როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

გააზიარე:

კითხვას, გარდა იმისა, რომ სიამოვნების წყაროა და გარემოსგან მოწყვეტის, წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილიც შეაქვს ბავშვის განვითარებაში. ბაღის ასაკიდან მესამე კლასამდე კითხვის უნარი ელვის სისწრაფით ვითარდება. მასწავლებელმა ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლის როლიც.

თავდაპირველად ბავშვები ხმამაღლა კითხვას ამჯობინებენ, რადგან ხმამაღლა წაკითხულ ტექსტს უკეთესად აღიქვამენ, უკეთესად გაიაზრებენ და იმახსოვრებენ უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.
ხმამაღლა კითხვა მეტყველების გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.
მართალია, ბავშვი თანდათან დამოუკიდებლად დაიწყებს კითხვას, მაგრამ ნუ ჩათვლით ამას საბაბად, თავად აღარ წაუკითხოთ – ერთად კითხვა, ყველაფერთან ერთად, მშობელს შვილთან აახლოებს. განიხილეთ წიგნის გმირები, მათი საქციელი სხვადასხვა სიტუაციაში, გაუზიარეთ ბავშვს აზრი საინტერესო და დამაფიქრებელ ეპიზოდებზე – ეს მას წიგნის მთავარი სათქმელის გააზრებასა და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში დაეხმარება.

პატარა მკითხველის განვითარება
კითხვის უნარი ბაღიდან მესამე კლასის ჩათვლით ასე ვითარდება:

ბაღში
ბაღის ბოლო წლისთვის ბავშვს აქვს ასოების ცნობისა და გამოთქმის პოტენციალი, შეუძლია ერთნაირი ჟღერადობის ან ერთნაირი დაბოლოების სიტყვებით თამაში, რამდენიმე სიტყვის დაწერა და პატარა ტექსტის წაკითხვაც კი.

პირველ კლასში
ბავშვების უმეტესობა:
* სწავლობს სიტყვების წერას,
* უვითარდება იმ სიტყვების ერთი შეხედვით ამოცნობის უნარი, რომლებიც ტექსტში ხშირად მეორდება – “და”, “მაგრამ”, “თუ”, “ის” (თუ, მაგალითად, ტექსტი ბაჭიაზეა – სიტყვა “ბაჭიას” ასო-ასო წაუკითხავადაც იცნობს),
* თავს ართმევს სიტყვათა წყობას და შეუძლია წაკითხული წინადადებიდან აზრის გამოტანა,
* წლის ბოლოს უკვე ახერხებს პატარა წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვას.

მეორე/მესამე კლასში
ამ პერიოდში ბავშვს უკვე შეუძლია თავისუფლად კითხვა. კითხულობს, რათა მეტი გაიგოს გარე სამყაროზე. შესაძლოა, გაუჩნდეს საყვარელი წიგნები, ავტორები, ჟანრი...
თუ ამ ასაკის შვილი გყავთ და გეჩვენებათ, რომ თანატოლებზე უარესად კითხულობს, გაესაუბრეთ მის მასწავლებელს და სპეციალისტს – ადრეულ ასაკში გამოვლენილი კითხვის დარღვევა შესაძლოა დისლექსიის გამოხატულება იყოს. დროული და კვალიფიციური დახმარების შემთხვევაში ასეთი ბავშვების უმეტესობა კარგ მკითხველად ყალიბდება, მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის აღმოჩენა და სწორი მიმართულებით მუშაობა მის აღმოსაფხვრელად.

რა წავიკითხოთ
ნელ-ნელა ბავშვი თავდაჯერებულ მკითხველად გადაიქცევა და თქვენც დაუღალავად უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა ჟანრისა და ავტორის წიგნები. ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს, გააცანით ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე სტილი, რათა მიაგნოს იმას, რომელიც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.
რაც შეეხება ხმამაღლა კითხვას, შეარჩიეთ ორი ტიპის წიგნები: ერთი ისეთი, რომელსაც მარტოც თავისუფლად წაიკითხავს და გაიგებს და მეორე ისეთი, რომელიც მისი კითხვის უნარზე ოდნავ მაღალი დონისაა. ამ შეთანხმების წყალობით ბავშვი დამოუკიდებლადაც იკითხავს და იმის შესაძლებლობაც ექნება, თქვენთან ერთად გაეცნოს მისთვის ოდნავ რთულ, მაგრამ საინტერესო ისტორიას, რომელშიც ბევრ უცნობ სიტყვას აღმოაჩენს, განიხილოს ისინი თქვენთან ერთად და აზროვნება და მეტყველების უნარი განივითაროს.
წიგნის შერჩევისას ბავშვის ინტერესებით იხელმძღვანელეთ. სპორტი? მუსიკა? დინოზავრები? – შეარჩიეთ თემები, რომლებიც მას აინტერესებს და არა თქვენ. მაგალითად, თუ მისი საყვარელი სათამაშო ფუმფულა ვეშაპია და გამუდმებით გთხოვთ მის შესახებ რამის მოყოლას, შესთავაზეთ წიგნები, რომლებშიც ვეშაპების (და, საზოგადოდ, წყლის სამყაროს) ცნობილ მკვლევართა ისტორიებია მოთხრობილი.


ესაუბრეთ წიგნებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად კითხულობს, ასევე – სკოლის სახელმძღვანელოებზეც, განიხილეთ მისთვის საინტერესო თემები, მისი საყვარელი ავტორები. თუ მის ფავორიტს წიგნების სერია აქვს გამოცემული, წაახალისეთ, რომ ყველა წაიკითხოს.
ბავშვებს ამ ასაკში აინტერესებთ:
* ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები;
* სათავგადასავლო მოთხრობები, რომელთა გმირები (მისივე თანატოლები) ათას ფათერაკს აღწევენ თავს ("დაჩის ზღაპრები", "უფლისწული და მათხოვარი", "მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა", "ელი, ბრუნო, სპილო რარუ და სხვები");
* წიგნები სიტყვების თამაშით ("ელისი საოცრებათა ქვეყანაში");
* იდუმალებით მოცული ამბები; ("მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის");
* ამბები გამოგონილ სამყაროებზე ("სალამურას თავგადასავალი", "მექანიკური გული", "ნარნიის ქრონიკები").
ბავშვის დაინტერესების კიდევ ერთი გზაა იმ წიგნების შეთავაზება, რომლებსაც მის ასაკში თავად კითხულობდით. მოუყევით, რამ გაგიღვიძათ ინტერესი მათ მიმართ, ჰკითხეთ, წიგნში ყველაზე მეტად რა მოეწონა და შეადარეთ ისინი თქვენს საყვარელ მომენტებს.

როდის და როგორ
მოსწავლის გრაფიკი ზოგჯერ იმდენად გადატვირთულია, რომ შესაძლოა, ბავშვს სადილობა მუსიკიდან ფეხბურთზე ან ცურვიდან ინგლისურზე გადარბენისას მოუწიოს. მიუხედავად ამისა, თუ ეცდებით, დღეში ნახევარი საათი მაინც გამონახოთ საკითხავად, ამით დიდ სამსახურს გაუწევთ.
გამოიყენეთ იგივე სტრატეგია, რომელსაც მისი პატარაობისას იყენებდით – ისაუბრეთ წაკითხულ წიგნებზე, კითხვისას განიხილეთ აღწერილი სიტუაციები, ერთად მოიფიქრეთ დასასრულის მოსალოდნელი ვარიანტები.


ერთად კითხვისას შეგიძლიათ ერთმანეთს შეენაცვლოთ: ჯერ დედამ/მამამ წაიკითხოს ერთი გვერდი, მერე – ბავშვმა. წინასწარ გააფრთხილეთ, შეგაჩეროთ, როდესაც მისთვის გაუგებარ სიტყვას წარმოთქვამთ და მისი მნიშვნელობა აგახსნევინოთ. შეგიძლიათ, ასეთი სიტყვები ცალკე ჩაიწეროთ და ბავშვმა დროდადრო გადაიმეოროს ხოლმე. ასწავლეთ წინადადებაში მათი გამოყენება.
გრძელი ამბის კითხვისას შესაძლოა ბავშვს გონება გაეფანტოს ან ინტერესი დაკარგოს. ასე რომ არ მოხდეს, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
* სანამ წიგნის ახალ თავზე გადახვალთ, ერთად გაიხსენეთ, რა მოხდა წინა თავებში.
* ხელმეორედ გადაიკითხეთ ის ეპიზოდები, რომლებმაც ბავშვი გაახალისა ან რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო მოეჩვენა.
* ჰკითხეთ ბავშვს, როგორ მოიქცეოდა, მთავარი გმირის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, მოეწონა თუ არა მისი საქციელი, თუ არა – რატომ. უმჯობესია, ეს კითხვები კითხვის დასრულებამდე შემოინახოთ, რათა ბავშვმა ბოლომდე ისიამოვნოს კითხვის პროცესით და აზრი შუაზე არ გაუწყდეს.
* თქვენც გამოთქვით აზრი სიტუაციებსა და გმირებზე. თუ მიგაჩნიათ, რომ ბავშვს ამა თუ იმ საკითხზე მცდარი წარმოდგენა აქვს, ნუ მისცემთ შენიშვნას. დელიკატურად, შენიღბულად გააცანით საპირისპირო აზრი, ისე, რომ დააფიქროთ.

გამონახეთ დრო კითხვისთვის
ხმამაღლა კითხვა არ არის ბავშვის წახალისების ერთადერთი გზა: უამრავი სხვა აქტივობის მოფიქრებაც შეიძლება, რათა ბავშვმა კითხვისგან სიამოვნება მიიღოს. მაგალითად, შეგიძლიათ სადილის მომზადებაში დაიხმაროთ და რეცეპტის წაკითხვა სთხოვოთ ან ახალი თამაში შესთავაზოთ და დაწყებამდე ხმამაღლა, ყველას გასაგონად წააკითხოთ წესები, ან, თუ დასასვენებლად მიემგზავრებით, სთხოვეთ, წაგიკითხოთ ბროშურები იმ ადგილის შესახებ, სადაც წასვლას აპირებთ.
წაიყვანეთ ბიბლიოთეკაში, გააცანით მისი წესები და იქ კითხვა შესთავაზეთ. ბავშვების უმეტესობას ძალიან მოსწონს ბიბლიოთეკის მშვიდი და იდუმალი ატმოსფერო.
ასაკთან ერთად ბავშვი უფრო და უფრო ხშირად დაიწყებს დამოუკიდებლად კითხვას და საბოლოოდ ერთად კითხვის ტრადიციაც მივიწყებას მიეცემა, მაგრამ წინ გადაგეშლებათ ახალი პერსპექტივა, როდესაც თქვენ და თქვენი შვილი წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებას დაიწყებთ. ეს უფრო მეტად დაგაახლოებთ შვილთან და იმავდროულად მისი წამოსახვის, სამყაროს მისეული აღქმის კარსაც გაგიღებთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: