რა უზრუნველყოფს გულის რიტმულ მუშაობას?

გააზიარე:

გულისცემის აჩქარების ან პულსის ამოვარდნის არასასიამოვნო შეგრძნება ალბათ ყველას გამოგიცდიათ. ადამიანის ცხოვრება დადებითი თუ უარყოფითი ემოციებით არის სავსე, ძლიერი განცდა კი გულის რიტმზე აისახება. ამ დროს რიტმის დარღვევა საშიში არ არის – გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება შეწყდება თუ არა, გულისცემა ნორმას დაუბრუნდება. გვინდა, გულის რიტმის ისეთ დარღვევაზე გესაუბროთ, რომლის მიზეზიც თავად გულში, კერძოდ, მის ელექტროგამტარ სისტემაში – ჰისის კონაში მდებარეობს და ჰისის კონის ბლოკადის სახელითაა ცნობილი. ის ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებსაც უდებს სათავეს.

  • რა უზრუნველყოფს გულის რიტმულ მუშაობას

გული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა. სწორედ ის გადატუმბავს სისხლს სისხლძარღვებში და ამგვარად უზრუნველყოფს მთელი ორგანიზმის სისხლმომარაგებას. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია, გულის ყველა უბანი კარგად და რიტმულად იკუმშებოდეს.
გულის კუნთის კუმშვადობას სამი ტიპის უჯრედები უზრუნველყოფს: რიტმის წარმომქმნელი (მდებარეობს მარჯვენა წინაგულის სინოატრიულ კვანძში), ელექტრულად გამტარი (მათ რიცხვს მიეკუთვნება ატრიოვენტრიკულური კვანძი, ჰისის კონა და პურკინიეს უჯრედები) და თავად გულის კუნთის უჯრედები – კარდიომიოციტები.

  • რა არღვევს რიტმს

გულის რიტმის წამყვანი, როგორც უკვე ვთქვით, მარჯვენა წინაგულში მდებარე იმპულსის წარმომქმნელი უჯრედებია. ელექტრულად გამტარი უჯრედების მეშვეობით იმპულსების ტალღა წინაგულებიდან პარკუჭებს გადაეცემა. ამ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება ან იმპულსის დაყოვნება გულის რიტმის დარღვევას იწვევს.

  • რა არის ჰისის კონა

ჰისის კონა ელექტრულად გამტარი სისტემის ნაწილია, რომელიც გულის ძგიდეს მიუყვება და მის კუმშვას უზრუნველყოფს. მას ორი ტოტი გამოეყოფა: მარჯვენა და მარცხენა, რომლებიც, შესაბამისად, მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების კუმშვაზეა პასუხისმგებელი.

  • ჰისის კონის ბლოკადა

ჰისის კონი ბლოკადა – ეს არის იმპულსების დაყოვნება ან დაბლოკვა ელექტრულად გამტარი სისტემის აღნიშნულ უბანში არსებული დაზიანების გამო. იმპულსების შეფერხება არღვევს პარკუჭების კუმშვის რიტმს და ასუსტებს მათ ფუნქციას, რასაც სხეულის სისხლმომარაგების დარღვევამდე მივყავართ.

  • რა იწვევს

ჰისის კონის სხვადასხვა ტოტის დაზიანებას სხვადასხვა რამ განაპირობებს.
მარცხენა ფეხის ბლოკადა შესაძლოა გამოიწვიოს:
* მიოკარდიუმის ინფარქტმა;
* კარდიომიოპათიამ (გულის კუნთის გათხელებამ და შესუსტებამ);
* მიოკარდიტმა (გულის კუნთის ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ);
* მაღალმა არტერიულმა წნევამ.
მარჯვენა ფეხის ბლოკადას კი იწვევს:
* გულის თანდაყოლილი მანკი, მაგალითად, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი;
* კარდიომიოპათია;
* მიოკარდიუმის ინფარქტი;
* მიოკარდიტი (გულის კუნთის ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია);
* გულის უკმარისობა;
* მემკვიდრეობა;
* ფილტვის თრომბოემბოლია;
* ფილტვის ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიაში წნევის მომატება);
* ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

  • როგორ ვლინდება

მარჯვენა ფეხის ბლოკადა ყოველთვის არ ვლინდება სიმპტომურად და ზოგჯერ მკურნალობასაც არ მოითხოვს, – შესაძლოა, ადამიანს წლების განმავლობაში ჰქონდეს და ეს არ იცოდეს, – ზოგჯერ კი რიტმის ამგვარი დარღვევა გონების დაკარგვას (სინკოპე) ან გონების კარგვის შეგრძნებას (პრესინკოპე) იწვევს.

  • რისკფაქტორები

გულის რიტმის დარღვევის რისკფაქტორებად განიხილება ფილტვისა და გულის ზოგიერთი დაავადება:
* წინაგულთაშუა და პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი;
* კარდიომიოპათია;
* მაღალი არტერიული წნევა.
რომელიმე მათგანის არსებობისას ექიმმა რეგულარულად უნდა ამოწმოს გულის რიტმი, რათა მისი დარღვევა არ გამოეპაროს.
რისკის ფაქტორია ხანდაზმული ასაკიც – გულის რიტმის დარღვევა მოხუცებში უფროა გავრცელებული, ვიდრე ახალგაზრდებში.

  • ბავშვებთან

ბავშვებთან გულის რიტმის დარღვევას განაპირობებს მემკვიდრეობაც, კერძოდ, განსაზღვრული გენის მუტაცია, თუმცა შემთხვევათა უმეტესობა შედეგია გულის ოპერაციისა, რომელსაც უკეთებენ ბავშვებს გულის ზოგიერთი თანდაყოლილი მანკის (პარკუჭთაშუა და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის, ფალოს ტეტრადას) დროს. შესაძლოა, განვითარდეს კარდიომიოპათიის, მიოკარდიტის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, პარკუჭების სისტოლური დისფუნქციისა და ებშტეინის ანომალიის (სამკარედი სარქვლის თანდაყოლილი დეფექტის) ფონზეც.
გულის რიტმის დარღვევა აღწერილია ბავშვებთან, რომლებიც პრენატალურ პერიოდში დასნებოვნდნენ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით.
პაციენტებისთვის, რომლებსაც მხოლოდ მარჯვენა ფეხის ბლოკადა აქვთ, პროგნოზი, წესისამებრ, კეთილსაიმედოა, თუმცა ძირითად დაავადებაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
მარცხენა ფეხის ბლოკადა გაცილებით საყურადღებოა, რადგან ყოველთვის კეთილთვისებიანად არ მიმდინარეობს და გართულების უფრო მაღალი რისკიც ახასიათებს. ამ დროს მეტია სრული ბლოკადისა და უეცარი სიკვდილის ალბათობა, თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათია და დამოკიდებულია თანმხლებ სისტემურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე.

  • როდის მივმართოთ ექიმს

თუ რამდენიმეჯერ დაკარგეთ გონება, აუცილებლად მიბრძანდით ექიმთან მიზეზის გასარკვევად.
თუ გაქვთ გულის რომელიმე დაავადება ან ჰისის კონის უკვე დიაგნოსტირებული ბლოკადა, ექიმთან რეგულარულად უნდა იაროთ მდგომარეობაზე დასაკვირვებლად და გულის რიტმის დინამიკის შესაფასებლად.

  • დიაგნოსტიკა

თუ მარჯვენა ფეხის ბლოკადა გაქვთ, მაგრამ მძიმე თანმხლები დაავადება გამორიცხულია, მდგომარეობა არ მოითხოვს ღრმა კვლევას. თუ მარცხენა ფეხის ბლოკადა გაქვთ, აუცილებელია, ორგანიზმი ზედმიწევნით იქნეს გამოკვლეული მიზეზის დასადგენად.
დაავადებაზე ეჭვს, როგორც ვთქვით, ბადებს სინკოპეს ეპიზოდები, დიაგნოსტიკის ოქროს მეთოდი კი ელექტროკარდიოგრამაა, რომელზეც ბლოკისთვის დამახასიათებელი ცვლილებები მკაფიოდ ჩანს.
დიაგნოსტიკისთვის იყენებენ ექოკარდიოგრაფიასაც, რომელიც ასახავს გულის კუნთის სისქესა და კუმშვადობას, სარქველთა ნორმალურ ფუნქციონირებას და გულის საზღვრებს.

  • მკურნალობა

ჰისის კონის ბლოკადა უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობას არ მოითხოვს, განსაკუთრებით – თუ გულის თანმხლები პათოლოგია არ დასტურდება, ამ უკანასკნელის არსებობისას კი მას მკურნალობენ. შესაძლოა, გართულებას მაინც ვერ გადავურჩეთ, მაგრამ მის მძიმე ფორმას ნამდვილად ავიცილებთ თავიდან.
თუ ბლოკადა მაღალი არტერიული წნევით არის გამოწვეული, აუცილებელია აინტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მიღება და წნევის კონტროლი.
დამატებითი მკურნალობა სიმპტომებსა და თანმხლებ დაავადებაზე ან დაავადებებზეა დამოკიდებული.
ვითარებიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ:
* პეისმეიკერის – გულის რიტმის ხელოვნური წამყვანის – ჩადგმა. ეს მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც იდგმება გულმკერდის ზედა ნაწილში, კანქვეშ, და ორი მავთულით უკავშირდება გულის მარჯვენა მხარეს. ის უზრუნველყოფს ელექტრული იმპულსების წარმოქმნას და გულის რიტმის რეგულაციას.
* გულის რესინქრონიზაციული თერაპია. რესინქრონიზატორიც მცირე მოწყობილობაა, რომელიც კანქვეშ იდგმება, თუმცა, პეისმეიკერისგან განსხვავებით, მისგან გამოდის მესამე მავთულიც, რომლითაც გულის მარცხენა მხარეს უკავშირდება და ამგვარად ორივე მხარეს არეგულირებს რიტმს.

  • გართულებები

ჰისის კონის მარჯვენა და მარცხენა ფეხების ბლოკადა უმთავრესად იმითაა საშიში, რომ შეუძლია, გამოიწვიოს წინაგულებიდან პარკუჭებისკენ ელექტრობის გამტარი გზების სრული ბლოკირება. ამის შედეგად გულისცემა იშვიათდება, რასაც გონების დაკარგვა და ზოგჯერ უფრო სერიოზული გართულებებიც მოჰყვება.
სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება შესაძლოა მოჰყვეს მარცხენა ფეხის ბლოკადას, თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამ შემთხვევაში უეცარი კარდიული სიკვდილის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბლოკადის არარსებობის დროს.

  • პროგნოზი

პაციენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გამოხატული სიმპტომატიკა ან გულის თანმხლები დაავადება, პროგნოზი კეთილსაიმედოა, თანმხლები დაავადების არსებობა კი მდგომარეობას ამძიმებს, რადგან ზრდის გართულების რისკს, თუმცა ავადმყოფობის მართვა და გართულებათა თავიდან აცილება ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: