როგორ შევარჩიოთ ქალაქის ველოსიპედი?

გააზიარე:

ველოსიპედის საყიდლად წასულმა, მაღაზიაში კონსულტანტს დაბნეულმა რომ არ უყუროთ, ჯობს, წინასწარ გაარკვიოთ, როგორ უნდა იყოს ტექნიკურად აღჭურვილი თქვენი ველოსიპედი, ხოლო თუ მის ტიპსაც წინასწარ შეარჩევთ, თანხასაც დაზოგავთ და დროსაც. ველოსიპედის ტიპებისა და მათი დანიშნულების შესახებ წინა ნომერში ვისაუბრეთ, ამჯერად კი საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, მასობრივი ველოღონისძიებების ორგანიზატორი ლადო ღუდუშაური აგვიხსნის, როგორი საბურავი უფრო გამოგვადგება, რომელი სამუხრუჭე სისტემა ჯობს და სიჩქარის როგორი მექანიზმი მეტად მიესადაგება ჩვენს ველოსიპედს.

მოდი, ქალაქის ველოსიპედით დავიწყოთ.

ქალაქის ველოსიპედი (ციტყ-ბიკე) იდეალური თანამგზავრია ქალაქის მცხოვრებისთვის. თუ სამსახური არც ისე შორს გაქვთ ან გინდათ, მეგობარს ესტუმროთ, თუ ყოველ საღამოს ფიტნესდარბაზში დადიხართ ან სუპერმარკეტში ხართ წასასვლელი, ქალაქის ველოსიპედი ძალიან გამოგადგებათ. ის კომფორტულია, სანდო, გამძლე, აქვს მოხდენილი დიზაინი და სრული აღჭურვილობა.

მნიშვნელოვანი თვისებები
კომფორტზე ველოსიპედის ღრმა ჩარჩო და მოხერხებული სკამი ზრუნავს. მასზე გამართული ზიხარ და მალე არ იღლები.
სანდოობას კი ზარი, რეფლექტორები, დენის წყარო და სანათები განაპირობებს.
ქალაქის ველოსიპედი აღჭურვილია ყველა დეტალით, რაც კი ქალაქში ყოველდღიური მოძრაობისთვისაა საჭირო. მაგალთად, ჯაჭვის დამცავებით, ტალახისგან დამცავებით, სტაბილური საბარგულით.
გამძლეობას კი უზრუნველყოფს სტაბილური ჩარჩო და ძლიერი საბურავები, რომლებიც ადვილად არ ზიანდება.
ამ თვისებების წყალობით ქალაქის ველოსიპედი ძალიან პრაქტიკულია ქალაქში მოკლე მანძილებზე სასიარულოდ.

როგორი უნდა იყოს სკამი
ვინაიდან ქალაქის ველოსიპედზე გამართული ზიხართ, სხვა ტიპის ველოსიპედებთან შედარებით, აქ სხეულის მასა უმთავრესად სკამს აწვება, ამიტომ ის გამძლე და კომფორტული – ფართო და რბილი უნდა იყოს. სირბილისთვის მას ხშირად გელით ავსებენ. თუ სკამს ზამბარიანი დამცავიც აქვს, ორმოებსა და სხვა დაბრკოლებებს ვერ იგრძნობთ, თუ არა – შეგიძლიათ, თვითონვე დაამაგროთ, თუმცა ეს ველოსიპედს ოდნავ დაამძიმებს.
ველოსიპედის ყიდვამდე აუცილებლად შეამოწმეთ, კომფორტულად ზიხართ თუ არა. სკამის ცალკე ყიდვაც შეგიძლიათ.

საჭე
ქალაქის ველოსიპედი კომფორტისთვისაა შექმნილი. საჭეც, შესაბამისად, კომფორტული უნდა იყოს. სითი-ბაიკს უმეტესად ოდნავ მოღუნული საჭე აქვს, რაც მკლავებისა და მტევნის მოხერხებულ პოზიციას განაპირობებს. ამასთან, შესაძლებებლია მისი სიმაღლის რეგულირება.

საბურავები
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი საბურავებს ეკისრება. შესაძლოა, ოღროჩოღრო გზაზე, აღმართ-დაღმართზე, სხვადასხვა ამინდში მოგიწიოთ მოძრაობა, ამიტომ საბურავები ნამდვილად გამძლე და საიმედო უნდა იყოს.
კარგი საბურავი დაზღვეული უნდა იყოს გახვრეტისაგან. უკეთესი თავდაცვის მიზნით კამერაში სპეციალურ სითხესაც ასხამენ, რომელიც გაჩვრეტილ ადგილს მაშინვე აწებებს.
საბურავი უმჯობესია ფართო იყოს – 37-622 ან 47-622 (622 მმ 28 ინჩს უდრის, ამიტომ ასეთ საბურავს საუბარში ხშირად 28-იანსაც უწოდებენ). ფართო საბურავის უპირატესობა ის არის, რომ რბილია, კომფორტული, აქვს ბიძგებზე ზამბარისმაგვარი ეფექტი, თუმცა წვრილ საბურავთან შედარებით მძიმეა და სიჩქარეს ანელებს. წვრილი საბურავი კი ოდნავ უხეში და არაკომფორტულია, მაგრამ სწრაფი, მსუბუქი და მოხერხებული.
ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ფართო საბურავი ყოველგვარ ჩარჩოს არ ერგება.

მოჭიდება
წვიმიან თუ თოვლიან ამინდში, კარგ თუ ცუდ გზაზე თავისუფლად და უსაფრთხოდ რომ იაროთ, საბურავს კარგი მოჭიდება უნდა ჰქონდეს. ამაზე კი პროტექტორები ზრუნავს.
რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული პროტექტორი, მით უფრო მეტი მოჭიდება აქვს საბურავს მიწიან ან ხრეშიან ზედაპირზე, ამიტომ ის იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, როგორ ზედაპირზე გიწევთ მოძრაობა. თუ ძირითადად ასფალტიან გზაზე დადიხართ, შეგიძლიათ, საერთოდ უპროტექტორო საბურავიც კი გამოიყენოთ, მაგრამ სველ ან ფხვიერ ნიადაგზე და თოვლში მას მოჭიდება ნაკლები ექნება, ამიტომ თუ ნებისმიერ ამინდში და არამხოლოდ ასფალტზე გიწევთ მოძრაობა, პროტექტორიან საბურავებს გირჩევთ, თუმცა მათი გამოყენების შემთხვევაში შედარებით ნელა ივლით.

გამძლეობა
კარგი საბურავი გამძლეა. საბურავის ცვეთა მინიმალური რომ იყოს, წნევის ხშირი კონტროლი მოგიწევთ. დაბალი წნევა ცვეთას აძლიერებს. ქალაქის ველოსიპედისთვის ოპტიმალური წნევაა 3,5 და 4,5 ბარი. სწორი წნევა უზრუნველყოფს კარგ მოჭიდებას, უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას.

ზომა
ქალაქის ველოსიპედებს ძირითადად 28-ინჩიანი საბურავები აქვს. თუ მათი შეცვლა გადაწყვიტეთ, ზომა ძველ საბურავზე ნახეთ – გვერდზეა მითითებული.

კამერა
რეზინის კამერა უნდა იყოს მსუბუქი და წელვადი.

მუხრუჭი
ქალაქის ველოსიპედს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვანაირი სამუხრუჭე სისტემა: ფერსოსი, როცა სამუხრუჭე ხუნდი ედება ბორბლის ფერსოს და დისკური, როცა ხუნდი ედება როტორს (პატარა დისკს) და ხახუნის ძალით უზრუნველყოფს გაჩერებას.
მუხრუჭი შეიძლება იყოს ჰიდრავლიკური ან მექანიკური.
ყველაზე ეფექტური ჰიდრავლიკური დისკური მუხრუჭია. მისი უპირატესობა ის არის, რომ, განურჩევლად ამინდისა, საუკეთესო მართვადობა და დამუხრუჭების ძალა აქვს.

სიჩქარე
სიჩქარის გადართვის სისტემაც სხვადასხვანაირია – ჯაჭვის მექანიზმით ან ბუდეში ჩასმული მექანიზმით. ეს უკანასკნელი უფრო საიმედოა და გამძლე, რადგან დაცულია და არც ისე ადვილად ჭუჭყიანდება, როგორც ჯაჭვისმექანიზმიანი. ქალაქის ველოსიპედს უმჯობესია ჰქონდეს 8- ან 11-სიჩქარიანი მექანიზმი. 8-სიჩქარიანი ველოსიპედით კარგად ივლით სწორ ან ტალღოვან ზედაპირზე, მაგრამ ციცაბო აღმართზე ასვლა გაგიჭირდებათ, 11-სიჩქარიანი კი მოხერხებულია როგორც ბრტყელ ზედაპირზე, ასევე ციცაბო აღმართზე სასიარულოდ.

საჭიროა თუ არა ამორტიზატორი?
გააჩნია, როგორ ზედაპირზე გიწევთ სიარული. თუ ხშირად დადიხართ უასფალტო გზებზე ან ორმოებიან ასფალტზე, მეტი კომფორტისთვის უმჯობესია ველოსიპედს ჰქონდეს ამორტიზატორიც. სხვა შემთხვევაში ფართო საბურავები საკმარისია.

ცოტა რამ ისტორიიდან
დანამდვილებით არავინ იცის, როდის გაჩნდა გადაადგილების პირველი ორბორბლიანი საშუალება, მაგრამ ველოსიპედის გამომგონებლად გერმანელი კარლ ფონ დრაიზი (Karl von Drais) ითვლება. ის გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ცხოვრობდა და მეტყევე იყო. მან ჯერ ოთხბორბლიანი კონსტრუქცია ააგო, რომელსაც შემდეგ ორი ბორბალი მოხსნა და დარჩენილი ორიდან წინა მართვადი გახადა. ასე შეიქმნა პირველი “სასიარულო მანქანა” (Laufmaschine) 1817 წელს. ის ხისა იყო, ჰქონდა საჭე, სკამი და ორი ერთნაირი ზომის ბორბალი, მაგრამ არ ჰქონდა პედლები და მასზე მჯდომს ფეხების მიწაზე დაკვრით უნდა ემოძრავა. “სასიარულო მანქანით” შესაძლებელი იყო საათში 14-15 კილომეტრის გავლა. იმდროინდელი გამოცემები იტყობინებოდნენ, დრაიზმა ოთხი საათის სავალი გზა “სასიარულო მანქანით” ერთ საათში დაფარაო. მალე მისი გამოგონება საქვეყნოდ გახდა ცნობილი და ხალხმა ის “დრაიზინედ” მონათლა. 1818 წელს დრაიზმა გამოგონება დააპატენტა. “დრაიზინე” მალე აიტაცეს მთელ ევროპაში. ნელ-ნელა ის ტექნიკურადაც დაიხვეწა და თანამედროვე ველოსიპედად იქცა.


კაცისა და ქალის ველოსიპედი
დღეს ნებისმიერი ველოსიპედი კაცმაც შეიძლება მოირგოს და ქალმაც, მაგრამ იმ დროს, როცა ქალებს მხოლოდ კაბები ეცვათ, ქალისა და კაცის ველოსიპედი ერთმანეთისგან ჩარჩოს ფორმით განსხვავდებოდა. მას შემდეგ მიჩნევა, რომ ქალის ველოსიპედს ღრმა ჩარჩო უნდა ჰქონდეს (ანუ არ გაჩნდეს ზედა ძელი) – ასეთ მოდელებზე კაბით დაჯდომა უფრო კომფორტულია, თუმცა ღრმაჩარჩოიანი ველოსიპედი კაცებისთვისაც კომფორტული აღმოჩნდა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: