იდეალური ადგილი იდეალური დასვენებისთვის
გააზიარე:
აქ ერთხელ მოხვედრა საკმარისია, რომ კვლავ და კვლავ უკან დაბრუნებაზე იოცნებო. ეს მავრიკია, კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
მასპინძლობა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
საქართველოდან მავრიკის დედაქალაქში მოსახვედრად შეგიძლიათ თურქეთის ავიახაზების მომსახურებით ისარგებლოთ. მართალია, მგზავრობა ხანგრძლივია, მაგრამ სასიამოვნო მოლოდინში დრო ისე გავა, ვერც კი გაიგებთ. თბილისიდან ჯერ სტამბულში გადაფრინდებით, იქიდან კი ათიოდე საათში კუნძულზე ხართ.
მავრიკის კუნძულებზე იდეალური კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურა აქ 23 გრადუსია. ტურისტულად ყველაზე აქტიური სეზონი მარტში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ მავრიკის კუნძულებზე ცხოვრება არც ისე ძვირია და საშუალო დონის სასტუმროებიც უხვადაა, აქაური კურორტები მაინც უფრო შეძლებულ დამსვენებლებზეა ორიენტირებული. მაღალი კლასის სასტუმროთა უმრავლესობას საკუთარი კეთილმოწყობილი პლაჟი, შიდა და გარე აუზი, სპა და სარელაქსაციო ცენტრი, მრავალფეროვანი გასართობი და რესტორნები აქვს, სადაც ნებისმიერი ქვეყნის კერძებს დააგემოვნებთ.ფეშენებელური მრავალსართულიანი შენობების გვერდით ნახავთ ფირუზისფერ, გამჭვირვალე წყალში შეჭრილ, ბუნებასთან იდეალურად შერწყმულ ბუნგალოს ტიპის აპარტამენტებს, საიდანაც ოკეანის ულამაზესი ხედი იშლება. აქ ყოველგვარი პირობაა ხმაურიანი სამყაროსგან იზოლირებისთვის, სიმშვიდისა და დასვენებისთვის. ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია, სრულიად მოსწყდე ურბანულ ქაოსს.
Constance Hotels and Resorts სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ აქ ყველაფერი ტურისტის სიამოვნებაზეა გათვლილი. ცხარე ტურისტულ სეზონზეც კი წარმოუდგენელია, დამსვენებელმა თუნდაც უმნიშვნელო დისკომფორტი იგრძნოს.
ქსელს მავრიკის კუნძულებზე ორი სასტუმრო აქვს: Constance Bell Mare და Constance Prince Mauritius. ორივე მათგანი გაგანებივრებთ სიურპრიზებით და აგავსებთ შთაბეჭდილებებით, თუმცა ამ ორ სასტუმროს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. Constance Bell Mare უფრო ახალგაზრდული და ხალხმრავალია. აქ ხშირად ნახავთ ბავშვიან ოჯახებს და საშუალო ასაკის წყვილებს მეგობრებთან ერთად. ისინი დადიან სპა და საბავშვო ცენტრებში, აუზებზე, გოლფის მოედნებზე... Constance Prince Mauritius კი ლაქშერი კლასის სასტუმროა, სადაც უმთავრესად ახალდაქორწინებულები და მდიდარი ევროპელი წყვილები ისვენებენ. გარემო ინტიმური და მყუდროა. აქ მოხვედრილი, თავს ნამდვილ სამოთხეში იგრძნობთ. სასტუმროს ნომრები ცალკე მდგომი, ბუნგალოს სტილით ნაგები ვილებია, რომელთა არქიტექტურაში უნიკალურადაა შერწყმული წესრიგისა და ბუნებრიობის ესთეტიკა. აქ შეგიძლიათ, თავი საკუთარ სახლში იგრძნოთ და თან ყოველგვარი კომფორტით დატკბეთ. თითქმის ყველა ნომერი ოკეანეს გადაჰყურებს და ყოველ დილით თვალწინ გეშლება უძირო ლაჟვარდი, რომლის დანახვისას ხვდები, რომ ბედნიერებისთვის არაფერი გჭირდება, გარდა კარგი ამინდისა.
მავრიკის კუნძულების მაღალი კლასის სასტუმროებში დასვენების დროს, გირჩევთ, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის აუცილებლად ეწვიოთ სპა და სარელაქსაციო ცენტრებს, სადაც ღვთაებრივ სიამოვნებას მიიღებთ, მერე კი ეწვიოთ მთელ მსოფლიოში ცნობილ ღვინის რესტორნებს, სადაც გურმანებისთვის ამ ღვთაებრივი სასმლის უზარმაზარი არჩევანია. აღარაფერს ვიტყვი მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულოსა და უგემრიელეს ადგილობრივ კერძებზე.
ბევრი სასტუმრო სხვა გასართობებთან ერთად დაივინგსაც შემოგთავაზებთ. გირჩევთ, ხელიდან არ გაუშვათ ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი ტკბობის შანსი.
მოგზაურობა საოცნებო კუნძულზე
მავრიკი ოდესღაც დაუსახლებელი კუნძული იყო. 1598 წელს მასზე ჰოლანდიელები გადასხდნენ და პირველი დასახლება დააარსეს. დღეს სახელმწიფო სწორედ მათ მიერ შერქმეულ სახელს ატარებს.
მავრიკის ჰავა და ნიადაგი მისწრება აღმოჩნდა შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და ბამბის მოსაშენებლად. პლანტაციებს, რა თქმა უნდა, მუშახელი სჭირდებოდა. აფრიკიდან და მადაგასკარიდან ჩამოყვანილი მონები თანდათან კუნძულის მკვიდრ მოსახლეობად იქცნენ. 1835 წელს, მონობის გაუქმების დროისთვის, მავრიკზე მუდმივად მცხოვრები 96 ათასი ადამიანიდან 77 ათასი ყოფილი მონა იყო.
1715 წელს კუნძული ფრანგებმა მიიტაცეს და ილ-დე ფრანსი დაარქვეს. ფრანგული კოლონიზაციის წლებში მავრიკზე რამდენიმე ნავსადგური აშენდა. გაიყვანეს გზები. კუნძულზე ნორმანდიელები და ბრეტანელები გადასახლდნენ. კიდევ უფრო განვითარდა მიწათმოქმედება, არქიტექტურა. აშენდა ევროპული ქალაქების ტიპის დასახლებები.
1810 წელს ფრანგები ბრიტანელებმა შეცვალეს და კუნძულს ადრინდელი სახელწოდება დაუბრუნეს.
მალე კუნძულზე გადასახლება დაიწყეს ინდოელმა ემიგრანტებმაც.
დამოუკიდებელი სახელმწიფო მავრიკი მხოლოდ 1968 წელს გახდა. მისი მოსახლეობა ამჟამად ოდნავ აღემატება მილიონს და ძირითადად ინდუსებისგან შედგება, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ ორივე სახელმწიფო ენაზე – ინგლისურსა და ფრანგულზე.
მავრიკზე მიმოქცევაშია რუპია, რომლის კურსიც დოლართან შედარებით დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ლარისა, თუმცა თუ მსოფლიო ვალუტით გირჩევნიათ გადახდა, არც ესაა პრობლემა.
პორტ-ლუი – ფრანგულ-ინგლისური დედაქალაქი არაევროპული ელემენტებით
აეროპორტიდან დედაქალაქის ცენტრამდე მისასვლელად ან წინასწარ უნდა შეუკვეთოთ ტრანსფერი (ეს სასტუმროთა უმრავლესობის მომსახურებაში შედის), ან ავტომობილი დაიქირაოთ, ან ტაქსით ისარგებლოთ.
პორტ-ლუი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. კოპწია, ევროპული ყაიდის სახლები და თანამედროვე სტილის შენობები ერთმანეთში ისეა არეული, რომ ერთბაშად ვერც კი აღიქვამ ქალაქის თავდაპირველ სილამაზეს, მაგრამ ქუჩებში სეირნობისას უამრავ ძველებურ აივანს და დარაბას აღმოაჩენ. გვერდიგვერდ დგას კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთები და ბუდისტური ტაძრები. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის ადამიანები მავრიკზე მშვიდობიანად ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად.
კონდიტერთა სამოთხე და ბუნების სხვა საოცრებები
მავრიკში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ პამპლემუსის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ჯერ კიდევ 1770 წელს ფრანგმა ბოტანიკოსმა პიერ პუავრმა ჩაუყარა საფუძველი. დღეს ბაღი 37 ჰექტარზეა გადაჭიმული. რას არ ნახავთ აქ: მუსკატის კაკალს, მიხაკის ხეს, დარიჩინს (ტყუილად კი არ უწოდებენ ბაღს კონდიტერთა სამოთხეს), შაქრის ლერწამს, 85 სახეობის პალმას... ადგილობრივ პლანტატორებსა და მეცენატებთან ერთად ბოტანიკური ბაღის გაშენებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებიც, რომელთაგან ბევრმა აქ საკუთარი ხელით დარგო მცენარე, მათ შორის – ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ინდირა განდიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა.
ბაღის მთავარი ღირსშესანიშნაობა გიგანტური წყლის შროშანი “ამაზონის ვიქტორიაა”. მის სანახავად აქ ყოველდღიურად ათასობით სტუმარი მოდის.
და მაინც: ის, რითაც მავრიკის კუნძულები ყველაზე მეტად იზიდავს ტურისტებს, არც ბოტანიკური ბაღია, არც შაქრის პლანტაციები (რომლებიც აქ ათასობით ჰექტარზეა გადაჭიმული) და არც თვალწარმტაცი ბიომრავალფეროვნება. მავრიკის მთავარი მშვენება მისი თეთრქვიშიანი სანაპიროები, ლაჟვარდოვანი ოკეანე და საოცრად მეგობრული, კეთილმოსურნე ხალხია. როგორც კი მავრიკის მიწაზე ფეხს დადგამთ, იგრძნობთ, რომ მოხვდით საოცარ სამყაროში, სადაც ყველა მზად არის, თქვენს განწყობასა და კარგ დასვენებაზე იზრუნოს.
რა უნდა იცოდეთ
მავრიკის კუნძულებზე სტუმრობის წინ ვაქცინაცია აუცილებელი არ არის – შხამიან მწერებსა და ქვეწარმავლებს აქ თითქმის ვერ ნახავთ, გარემო კი სუფთა და მოვლილია.
ასე რომ, მოემზადეთ დაუსრულებელი სიამოვნებისთვის. გარწმუნებთ, შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.
ნინო ბაზერაშვილი