ვერ ვიტან სიცივეს!

გააზიარე:

მცირე ხნის წინ ვარკვევდით, შეიძლება თუ არა, სიცივემ კაცი მოკლას და დავადგინეთ, რომ ამ საბრალოს (სიცივეს და არა კაცს) ტყუილად სდებენ ბრალს – გაციებას ვირუსები იწვევენ. თუმცა, მოყინვასა და ჰიპოთერმიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არსებობს დაავადებათა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელთა გამომწვევი სწორედ სიცივეა. ეს ის შემთხვევა გახლავთ, როცა ესა თუ ის ფაქტორი რატომღაც თვალში არ მოგვდის და ამ ანტიპათიას მთელი არსებით გამოვხატავთ.

რა ხანია, ალერგია უცხო სიტყვად აღარ ითვლება. დღეს მას თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ის კი არა, ხშირად ცივილიზაციის სენსაც უწოდებენ. 

მოკლედ შეგახსენებთ: ამ დროს ორგანიზმი რომელიმე უცხო აგენტის (ე.წ. ალერგენის) მიმართ განსხვავებულ და მეტისმეტად ფაქიზ მგრძნობელობას იჩენს. ჭეშმარიტი ალერგიული რეაქციის ჩამოსაყალიბებლად უცხო აგენტი ორგანიზმში განმეორებით უნდა მოხვდეს. პირველი სტუმრობისას დაგროვილი ანტისხეულები მას უმალვე ამოიცნობენ და განგაშს ატეხენ. ჩვეულებრივი თავდაცვითი რეაქცია წრეგადასულ ფორმას იღებს – იმუნიტეტს ბუზი სპილოდ ეჩვენება და ზარბაზანს ისვრის იქ, სადაც პაწაწინა შურდულიც საკმარისი იქნებოდა. ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი კი ალერგიის მედიატორების (ჰისტამინის, სეროტონინის...) გამოყოფას იწვევს. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ჩვენთვის კარგად ნაცნობ კლინიკურ გამოვლინებებს.

არის შემთხვევები, როცა ჰისტამინისა და მისი ძმაბიჭების გათავისუფლება და შემდგომი გამოვლინებები არაიმუნური მექანიზმით (ანტისხეულ-ანტიგენის კომპლექსის გვერდის ავლით) ხდება. ამგვარ რეაქციებს ფსევდოალერგიას უწოდებენ. ასეთი გახლავთ სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობაც.

სიცივის მიმართ ალერგია უმეტესად ახალგაზრდა ქალებს აწუხებთ. ხშირად ის ინფექციური დაავადების შემდეგ იჩენს თავს, ზოგჯერ კი სხვა პათოლოგიას (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას, სისტემურ წითელ მგლურას) სდევს თან და ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ასე რომ, თუ სიცივის მიმართ ალერგიული რეაქცია მეტისმეტად ხშირად გაწუხებთ, კარგი იქნებოდა, ექიმისთვის მიგემართათ და გაგერკვიათ, რომელიმე დაავადებას ხომ არ უკავშირდება ეს სიმპტომი. უმეტესად კი სავსებით საკმარისია, ცრუ ალერგია დროულად ამოვიცნოთ და საფუძველშივე აღვკვეთოთ. საზოგადოდ, ალერგიასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი ალერგენისგან დამალვაა, მაგრამ სიცივის საწინააღმდეგოდ ამ ხერხს ვერაფრით გამოვიყენებთ (თუ, რა თქმა უნდა, მერცხლებივით თბილ ქვეყნებში არ გავფრინდებით), მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, გულხელდაკრეფილები ვისხდეთ.

მაშ ასე, გავერკვეთ და შევიარაღდეთ:

მსუსხავი სიცივე

ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა ასეთია: ქუჩაში გასვლიდან გარკვეული ხნის შემდეგ კანი ქავილს იწყებს, წითლდება, ბებერებით იფარება, თითქოს ჭინჭარში ეგორაოს. მეტწილად სხეულის ის ნაწილები ზარალდება, რომლებსაც სუსხი ყველაზე იოლად სწვდება: სახე, მტევნები, ბარძაყების შიდა ზეპირი, მუხლები, კანჭები, ტერფები. ასეთივე ალერგია გაყინული წყლის მიმართაც იჩენს თავს, თუმცა ისიც შეიძლება, ცივი სასმლის დალევისას მხოლოდ ტუჩებზე გამოგაყაროთ.

“სველი” ნაჭინჭრი “ჰაეროვანზე” მძიმეა. ასე რომ, პოტენციურმა მსხვერპლმა მკაცრად უნდა დაიცვას რამდენიმე წესი: თოვლჭყაპში, ტენიან ქარში, ნისლში შინ უნდა იჯდეს, ცივ მდინარეში, აუზში ანდა ტბაში არ უნდა იბანაოს.

გირჩევთ

დაუყოვნებლივ გადაიცვათ მშრალი და თბილი ტანსაცმელი, მიიღოთ ანტიჰისტამინური საშუალება (ალერფასტი, ფენკაროლი), დალიოთ რამდენიმე ფინჯანი ცხელი  ჩაი, რძე ან კაკაო.

უსაფრთხოების ტექნიკა

თქვენი ზედა ტანსაცმელი ისეთივე უნდა იყოს, კოსმონავტებს რომ აცვიათ: ქარ და ტენგაუმტარი, თბილი, გრძელი, ღრმა კაპიუშონით, საჭიროების შემთხვევაში სახის ჩამალვა რომ შეიძლებოდეს, ტყავის ანდა დათბილული ხელთათმანები (ქუჩაში არასდიდებით არ გაიხადოთ), მაღალი ჩექმები. თეთრეული, კოლჰოტები, შარვლები, ბლუზები მხოლოდ ბამბის ანდა სელის შეარჩიეთ. სინთეტიკა და მატყლი ალერგიის გამოვლინებებს აძლიერებს, აბრეშუმი კი (თუნდაც ნატურალური) კანს თვითონვე აგრილებს.

შინიდან გასვლის წინ, სასურველია, სახესა და ხელებზე რომელიმე ცხიმიანი კრემი წაისვით – ეს კანს სიცივის ზემოქმედებისგან ნაწილობრივ მაინც დაიცვას, მაგრამ თუ ფერიმჭამელების წარმოქმნისკენ გაქვთ მიდრეკილება, ამ ხერხის გამოყენებას არ გირჩევთ – ცხიმი კანის ფორებს ახშობს და ფერიმჭამელებს ამრავლებს. გამოგადგებათ ჰიგიენური პომადაც.

გაყინული ცხვირი

ზოგს სუსხიანი ჰაერის შესუნთქვისას ცხვირი ოდნავ ეხშობა, ზოგის ცხვირიდან კი მდინარეები იწყებს დენას. ზოგიერთი თავს ჰაიმორიტის დიაგნოზს უსვამს, ზოგს კი ჰგონია, გაცივდა, თუმცა სურდო მეტად უცნაურად იქცევა – თავს მხოლოდ ქუჩაში გვახსენებს, სითბოში კი უკვალოდ ქრება. და ეს ცინგლიანი ეპოპეა გაზაფხულამდე გრძელდება. დიაგნოზი – ფსევდოალერგიული რინიტი.

გირჩევთ
დაუყოვნებლივ დაუბრუნდეთ სითბოს. თუ ასეთი რამ ავტობუსის გაჩერებაზე, თხილამურებით სრიალისას ანდა ექსკურსიაზე შეგემთხვათ, შვებას წერტილოვანი მასაჟი მოგიტანთ: ცერა თითები ფუძით ცხვირის ფრთებზე მიიწყვეთ და 1-2 წუთის განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით სწრაფი ბრუნვითი მოძრაობით დაიზილეთ, შემდეგ კი შუა თითის, არათითისა და ნეკის ბალიშებით, ხელსმისა და დაზელის მონაცვლეობით, თვალის ქვედა არე ცხვირიდან ყურებისკენ დაიმუშავეთ.

უსაფრთხოების ტექნიკა:
შინიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხვირში რომელიმე ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ჩაიწვეთეთ. სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებას (მაგალითად, ნაფტიზინს, გალაზოლინს) ნუ გამოიყენებთ. ფსევდოალერგიული რინიტის დროს ისინი უკუნაჩვენებია: სამ-ოთხდღიანი გაუმჯობესების შემდეგ სიმპტომები უფრო მძიმე ფორმით იჩენს თავს და შეიძლება, შენობაშიც კი შეგახსენოთ თავი.

მტირალა თოვლი
ზამთრის პეიზაჟით ტკბობაში ხელს უმიზეზო ცრემლები გიშლით… თუმცა ცრემლები მხოლოდ ზღვაში წვეთია; ამასთან ერთად, თვალები გიწითლდებათ, გექავებათ, თოვლის ან ცის ჭვრეტისას კი გტკივათ. ეს ყველაფერი ფსევდოალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნები გახლავთ.

გირჩევთ
ნუ მოისრესთ თვალებს ხელით ან სახელოთი, ქაღალდის ხელსახოცით ისარგებლეთ, ცხვირსახოცის გამოყენება კი სარისკოა: თქვენს ჯიბეში ნებივრობისას იმდენი მიკრობის აკიდებას მოასწრებდა, რამდენიმე კვირაც ვერ დათვლით.

უსაფრთხოების ტექნიკა:
გასეირნების წინ თვალებში ანტიალერგიული საშუალება ჩაიწვეთეთ. უარი თქვით კონტაქტურ ლინზებზე: ისინი თვალს უფრო მეტად აღიზიანებს, თანაც შეიძლება ცრემლს გააყოლოთ და სულაც დაკარგოთ. დროებით მაკიაჟსაც შეელიეთ. თუ ტუში, ჩრდილები და თვალის ფანქარი თვალში ჩაგივიდათ, ცრუს ვიღა ჩივის, შეიძლება ნამდვილი ალერგიაც აიკიდოთ. ატარეთ ჩამუქებულმინებიანი სათვალე, რათა ქათქათა თოვლმა თვალი არ მოგჭრათ.

სუნთქვის შემკვრელი სანახაობა

თუ სუსხიანი ჰაერის შესუნთქვისას სუნთქვა გეკვრით, ყელში გფხაჭნით და ხველას გაწყებინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ სიცივეზე ალერგიამ ე.წ. ბრონქოსპასტიკური რეფლექსი – სასუნთქი გზების მკვეთრი შევიწროება გამოიწვია. სპაზმი თბილ ოთახში დაბრუნებისთანავე გაგივლით, მაგრამ თუ ასეთი რეაქცია გაჭიანურდა, მეტისმეტად მგრძნობიარე ბრონქები გქონიათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრონქული ასთმისკენ ბრძანდებით მიდრეკილი. სასურველია, სასწრაფოდ მიმართოთ პულმონოლოგს და ალერგოლოგს.

სასწრაფო დახმარება

ცხვირ-პირი შალის ფართო შარფში ანდა სახელოში ჩამალეთ. ისუნთქეთ მხოლოდ ცხვირით. პირს საერთოდ ნუ გააღებთ. თუ ასეთი რამ ხშირად გემართებათ, ექიმს სთხოვეთ, ბრონქების გამაფართოებელი ინჰალატორი შეგირჩიოთ, ეს უკანასკნელი კი ყოველთვის თან ატარეთ.

უსაფრთხოების ტექნიკა:
ტემპერატურის ცვლილება ნაკლებად მკვეთრი რომ იყოს, შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთი ღია სარკმელთან გაატარეთ. სადარბაზოშიც მცირე ხნით შეყოვნდით და ყინვას შეეჩვიეთ.

დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს არგებს: გაკაჟდით. გამოწრთობილ ორგანიზმს სიცივე ვერაფერს დააკლებს.

გააზიარე: