კონფლიქტი და-ძმებს შორის

გააზიარე:

დედმამიშვილების განსაკუთრებულ ურთიერთობაზე არაერთი წიგნი დაწერილა და არაერთი ფილმი გადაღებულა. რეალურ სამყაროში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. გყავდეს ადამიანი, რომელიც შენთან ერთად იზრდება, შენთან ერთად ინაწილებს ოჯახურ სიყვარულსა თუ გამოწვევებს, დიდი ძალაა, თუმცა ბევრი ამას ზრდასრულ ასაკამდე ვერ აცნობიერებს.

და ან ძმა ბავშვისთვის პირველი მეგობარი და მესაიდუმლეა, მაგრამ დროდადრო დედმამიშვილებს შორის კონფლიქტიც იჩენს თავს. მშობლებისთვის ეს დიდი თავის ტკივილია: არ არის ადვილი, მშვიდობა დაამყარო შენთვის ესოდენ ძვირფას ორ ადამიანს შორის ისე, რომ გული არცერთს არ დასწყვიტო, ორივეს აუხსნა და სწორად დაანახო მათი კონფლიქტის მიზეზები და მოგვარების გზები.

სტატიაში იპოვით რჩევებს იმის შესახებ, როგორ დაეხმაროთ ბავშვებს კონფლიქტურ სიტუაციაში, როგორ ასწავლოთ ერთმანეთთან მორიგება და აჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი კავშირი, რომელიც მთელი სიცოცხლე გაგრძელდება.

კანონი და წესრიგი

კონფლიქტის მოგვარების გზაზე პირველი ნაბიჯია კონფლიქტის მიზეზის პოვნა. პატარები ხშირად ჩხუბობენ მშობლის ყურადღების მისაპყრობად, ან ეჭვიანობენ, ან სათამაშოს ვერ იყოფენ.

მას შემდეგ, რაც გაარკვევთ, უმეტესად რისი ბრალია ჩხუბი, შემოიღეთ საბაზისო წესები. დასხედით და ბავშვებთან ერთად შეადგინეთ ურთიერთობის საბაზისო წესები, მაგალითად, რომელ დღეს რომელი მათგანი აარჩევს მულტფილმს, რომელსაც ერთად უყურებთ, რომელ დღეს რომელი ითამაშებს Pლაყსტატიონ-ს და ასე შემდეგ, იმისდა მიხედვით, რა არის თქვენი შვილების კონფლიქტის საგანი.

განრიგი თვალსაჩინო ადგილას გააკარით. ეს ნაცადი ხერხია. მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ ბავშვებმა დაიწყეს დღეების გაცვლა, ერთმანეთთან შეთანხმება და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება.

შეგიძლიათ, ეს მიდგომა სხვა აქტივობებისთვისაც გამოიყენოთ. მაგალითად, თუ ერთ-ერთ ბავშვს სამეცადინო აქვს, მეორემ კი უკვე დაასრულა, შეუთანხმდით ამ უკანასკნელს, რომ სანამ მისი და`ძმა იმეცადინებს, მან უხმაუროდ ითამაშოს ან ეზოში ჩავიდეს. თუ უფროსი მუსიკას სწავლობს, უმცროსმა კი დღისით უნდა დაიძინოს, დააძინეთ ცოტა ადრე ან ოდნავ გვიან. თუ უმცროსი უფრო ადრე იძინებს, შეუთანხმდით უფროსს, რომ, მაგალითად, Pლაყსტატიონ-ს მხოლოდ მას შემდეგ მიუჯდება, რაც პატარას დააძინებთ.

მოკლედ, ისე გათვალეთ, რომ სიტუაცია ბავშვებს შორის დაძაბულობის საბაბად არ იქცეს.

სასურველია, წესები იყოს მკაფიო და გასაგები ენით დაწერილი, რათა არ მოხდეს მათი არასწორი ინტერპრეტაცია და ეს ახალი კონფლიქტის მიზეზად არ იქცეს.

უმჯობესია, პატარებისთვის ეს წესები თაბახის დიდ ფურცელზე ფერადი ფანქრებით, დიდი ასოებით ჩამოწეროთ და ნახატებით გააფორმოთ, რათა ბავშვებს არა მხოლოდ გაუადვილდეთ მათი გაგება, არამედ დადებითი დამოკიდებულებაც გაუჩნდეთ მათ მიმართ.

დიდი ბავშვებისთვის შეგიძლიათ, წესებს წერილობითი კონტრაქტის სახე მისცეთ, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი მოაწერს ხელს. ეს სახალისოც იქნება და წესებს მოზარდის თვალში მნიშვნელობასაც შემატებს.

ჰკითხეთ თინეიჯერებს, რა არის მათი კონფლიქტის მიზეზი და რა მიაჩნიათ მისი მოგვარების საუკეთესო გზად, მერე კი ერთად ეძებეთ ოპტიმალური გამოსავალი.

პოზიტივი მნიშვნელოვანია

პირველი შეცდომისთანავე ბავშვი საყვედურებით არ აავსოთ. პირიქით, გაამხნევეთ, შეაქეთ, როდესაც გეგმას მიჰყვება, შეახსენეთ, როცა მას გადაუხვევს, მიეცით მოტივაცია.

თუ ატყობთ, რომ ბავშვს რომელიმე წესის დაცვა უჭირს, გაარკვიეთ, რისი ბრალია და ერთობლივად შეიმუშავეთ ამ წესის ალტერნატიული ვარიანტი.

თუ ბავშვები ყველა წესს დაიცავენ და არც იჩხუბებენ, შეგიძლიათ, წაახალისოთ –ეკრანთან ნახევარი საათით მეტი ხნის გატარების ნება დართოთ ან ეზოში დატოვოთ ჩვეულებრივზე მეტხანს, გააჩნია, თავად რა ურჩევნიათ.

დედმამიშვილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან

მშობელი უნდა აცნობიერებდეს, რომ თუმცაღა ბავშვები ერთ ჭერქვეშ იზრდებიან, ისინი განსხვავებული ინდივიდები არიან, სხვადასხვა ინტერესები აქვთ, სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა საზრუნავი და რუტინაც სხვადასხვანაირი სჭირდებათ.

განსხვავებულმა რუტინამ შესაძლოა და-ძმების უკმაყოფილება გამოიწვიოს. მაგალითად, უმცროსს გაუჩნდეს პრეტენზია იმის გამო, რომ უფროსი უფრო მეტხანს უყურებს მულტფილმებს ან უფრო გვიან იძინებს და ჩათვალოს, რომ მას უსამართლოდ ექცევიან.

აუცილებლად უნდა აუხსნათ, რატომ არ არის გადაწყვეტილება უსამართლო. დაანახოთ, რამხელა განსხვავებაა მათ ასაკში, აუხსენით, რამდენს მეცადინეობს მისი ძმა, რომ კარგი ნიშნები ჰქონდეს, რომ დასვენება მისთვის აუცილებელია. ბავშვი უნდა დარწმუნდეს, რომ მას უსამართლოდ არ ექცევით და არც არასოდეს მოექცევით.

სწორად გაანაწილეთ პასუხისმგებლობები

ცხადია, უფროს ბავშვებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ ამ საკითხს ფაქიზად უნდა მიუდგეთ.

თავიდანვე უთხარით უფროს ბავშვს, რომ საოჯახო საქმეებში მისი დახმარება გჭირდებათ და დროდადო პატარას დატოვებაც მოუწევს. ჰკითხეთ, თანახმაა თუ არა. აუხსენით, რატომ არის ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი. გაარკვიეთ, ხომ არ აშინებს პასუხისმგებლობა. თუ შეატყვეთ, რომ ჯერ მზად არ არის, ალტერნატიული გზა მოძებნეთ.

ნუ დააკისრებთ უფროს ბავშვებს ზედმეტ პასუხისმგებლობას, ნუ გაუბრაზდებით, თუ მათი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა პატარამ რამე იტკინა. უბრალოდ ურჩიეთ, შემდეგში უფრო ფრთხილად იყოს, რადგან თვითონაც ხედავს, რომ პატარას დიდი ყურადღება სჭირდება.

ყველანაირად ეცადეთ, და-ძმებს შორის დადებითი ურთიერთობა გააღვივოთ. არასოდეს შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს ფრაზებით: “შენხელა რომ იყო, შენი ძმა უკვე კითხულობდა”, “შენმა დამ ერთ დღეში ისწავლა ველოსიპედის ტარება, შენ რა გჭირს?!” – მსგავსი დამოკიდებულებით და-ძმებს შორის მხოლოდ შუღლს ჩამოაგდებთ. პირიქით, მოუყევით უმცროსს, რა სასაცილოდ ეცემოდა ძირს მისი უფროსი დაიკო ველოსიპედის ტარებისას, მაგრამ არ დანებდა, ბევრი ივარჯიშა და ახლა ქარივით დაქრის. წაახალისეთ, რომ მალე ისიც კარგად ივლის და შეუძლიათ, გასწრობანაც ითამაშონ.

ხშირად შეახსენეთ ბავშვებს, რა ბედნიერებაა, რომ მათ ერთმანეთი ჰყავთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: