გადავდივართ ახალ სახლში

გააზიარე:

ადრე თუ გვიან ბევრი ოჯახი იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ზოგი – ნებით, რადგან გაფართოება ან უკეთეს ადგილას გადასვლა სურს, ზოგი კი – შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: ახალი სამსახურის ან თუნდაც ფინანსური პრობლემების გამო. ახალ სახლში გადაბარგება უფროსებს ბევრ თავსატეხს უჩენს. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ბავშვები: შესაძლოა, ისინი საერთოდ არ ჩაურთავთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ სიტუაცია მათთვის არანაკლებ სტრესულია.
ახალ გარემოსთან, ახალ ვითარებასთან შესაგუებლად ბავშვს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. იმაზე პასუხისმგებლობა, როგორ გადაიტანს ის ამ პერიოდს, მშობლებს ეკისრებათ.

  • ვიღებთ გადაწყვეტილებას

ბავშვების უდიდესი ნაწილი თავს მაშინ გრძნობს კომფორტულად, როცა ნაცნობ გარემოშია და ყოველდღიური რუტინის მიხედვით ცხოვრობს. როდესაც რუტინა უეცრად ირღვევა, მათ სიმშვიდეს ბზარი უჩნდება. ასე რომ, თუ საცხოვრებელს თქვენი სურვილით იცვლით, კარგად აწონ-დაწონეთ, ნამდვილად უკეთესი იქნება თუ არა ახალი გარემო ბავშვებისთვისაც.
თუ ცოტა ხნის წინ თქვენ და თქვენი შვილების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, მაგალითად, მეუღლეს გაეყარეთ ან ოჯახის წევრი გარდაგეცვალათ, უმჯობესია, გადასვლა გადადოთ, სანამ ბავშვების ფსიქიკა მზად არ იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის.
თუ საცხოვრებლის შეცვლა გარემოებებმა გაიძულათ, ეცადეთ, ბავშვებმა არავითარ შემთხვევაში არ შეგატყონ დათრგუნულობა და ბრაზი. მშობლის განწყობაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს და განეწყობა შვილი ახალი გარემოს მიმართ.

  • ვაცნობთ სიახლეს

რაც უნდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ბავშვის მოსამზადებლად საუკეთესო გზა მასთან საუბარია.
ეცადეთ, მისთვის გასაგები ენით მიაწოდოთ ინფორმაცია, რომლის ცოდნაც მისთვის სასურველია და სიტუაციის გააზრებაში დაეხმარება. შეძლებისდაგვარად უპასუხეთ მის ყველა კითხვას, თანაც რაც შეიძლება ამომწურავად. მზად იყავით როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური რეაქციისთვისაც. მაშინაც კი, როცა სხვაგან გადასვლა ოჯახის მდგომარეობას სასიკეთოდ ცვლის, ბავშვები ზოგჯერ ამას ვერ აცნობიერებენ. მათი მთავარი საფიქრალია ამოუცნობი და საშიში მომავალი, რომელიც ახალ, უცხო გარემოში ელით.
დაიხმარეთ ბავშვები ახალი სახლის ან სკოლის შერჩევისას. ეს მათ გადაწყვეტილების მონაწილეებად აგრძნობინებს თავს და აღარ ექნებათ იმის განცდა, რომ რაღაცას აძალებენ.
თუ მოახერხებთ, წაიყვანეთ ბავშვი ახალი სახლის სანახავად. აჩვენეთ, სად იქნება მისი ოთახი. ერთად ისეირნეთ ახალ ეზოში.
თუ არა მხოლოდ სახლს, არამედ ქალაქსაც იცვლით, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ბავშვს იმ ქალაქის შესახებ, სადაც გადასახლებას აპირებთ. მოუყევით, რა არის იქ საინტერესო, სად შეეძლება გაერთოს, მისდიოს საყვარელ საქმიანობას.

  • სკოლამდელ ასაკში

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყველაზე ადვილად ეგუებიან ცვლილებებს, მაგრამ სწორი მიდგომა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.
* შეეცადეთ, მარტივად და გასაგებად აუხსნათ, რატომ უნდა გადახვიდეთ სხვაგან.
* თვალსაჩინოდ, სათამაშო სატვირთო მანქანის დახმარებით აჩვენეთ, როგორ გადაზიდავენ თქვენს ავეჯს და სხვა ნივთებს. შეგიძლიათ, “ახალსახლობანაც” ითამაშოთ.
* როდესაც მის სათამაშოებს ყუთებში ჩაალაგებთ, აუხსენით, რომ არაფრის გადაყრას არ აპირებთ, უბრალოდ, ყველაფერს ერთად აწყობთ, რომ გადაზიდვისას არ დაიკარგოს.
* შეგიძლიათ, ავეჯის გადაზიდვამდე ბავშვთან ერთად მოინახულოთ ახალი სახლი და რამდენიმე სათამაშოც “წაიყვანოთ”. ბავშვს ეცოდინება, რომ იქ მეგობრები ელიან და უფრო სასიამოვნო მღლვარებით და ნაკლები შფოთვით დაელოდება გადასვლის დღეს.
* აპირებთ, ბავშვს ოთახი ახალი ავეჯით მოუწყოთ? ცოტა მოიცადეთ. უმჯობესია, ახალ საბავშვო ოთახში თავდაპირველად ძველი ავეჯი დადგათ – იგივე, რაც ძველ სახლში გქონდათ, რომ ბავშვმა თავი შინ, დაცულად იგრძნოს. ინტერიერის განახლებაზე მას შემდეგ იფიქრეთ, რაც პატარა ახალ გარემოს შეეჩვევა.
* ნუ მოსთხოვთ ბავშვს ამ პერიოდში სხვა ცვლილებებს, მაგალითად, ნუ დაამთხვევთ სხვაგან გადასვლას ქოთანზე ჯდომის სწავლებას ან ბავშვის ცალკე ოთახში გადაყვანას.
* გადასვლის დღეს სასურველია, ბავშვი მშვიდ გარემოში დატოვოთ, ან ბებია-ბაბუასთან, ან ისეთ ადამიანთან, ვისთანაც თავს კარგად გრძნობს. გადაბარგების პროცესი შესაძლოა თავდაპირველად სახალისო მოეჩვენოს, მაგრამ საბოლოოდ დაიღლება, გაღიზიანდება და შესაძლოა, ახალი სახლის მიმართ უსიამოვნო ასოციაცია გაუჩნდეს. მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეთ ახალ სახლში, რაც მის ოთახს კომფორტულად მოაწყობთ.

  • უმცროსი სასკოლო ასაკი

ამ ასაკის ბავშვები უმეტესად დადებითი ემოციებით ხვდებიან ახალ სახლში გადასვლას, მაგრამ უფროსების სწორი დამოკიდებულება მათთვისაც საჭიროა.
იმის შესახებ, როდის ჯობს ამ ცვლილების განხორციელება, ფსიქოლოგების აზრი ორად იყოფა. ერთნი მიიჩნევენ, რომ საუკეთესო დრო ზაფხულია, რადგან ბავშვს სწავლაში ხელი არ შეეშლება. მეორენი ამტკიცებენ, რომ სასწავლო წლის შუა პერიოდი ჯობია, რადგან ახალი სკოლა, ახალი მეგობრები ყურადღებას გადაატანინებს ბავშვს სახლის შეცვლით გამოწვეული სტრესისგან.

  • თინეიჯერები

თინეიჯერებისთვის დამახასიათებელია ყოველგვარი ცვლილების წინააღმდეგ გალაშქრება. არც საცხოვრებლის გამოცვლაა გამონაკლისი. ამ ასაკში ადამიანი უკვე ინტეგრირებულია მისთვის სასურველ სოციალურ ჯგუფთან, შესაძლოა, ჰყავდეს შეყვარებულიც და თავს დატეხილი ახალი ამბავი კატასტროფად მოეჩვენოს.
მოზარდი შვილის წინააღმდეგობისთვის მზად უნდა იყოთ, მაგრამ, იმავდროულად, აგრძნობინოთ, რომ გესმით მისი და პატივს სცემთ მის გრძნობებს. დაამშვიდეთ, რომ დღეს შორ მანძილზე ცხოვრება ნამდვილად არ არის ადამიანებს შორის კონტაქტის გაწყვეტის ტოლფასი, რომ შესანიშნავად შეძლებს შეინარჩუნოს მეგობრებსა თუ შეყვარებულთან ურთიერთობა სოციალური ქსელისა თუ ტელეფონის მეშვეობით. იმავდროულად, პირობა მიეცით, რომ ხშირად მისცემთ მათთან შეხვედრის საშუალებას. ამასობაში კი შანსი მიეცემა, უფრო მეტი მეგობარი შეიძინოს. უთხარით, რომ ზოგჯერ ორი ადამიანის ურთიერთობისთვის განშორება უკეთესია – ასე უფრო კარგად გამოსცდიან ერთმანეთის გრძნობას. ასევე შეგიძლიათ გაამხნეოთ, რომ კარგ გამოცდილებას შეიძენს იმ ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, რაც წინ ელის – როგორებიცაა ახალი სამსახური, უნივერსიტეტი და სხვა.

  • ვშინაურდებით

ეცადეთ, ახალ სახლში გადასვლის შემდეგ არ შეცვალოთ ოჯახის ყოველდღიური რუტინა: იმავე დროს ისაუზმეთ, ისადილეთ და დააწვინეთ ბავშვები დასაძინებლად – ეს ამ არასტაბილურ პერიოდში აუცილებელია მათი სიმშვიდისთვის.
თუ ახალ სკოლაში ბავშვი პირველ ხანებში სწავლაში ჩამორჩა, ნუ დატუქსავთ – შესაძლოა, ეს ერთგვარი პროტესტია მისი მხრივ, ან უბრალოდ ცვლილებებმა და სტრესმა გონება გაუფანტა. ნუ შეშფოთდებით, ყველაფერი გაივლის. მთავარია, მხარში ამოუდგეთ და მარტო არ დატოვოთ თავის შიშსა და მწუხარებასთან.
საერთო ჯამში, ეს ცვლილება და მასთან ადაპტირება, ისევე როგორც, საზოგადოდ, ყველა სირთულის ერთობლივი გადალახვა, უფრო მეტს გასწავლით ერთმანეთის შესახებ და ოჯახის წევრებთან უფრო მეტად დაგაახლოებთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: