ქოთანი თუ უნიტაზი

გააზიარე:

საფენის გახდა და საპირფარეშოს უნარ-ჩვევების გამომუშავება  ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეს პროცესი არა მარტო ბავშვისგან, არამედ მშობლისგანაც მაღალ მოტივაციას, ყურადღებას, კონცენტრირებას და, რაც მთავარია, მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შვება, რომელიც მიზნის მიღწევას მოაქვს, ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

საფენი, გარდა იმისა, რომ კანს ხუთავს, განსაკუთრებით – ზაფხულში, საკმაოდ ხარჯიანიცაა.

როდესაც შეატყობთ, რომ თქვენი შვილი მზად არის საფენის გასახდელად და ახალი უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად, წამოიჭრება კითხვა: ჯერ ქოთანზე მოსაქმება ასწავლოთ და მერე უნიტაზზე დაჯდომა თუ ქოთნის ეტაპი საერთოდ გამოტოვოთ და პირდაპირ უნიტაზზე გადახვიდეთ.

მოდი, გავარკვიოთ, როდის სჯობია დავიწყოთ ამ უნარ-ჩვევის განვითარებაზე ზრუნვა და რომელი უკეთესია – ქოთანი თუ უნიტაზის ადაპტერი.

როდის არის მზად

როდესაც ტუალეტის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ვსაუბრობთ, ყურადღება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ მზაობას უფრო უნდა მიექცეს, ვიდრე ასაკს. აი, რა ნიშნებით ამოიცნობთ, მზად არის თუ არა თქვენი პატარა საფენზე უარის სათქმელად:

  • წუხს და ცდილობს, განიშნოთ, როცა ჩასველებული ან ჩასვრილია;
  • გამოხატავს ინტერესს უნიტაზის მიმართ, აინტერესებს ჩარეცხვის პროცესი;
  • გამოხატავს ქოთანზე დაჯდომის სურვილს;
  • როდესაც ქოთანზე სვამთ, რამდენიმე ხანს ჩერდება;
  • დღის განმავლობაში 2 საათით მაინც ინარჩუნებს სიმშრალეს;
  • თავად ცდილობს შარვლის გახდას ან`და პამპერსის მოხსნას;
  • შეუძლია მარტივი ინსტრუქციების შესრულება, როგორიცაა, მაგალითად: “დაჯექი”, “ადექი”, “მოდი”;
  • ხვდება როდის უნდა მოსაქმება და გატყობინებთ ან ჟესტებით, ან ბგერებით;
  • ისველებს ან ისვრის დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

ვემზადებით

ტუალეტის უნარ-ჩვევების გამომუშავება მშობლისგან მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე თავად ბავშვისგან, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ, რომ ამ ხნის განმავლობაში იყოთ თანმიმდევრული და მშვიდი.

საქმე გაგიადვილდებათ, თუ ბავშვის კუჭის მოქმედებისა და ჩასველების საათებს ჩაინიშნავთ. ამგვარად დაადგენთ, რამდენ ხანში ერთხელ იკმაყოფილებს ის მოთხოვნილებას და განსაზღვრავთ ქოთანზე ან უნიტაზზე დასაჯდომად ოპტიმალურ დროს.

! ჩააცვით ადვილად გასახდელი ტანსაცმელი, რომ დამატებითი სირთულეები არ შეუქმნას ტუალეტის მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროს.

! აჩვენეთ ვიდეოები და ანიმაციები იმის შესახებ, როგორ წარიმართება ტუალეტის რუტინა.

ვიწყებთ

დასვით ბავშვი ქოთანზე ან უნიტაზზე დროის იმ მონაკვეთში, რომელშიც აქვს ხოლმე მოთხოვნილება. ამასთან, თქვენი მოქმედება მისთვის გასაგები უნდა იყოს. მაგალითად, შეგიძლიათ უთხრათ: “ტუალეტის დროა!” – და მიიყვანოთ ბავშვი იმ ადგილას, სადაც ქოთანი დგას ან შეიყვანოთ საპირფარეშოში.

თუ ქოთანზე ან უნიტაზზე ჯდომა უშედეგოდ დასრულდა, არავითარ შემთხვევაში არ დატუქსოთ, არ უთხრათ, რომ ცუდი ბავშვია – მიაღწევთ იმას, რომ მომავალში უფრო მეტად აარიდებს თავს ქოთანზე დაჯდომას.

თუ ბავშვს პირდაპირ უნიტაზზე დასმა გაქვთ გადაწყვეტილი, შეარჩიეთ რბილზედაპირიანი ადაპტერი, რომელიც პატარას დიდხანს ჯდომის შემთხვევაშიც კი არ გაუღიზიანებს კანს.

ძალიან მნიშვნელოვანია ფეხების დაფიქსირება. შეიძინეთ ადაპტერი, რომელსაც ფეხების დასადგამი აქვს ან დამატებით – პატარა კიბე, რომლითაც ბავშვი დამოუკიდებლად ავა და დაჯდება უნიტაზზე, ხოლო დაჯდომის შემდეგ ფეხებს ზედ დადგამს.

ზოგიერთ ადაპტერს აქვს ხელის მოსაკიდებელი მოაჯირებიც, რომლებიც ბავშვს დამატებით კომფორტს და დაცულობის შეგრძნებას უქმნის.

ქოთნის თაობაზე აზრი იყოფა. ზოგიერთი ბავშვთა ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ქოთანს უნიტაზის ფორმა ჰქონდეს ან, უკიდურეს შემთხვევაში, რაც შეიძლება მარტივი და სადა იყოს, რათა ბავშვი საქმეზე კონცენტრირდეს და იცოდეს, რომ ქოთანი გასართობი არ არის.

მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვს ქოთნის მიმართ დადებითი დამოკიდებულება უნდა გავუღვივოთ და ამისთვის სასურველია, მას ბავშვის საყვარელი გმირი ან რაიმე სხვა სახალისო გამოსახულება ეხატოს. შეგიძლიათ, ორივე ვარიანტი მოსინჯოთ და ნახოთ, რომელი გაამართლებს.

ქოთანი თუ ადაპტერი?

ქოთანი იმითაა კარგი, რომ მისი დადგმა ნებისმიერ ოთახში შეიძლება. თუ რაიმე მიზეზით ოთახიდან ვერ გადიხართ, ბავშვს კი ტუალეტში უნდა, მაგრამ საპირფარეშოში მარტო ვერ შედის, ქოთანს იქვე, გვერდით დაუდგამთ და საქმეს გაიმარტივებთ.

გარდა ამისა, სტატისტიკის თანახმად, ბავშვი ქოთანს უფრო ადვილად ეჩვევა, ვიდრე უნიტაზის ადაპტერს.

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, პირველი ის არის, რომ ქოთნიდან უნიტაზზე გადასვლა ხშირად ახალ თავსატეხად იქცევა მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც, რომელიც უკვე მიჩვეულია ქოთანს.

გარდა ამისა, ქოთანი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა დაცალოთ და გარეცხოთ, რაც საქმეს გიორმაგებთ.

ქოთანს მიჩვეულ ბავშვებს უჭირთ საზოგადოებრივ საპირფრეშოში მოსაქმება, უნიტაზს მიჩვეულებს კი პირიქით.

უნიტაზის ადაპტერი ადვილი სატარებელია, სადაც უნდა წახვიდეთ, იოლად წაიღებთ თან. მისი დახმარებით ბავშვს თავიდანვე გამოუმუშავდება უნიტაზზე ჯდომის კულტურა და არც წამდაუწუმ ქოთნის რეცხვა მოგიწევთ.

უნიტაზის მიჩვევას ოდნავ უფრო მეტი ხანი სჭირდება, ვიდრე ქოთნისას – ქოთანზე ჯდომისას ბავშვს მეტი დაცულობის შეგრძნება აქვს, რადგან, როცა მოესურვება, ადგება, უნიტაზიდან სხვის დაუხმარებლად ადგომას კი ვერ ახერხებს და მეტად ისტრესება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: