება ელემენტი, აკუმულატორი ან დინამო იყოს. თუ ისეთ ადგილას მოხვდით, სადაც დენის წყაროზე ხელი არ მიგიწვდებათ, აკუმულატორს და ელემენტს ვერაფერში გამოიყენებთ, დასატენად მხოლოდ დინამო გამოდგება.
სანათებში ინტეგრირებული უნდა იყოს რეფლექტორები: წინ – თეთრი, უკან კი წითელი. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ველოსიპედს რაც შეიძლება მეტი რეფლექტორი დაამაგრეთ.

აღჭურვილობა
რაც უფრო ეგზოტიკურია და შორეული სამოგზაურო ქვეყანა, მით უფრო მარტივი უნდა იყოს ველოსიპედის ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მისი შეკეთება პრიმიტიულ პირობებშიც კი შეძლოთ. თუ ველოსიპედი ხარისხიანი მასალისგან იქნება დამზადებული, ეს ბევრ ტექნიკურ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.
გაითვალისწინეთ, სად მოგიწევთ ღამის გათენება – კარავში თუ სასტუმროში. იზრუნეთ საკვებისა და წყლის მარაგზე. ველოსიპედზე წყლის ბოთლებისთვის რაც შეიძლება მეტი დამჭერი დაამაგრეთ. მაგალითად, ავსტრალიის გაუსაძლის სიცხეში დღეში 5 ლიტრამდე წყალი დაგჭირდებათ, არადა შესაძლოა, მთელი დღე ვერ მოხვდეთ წყალთან. ჩანთები წყალგამძლე ქსოვილისა შეარჩიეთ, ბარგში კი აუცილებლად გამონახეთ ადგილი პირველი დახმარების ნივთებისთვის. ტანსაცმელზე აუცილებლად დაიმაგრეთ ამრეკლავები.
სამოგზაუროდ წასვლამდე მოიძიეთ ინფორმაცია იმ რეგიონზე, სადაც მიდიხართ, მოსახლეობის ყოფით კულტურაზე, სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. კარგად გაეცანით ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების პირობებს. მოემზადეთ ყოველგვარი ამინდისთვის. თან იქონიეთ ელექტრონული ფოსტის მისამართები, რადგან შესაძლოა, დარეკვა დაგჭირდეთ და ვერ მოახერხოთ, მაგრამ სადმე ინტერნეტკაფეს გადააწყდეთ და ხმა მეილით მიაწვდინოთ ვინმეს.
ექსტრემალური შემთხვევებისთვის აუცილებლად გქონდეთ გეგმა B.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: