გაციება თუ ალერგია?

გააზიარე:

თუ სურდო გაქვთ, ცხვირით სუნთქვა გიჭირთ ან გახველებთ და გაცემინებთ, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იფიქრებთ, რომ გაციებული ხართ, თუმცა ასეთივე სიმპტომებით ვლინდება ალერგიაც. თუ ალერგიასა და გაციებას შორის განსხვავება გეცოდინებათ, მკურნალობის სწორ გზას უფრო ადვილად იპოვით.

  • რა არის გაციება?

გაციების გამომწვევი ვირუსების 200-ზე მეტი ტიპია იდენტიფიცირებული. შემთხვევათა ნახევარზე მეტი რინოვირუსის წილად მოდის, დანარჩენ შემთხვევებში კი გაციებას იწვევს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსი, გრიპისა და პარაგრიპის ვირუსები.
ნიშნები ძირითადად ერთნაირია:
* გაციება გადაეცემა ვირუსის შემცველი წვეთების საშუალებით, რომლებსაც ავადმყოფი გამოყოფს ხველების ან ცემინების დროს.
* ხველასა და ცემინებასთან ერთად გაციების სიმპტომები ყელის ტკივილს და სურდოსაც მოიცავს.
* უფრო ძლიერი გაციება იწვევს თავის ტკივილს, ტემპერატურის აწევას და მოთენთილობას.
* ავადმყოფობა დიდხანს არ გრძელდება – მისი საშუალო ხანგრძლივობა 7-10 დღეა.
* თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტია გრძელდება, სავარაუდოა, რომ ვირუსმა გამოიწვია უფრო მძიმე დაავადება – სინუსიტი, ბრონქიტი ან პნევმონია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალერგიული ადამიანი უფრო მეტადაა მიდრეკილი გაციებისკენ.
ადამიანი შეიძლება გაცივდეს წლის ნებისმიერ დროს, თუნდაც ზაფხულში. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, საშუალოსტატისტიკური ჯანმრთელი ზრდასრული წელიწადში 2-3-ჯერ ავადმყოფობს, ბავშვები კი უფრო ხშირად ცივდებიან, რაც მათი ჯერ კიდევ უმწიფარი იმუნური სისტემის ბრალია.

  • რა არის ალერგია?

ალერგიის დროს იმუნური სისტემა მეტისმეტად მწვავედ რეაგირებს ზოგიერთ ნივთიერებაზე. როდესაც ადამიანი ეხება ალერგიულ გამღიზიანებელს, ე.წ. ალერგენს, მისი იმუნური სისტემა იწყებს ჰისტამინის გამოყოფას. სწორედ ეს ნივთიერება განაპირობებს ალერგიის სიმპტომებს. ალერგიისა და გაციების საერთო სიმპტომებია ცემინება, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა. ალერგიას ხშირად თან ახლავს გამონაყარი და თვალების ქავილიც, მაშინ როცა გაციებას ასეთი ნიშნები არ ახასიათებს.
ძირითადი ალერგენები სეზონურია, მაგალითად, მცენარის მტვერი, თუმცა ადამიანი შეიძლება ალერგიული იყოს წლის ნებისმიერ დროს გარემოში არსებული ნებისმიერი ალერგენის მიმართ. შედარებით გავრცელებული ალერგიული გამღიზიანებლებია მტვრის ტკიპა, ცხოველის (კატის, ძაღლის) ბეწვი, ობის სოკო, ზოგიერთი საკვები, მათ შორის – კვერცხი, რძე, თხილი, არაქისი.

  • როგორ განვასხვაოთ ალერგია გაციებისგან?

ამ ორ დაავადებას ბევრი საერთო აქვს, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ განმასხვავებელ ნიშნებს.
გაციებას უფრო მეტად ახასიათებს მოთენთილობა, სახსრების, კუნთების, ყელის ტკივილი, ცხელება, ალერგიას კი – თვალების ქავილი, მსტვენი სუნთქვა და გამონაყარი – ეგზემური (მშრალი, აქერცლილი მქავანა ლაქები) ან ურტიკარიული (ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი თანმხლები ქავილით).

ალერგიული სალამი
ბავშვებში ალერგიის პროგნოზული ნიშანია ალერგიული სალამი: ბავშვს ცხვირი ექავება და ქვემოდან ზემოთ ისვამს ხელისგულს, რაც ძალიან ჰგავს მისალმებას.

წელიწადის დრო
წელიწადის დრო სიმპტომების მიზეზის მიგნებას აადვილებს. გაციებაც და ალერგიაც წელიწადის ოთხივე დროს გვხვდება, თუმცა პირველი უფრო ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში; ალერგია მცენარეების მტვერზე გაზაფხულობით იჩენს თავს, ბალახის მტვერზე – ზაფხულობით და გვიან გაზაფხულზე, ხოლო ამბროზიაზე – შემოდგომობით და გვიან ზაფხულში.

სიმპტომების ხანგრძლივობა
გაციებისგან ალერგიის გარჩევის კიდევ ერთი ხერხია დაავადების ხანგრძლივობაზე დაკვირვება: გაციება, წესისამებრ, თავისთავად გაივლის 7-10 დღეში; არასეზონური ალერგიისგან თავის დასაღწევად საჭიროა მკურნალობა ან ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა, სეზონური ალერგიის დროს კი სიმპტომები, ჩვეულებისამებრ, 2-3 კვირა გრძელდება.

გავრცელებული შეცდომები
ხშირად ცდილობენ დიაგნოზის დასმას ცხვირიდან გამონადენის ფერის მიხედვით, თუმცა ეს მეთოდი არც ისე სანდოა. ბევრს ჰგონია, რომ ყვითელი გამონადენი ყოველთვის ინფექციაზე მიუთითებს. სინამდვილეში ალერგიის დროს გამონადენი შეიძლება სხვადასხვა ფერისა იყოს, გაციების დროს კი – გამჭვირვალე.

გაციების და ალერგიის დიაგნოსტიკა
თუ ექიმმა ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად, სტრეპტოკოკური ლარინგიტი ან პნევმონია ივარაუდა, დამატებით კვლევას, მაგალითად, ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას და გულმკერდის რენტგენოგრაფიას დაგინიშნავთ.
ალერგიის დიაგნოსტირებისთვის, პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის მიხედვით, სხვადასხვა კვლევას მიმართავენ, უმეტესად – კანის ტესტს ალერგენის გამოსავლენად, ზოგჯერ – სისხლის ტესტსაც.
მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიები ალერგოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს.

გაციების მკურნალობა
გაციების დროს ორგანიზმი თვითონ ამარცხებს ვირუსს. ანტიბიოტიკები უეფექტოა, ვინაიდან გაციება ვირუსითაა გამოწვეული, წამლების ეს ჯგუფი კი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს.
არსებობს მედიკამენტები, რომლებიც გაციების სიმპტომებს ამსუბუქებს. ესენია: ურეცეპტოდ გასაცემი გაციების საწინააღმდეგო საშუალებები (ე.წ. გაციების საწინააღმდეგო ჩაი), ამოსახველებელი სიროფი, ცხვირის გამხსნელი წვეთები და სპრეი, ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად, იბუპროფენი, აცეტამინოფენი.
ხველისა და გაციების სამკურნალო საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის 4 წლამდე, ხოლო ცხვირის სპრეისა – 6 წლამდე.
გაციების სამკურნალო საშუალების მიღებამდე აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, თუ იღებთ სხვა წამლებს, ხართ ორსულად ან გაქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემა.
გაციების სამკურნალო მედიკამენტების დიდხანს მიღება არ შეიძლება – შესაძლოა, ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, როგორიცაა, მაგალითად ცხვირის ლორწოვანის განმეორებითი შეშუპება.
გაციების სიმპტომებს ზოგჯერ შინაური საშუალებებიც ამსუბუქებს, მაგალითად:
* ბევრი წყლის, ჩაის, წვენის სმა;
* კოფეინის შეზღუდვა;
* ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით (რომელიც 0.9%-იანი მარილწყალია);
* ფიზიოლოგიური ხსნარის ან ცოტა მეტი განზავების მქონე მარილიწყლის ყელში გამოვლება;
* სასუნთქი გზების დატენიანება (ინჰალაციის საშუალებით).

ალერგიის მკურნალობა
ალერგიის სიმპტომების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური გზაა გამღიზიანებლებთან კონტაქტის თავიდან აცილება. როცა ეს შეუძლებელია, სიმპტომების შესამსუბუქებლად მედიკამენტური მკურნალობა ტარდება.

ანტიჰისტამინები
ამ ჯგუფის წამლების მოქმედების მექანიზმი ჰისტამინის გამოყოფის დაბლოკვას გულისხმობს.
ანტიჰისტამინებია ფექსოფენადინი, დიფენჰიდრამინი, ცეტირიზინი და სხვა. ყურადსაღებია, რომ ძველი თაობის ზოგიერთი ანტიჰისტამინი ძილიანობას იწვევს.

დეკონგესტანტები
დეკონგესტანტები ჭმუხნის ცხვირის ლორწოვანის შეშუპებულ შრეებს და ხსნის ცხვირის დანამატი წიაღების (სინუსების) შეშუპებას. გამოდის წვეთების ან სპრეის სახით. თუმცა მათი გამოყენება 10 დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული – იმატებს მედიკამენტური რინიტის განვითარების რისკი.

ნაზალური კორტიკოსტეროიდები
ბლოკავს ანთებას და ამ გზით ხსნის ცხვირის შეშუპებას. ამცირებს ცხვირის გასავლებში ალერგიით გააქტიურებულ იმუნურ უჯრედებს.
ეს წამლები დღესდღეობით არჩევის პრეპარატებად ითვლება სეზონური და წლიური ალერგიების მკურნალობის დროს.

თვალის წვეთები
ამცირებს ქავილს და ცრემლდენას

ალერგენის ინექცია ანუ იმუნოთერაპია
ალერგენის ინექცია ხდება რეგულარულად, თანაბარი ინტერვალებით 3-5 წლის განმავლობაში. ყოველი მომდევნო ინექციის დროს ექიმი ზრდის ალერგენის დოზას უსაფრთხო დონემდე, რათა მოახდინოს პაციენტის იმუნური სისტემის სტიმულირება და, ამასთანავე, ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს. ამ დროს ხდება ალერგენთან ეტაპობრივი შეგუება – დესენსიტიზაცია, რაც აქვეითებს ორგანიზმის მგრძნობელობას მის მიმართ. ეს ალერგიის ელიმინაციის გრძელვადიან ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა.

პროგნოზი
ამრიგად, მიუხედავად ბევრი საერთო სიმპტომისა, ალერგია და გაციება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებებია. დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია სწორი მკურნალობისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.
საყურადღებოა, რომ გაციებას, ისევე როგორც ალერგიას, შეუძლია გამოიწვიოს ვირუსებისა და ბაქტერიების დაგროვება სინუსებსა და ქვედა სასუნთქ გზებში, შედეგად კი – სერიოზული გართულება.

თუ, მიუხედავად მკურნალობისა, თავი უკეთ ვერ იგრძენით, გაწუხებთ გამონაყარი ან ცხელება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა უფრო მძიმე დაავადება გამოირიცხოს.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: