კომბინირებული კანი, მოვლის რუტინა

გააზიარე:

 

– არ გაუმართლათ ქალებს, რომლებსაც გენეტიკამ შერეული კანი არგუნა, – ამბობს  ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე. ქალბატონი თამარი ამჯერად კომბინირებული კანის მოვლის თავისებურებებზე გვესაუბრება.

– შერეული ანუ კომბინირებული კანი ყველა სხვა ტიპის კანისგან განსხვავდება და შედარებით ძნელი მოსავლელია. ის შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ნორმალური და ცხიმიანი, ისე მშრალი და ცხიმიანი კანის კომბინაციას. შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის ზონა, სადაც დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი ცხიმოვანი ჯირკვლები (მას T ზონასაც უწოდებენ), ასევე – მკერდი, მხრები და ზურგი ცხიმიანია, ხოლო ლოყები და საფეთქლები, სადაც ცხიმოვანი ჯირკვალი ცოტაა – ნორმალურად დატენიანებული ან მშრალი.
კომბინირებული კანი გენეტიკურად არის განსაზღვრული, მაგრამ მისი კომბინირებული ბუნების უფრო მძაფრად გამოვლენას შესაძლოა ხელი შეუწყოს სხვა შინაგანმა და გარეგანმა ფაქტორებმაც.
ცხიმოვანი ჯირკვლების გაღიზიანებას იწვევს:
* არასწორად შერჩეული კოსმეტიკა;
* ცხარე, მჟავე, შებოლილი, დაკონსერვებული საკვები;
* ულტრაიისფერი გამოსხივება;
* ზოგიერთი მედიკამენტი;
* კუჭ–ნაწლავის ზოგიერთი დაავადება;
* საკვერცხის პოლიკისტოზი;
* ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ამ ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოყოფს. ჭარბი ცხიმი კანის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ასწრებს, გარქოვანებულ უჯრედებთან ერთად ჯირკვლის სადინარებს ახშობს და ფერიმჭამელებს აჩენს.
ლოყები და საფეთქლები კი შესაძლოა უფრო მეტად გამოშრეს ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ტემპერატურის, სიცივის, ქარის, ყინვის, კონდიცირებული ჰაერის, არასწორი მოვლის, სტრესის ზემოქმედებით.

როგორ ამოვიცნოთ?
– კანი კომბინირებულია, თუ:
* T ზონა პრიალებს, ფორები ფართოა, შეინიშნება ფერიმჭამელები და გამონაყარისკენ მიდრეკილება;
* ლოყები დაჭიმულია, ფორები – ვიწრო, საფეთქლები – მშრალი. შესაძლოა, წვრილი ნაოჭებიც შეამჩნიოთ.
თუ იცით, როგორ მოუაროთ კომბინირებულ კანს, პრობლემებსაც იოლად აიცილებთ თავიდან. ზოგი, როცა შუბლსა და ცხვირზე ბზინვარებას ამჩნევს, იწყებს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკის გამოყენებას, რაც მშრალ უბნებს უფრო მეტად აშრობს და ანაოჭებს.

რატომ უნდა მოვუაროთ?
– ვინაიდან შერეული კანი სხვადასხვა ტიპის კანის კომბინაციაა, არასწორმა მოვლამ შესაძლოა სხვადასხვა ტიპის პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ლოყები და საფეთქლები ნორმალურად იყო დატენიანებული – გამოშრეს, ხოლო თუ ისედაც მშრალი იყო – გაუხეშდეს, აიქერცლოს და გაღიზიანდეს. გამომშრალი კანი კი, როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, კარგავს ელასტიკურობას, ნაოჭდება და მალე ბერდება.
T ზონის არასწორი მოვლის შედეგია დახშული ფორები, ფერიმჭამელები, ჩირქოვანი ელემენტები, რომლებიც გართულების შემთხვევაში შესაძლოა აკნეში გადაიზარდოს.

მოვლის რუტინა
– მოდი, გავიგოთ, როგორ მოვუაროთ კომბინირებულ კანს ისე, რომ მის არც ცხიმიან, არც მშრალ უბნებს ზიანი არ მივაყენოთ.
რას გულისხმობს სწორი მოვლა? ცხიმიან ადგილებს ჭარბი ცხიმი უნდა მოაშოროთ და მეტად არ გააცხიმიანოთ; იმავდროულად, მშრალი უბნები ყოველთვის დატენიანებული უნდა გქონდეთ.
თუ შერეული კანი მეტისმეტად კონტრასტულია, ანუ T ზონა მეტისმეტად ცხიმიანია, ხოლო ლოყები – მეტისმეტად მშრალი, უმჯობესია, თითოეული მათგანისთვის შესაბამისი გამწმენდი, დამატენიანებელი, მატონიზებელი თუ სხვა საშუალება გამოიყენოთ.
თუ კონტრასტი ზომიერადაა გამოხატული: ლოყები და საფეთქლები ნორმალური ან მშრალია, თ ზონა კი შედარებით ცხიმინი, – შერეული კანისთვის განკუთვნილი სპეციალური კოსმეტიკით ისარგებლეთ.


ყოველდღიური მოვლის რუტინა ისეთივეა, როგორიც ყველა სხვა ტიპის კანისთვის:
1. დაბანა (დილა-საღამოს);
2. ტონირება (დილა-საღამოს);
3. შრატი (35 წლიდან);
4. დატენიანება (დილა-საღამოს).

გაწმენდა
– საუკეთესო კრემიც კი ვერ გამოიღებს შედეგს, თუ კანი კარგად არ არის გაწმენდილი.
პირი დღეში ორჯერ დაიბანეთ მხოლოდ და მხოლოდ ნელთბილი წყლით და მსუბუქი დასაბანი საშუალებით. უპირატესობა მიანიჭეთ ქაფს, ემულსიას ან მსუბუქ გელს (რომელთა PH 5,2-5,7ია). კანი კარგად უნდა გასუფთავდეს მკვდარი უჯრედების, მტვრისა და ზედმეტი ცხიმისგან.
მძიმე მაკიაჟი უმჯობესია ჯერ ცხიმის შემცველი გამწმენდი საშუალებით მოიშოროთ. თუ მაკიაჟის მოსაშორებლად სველ ხელსახოცს იყენებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ უსპირტო იყოს. მაკიაჟს რომ მოიშორებთ, პირი დაიბანეთ.
მთავარია, არ გადააჭარბოთ. ზედმეტი წმენდა და აგრესიული დასაბანი საშუალებები ზიანს მიაყენებს როგორც ცხიმიან, ისე მშრალ უბნებს. გამშრალებისას ერიდეთ ხახუნს, ნაზად შეიშრეთ პირი პირსახოცის მიდებით, რომ ცხიმოვანი ჯირკვლები არ გაიღიზიანოთ.

ტონიკი
– სახის გაწმენდას ტონიკით ვასრულებთ. უკვე ვიცით, რომ ტონიკი კანის ყოველდღიური მოვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის ზედმიწევნით აშორებს მაკიაჟისა და მტვრის ნარჩენებს, რის შედეგადაც კანი თავისუფლად სუნთქავს. ტონიკი ამშვიდებს, ანოტივებს, სიმტკიცეს მატებს კანს, არეგულირებს ცხიმის სინთეზს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
გირჩევთ, შეიძინოთ შერეული კანისთვის განკუთვნილი ტონიკი. თუ კანზე ანთებითი ელემენტები შეინიშნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტის შემცველიც (მაქსიმუმ 20%), ოღონდ მშრალ უბნებს მოარიდეთ.
პირის დაბანის შემდეგ სახე ტონიკში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ და არ ჩამოიბანოთ. თუ მგრძნობიარე და ალერგიული კანი გაქვთ, ჩამოიბანეთ 10-15 წუთის შემდეგ ნელთბილი წყლით.

პილინგი
– როგორც წინა სტატიებიდან იცით, მექანიკური თუ ქიმიური პილინგი ფორების ღრმად და კომპლექსურად გასუფთავებასთან ერთად ადგილობრივ სისხლის მიმოქცევასაც აძლიერებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და საბოლოოდ – კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასაც. მექანიკური პილინგი შეგიძლიათ შინაც ჩაიტაროთ. შეარჩიეთ შერეული კანისთვის განკუთვნილი სკრაბი. ნაზად შეიზილეთ ცხიმიან უბნებზე, მშრალი ადგილების ხეხვას კი მოერიდეთ. პროცედურა 10 დღეში ერთხელ გაიმეორეთ. ასევე შეგიძლიათ, პილინგი ჩაიტაროთ მჭადის ფქვილით, შვრიის ფანტელით, ყავის ნალექით.

შრატი
– ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ შრატი კანის დასატენიანებელი საუკეთესო საშუალებაა. მისი თითოეული წვეთი ღრმად ანოტივებს და ენერგიას მატებს კანს, ებრძვის ნაოჭებს და ახალგაზრდულ იერს გვინარჩუნებს. ამის შესაძლებლობას მისი უნიკალური კონსისტენცია იძლევა: მსუბუქი ტექსტურის წყალობით შრატი ღრმად აღწევს კანში და პირდაპირ უჯრედებზე მოქმედებს.
შრატი სხვადასხვანაირია. შერეული კანისთვის, გირჩევთ, ჰიალურონის შემცველი, არაზეთოვანი სახეობა გამოიყენოთ. 2-3 წვეთი ნაზად შეიზილეთ კანზე, 10-15 წუთის შემდეგ კი დამატენიანებელი წაისვით.

დავიტენიანოთ
– კარგად დატენიანებული კანი ახალგაზრდული იერის დიდხანს შენარჩუნების წინაპირობაა. თუ გინდათ, ნაოჭები დიდხანს ვერ დაინახოთ სახეზე, არ დაგავიწყდეთ კანის დანოტივება.
თუ ზომიერად კონტრასტული შერეული კანი გაქვთ, გირჩევთ დამატენიანებელ კრემს, რომლის საბაზისო კომპონენტებიც წყალი და წყალმცენარეებია. კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი კრემები ანოტივებს მშრალ ადგილებს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას თ ზონაში, მაშასადამე, ნატურალურ ბალანსს უნარჩუნებს კანს.
ვინაიდან ცხიმიანი ნაწილი ისედაც კარგად ტენიანდება ბუნებრივად გამოყოფილი ცხიმით, ასეთ ადგილებზე კრემი თხლად გადაისვით, მშრალ ადგილებზე კი, პირიქით, კარგად შეიზილეთ.
როგორც უკვე გითხარით, მკვეთრად კონტრასტული კომბინირებული კანის სხვადასხვა უბნისთვის შესაბამისი ტიპის (მშრალი ან ცხიმიანი) დამატენიანებელი კრემი უნდა გამოიყენოთ. მშრალი ადგილებისთვის ძალიან კარგია გლიცერინის შემცველი საშუალებები. მკვებავი კრემის გამოყენება კი 40 წლიდან დაიწყეთ.


რას შეიძლება შეიცავდეს დამატენიანებელი კრემი:
1. მზისგან დამცავ კომპლექსს. უმჯობესია, მისი SPF, სულ ცოტა, 15 იყოს. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან;
2. ჰიალურონის მჟავას – ხელს უწყობს კანის აქტიურ დატენიანებას;
3. C და E ვიტამინებს – უზრუნველყოფს კანის დაცვას მავნე ზემოქმედებისგან;
4. ანწლის, ბალბის ან სუროს ექსტრაქტს – კანს ანოტივებს, ელასტიკურობას ანიჭებს;
5. სტაფილოს ან ხორბლის ექსტრაქს – კანს მცენარეული ცილებით ამარაგებს;
6. მწვანე ჩაის, გუარანის, კვლიავის ექსტრაქტს ან A ვიტამინს – კანიდან გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაძლიერებას;
7. კვიპაროსის ან ყურძნის ექსტრაქტს – ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, იცავს სისხლძარღვებს;
8. ბარამბოს, გვირილის ექსტრაქტს – კანს ნატურალურ ბალანსს უბრუნებს.
რომელ კოსმეტიკასაც არ უნდა იყენებდეთ, ყურადღება მიაქციეთ რომ არ შეიცავდეს სპირტს, პარფიუმს, პარაბენებს ("პარაბენზე" დაბოლოებული სახელწოდების მქონე ნივთიერებებს), ემულგატორებს (მაგალითად, პოლიეთილენგლიკოლს (PEG)), მინერალურ ზეთებს – პარაფინებს (მაგალითად, ვაზელინ პეტროლატუმს), ფტალატებს ("ფტალატზე" დაბოლოებული სახელწოდების მქონე ნივთიერებებს) და ხელოვნურ არომატიზატორებს – მათ შესაძლოა კანის გაღიზიანება და გამონაყარი გამოიწვიონ.
უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ დამატენიანებელ კომპონენტებს: შარდოვანას, რძის მჟავას, – რომლებიც კარგად შეიწოვება კანში და არ ახშობს ფორებს.

ნიღბები კომბინირებული კანისთვის
– 3-5 დღეში ერთხელ ორთქლის აბაზანა გაიკეთეთ: აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ გვირილის ფურცლები და სახე დაიორთქლეთ. ორთქლი ღრმად გაასუფთავებს ფორებს. მერე კი კანი კარგად დაინოტივეთ.
T ზონისთვის კარგია ზღვის მარილი. წყალში გახსენით და ცხიმიანი ადგილები კარგად დაისველეთ. რომ შეშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ახალდაყენებულ შავ ჩაიში ცოტაოდენი რძე ჩაასხით და სახე გაიწმინდეთ. რომ შეშრება, ჩამოიბანეთ. შავი ჩაი არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, რძე კი არბილებს და ამშვიდებს კანს.
თ ზონისთვის კარგია სამკურნალო ტალახის ნიღაბი. ის წმენდს და აცოცხლებს კანს. სამკურნალო ტალახს წყალი ან გვირილის ჩაი დაასხით. ფაფისებური მასა მხოლოდ თ ზონაზე წაისვით. როცა შეშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ოხრახუში მის შემადგენლობაში შემავალი A, B და C ვიტამინების წყალობით ძალიან კარგი საშუალებაა ფორების დასაცავად. 100 მლ ცხელ წყალში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში დაამატეთ ერთი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი მსხვილი შვრიის ფანტელი. ცოტა შეაგრილეთ. წაისვით სახეზე და 20 წუთი გაიჩერეთ, მერე ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ლიმონისა და ხაჭოს ნიღაბი ძალიან კარგია მთელი სახისთვის. ლიმონი კარგი გამწმენდია, ხაჭო კი ძალიან უხდება როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან კანს. ერთმანეთში კარგად აურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ორი სუფრის კოვზი ხაჭო, წაისვით მთელ სახეზე და 10 წუთის შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ზაფხულში
– ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედებისას ცხიმოვანი ჯირკვლები აქტიურდება და თ ზონა უფრო მეტად იწყებს პრიალს, ამიტომ უმჯობესია, ზაფხულობით კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი ისეთი ტონიკი გამოიყენოთ, რომელიც ცხიმის სინთეზს დაარეგულირებს. შრატი მხოლოდ საღამოობით შეიზილეთ კანზე, სახე კი კრემ–გელით დაინოტივეთ. ქლორიანი და მარილიანი წყალი აუცილებლად ჩამოიბანეთ. შინიდან გასვლის წინ არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა.

ზამთარში
– ზამთარში, როდესაც ტემპერატურა 8 გრადუსზე დაბალია, ცხიმის გამოყოფა მცირდება და კანი ადვილად კარგავს ტენს, მშრალი უბნები შესაძლოა უფრო მეტად გამოშრეს. ამიტომ ზამთარში, განსაკუთრებით – ყინვაში, შეგიძლიათ, კანის მშრალ უბნებზე ცხიმის შემცველი კრემი ან ქოლდკრემი წაისვათ (და იგივე კრემი ძალიან თხლად გადაისვათ თ ზონაზე). გამათბობლის ჰაერი კანს აშრობს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ოთახის ხშირად გაანიავება.

მაკიაჟი
– რა უნდა გაითვალისწინოთ მაკიაჟის გაკეთებისას:
1. მაკიაჟის წასმამდე პირი დაიბანეთ, მერე ტონიკით გაიწმინდეთ. ძალიან არ იხეხოთ, შეიშრეთ ნაზად, პირსახოცის მიდებით.
2. მოამზადეთ კანი ტონალურის ან ფუძის წასასმელად. კარგად დაინოტივეთ კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი სპეციალური დამატენიანებლით, 5-10 წუთის შემდეგ მერე კი ტონალური კრემი წაისვით. უპირატესობა ისეთ კრემს მიანიჭეთ, რომლის შეფუთვაზეც მითითებული იქნება: "არაკომედოგენური". სასურველია, არ შეიცავდეს მინერალურ ზეთებს, ქიმიურ და სინთეტიკურ ინგრედიენტებს.
3. პუდრი კანის მხოლოდ ცხიმიან უბანზე წაისვით, არჩევანი კი ბრინჯის ბაზისზე დამზადებულ პუდრზე შეაჩერეთ – ის კარგად ფარავს ცხიმოვან ბზინვარებას.
ფორები დახშობისგან რომ დაიცვათ, ცხიმიან უბანზე თხლად წაისვით ფუძე ან ტონიკი გადაისვით.

შევაჯამოთ:
უპირველეს ყოვლისა, კარგად დააკვირდით, სახის რომელი ნაწილი გაქვთ ცხიმიანი და რომელი – მშრალი.
ერიდეთ ცხელ და ძალიან ცივ წყალს. დაიბანეთ ოდნავ თბილით. გამოიყენეთ დასაბანი საშუალებები, რომელთა PH 5,2– 5,7 – ია.
შეგიძლიათ, პირი წყლის ნაცვლად გვირილის ჩაით დაიბანოთ. თუ ერთ ჩაის კოვზ რძესაც დაამატებთ, უკეთესი იქნება.
ეცადეთ, ხელი ხშირად არ შეახოთ სახეს და არ აწვალოთ ფერიმჭამელები – ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, ჩირქოვანი ელემენტების გამრავლებას, ხოლო უარეს შემთხვევაში – აკნეს.
თუ ცხიმიან ნაწილზე გამონაყარი გაქვთ, სპეციალური გამწმენდით მხოლოდ ეს ადგილები გაიწმინდეთ, ლოყებსა და საფეთქლებს არიდეთ.

ღამით მაკიაჟი სახეზე არ დაიტოვოთ.
თუ ზომიერად კოტრასტული შერეული კანი გაქვთ, ასეთი კანისთვის დამზადებული თავის მოვლის სპეციალური საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა გამოიყენეთ, თუ მკვეთრად კონტრასტული – სხვადასხვა უბანზე შესაბამისი კოსმეტიკა იხმარეთ.
ერიდეთ ჩიფსებს და შოკოლადს, ცხიმიან და შებოლილ საკვებს. არ დაგავიწყდეთ, რომ სწორი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, რეგულარული ვარჯიში, საკმარისი ძილი დადებითად მოქმედებს კანზე, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და აფერხებს დაბერების პროცესს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: