რა არის და როგორ ვმართოთ ჰიპოგლიკემია?

გააზიარე:

შესაძლოა, პარადოქსული მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰიპოგლიკემია ანუ სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება სწორედ დიაბეტიან პაციენტებს ემუქრებათ – მათ, ვისაც ამ დაავადების გამო მომატებული აქვთ სისხლში გლუკოზის დონე და გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველანაირად ცდილობენ მის დარეგულირებას. მოდი, გავიხსენოთ, რა იწვევს ჰიპოგლიკემიას, როგორ შეიძლება მისი ამოცნობა და როგორ მოვიქცეთ ამ დროს.

ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში გლუკოზის დონე ნორმასთან შედარებით შესამჩნევად იკლებს. ამ დროს სისხლში მისი შემცველობა 70 მგ`დლ-ზე (3.9 მმოლ`ლ-ზე) ნაკლებია. თუმცა ციფრები მკაცრად განსაზღვრული არ არის – შესაძლოა, მკურნალმა ექიმმა პაციენტს, მისივე მდგომარეობიდან გამომდინარე, გლუკოზის ნორმის და, შესაბამისად, ჰიპოგლიკემიის სხვა ზღვარი დაუდგინოს.

  • ნიშნები

ჰიპოგლიკემიის ნიშნები ერთბაშად და სწრაფად ვითარდება, საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა ინტენსივობისა: მსუბუქი, საშუალო ან ძლიერი. ისიც შესაძლოა, ჰიპოგლიკემია კლინიკურად არ გამომჟღავნდეს, ადამიანმა ვერაფერი იგრძნოს და გლუკოზის დონის დაქვეითება მხოლოდ სისხლის ანალიზმა აჩვენოს.
ჰიპოგლიკემიის ნიშნებია:
* გაღიზიანება, აგრესია;
* ოფლიანობა;
* შიმშილის შეგრძნება;
* თავის ტკივილი;
* მხედველობის დაბინდვა;
* ძილიანობა, დაღლილობა;
* თავბრუხვევა, გულის წასვლის შეგრძნება;
* გონების დაბინდვა, ორიენტაციის დარღვევა;
* სიფითრე, სისუსტე;
* კოორდინაციის დარღვევა;
* ქცევის შეცვლა;
* პულსის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა.
ზოგჯერ ჰიპოგლიკემია უფრო მძიმე ფორმითაც ვლინდება. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია საკვების ან სითხის დამოუკიდებლად მიღება, ეწყება კრუნჩხვა, კარგავს გონებას. მას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, ვინაიდან აღწერილი მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ძლიერი, მკვეთრად გამოხატული ჰიპოგლიკემია უმეტესად დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ადამიანებს უვითარდებათ.
ჰიპოგლიკემია შესაძლოა ძილის დროსაც განვითარდეს. მასზე მიუთითებს წამოყვირება, კვნესა, ღამის კოშმარები, ძლიერი ოფლიანობა – იმდენად ძლიერი, რომ ოფლი საცვლებს და თეთრეულსაც კი ასველებს, გაღვიძების შემდეგ დაღლილობა, გაღიზიანება, დაბნეულობა.

  • რა იწვევს

სისხლში გლუკოზის დონე მაშინ იწევს დაბლა, როცა ის უჯრედებში გადადის. ამაში კი მას ინსულინი ეხმარება. შესაბამისად, ჰიპოგლიკემია როგორც გვერდითი ეფექტი ხშირად ახლავს თან ინსულინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტების მიღებას. კერძოდ, ისეთი მედიკამენტებისა, რომლებიც ორგანიზმს მეტი ინსულინის წარმოქმნას აიძულებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება სულფონილურეაზა და გლინიდები (სეკრეტაგოგები). ამიტომ როდესაც ექიმი წამალს გინიშნავთ, დააზუსტეთ, ხომ არ გამოიწვევს ის ჰიპოგლიკემიას.
დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებები ჰიპოგლიკემიას თავისთავად არ იწვევს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას ზრდის მისი განვითარების რისკს.
ამრიგად, ჰიპოგლიკემია ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლში იმატებს ინსულინის დონე და ის არ შეესაბამება მიღებულ საკვებს ან გაწეულ ფიზიკურ აქტივობას. არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი მზა ინსულინს იკეთებს თუ მის გამომუშავებას ტაბლეტებით აიძულებს ორგანიზმს.

  • რა უწყობს ხელს

ჰიპოგლიკემიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
* ნახშირწყლების არასაკმარისი მიღება – საკვებიდან მიღებული ნახშირწყლები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იშლება და მათგან გლუკოზა წარმოიქმნება, რომელიც სისხლში გადადის. თუ ზემოხსენებული საშუალებებით სისხლში ისულინის დონე ავწიეთ, ნახშირწყლების შემცველი საკვები კი არ მივიღეთ, გლუკოზის დონე დაბლა დაიწევს;
* კვების გამოტოვება ან დაგვიანება – ამ შემთხვევაში სისხლში არ იმატებს გლუკოზა, მანამდე არსებული კი უკვე გახარჯულია. ამავე მიზეზით, თუ ადამიანს დაძინებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში არაფერი უჭამია, ადვილი შესაძლებელია, ჰიპოგლიკემია ძილშიც განუვითარდეს;
* ფიზიკური აქტივობა – თუ ჩვეულ აქტივობას სხვაც დაემატა, გლუკოზა ინტენსიურად დაიხარჯება. შესაძლოა, მისმა დონემ ამ აქტივობიდან 24 საათის შემდეგაც კი დაიწიოს;
* ზედმეტი ალკოჰოლის მიღება – ალკოჰოლი აძნელებს გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკვების გარეშე მივიღეთ. ამას ისიც ემატება, რომ ალკოჰოლური თრობის ფონზე ადამიანმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს ჰიპოგლიკემიის ნიშნები;
* ავადმყოფობა – როცა ადამიანი ავადაა, ცოტას ჭამს და რასაც ჭამს, ხშირად ვერც იმას ირგებს, ამიტომ ავადმყოფობის დროს იმატებს ჰიპოგლიკემიის რისკი. თუ ავად გახდით, მაგალითად, გრიპით, შეეხმიანეთ თქვენს მკურნალ ექიმს – შესაძლოა, ჰიპოგლიკემიის თავიდან ასაცილებლად წამლის დოზა დროებით შეგიცვალოთ.

  • როგორ დავიცვათ თავი

თუ ინსულინს ან ინსულინის წარმოქმნის გამაძლიერებელ ტაბლეტებს იღებთ, ყოველთვის გახსოვდეთ ჰიპოგლიკემიის რისკი. მის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:
* გლუკოზის დონის კონტროლი. სისხლში გლუკოზის შემცველობის ცოდნა ადამიანს იმის განსაზღვრაში ეხმარება, რამდენი წამალი მიიღოს, რა ჭამოს, როგორ დაიტვირთოს ფიზიკურად, ამიტომ არ დაიზაროთ გლუკომეტრით მისი გაზომვა იმდენჯერ, რამდენჯერაც ექიმს მიაჩნია საჭიროდ.
თუ დიაბეტიანს ჰიპოგლიკემიის შესახებ სათანადო ცოდნა არ გააჩნია, შესაძლოა ვერც კი მიხვდეს, რასთან აქვს საქმე, მეტადრე მაშინ, როცა ჰიპოგლიკემია ფარულია. ასეთ პაციენტებს ურჩევენ, უფრო ხშირად გადაამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე, განსაკუთრებით – საპასუხისმგებლო აქტივობის წინ, მაგალითად, საჭესთან დაჯდომამდე.
* რეგულარული კვება. ჰიპოგლიკემიის პრევენციის გასაღები კვების სწორად დაგეგმვაა. საკვები საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლებს უნდა შეიცავდეს. თუ ალკოჰოლური სასმლის მიღებამ მოგიწიათ, ცოტა საჭმელი მაინც უნდა მიაყოლოთ.
* ზომიერი დატვირთვა. ფიზიკური აქტივობა ამცირებს გლუკოზის დონეს, თანაც არამხოლოდ აქტივობისას, ამიტომ საჭიროა, გლუკოზის დონე შემოწმდეს დატვირთვამდეც, დატვირთვის დროსაც და მის შემდეგაც. ასე უკეთ დაარეგულირებთ მისაღები ნახშირწყლებისა თუ წამლის დოზას. მაგალითად, შესაძლოა, ექიმმა მითითება მოგცეთ, ფიზიკური დატვირთვის დროს დამატებით წაიხემსოთ ან ინსულინის დოზა შეამციროთ.
* ექიმთან შეთანხმებული ტაქტიკა. თუ ჰიპოგლიკემია დაგემართათ, აუცილებლად უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს – შესაძლოა, მკურნალობის სქემის, კვების რეჟიმის და ფიზიკური აქტივობის შეცვლა დაგჭირდეთ.

  • როგორ მოვიქცეთ

თუ ჰიპოგლიკემიის რომელიმე ნიშანი შეამჩნიეთ, გადაამოწმეთ გლუკოზა. თუ ის 70 მგ`დლ-ზე ნაკლები აღმოჩნდა, მიიღეთ დაახლოებით 15 გრამი ნახშირწყალი. ამ ოდენობას შეიცავს:
* ოთხი ტაბლეტი გლუკოზა ან ერთი ტუბი გლუკოზის გელი;
* ნახევარი ჭიქა ხილის წვენი (შაქრიანი და არა დაბალკალორიული. ამასთან, თირკმლის პრობლემის მქონე პაციენტები ფორთოხლის წვენს უნდა ერიდონ, რადგან ის კალიუმს შეიცავს);
* ნახევარ ჭიქაზე ცოტა მეტი ტკბილი (შაქრის შემცველი) გაზიანი სასმელი;
* ერთი სადილის კოვზი შაქარი ან თაფლი;
* ორი სადილის კოვზი ქიშმიში.
ამის შემდეგ დაიცადეთ 15 წუთი და ისევ გადაამოწმეთ გლუკოზის მაჩვენებელი. თუ ის ამჯერადაც ნორმაზე დაბალი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ მიიღეთ იმავე რაოდენობის ნახშირწყლები და გლუკოზა 15 წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ შეიმოწმეთ. თუ მან ვერც ამჯერად მიაღწია ნორმას, ისევ მიიღეთ ნახშირწყლები და ასე გააგრძელეთ, ვიდრე გლუკოზა ნორმას არ დაუბრუნდება.
თუ ამ დროისთვის მომდევნო კვებამდე საათზე მეტია დარჩენილი, კრეკერები ან ხილის ნაჭერი მიირთვით, რომ გლუკოზის ნორმალური დონე შეინარჩუნოთ.
ზოგიერთი მედიკამენტით (აკარბოზა, მიგლიტოლი) მკურნალობისას საკვებით გლუკოზის ნორმაში დაბრუნება გაძნელდება. ამ დროს ტაბლეტებს ან ჟელეს იყენებენ.

  • როცა დახმარება გჭირდება

თუ ადამიანს ძლიერი ჰიპოგლიკემია განუვითარდა, სხვისი დახმარება დასჭირდება. ამ დროს მას გლუკაგონის ინექცია უნდა გაუკეთდეს. ეს ნივთიერება სწრაფად სწევს მაღლა გლუკოზის დონეს. ამიტომ დიაბეტით დაავადებულს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თან გლუკაგონი, თავადაც იცოდეს მისი გამოყენება და ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, მეგობრებსაც ასწავლოს, ამასთან, პერიოდულად მისი ვადაც გადაამოწმოს.
თუ თქვენს ახლობელს ძლიერი ჰიპოგლიკემია დაემართა, ჯერ გლუკაგონს უკეთებთ, მერე კი 112-ზე რეკავთ. თუ გლუკაგონი არ გაქვთ, პირდაპირ 112-ზე რეკავთ და სასწრაფო დახმარებას იძახებთ.
თუ ადამიანს ჰიპოგლიკემია ხშირად ემართება, აუცილებლად უნდა ატაროს სამედიცინო სამაჯური ან საკიდი, რომელზეც ეწერება, როგორ უნდა დაეხმარონ, თუმცა თუ პაციენტი დაავადებას სწორად მართავს, ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილებას უმეტესად ახერხებს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: