თამბაქო – მომაკვდინებელი მოდა

გააზიარე:

 წარმოიდგინე, რომ ყოველდღე, დღეში ათჯერ ან უფრო მეტჯერაც, მოკლე, მხრჩოლავი ღერების მეშვეობით საკუთარ თავს სიცოცხლის წუთებს ჰპარავ, ხოლო კითხვაზე, რატომ არ ანებებ თავს მოწევას, მარკ ტვენის ცნობილი სიტყვებით პასუხობ: “სიგარეტისთვის თავის დანებებას რა უნდა! დამიჯერე, ეს ათასჯერ მაინც გამიკეთებია!” დღეს მსოფლიოში თამბაქოს წევა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თამბაქოს ეპიდემიას ყოველწლიურად 6 მილიონამდე კაცი ეწირება. აქედან 600 000-ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება.

სტატისტიკის თანახმად, თუ თამბაქოს კონტროლისთვის სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, 2030 წლისთვის ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 8 მილიონს მიაღწევს, რაც 4 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს.
***
თამბაქოს წევის დაწყებას თავის ასოციალურობას აბრალებს. ამბობს, რომ სიგარეტი ხალხთან ურთიერთობას უადვილებს და მათთან საერთო ენის პოვნაში ეხმარება. ლაშა ქავთარაძე მეექვსე წელია ეწევა:
– ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა ხალხთან ურთიერთობა აქტიურად დავიწყე. ისეთი სამეგობრო წრე გავიჩინე, სადაც უმეტესობა ეწეოდა. მათი წაბაძვით ერთ-ორ ღერს მეც ვეპარებოდი. თავდაპირველად თავბრუს მახვევდა და ეს შეგრძნება ძალიან მომწონდა. შინ ამას ვმალავდი, მომწონდა, რომ საიდუმლო გამიჩნდა და საერთოდ, მთელი ეს “თავგადასავალი” ძალზე რომანტიკული მეჩვენებოდა… ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ დღეს ყოველდღიურად რამდენიმე ლარს საფერფლეში ვყრი… შინაურებს არ მოსწონთ, რომ ოთახი თამბაქო კვამლში ცურავს. ხშირად მეგობრებიც მსაყვედურობენ, ვეღარ ვსუნთქავთო…
ლაშას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ამის უფლება ნამდვილად აქვთ, თანაც არა მარტო იურიდიული, არამედ მორალურიც. თამბაქოს კვამლი არამწეველთათვის მხოლოდ დისკომფორტის წყარო კი არა, ჯანმრთელობის პრობლემათა მიზეზია. მრავალ ქვეყანაში კანონი არამწეველთა უფლებებს იცავს, თუმცა რეალურად ამ კანონით მსოფლიოს მოსახლეობის 11%-ზე ნაკლებია დაცული. ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 600 000-ზე მეტი ნაადრევი სიკვდილი სწორედ პასიური მოწევის შედეგია. მწეველთა საზოგადოებაში ჩაყლაპული თამბაქოს კვამლი არამწეველებში გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებებს, მათ შორის – ფილტვის კიბოს, ახალშობილთა უეცარ სიკვდილს, ნაყოფის განვითარების შეფერხებასა და წონანაკლული ბავშვის დაბადებას იწვევს. თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის დასაწყებად საქართველოს მთავრობამ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. კანონპროექტი გულისხმობს საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას, სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. კომისიის მიზანი ერთი თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება იქნება, რათა ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთი და სიკვდილიანობა შემცირდეს. ამით ხელისუფლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციას ეხმიანება, რომელსაც ის 2004 წლის 20 თებერვალს შეუერთდა. კონვენციაზე ხელის მოწერით საქართველომ საერთაშორისო ვალდებულება იკისრა, კონვენციით დადგენილი ყველა მოთხოვნა შეესრულებინა, თუმცა 2004 წლიდან დღემდე ამ ვალდებულებათა მცირე ნაწილი თუ შესრულდა. დღეს თამბაქოს კონტროლის კანონის სრულფასოვანი აღსრულებისთვის ღონისძიებათა მთელი წყებაა საჭირო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი პუნქტები: პარლამენტმა უნდა მიიღოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისი შესწორება, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის პერიოდულ ზრდას და განსაზღვროს მისი პარამეტრები; დაწესდეს მაღალი საჯარიმო სანქციები და გამარტივდეს დაჯარიმების პროცედურა; ჯანდაცვის სამინისტრომ პერიოდულად მოითხოვოს და რეგულარულად გამოაქვეყნოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია; სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალოს თამბაქოს ნედლეულის, შემოტანილი და ადგილზე წარმოებული პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგი. გარდა ამისა, კონვენცია მოითხოვს, რომ თამბაქოს ნაწარმის შემცველობათა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტესტირება მწარმოებლის ხარჯზე ხდებოდეს, ხოლო არასრულწლოვანთათვის სიგარეტის მიყიდვის, უფასოდ დარიგების, ასევე ცალკეულ ღერებად გაყიდვის აკრძალვის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პროცედურები გამარტივდეს და საჯარიმო სანქციები გამკაცრდეს.
***
ნინო ათი წლის განმავლობაში აქტიური მწეველი იყო. მან სულ ახლახან, ერთი თვის წინ დაანება თავი მოწევას. ამბობს, რომ ეს პროცესი რთული და დამღლელი იყო:
– მოწევა მიბაძვით დავიწყე. სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ არსებულმა გარემომ ამაში დიდი როლი შეასრულა. ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ ნებისყოფა არ მეყო. საბოლოოდ ექიმს მივმართე. ძალიან დამეხმარა კვალიფიციური ექიმის რჩევები და პარალელურად მკურნალობა მედიკამენტ ჩამპიქსით, რომლის შესახებაც არათუ მოსახლეობამ, ექიმთა დიდმა ნაწილმაც კი არაფერი იცის. სწორედ ამიტომ ვურჩევ ყველა დამოკიდებულს, კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმთან გაიაროს.
ნინოს მიაჩნია, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიაში ფასის ზრდაზე ეფექტურ როლს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, შენობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა შეასრულებს. 
თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ თამბაქოზე გადასახადის გაზრდა ყველაზე ეფექტური გზაა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად, განსაკუთრებით – ახალგაზრდებსა და ღარიბთა შორის. თამბაქოს 10%-ით გაძვირება მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მის მოხმარებას დაახლოებით 4%-ით ამცირებს, საშუალო და მცირე შემოსავლის ქვეყნებში კი 8%-მდე.
თამბაქოს აკრძალვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და ეკონომიკურ სარგებელს რამდენიმე გამოკვლევა ადასტურებს. მაგალითად, აშშ-ში კოლორადოს შტატ ქალაქ პუებლოში 2003 წელს საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს აკრძალვიდან 18 თვის განმავლობაში გულის შეტევასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა 27%-ით შემცირდა, როცა მეზობელ ქალაქებში მსგავსი ტენდენცია არ დაფიქსირებულა.
ექიმთან ნებისმიერი შეხვედრისას მწეველობის სტატუსის გარკვევას და მწეველისთვის, თუ ის თავის დანებებას გადაწყვეტს, ქმედითი დახმარების შეთავაზებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ერთ-ერთ “საუკეთესო შენაძენის” (Best-Buy) ინტერვენციად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამკურნალო ღონისძიება, რომელიც მინიმალური დანახარჯით სიცოცხლის გახანგრძლივებასა თუ მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
“საბედნიეროდ, ჯანდაცვის სისტემაში მომხდარი ცვლილებების წყალობით ჩვენს თანამემამულეთა უმრავლესობას პირადი ექიმი უკვე ჰყავს”, – ამბობს ნატო შენგელია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ექსპერტი ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში, – სხვა საქმეა, რამდენად ვუსმენთ მას, რამდენად კარგად გვესმის ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვთანამშრომლობთ ექიმთან უკეთესი შედეგის მისაღწევად. მე, როგორც ოჯახის ექიმმა და ოჯახის ექიმთა მასწავლებელმა, კარგად ვიცი, რომ როცა დღეში 30-40 პაციენტის მიღება გვიწევს, ძალიან ძნელია, თითოეული მათგანის პრობლემების წვდომასთან, გაზიარებასა და მოგვარების გზების ძიებასთან ერთად დრო მწეველობის, კვებითი ჩვევების, ფიზიკური აქტივობის შეფასებასაც დაუთმო. არადა ცხოვრების წესს ჯანმრთელობისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ეს და სხვა უმნიშვნელოვანესი ჩარევები, თანამედროვე მედიცინის მიღწევები სამედიცინო დახმარების განუყრელ ნაწილად რომ იქცეს, მათზე ყველა პაციენტს ექიმთან ყოველი შეხვედრის დროს რომ მიუწვდებოდეს ხელი, ხარისხის გაუმჯობესების უწყვეტი სისტემაა საჭირო”, – ამბობს ნატო.
სწორედ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, შესაბამისობისა და უწყვეტობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება. “რეგიონული თანამშრომლობა”, რომელშიც ქუთაისის, სამტრედიის სამედიცინო დაწესებულებები და იმერეთის 13 სოფლის ექიმი ჩაერთო, პროექტის გუნდთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს სამედიცინო დახმარების სისტემის გასაუმჯობესებლად. გეგმავენ ცვლილებებს, ცდიან, აფასებენ და შემდეგ ნერგავენ, გამოცდილებას კი ერთმანეთს და კოლეგებს უზიარებენ. 
“საქართველოს რესპირაციულ ასოციაციასთან ერთად მოვამზადეთ თამბაქოს მიტოვების სკრინინგისა და მიტოვების მოდული, რომელიც დღეს საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში დარეგისტრირებულია როგორც უწყვეტ
ი პროფესიული განვითარების კურსი და ქართველ ექიმებს ამ საკითხებში საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განახლების საშუალებას აძლევს. ეს ის საკითხებია, რომელთა ათვისება ექიმებს ძალიან სჭირდებათ, მიუხედავად ჯანდაცის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული გაიდლაინისა. შედეგებიც შთამბეჭდავია. მაგალითად, 2012 წლის მარტში ეწეოდა თუ არა პაციენტი, ამის გარკვევა თანამშრომლობის დაწესებულებათა ამბულატორიული სამედიცინო ბარათების მხოლოდ 5%-ით შეიძლებოდა. დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 100%-ს უახლოვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მწეველობის სტატუსი მომდევნო ათი წლის განმავლობაში ინფარქტისა და ინსულტის განვითარების ალბათობის გამოსათვლელ საერთაშორისოდ აღიარებულ ცხრილებში შედის და მკურნალობისა და მართვის ტაქტიკის განსაზღვრაში გვეხმარება. თუმცა ექიმ-პაციენტის თანამშრომლობა, სულ მცირე, ორ პარტნიორს გულისხმობს; მხოლოდ ექიმის ძალისხმევა პაციენტის მონაწილეობის გარეშე მიზნამდე ვერ მიგვიყვანს. ვინაიდან დღეს გავრცელებულ დაავადებათა უმრავლესობა ქრონიკულია, ექიმთან ვიზიტი დროის მხოლოდ უმცირესი მონაკვეთია იმ უსასრულობასთან შედარებით, რასაც ადამიანები თავიანთი დაავადების პირისპირ მარტო ატარებენ. თუ მათ არ ისწავლეს დაავადების მართვა და არ შეიცვალეს ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სისხლსავსე ცხოვრებით დატკბობას ვერ შეძლებენ. ამავე დროს, თავიდან აცილება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა, ამიტომ ჯობს, პრევენციისთვის ეფექტური ნაბიჯები რაც შეიძლება ადრე გადავდგათ. ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ვიყოთ აქტიურები და ვიცოდეთ მეტი. ექიმი ამ დროს თქვენს მეგზურად, დამხმარედ, მეგობრად უნდა იგულოთ და არა კათედრიდან მოქადაგე ბრძენად”, – ამბობს ნატო. “თამბაქოს მიტოვების საკითხის განხილვისას ექიმსაც და პაციენტსაც უნდა ახსოვდეთ, რომ ნიკოტინი ძლიერ მიჩვევას იწვევს. იგი, ჰეროინის, კოკაინისა და სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ცვლის ტვინის მუშაობას და აიძულებს მწეველს, მეტი ნიკოტინი მოისურვოს. ეს სურვილი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ ადამიანმა სხვაზე ვეღარაფერზე იფიქროს. ეს ქიმიური რეაქციაა და ნებისყოფასთან საერთო არაფერი აქვს”, – განმარტავს ჩვენი რესპონდენტი და დასძენს, რომ თანამედროვე მედიცინას ნიკოტინდამოკიდებულების დამარცხებაც შეუძლია: “თამბაქოს მიტოვებაში მთავარი როლი, ბუნებრივია, მწეველს ეკუთვნის, ნებისყოფის მაქსიმალური დაძაბვაც მას უწევს და არცთუ იოლი გზის გავლაც. სამაგიეროდ, პროფესიონალებს ამ რთული პერიოდის დაძლევაში ქმედითი დახმარების გაწევა შეგვიძლია. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, პირველივე ცდაზე მოწევისთვის თავის დანებებას დამოუკიდებლად, დაუხმარებლად, ნიკოტინის მომხმარებელთა მცირე ნაწილი – 5% თუ ახერხებს. თანამედროვე მედიკამენტები ამ რიცხვს აორმაგებს, ხოლო თუ წამალს პროფესიონალის ფსიქოლოგიური დახმარებაც დაემატა, წარმატების შანსი ორჯერ და მეტად იზრდება. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ “თამბაქოს მიტოვების დღიურში” მოიძიოთ, რომელიც პროექტმა სწორედ განსაკუთრებით ეფექტური საერთაშორისო მეთოდიკის მიხედვით შეადგინა”. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ნაცადი დამხმარე საშუალებები – ნიკოტინშემცველი პლასტირები, საღეჭი რეზინები, საწუწნი აბები, ინჰალატორები – ქართულ ბაზარზე საერთოდ არ არის, ეფექტური მედიკამენტებიდან მხოლოდ ერთია რეგისტრირებული, ისიც ძალიან ძვირია და თბილისშიც კი ძნელად ხელმისაწვდომი. არადა განვითარებულ ქვეყნებში მათ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ, რადგან დამტკიცებულია, რომ ეს გაცილებით იაფია, ვიდრე თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების მკურნალობა. საქართველოში მოწევას უმეტესად წამხედურობით იწყებენ. “სიგარეტი – ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოში ცეცხლია, მეორეში კი სულელი”, – ამბობდა ბერნარდ შოუ. არ გვინდა, არაკორექტულები გამოვჩნდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ, მაგალითად, აშშ-ში თამბაქოს მოდა დიდი ხანია მიეცა დავიწყებას. ახლა იქ მოწევა ძალზე ცუდ ტონად ითვლება და არა თავისუფლების, არამედ დაბალი მოქალაქეობრივი კულტურის მაჩვენებელია. იმედია, ექიმები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პაციენტები ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, საქართველოშიც შევამციროთ თამბაქოს ეპიდემია, რაც ძალზე წაადგება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

გააზიარე: