ლუქსემბურგი – პატარა ქვეყანა დიდი ამბიციებით

გააზიარე:

ძნელი წარმოსადგენია ქვეყანა, რომლის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის დასათვალიერებლად რამდენიმე დღეა საკმარისი. მით უმეტეს – თუ ეს ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა, სადაც ცხოვრების დონე შვეიცარიისას უტოლდება.
სწორედ ასეთი ქვეყანაა ლუქსემბურგი – ჯუჯა სახლმწიფო, რომლის ტერიტორიის ფართობი სულ რაღაც 2 586 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა ოდნავ აღემატება ნახევარ მილიონს.

ცოტა რამ ისტორიიდან


ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის საზღვრებთან მდებარე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს სინამდვილეში ძნელად თუ ვუწოდებთ დიდს – მისი ტერიტორია არამცთუ დიდ, მცირე სახელმწიფოებთან შედარებითაც კი ძალიან პატარაა. აი, ისტორია კი მართლაც რომ შესაშურად შთამბეჭდავი აქვს.
ლუქსემბურგის ისტორია ათზე მეტ საუკუნეს ითვლის, თუმცა ეს მიწა ხან ბელგიის, ხან გერმანიის, ხან ჰოლანდიის, ხანაც საფრანგეთის საკუთრება იყო. ლუქსემბურგის მკვიდრი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ამაოდ იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო 1839 წლიდან არსებობს, ნანატრი დამოუკიდებლობა მან მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს – 1890 წელს მოიპოვა.
ლუქსემბურგისთვის უმტკივნეულოდ არც პირველ და მეორე მსოფლიო ომებს ჩაუვლია – მისი ტერიტორია ორივეჯერ იოლად მიითვისა გერმანიამ, თუმცა მეზობელი სახელმწიფოების თანადგომით ლუქსემბურგმა თავის დახსნა მოახერხა.


1944 წელს ლუქსემბურგი ბელგიასა და ჰოლანდიასთან ერთად ბენილუქსის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა, 1949 წელს ნატოს წევრი გახდა, 1957 წელს კი ევროკავშირშიც გაერთიანდა.
ლუქსემბურგს ოფიციალურად დიდი ჰერცოგი მართავს – კონსტიტუციის თანახმად, სწორედ ის არის აღმასრულებელი ხელისუფლების ერთპიროვნული მეთაური, თუმცა ფაქტობრივად აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰერცოგის მიერ დანიშნული პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კი პარლამენტია, რომელიც 49 დეპუტატისგან შედგება.
სახელმწიფო მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად – კანტონებად არის დაყოფილი. ქალაქის ტიპის დასახლება აქ სულ შვიდია. მათ შორის ყველაზე დიდია დედაქალაქი – ლუქსემბურგი, სადაც 80 000 კაცი ცხოვრობს.
ლუქსემბურგში სამი სახელმწიფო ენაა: გერმანული, ფრანგული და ლუქსემბურგული (თუმცა ლინგვისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი ენა არ არსებობს და სინამდვილეში ის გერმანულის ჩრდილო-დასავლური დიალექტის სახესხვაობაა).
ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მოწესრიგებული და სანდო საბანკო სისტემაა, რომლის გამოც ლუქსემბურგს პატარა შვეიცარიასაც უწოდებენ. სწორედ საბანკო სისტემის დამსახურებაა, რომ აქ ცხოვრების დონე დანარჩენ ევროპასთან შედარებით საკმაოდ მაღალია.

ციხესიმაგრეების ქვეყანა


მიუხედავად იმისა, რომ ლუქსემბურგი ჯუჯა სახელმწიფოა, აქ ბევრი რამ არის სანახავი. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე ხელისუფლებას კარგად უზრუნია. ლუქსემბურგს 37 კმ სიგრძის ტურისტული ბილიკი კვეთს, რომლის ირგვლივაც არის განლაგებული ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები. ასე რომ, თუნდაც მეგზურის გარეშე, მხოლოდ ტურისტული ცნობარის იმედად გადაწყვიტოთ ლუქსემბურგის დათვალიერება, გზა მაინც არ აგებნევათ და არც არაფერი გამოგრჩებათ.
ლუქსემბურგი მთლიანად მთებშია ჩაკარგული. უძველეს ციხესიმაგრეებს მის ყველა ქალაქში ნახავთ, მაგრამ ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობად მაინც შვიდი ციხესიმაგრის ხეობად წოდებული აიშის ხეობა მიიჩნევა. ის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, 15 კმ-ზე მდებარეობს. ზოგი ციხე-კოშკი ჯერაც მტკიცედ დგას, ზოგიერთისგან კი ნანგრევებიღა შემორჩენილა, მაგრამ შუა საუკუნეების მოყვარულებს გულს მაინც აუჩქროლებს. აღარაფერს ვიტყვით თვალისმომჭრელ პეიზაჟებზე...
ხეობის მთავარი სამკაული კერიხის ციხესიმაგრეა, რომელიც რომაული ეპოქის ციხესიმაგრის ადგილასაა აშენებული და XII საუკუნით თარიღდება.
მომდევნო გაჩერება ანსემბურგის კომპლექსია. ეს ნახევრად სასახლე, ნახევრად ციხესიმაგრე საკმაოდ კარგად არის შემონახული. ანსემბურგს ირგვლივ, სადაც რომაული ღმერთების ქანდაკებებია თავმოყრილი.


ანსემბურგის შემდეგ ჰოლენფელსს მიადგებით. 1380 წლის ციხესიმაგრის გვერდით XVIII საუკუნის ბაროკოს სტილით ნაგებ სასახლესაც ნახავთ. განსაკუთრებით საინტერესოა რაინდთა დარბაზი, რომლის კედლებსაც დიდგვაროვანი ოჯახების გერბები, ნიღბები და მითიური ცხოველების გამოსახულებები ამშვენებს.
ლუქსემბურგის ყველაზე დიდი ციხესიმაგრე შოენფელსია. მას ინგლისური ყაიდის პარკი არტყია გარს. შუა საუკუნეების ნაგებობას რესტავრაცია XIX საუკუნეში ჩაუტარდა. თუ უოლტერ სკოტის რომაანები გიყვართ, არც ეს ციხესიმაგრე დაგტოვებთ გულგრილს – თავს მართლაც აივენჰოს ეპოქაში იგრძნობთ.
ბოლო გაჩერება პატარა ქალაქი მერშია. აქ მდებარე ციხესიმაგრე უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. მისი ერთი ნაწილი ბაროკოს სტილშია აშენებული, მეორე კი – მკაცრ გოთურ სტილში.
მიუხედავად იმისა, რომ ხეობა საკმაოდ გრძელია, არც დაიღლებით და არც მოიწყენთ – ტურისტული ბილიკის ირგვლივ უხვადაა პატარ-პატარა რესტორანები და კაფე-ბარები, სუვენირების მაღაზიები და ადგილობრივი დელიკატესებით მოვაჭრეთა ფარდულები, სადაც დაისვენებთ და წაიხემსებთ.
ლუქსემბურგის ღირსშესანიშნაობებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ტიუნგენის ციხესიმაგრე. ის 1732 წელს აშენდა. წყლით სავსე თხრილით გარშემოტყმული ციხესიმაგრის მცხოვრებთათვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა 170 მეტრი სიგრძის ქვის დერეფანი იყო. დღეისათვის, სამწუხაროდ, ციხის კოშკურებიღაა შემორჩენილი.

დედაქალაქური სანახაობები


ლუქსემბურგის (ქალაქის და არა ქვეყნის) თვალიერება, გირჩევთ, ადოლფის ხიდით დაიწყოთ. ის ქალაქს ორ ნაწილად ყოფს და მის სიმბოლოდ მიიჩნევა. 153 მეტრი სიგრძის ხიდი 1903 წელს აშენდა და პირდაპირ დანიშნულებასთან ერთად ტურისტების საყვარელი გადმოსახედის როლსაც ასრულებს.
მეორე გაჩერება ღვთისმშობლის სახელობის მთავარი საკათედრო ტაძარი იქნება. აქ მდებარეობს ლუქსემბურგის მმართევლთა საძვალე, თუმცა ტაძრის მთავარ ღირსშესანიშნაობად მაინც ღვთისმშობლის ქანდაკებას მიიჩნევენ, რომელსაც სასწაულმოქმედი თვისებები მიეწერება.
ამის შემდეგ ჰერცოგის სასახლეს ესტუმრეთ. სასახლის ძირითადი ნაწილი XVI საუკუნეშია აგებული. აქ მდებარეობს ჰერცოგის რეზიდენცია და იმართება პარლამენტის სხდომები. თუ ჰერცოგი სასახლეშია, დროშები აწეულია, ხოლო სპეციალურ ჯიხურებში საპატიო ყარაული მორიგეობს. თუ არც დროშებია აწეული და ვერც ყარაულს ხედავთ, ეს იმის ნიშანია, რომ ჰერცოგი სასახლეში არ იმყოფება.
რა ცოტა დროც არ უნდა გქონდეთ, ნუ წამოხვალთ ლუქსემბურგიდან Pეტრუსსე ჩასემატეს-ის უნახავად. მიწისქვეშა ნაგებობების, გვირაბებისა და გასასვლელების ეს კომპლექსი 1644 წელს არის აშენებული. 1940-1944 წლებში მას 35 ათასი კაცი აფარებდა თავს. ამჟამად კომპლექსი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

მდიდარი მასწავლებლების ქვეყანა


დიახ, ლუქსემბური ის ქვეყანაა, სადაც პედაგოგებს ყველაზე დიდი ხელფასი აქვთ. საზოგადოდ, ცხოვრების დონე აქ, როგორც ვთქვით, საკმაოდ მაღალია. უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებული ადამიანის საშუალო შემოსავალი წელიწადში საშუალოდ 81 000 ევროს უტოლდება. ეს – იმის ფონზე, რომ ლუქსემბურგში ცხოვრების ტემპი საკმაოდ მშვიდია.
იმიგრანტებისთვის კი ლუქსემბურგის კარი ყოველთვის როდია ღია – უცხოელი სამუშაოს აქ ძნელად იშოვის. არალეგალებს ლუქსემბურგში არ სწყალობენ, ოფიციალურად დასაქმებას კი უცხოელი მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ ადგილობრივთა შორის ვაკანსიის დაკავების მსურველი არავინ გამოჩნდა.
ყველაფერთან ერთად, ლუქსემბურგს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიოში საუკეთესო სისტემაც აქვს, რაც კვლევებითა დადასტურებული. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქ 82 წელია. ჯანდაცვის დაფინანსება სოციალური სადაზღვევო შენატანებით ხდება. სხვათა შორის, ლუქსემბურგში მხოლოდ ავადმყოფებზე კი არ ზრუნავენ, არამედ დაავადებათა პროფილაქტიკის მნიშვნელობაც კარგად ესმით და ისეთი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შექმნაზე ზრუნავენ, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.
და მაინც – თუ ლუქსემბურგში წასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა. მართალია, პირველად სამედიცინო დახმარებას უფასოდაც გაგიწევენ, მაგრამ არც ერთი ვიწრო სპეციალისტი უცხოელ ტურისტს დაზღვევის გარეშე არც მიიღებს და არც წამალს გამოუწერს, ურეცეპტოდ კი მედიკამენტის ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ: ლუქსემბურგში იაფად მოგზაურობა არ გამოგივათ – კაფე-ბარებსა და სასტუმროებში ფასები საკმაოდ მაღალია. თუ გსურთ, ფული დაზოგოთ, გირჩევთ, სასტუმროს ნომრის ნაცვლად ბინა დაიქირაოთ, საკვები კი თავად მოამზადოთ – სუპერმარკეტებში პროდუქტების არჩევანი საკმაოდ ფართოა.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: