როგორ მოვიპოვოთ კატების კეთილგანწყობა

გააზიარე:

კატა თავნება და ნებიერი არსებაა. რამდენიმე ათასი წელია, რაც ეს მშვენიერი ცხოველი ადამიანის გვერდით ცხოვრობს, მაგრამ მისი ხასიათი მაინც ამოუცნობი რჩება. კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, მეტად ეგოცენტრულები არიან და პირად სივრცეს მეტად უფრთხილდებიან. საკუთარი საზღვრების დაცვა მათთვის პრიორიტეტულია.

როგორ მოვიპოვოთ კატების კეთილგანწყობა? როგორ დავიმეგობროთ ისინი?

კუდი ხელშეუხებელია!

. კატის კუდი ხერხემლის ერთგვარი გაგრძელებაა. მასში ბევრი ნერვული დაბოლოებაა, ამიტომ ის ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზია. კუდზე ყოველგვარი შეხება მყისიერ რეაქციას იწვევს. თუ შემთხვევით კუდზე დააბიჯეს, კატა საკმაოდ ძლიერ ტკივილს განიცდის.

. კუდი კატას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ყველას გვინახავს, რა ოსტატურად ბალანსირებენ კატები ვიწრო ზედაპირზე.

. კუდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოხვევაში სწრაფი სირბილის დროს.

. დაბოლოს, კუდის მეშვეობით კატები ერთმანეთსაც “ესაუბრებიან” და ადამიანებსაც აგებინებენ “სათქმელს”.

კუდის დაზიანებას შეუძლია, მძიმე ნევროლოგიური დაავადება გამოიწვიოს. არაფრით არ შეიძლება კუდზე მოქაჩვა, კუდით თამაში. კატა უფრთხის მათ, ვინც ამ წესს არ იცავს და არასდროს დაუმეგობრდება მას, ვინც "კუდის ხელშეუხებლობის” უსიტყვო შეთანხმებას დაარღვევს.

აცადეთ “მედიტაცია”

. კატა რაფაზე ზის, თვალებმოჭუტული გასცქერის სივრცეს და კრუტუნებს.

. კატა დივანზე, სავარძელზე ან საწოლზეა მოკალათებული, მაგრამ არ სძინავს - ფხიზლობს, თითქოს ჩაფიქრებულია.

. კატა იატაკზე კოტრიალობს, მერე გაწვება, გაიჭიმება, გაიზმორება.

კატები ხშირად იქცევიან ისე, თითქოს საგანგებოდ თქვენთვის მართავენ ეფექტურ გამოსვლას ან მოსაფერებლად გიხმობენ. სინამდვილეში ამ დროს ისინი “სასიცოცხლო ენერგიის მარაგს ივსებენ” და ამ დროს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ პატრონის მოფერება. უმჯობესია, არ შეაწუხოთ თქვენი ფუმფულა მეგობარი და “მედიტაცია” აცადოთ. სპეციალისტების მტკიცებით, ამ მდგომარეობიდან კატის უხეშად გამოყვანა იგივეა, რაც ღრმა ძილიდან უცაბედი გამოღვიძება.

ნუ ჩაუხშობთ მონადირის ინსტინქტს

თუ თქვენი კატა კაწრავს კედლებს, დივნისა და სავარძლის სახელურებს, დასდევს ადამიანებს, "ნადირობს" ოჯახის წევრებზე, ერჩის ქოთნის ყვავილებს, ფეხსაცმელებს - ეს ნიშნავს, რომ მას საკმარის დროს არ უთმობთ, არ ეთამაშებით და ენერგიის დახარჯვის საშუალებას არ აძლევთ.

რამდენ ხანს უთმობთ თქვენს კატასთან თამაშს? კატების ქცევის სპეციალისტი ჯექსონ გალაქსი ირწმუნება, რომ დღის განმავლობაში 15 წუთი კატასთან აქტიური თამაში აუცილებელია მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის. აქტიური თამაში ნიშნავს, რომ კატას საშუალება ეძლევა, აჰყვეს "მონადირულ" ინსტინქტს, სდიოს რაიმე მოძრავს, თათებში მოიქციოს "მსხვერპლი". სასურველია, გქონდეთ კატებისთვის შექმნილი სპეციალური მასალის სათამაშოები, რომლებსაც ბრჭყალები და ეშვები ვერაფერს დააკლებს.

დახურული კარის მიღმა

კატების პატრონებმა იციან: დახურული კარი კატისთვის "მიღმა სამყაროში გამავალი პორტალია". მან აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა ხდება დახურული კარის მიღმა. კართან დგომა და მავედრებელი მზერა  ტრადიციული "იარაღია".

კარის გაღების შემდეგ კი კატას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები: ახლა შევიდეს, ხუთ წუთში თუ ნახევარ საათში. მის დაჩქარებას, კარის დახურვას ან კატისთვის ფეხით ბიძგებას არ გირჩევთ. ადროვეთ ფუმფულა მკვლევარს, თავად გადაწყვიტოს, როდის "აითვისოს ახალი ტერიტორიები". იძულება კატებს ძალიან არ მოსწონთ.

კატა და ბავშვები

მცირეწლოვანი ბავშვი და კატა სახიფათო ტანდემია. კატები ფრთხილი და მზრუნველი არსებები არიან, მაგრამ პატარა ბავშვმა შესაძლოა უნებურად რამე დაუშავოს ცხოველს – რბილ სათამაშოსავით მოექცეს, ძალა ვერ მოზომოს და უხეშად მოქაჩოს თათზე, კუდზე ან სულაც ულვაშებზე... ამ დროს კატაში შესაძლოა თავდაცვის ინსტინქტმა გაიღვიძოს და კლანჭები და ეშვები გამოაჩინოს.

ასწავლეთ ბავშვებს, რომ კატა სათამაშო არ არის. ბავშვმა პატივი უნდა სცეს კატის პირად სივრცეს და ზედმეტად არ შეაწუხოს ის.

ნინო ლომიძე

გააზიარე: