თამბაქო __ გლობალური საფრთხე

გააზიარე:

მთავარი თემის კონსულტანტია “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი მედეა ტუღუში

თითქოსდა, რა აზრი აქვს მხოლოდ ერთი დღით მოწევისგან თავის შეკავებას, თუ დანარჩენი 364 თავსაც და ირგვლივ მყოფებსაც დაუნდობლად წამლავთ შხამიანი კვამლით? არადა, უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნეა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ აქვს. ჯერ ერთი, არამწეველი მსოფლიო ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მტრის წინააღმდეგ ირაზმება, მეორე _ 24-საათიანი აბსტინენცია მწეველებს უფრო ხანგრძლივი და გადამჭრელი ზომების მისაღებად წაახალისებს. 1988 წელს თამბაქოს გარეშე დღედ მსოფლიოში 31 მაისი გამოცხადდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, უკვე მრავალგზის ნათქვამი კიდევ ერთხელ შეგვეჯამებინა. ქვემოთ მოყვანილი მასალები ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის დოკუმენტებს, Sergeon General-ის (აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დანიშნული მაღალი რანგის ოფიციალური პირი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში) მოხსენებას და ოჯახის ექიმებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ თამბაქოს წევის მიტოვებისა და პრევენციის გაიდლაინს ეყრდნობა.

ეპიდემიის გეოგრაფია
თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 15 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის დაახლოებით 1.3 მილიარდი მწეველია. მათი 4/5 დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.
არსებული მონაცემებით, სადღეისოდ თითქმის 5-ჯერ მეტი მამაკაცი ეწევა, (მათი 48%) ვიდრე ქალი (10%). თუმცა ეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. ჩინეთში, მაგალითად, მამაკაცების 63% ეწევა, ქალებისა კი სულ 3.8%. და მაინც, ასეთი გენდერული განსხვავება თურმე ეპიდემიის ადრეული საფეხურებისთვის არის დამახასიათებელი და უფრო მეტად განვითარებად ქვეყნებშია გამოხატული. მოსალოდნელია, არსებული სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის ამოივსოს, რადგან სულ უფრო მეტი ქალი დაიწყებს მოწევას.
საერთაშორისო გამოკვლევამ ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარების შესახებ (The Global Youth Tobacco survey) აჩვენა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ახალგაზრდა გოგონები და ვაჟები დაახლოებით ერთნაირად ეწევიან. თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა მოსალოდნელია, 2025 წლისთვის რომ ქალთა პოპულაციის 20% მწეველი იყოს.
თამბაქოს პროდუქტების მოხმარება მსოფლიოში, ზოგადად, იზრდება, თუმცა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცირდება. ბოლო წლებში თამბაქოს მოხმარებაზე უარი თქვა ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მრავალმა სახელმწიფომ. სამაგიეროდ, გაიზარდა მისი მოხმარება სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით _ აზიაში. მსოფლიოს მწევლების თითქმის მესამედი დღეს ჩინეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში 300 მილიონი მწეველია, რაც აშშ-ის მ

 თამბაქოს მოხმარების ეკონომიკური შედეგი გამაოგნებელია. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისთვის გაწეულ უზარმაზარ ხარჯებთან ერთად (პირდაპირი ხარჯები) თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა მიზეზია უზარმაზარი ეკონომიკური პერსპექტივის დანაკარგისა (არაპირდაპირი ხარჯები) _ ამ სიკვდილიანობის ნახევარი ხომ საუკეთესო, ყველაზე ნაყოფიერ წლებზე მოდის.

თელი მოსახლეობის ტოლფასი გახლავთ. ამრიგად, ეპიდემია განვითარებადი ქვეყნებისკენ გადაინაცვლებს. მსოფლიოში მწეველთა 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მკვიდრია.

თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგი არ არის განსაზღვრული (არასრული მონაცემების გამო), მაგრამ ცნობილია, რომ ის ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ნიკოტინური დამოკიდებულება ქრონიკული დაავადების თვისებების მატარებელია.

ქართული მონაცემები
საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის _ 16-22%.
სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, კატასტროფაც კია
მოსალოდნელი.
ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია, ხოლო ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულია – იგი ბოლო 16 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა (მათ შორის, გახშირდა თამბაქოს მოხმარება ორსულებშიც).
სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ.
საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები _ 12-13 წლის ასაკში. თუ ისინი გააგრძელებენ თამბაქოს წევას, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი _ საშუალო ასაკში, ამდენივე კი _ ხანში შესული. 35 წლის ქართველ მამაკაცებს შორის 5-დან ერთი თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.

სიკვდილის სტატისტიკა
- XX საუკუნეში თამბაქოს მოხმარების შედეგად 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
- მსოფლიოში თამბაქოს გამო ყოველწლიურად საშუალოდ 5.4 მილიონი ადამიანი კვდება, ანუ ყოველ 6 წამში _ ერთი.
- ყოველი 10 მოზრდილი ადამიანიდან ერთის სიკვდილის მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა.
- თამბაქო მწეველთა ნახევარზე მეტის სიკვდილის მიზეზია (დანარჩენი "იღბლიანები" სხვა მიზეზებს ეწირებიან, ვიდრე საბოლოოდ თამბაქოს ემსხვერპლებოდნენ).
- რვა ყველაზე გავრცელებული დაავადებიდან, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილის წამყვან მიზეზებს წარმოადგენს, ექვსის რისკფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა.
- თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებითა და გართულებებით გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ერთად აღებული შიდსის, ავტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.
გარდაცვლილ ონკოლოგიურ ავადმყოფთა 30% თამბაქოს მოიხმარდა, ფილტვის კიბოთი დაავადებულთა შორის კი მწეველთა ხვედრითი წილი 80%-ს აღწევს.
- ვინაიდან თამბაქოს მოხმარების დაწყებიდან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებამდე რამდენიმეწლიანი შუალედია, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილის ეპიდემია შედარებით ახალი დაწყებულია.
- თუ მსოფლიომ თამბაქოს ეპიდემიის შესაჩერებლად უსწრაფესად არ იმოქმედა, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 8 მილიონამდე გაიზრდება.

შხამიანი კოქტეილი
თამბაქოს კვამლი 7000-ზე მეტი ქიმიკატის შხამიანი ნარევია. მათგან, სულ მცირე, 250 ჯანმრთელობისთვის მავნებელია, 70-ზე მეტი კი _ დადასტურებულია! _ კიბოს იწვევს.
გაგაცნობთ სულ რამდენიმეს ამ შხამიანი მიქსიდან
კიბოს გამომწვევი ნივთიერებები
. ფორმალდეჰიდი _ გამოიყენება გახრწნისგან გვამების დასაცავად;
 . ბენზენი _ შედის მანქანის საწვავის შემადგენლობაში; 
. პოლონიუმ 210 _ რადიაქტიური და ძალზე ტოქსიკურია;
. ვინილის ქლორიდი _ გამოიყენება მილების წარმოებაში;
ტოქსიკური ლითონები
. ქრომი _ გამოიყენება ფოლადის წარმოებაში;
. დარიშხანი _ იყენებენ პესტიციდებში;
. ტყვია _ ადრე საღებავების წარმოებაში იყენებდნენ;
. კადმიუმი _ ელემენტების წარმოებაში გამოიყენება;
შხამიანი აირები 
. ნახშირბადის მონოქსიდი _ მხუთავი აირი;
. ვერცხლისწყლის ციანიდი _ გამოიყენება ქიმიურ იარაღის წარმოებაში;
. შარდოვანა _ შედის საწმენდ საშუალებებში;
. ბუტანი _ იყენებენ სანთებელების სითხეში;
. ტოლუენი _ შედის საღებავის გამხსნელებში.
ყოველთვის, როცა კვამლი ფილტვებს აღწევს ორგანიზმს მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ბრძოლა უხდება. დროთა განმავლობაში კი ზიანი ამა თუ იმ დაავადებას იწვევს.
ქიმიური ნივთიერებები ჩასუნთქვიდან რამდენიმე წამში ფილტვებს რომ აღწევდა, ეს კარგა ხანია ცნობილი იყო. ახლახან კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს შხამიანი ნივთიერებები ყველა ორგანოს აღწევს.
ხელზე შემთხვევით თუ მჟავა დაგესხათ, კანი გაწითლდება, შესივდება, ბუშტუკებით დაიფარება. თუ ასეთი რამ დღეში რამდენჯერმე გამეორდა, კანი შეხორცებას ვეღარ მოახერხებს, მუდმივად გაღიზიანებული, მტკივანი, ანთებადი დარჩება. უჯრედების ანთებასა და დაზიანებას იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ქიმიური ნივთიერებებიც. როცა რეგულარულად ეწევით, დაზიანების შეხორცება შეუძლებელი ხდება.
მოწევის დროს ორგანიზმის დამცავ იმუნურ სისტემას დამატებითი მუშაობა უხდება. სისხლის თეთრი უჯრედები ამ სისტემის ჯარისკაცებია, რომლებსაც ორგანიზმი დაზიანების, ინფექციის და თვით კიბოს საპასუხოდ გამოიმუშავებს. მათი მომატებული დონე მიუთითებს, რომ ორგანიზმი მუდმივად ებრძვის თამბაქოს კვამლისგან მიყენებულ ზიანს. მუდმივი დაძაბულობა კი სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ასეთმა სტრესმა შესაძლოა დაავადება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გამოიწვიოს.

როგორ გვიჭერს
ნიკოტინი ძლიერ მიჩვევას იწვევს. ჰეროინის, კოკაინისა და სხვა ნარკოტიკების მსგავსად, ის ცვლის ტვინის მუშაობას და მწეველს მეტი და მეტი ნიკოტინის სურვილს უჩენს. ეს სურვილი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ადამიანმა სხვაზე ვეღარაფერზე იფიქროს.
მოწევა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევს. თამბაქოს მწარმოებლებმა კარგა ხანია იციან, რომ ეს მათ პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება. თანამედროვე სიგარეტები მეტ ნიკოტინს შეიცავს და ეს უკანასკნელი უფრო სწრაფად აღწევს ორგანიზმს. დანამატები, რომლებსაც მწარმოებლები აქტიურად იყენებენ, სიგარეტზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო აძლიერებს.
არ არსებობს მეცნიერული საბუთი იმისა, რომ ნაკლები კუპრის შემცველი, მსუბუქი, ფილტრიანი სიგარეტები ნაკლებსახიფათოა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ისინიც იწვევს მიჩვევას და ძლიერ ანალოგებზე არანაკლებ საშიშია.

რატომ უნდა დავანებოთ თავი
საფუძველშივე მცდარია აზრი, თითქოს თამბაქოსთან განშორება თითქმის შეუძლებელი იყოს ანდა შხამით ერთხელ და სამუდამოდ დაბინძურებულ ორგანიზმს ჯანმრთელობას ვეღარაფერი უბრუნებდეს.
მნიშვნელობა აქვს ყოველ დღეს. ყოველი მოწეული ღერი სიკვდილს უფრო მეტად გაახლოებთ, თავის დანებება კი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ და მოწევის რა ხანგრძლივი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, რისკს მაინც შეამცირებს. თუმცა, ცხადია, სხვადასხვა ხარისხით და რაც უფრო გვიან, მით უფრო ნაკლებად. 
დამტკიცებულია, რომ:
* ყოფილი მწეველები ჯერ კიდევ მწეველებზე უფრო მეტხანს ცოცხლობენ. ასე, მაგალითად: თუ მოწევას 50 წლამდე დაანებებთ თავს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი 1,5-ჯერ ნაკლები გექნებათ, ვიდრე მათ, ვინც მოწევას განაგრძობს.
* თავის დანებება ამცირებს გულის დაავადების, კიბოს, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული დაავადების განვითარების საფრთხეს.
* ქალებს, რომლებმაც თამბაქოს წევას დაორსულებამდე ანდა ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დაანებეს თავი, მცირეწონიანი ბავშვის დაბადების ალბათობა თითქმის ისევე მცირე აქვთ, როგორც არამწეველებს.

გავწყვიტოთ ბორკილები
პირველივე ცდაზე მოწევისთვის თავის დანებებას ნიკოტინის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს. ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ აშშ-ში დღევანდელი მონაცემებით არსებული 45 მილიონი მწეველიდან 70%-ზე მეტს სურს მოწევისთვის თავის დანებება და დაახლოებით 44% აცხადებს, რომ ყოველწლიურად ცდილობს. სამწუხაროდ, მცდელობა უმეტესად წარუმატებელია.
 გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მწეველის მისაღებია, ნებისყოფის დაძაბვა და არცთუ იოლი გზის გავლაც მას უწევს, თუმცა ექიმებს ამ პროცესში საკმაოდ დიდი როლის თამაში შეგვიძლია. საერთაშორისო გამოცდილებითაც და ქართული გაიდლაინითაც, გადამწყვეტი როლი ოჯახის ექიმებს გვეკისრება. რაკი თამბაქოსთვის თავის დანებება ხანგრძლივი და რთული პროცესია, სტრატეგია თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შევიმუშაოთ.
გაიდლაინის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება სერიოზული  სამედიცინო პრობლემაა და მის გამოვლენასა და მართვას სამედიცინო პერსონალმა, განსაკუთრებით – ოჯახის ექიმებმა და პირველადი ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებმა, ჯეროვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
თამბაქოს მომხმარებელთა 70% ექიმთან ყოველწლიურად მიდის. ერთი შეხედვით, რა აზრი აქვს თამბაქოს მავნებლობაზე საუბარს – ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, თანაც უმეტესად ამაოა... სინამდვილეში კი დამტკიცებულია, რომ მარტივი რჩევის შედეგად მოწევას თავს 60-დან 1 მწეველი ანებებს, ინტენსიური მკურნალობით (ვგულისხმობ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს, თუ საჭიროა, მედიკამენტურ მკურნალობასაც) – 30-დან ერთი. ამ თითქოსდა მცირე მაჩვენებლებსაც კი, მწეველთა უზარმაზარი არმიის რიცხოვნობის გათვალისწინებით, საზოგადოების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე მოაქვს. ექიმის სიტყვას დიდი ძალა აქვს. მარტივი რჩევა, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები მოწევისთვის თავის დანებების ალბათობას და სიგარეტისგან თავშეკავებას 12 თვის მანძილზე 1.5-2-ჯერ ზრდის. ასევე ეფექტურია ტელეფონით კონსულტაცია (მოწევის შეწყვეტის ხაზი), რომელიც მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ სასურველია, ექიმებმა და ჯანდაცვის სერვისებმა მწეველთათვის ასეთი ხაზები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ.
როგორც იცით, პაციენტის ყოველი ვიზიტის დროს, განურჩევლად იმისა, რა ჩივილით მოგვმართა მან, ე.წ. სასიცოცხლო ნიშნებს (პულსს, არტერიულ წნევას, წონას, სუნთქვის სიხშირეს, ტემპერატურას) ექიმები აუცილებლად ვაფასებთ და ვინიშნავთ. სწორედ ამ ნიშნებს შორის მოიაზრება მწეველობის სტატუსის დადგენაც დაკონკრეტებით (ოდესმე თუ მოუწევია სიგარეტი, ამჟამად თუ ეწევა, რამდენი წელია და დღეში რამდენ ღერს). საერთაშორისო გამოცდილებით დამტკიცდა რომ ასეთი მცირე ჩანაწერიც, რომელსაც აუცილებლად შემდგომი რეკომენდაცია მოყვება მნიშვნელოვნად ზრდის ალბათობას რომ მწეველი თამბაქოს მავნებლობაზე დაფიქრდეს, აღარაფერს ვამბობ რომ დოკუმენტირება ინფორმაციის შემდგომი გაანალიზების და საჭირო ჩარევების დაგეგმვის მეტ საშუალებას იძლევა.

წამალი თამბაქოს წინააღმდეგ
გარდა ტკბილი სიტყვისა, ექიმებს საკმაოდ ძლიერი ფარმაკოლოგიური იარაღიც მოგვეპოვება. თამბაქოს დამოკიდებულების სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი ეფექტური მედიკამენტი. ექსპერტები გვირჩევენ, დავნიშნოთ ისინი ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი მიღება უკუნაჩვენებია, ანდა არა გაგვაჩნია საკმარისი მტკიცებულება განსაზღვრულ პოპულაციაში (მაგალითად, ორსულებში, არამწეველ თამბაქოს მომხმარებლებში, მსუბუქ მწეველებში, მოზარდებში) მათი ეფექტიანობის შესახებ.
მოწევის მიტოვების გასაადვილებლად პირველი რიგის შვიდი მედიკამენტია მოწოდებული. აქედან ხუთი ნიკოტინის შემცველია (საღეჭი რეზინი, ინჰალატორი, ტაბლეტი, ცხვირის სპრეი/პულვერიზატორი, სალბუნი/პლასტირი), დანარჩენი ორი კი ნიკოტინს არ შეიცავს. ბუპროპიონი-SR გახანგრძლივებული მოქმედების ანტიდეპრესანტია. მოქმედებს ტვინის იმ რეცეპტორებზე, რომლებიც ნიკოტინის “მოთხოვნაზე” აგებენ პასუხს და ამით ნიკოტინის აღკვეთის სინდრომს ამცირებს. ვარენიკლინი ახალი პრეპარატია, მოქმედებს ტვინის ნიკოტინის რეცეპტორებზე და, ერთი მხრივ, აღძრავს იმგვარ ფიზიკურ სიამოვნებას, რომელსაც მწეველი მოწევისას განიცდის, მეორე მხრივ კი ასუსტებს აღკვეთის სინდრომს. ყოველი მათგანი რეალურად ზრდის მოწევის აბსტინენციის (თავის შეკავების) ხანგრძლივობას.
საერთაშორისო გამოცდილებით, ნიკოტინდამოკიდებულების მკურნალობა კლინიკურად ეფექტურიც არის და ხარჯეფექტურიც. იქ, სადაც ამ მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანიები ფარავენ, თამბაქოს მოხმარებას უფრო მეტი ანებებს თავს.
მოწევისთვის თავის დასანებებლად მედიკამენტურ მკურნალობას იყენებენ როგორც მკურნალობის სრული კურსის ერთ-ერთ კომპონენტს. მედიკამენტები ამსუბუქებს თამბაქოს მიტოვების შემდგომ სიმპტომებს და ამგვარად აადვილებს მოწევისთვის თავის დანებებას, მაგრამ მთლიანობაში საამისოდ მხოლოდ პრეპარატების მიღება საკმარისი არ არის.

გააზიარე: