როგორ მოვიქცეთ პროფესიული გადაწვის დროს?

გააზიარე:

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული გადაწვა ძნელად ასატანი მდგომარეობაა, ადამიანები მას იშვიათად აქცევენ ყურადღებას და პრობლემას მაშინღა აღიარებენ, როდესაც გადაწვის ბოლო სტადიას აღწევენ და ნაკისრ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებენ. მე თვითონაც მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როდესაც ერთ საღამოს შინ დავბრუნდი, პალტოჩაცმული ჩამოვჯექი საწოლზე და ვეღარ ავდექი – გავიაზრე, რომ არათუ საღამოს დაგეგმილ ოფისის საახალწლო შეხვედრაზე წასვლა (მომზადება, ჩაცმა, რესტორნამდე მისვლა და იქ 3-4 საათის გატარება) არ შემეძლო, არამედ იმისთვისაც კი ვერ ვპოულობდი ძალას, გამეხადა და დავწოლილიყავი.


დაახლოებით სამი კვირა დამჭირდა, სანამ ისევ დავიწყებდი ელემენტარული ყოველდღიური მოქმედებების შესრულებას.
ეს ჩემი პირველი პროფესიული გადაწვა არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე მწვავე ნამდვილად იყო. როცა მოვმჯობინდი, მომიწია ჩემი მიდგომების გადახედვა და იმის აღირება, რომ დროისა და ენერგიის ეფექტური განაწილების ახალი სტრატეგიები უნდა ამეთვისებინა.


სანამ რამის განნხილვას შევუდგებოდი, ერთი კვირა დავისვენე. ეს გადაწვა ახალი წლის დღეებს დაემთხვა და შედეგად წინასაახალწლო სამზადისში ჩართვა თითქმის ვეღარ შევძელი. მახსოვს, ნაძვის ხეც კი არ მომირთავს – ეს ფუნქცია ჩემმა მეუღლემ იტვირთა. დასვენების შემდეგ გავიაზრე, რომ თუ გადაწვის გამო შეიძლება ზედმეტ ან არასასურველ აქტივობებზე უარის თქმა, რა იშლის ხელს, ეს მანამდე გავაკეთოთ? აუცილებელია, ისე ავად გავხდე, რომ საწოლიდან ვეღარ ავდგე? თუ ახალ წელს მორთვა-დალაგება-საჭმლის კეთებაზე უარის თქმით არავინ დაზარალებულა, ქვეყანა არ დაქცეულა, ესე იგი ამ რიტუალებს ჩემი და ჩემი ახლობლების ცხოვრებაში იმხელა ადგილიც არ ეკავა, რომ, ისედაც გადაღლილს, მათ გამო უფრო მეტად დამეტვირთა საკუთარი თავი. სწორედ ეს არის გადაწვის ერთ-ერთი მიზეზი: ყველა ვალდებულების თანაბრად მნიშვნელოვნად მიჩნევა და ყველაფრის მარტო კეთება, დღის რეჟიმის გადატვირთვა, ჯანსაღი კვებისა და ძილის მეასე პრიორიტეტად დასახვა და სხვადასხვა რიტუალისა თუ წესის მხოლოდ იმიტომ შესრულება, რომ აქამდე ასე იყო მიღებული.
ამ თემას საკუთარი ფსიქოთერაპიის რამდენიმე სესია დავუთმე და ვეცადე, ცხოვრებაში ახალი პრინციპები დამენერგა: უარი მეთქვა ახალ წინადადებებზე, განმესაზღვრა სამსახურეობრივი პრიორიტეტები და ნაბიჯ-ნაბიჯ დამეძლია სამსახურში დაგროვილი გამოწვევები, ოჯახის წევრებთან ერთად გადამეხედა სახლში აუცილებლად შესასრულებელ საქმიანობათა ჩამონათვალისთვის და უკეთ გაგვენაწილებინა პასუხისმგებლობები.

  • მიზეზი

რატომ მიგვყავს თავი ამ მდგომარეობამდე? ცოტას თუ აქვს ფუფუნება, აირჩიოს, სად და რამდენი იმუშაოს, თუმცა პროფესიული გადაწვის მიზეზი მხოლოდ ეს ვერ იქნება, რადგან გადაწვა ყველას შეიძლება შეეხოს, განურჩევლად განათლებისა და სტატუსისა. მეტიც – ყველაზე ხშირად იწვებიან სწორედ კარიერაზე ორიენტირებული, წარმატებული ადამიანები, რომლებსაც სამსახურის არჩევისა და პროფესიული საქმიანობის დაგეგმვის შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ.
დასავლეთზე ორიენტირებულ კულტურაში შრომას, ნებისყოფას და მოთმინებას, საკუთარ საჭიროებებზე უარის თქმას, პროფესიული წარმატებისათვის ბრძოლას და სამსახურებრივ წინსვლას საზოგადოება მხარს უჭერს და ახალისებს. შესაბამისად, ქცევებს, რომლებიც გადაწვას იწვევს, ბევრი განმამტკიცებელი ფაქტორი უმაგრებს ზურგს. სწორედ ამიტომაა თანამედროვე სამყაროში ასეთი ხშირი სრული გადაწვა, რომელსაც ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები მოჰყვება. საბოლოო ჯამში, პროფესიული გადაწვა არა მხოლოდ პირად, არამედ კარიერულ ვარდნასაც იწვევს: გადამწვარი ადამიანის პროფესიულ მოვალეობების შესრულების ხარისხი პროგრესულად უარესდება და ხშირად იმით მთავრდება, რომ ეს ადამიანი მხოლოდ კი არ ტოვებს სამსახურს (ან ათავისუფლებენ), არამედ ამ სფეროში მუშაობა ვეღარც კი წარმოუდგენია.


ამავე დროს, არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც ასეთი სამუშაო რიტმის უარყოფით ეფექტებს ითვალისწინებენ. როდესაც კლინიკურ პრაქტიკას ვიწყებდი, სულ რამდენიმე კლიენტი მყავდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. მაშინ ჩემი სუპერვაიზერი მეუბნებოდა: "ძალიან კარგი! ახლა ბევრი რომ გყავდეს, ვერ გაუძლებ და ერთ წელიწადში საერთოდ უარს იტყვი ამ საქმიანობაზე“, რადგან მანამდე სხვებისგან მხოლოდ არაფრისმთქმელი რჩევები მესმოდა: "თავს გაუფრთხილდი", "ასე არ შეიძლება“, ახლა კი გადაწვის რეალური საფრთხე დავინახე. მივხვდი, რომ ჩემივე პროფესიული ზრდისთვის აჯობებდა, კლინიკური საქმიანობა ნელა, მაგრამ დამატებითი წნეხის გარეშე დამეწყო, ხოლო ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად სხვა გზა მომეძებნა.
ასე რომ, საკუთარ თავზე ზრუნვა ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა. ადამიანი, რომელიც საკუთარ ფიზიკურ და ფსოქოლოგიურ კომფორტზე არ ზრუნავს, ვერც პირად და ვერც პროფესიულ სფეროებში ვერ მიაღწევს წარმატებას – ნახეთ, რა მაღალია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებელი კარიერაზე ორიეტირებულ ადამიანთა ჯგუფში. შესაძლოა, მოკლევადიანად ასეთი სტრატეგია ამართლებდეს, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი არ არის მზად, ქრონიკულად გაუძლოს ასეთ რეჟიმს. ამიტომ, თუ გვინდა, ჩვენი საქმიანობით და მისი შედეგებით დიდხანს დავტკბეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა ვისწავლოთ.

  • პროფესიული გადაწვის ნიშნები

პროფესიული გადაწვა განიმარტება როგორც ფიზიკური და ემოციური გადაღლილობა, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს სამსახურში არსებულ ხანრგძლივ სტრესს ან ემოციურად დამღლელ ქრონიკულ სამუშაოს. პროფესიული გადაწვისადმი ყველაზე მოწყვლადები ხალხთან უშუალოდ მომუშავე პროფესიონალები არიან, მაგალითად, ექიმები, პოლიციელები, მასწავლებლები, ფსიქოთერაპევტები. ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აკვირდებოდნენ თავიანთ მდგომარეობას, ეძიებდნენ პროფესიონალების – საქმიანობის სუპერვაიზორის, თერაპევტის, იოგას ინსტრუქტორის, ქოუჩის და ა.შ. – მხარადაჭერას და მზად იყვენენ გადაწვის ნიშნების ამოსაცნობად.
. სამსახურის ყოველი დღე მძიმე გეჩვენებათ.
. მუდამ გრძნობთ დაღლილობას.
. სამსახურში არაფერი გიტაცებთ, რაც არ უნდა საინტერესო იყოს.
. განრიდების ისეთ გზებს მიმართავთ, როგორიც ალკოჰოლის ან თრობის მომგვრელი, ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერებების ჭარბი მოხმარებაა (ხაზს ვუსვამ: კოფეინიც მიჩვევადი ნივთიერებაა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რუტინის იმდენად განუყოფელ ნაწილად იქცა, რომ ეს ფაქტი გვავიწყდება).
. ადრინდელთან შედარებით, მოთმინებას ადვილად კარგავთ, მცირე უსიამოვნებაც კი გაღიზიანებთ.
. ცხოვრებასა და სამსახურზე ფიქრისას უიმედობას გრძნობთ.
. გაწუხებთ ტკივილი მკერდის არეში, გიჭირთ სუნთქვა, ჩვეულებრივზე მეტი ან ნაკლები გძინავთ (როდესაც ეს სიმპტომები წმინდა სამედიცინო მიზეზებით ვერ აიხსნება).
. შაბათ-კვირამდე დღეებს ითვლით, უქმეები ჩვეულებრივზე მეტად გიხარიათ და უქმე დღის ბოლო საღამო ჩვეულებრივზე მძიმედ გადაგაქვთ (იცით, ხვალ ისევ სამსახურში უნდა წახვიდეთ და ამაზე წინასწარ დარდობთ).
. სამუშაო დღის ბოლომდე გასაძლებად იმდენ ენერგიას ხარჯავთ, რომ მეტი არაფრის ძალა აღარ გრჩებათ.
. გიხარიათ, როდესაც სამუშაო დატვირთვა მოულოდნელად იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თქვენი შემოსავალიც შემცირდეს ან ზიანი მიადგეს თქვენს საქმეს (მაგალითად, თერაპევტი, რომელსაც უხარია კლიენტის მიერ სესიის გაცდენა ან მენეჯერი, რომელსაც უხარია, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა გადაიდო).
. სამსახურის გარეთ რაიმეს დაგეგმვა, გაძღოლა, გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივზე მეტად გიჭირთ.
. მცირე სტრესზეც გეტირებათ ან ბრაზდებით.

  • აღდგენა

გადაწვა თავისით არ გაივლის; პირიქით, თუ უგულებელყავით, აქტიურად არ მიხედეთ, მდგომარეობა გაუარესდება, დამძიმდება, ამიტომ ჩარევა პირველი ნიშნების გაჩენისთანავეა რეკომენდებული. აღდგენას დრო სჭირდება, ეს არ არის სწრაფად და მარტივად მოსაგვარებელი მდგომარეობა. უკვე გითხარით, რომ მე თვითონ მასთან გასამკლავებლად სამი კვირა მაინც დამჭირდა, ახალი სტრატეგიის შემუშავებასა და ცხოვრების სტილის შეცვლას კი თვეები დასჭირდა.
პროფესიულ გადაწვასთან გამკლავების ქვემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიები ზოგადი ხასიათისაა, შესაბამისად, მიჰყევით იმას, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება თქვენს პიროვნებას. გახსოვდეთ, სტრატეგიის ეფექტურობის შესაფასებლადაც დროა საჭირო. შედეგის მისაღებად, როგორც მინიმუმი, სტაბილური ორკვირიანი ძალისხმევა დაგჭირდებათ.


ასეთი სტრატეგიებია:
• ჩამოწერეთ ყველა სიტუაცია, რომელშიც სტრესს, შფოთვას, გაღიზიანებასა და დაუცველობას განიცდით. არ იჩქაროთ, ეს შრომატევადი პროცესია. შეგიძლიათ, სია თანდათანობით გაზარდოთ.
. თვალი გადაავლეთ ჩამონათვალს და თითოეულ სიტუაციას მიუწერეთ ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც სტრესის დონეს დასწევთ. დაიწყეთ ამ გზის დანერგვა, ოღონდ მყისიერ შედეგს ნუ დაელოდებით. აცადეთ, ეს ცვლილება თქვენი რუტინის ნაწილი გახდეს.
. აღდგენის პერიოდში წესად შემოიღეთ ახალი წინადადებების მიღებისგან თავის შეკავება. თამამად უთხარით "არა" ახალ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს. თავდაპირველად შესაძლოა გაგიჭირდეთ, განსაკუთრებით – თუ მთელი ცხოვრება იმით ამაყობდით, რომ ბევრ საქმიან წინადადებას იღებდით და უამრავ პასუხისმგებლობას ართმევდით თავს, ამიტომ გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია, აღდგენის შემდეგ კი გადააფასებთ, რამდენ დატვირთვას გაუძლებთ და შემდგომში მხოლოდ თქვენთვის პრიორიტეტულ საქმიანობაზე იტყვით თანხმობას. ნუ გეშინიათ, რამდენიმე უარი იმას არ ნიშნავს, რომ ამიერიდან არასოდეს არავინ მოგმართავთ.
• გაუნაწილეთ საქმიანობა სხვებს, თუნდაც ისინი თქვენზე ნელა ან უარესად მუშაობდნენ. ამით მხოლოდ საქმე კი არ მოგაკლდებათ (თუმცა თავდაპირველად შესაძლოა, პირიქით, მოგემატოთ კიდეც), არამედ იმ პასუხისმგებლობის ტვირთიც შეგიმსუბუქდებათ, რომელიც საქმის მარტო კეთებას ახლავს თან. თანამედროვე სამყაროში თითქმის აღარ არსებობს ამოცანები, რომელსაც ადამიანი მარტო, გუნდის გარეშე გაართმევს თავს. მეც კი, ფსიქოთერაპევტი, რომელიც ცალკე, კლიენტის პირისპირ მუშაობს, ყოველთვიურ კონსულტაციას გავდივარ სუპერვაიზერთან და, საჭიროებისამებრ, მიწევს თანამშრომლობა სოციალურ მუშაკთან, სექსოლოგთან, ფსიქიატრთან, ენდოკრინოლოგთან.
• დიდ ამოცანებს შორის დასვენების პერიოდები დაგეგმეთ. ერთი სტრესული საქმიანობის დამთავრების შემდეგ მყისიერად ნუ გადაერთვებით მეორეზე. დაისვენეთ და მიღებული შედეგებით ისიამოვნეთ.
• აკონტროლეთ თქვენი გაჯეტები – ტელეფონებს, კომპიუტერებს და სხვა მოწყობილობებს უამრავი ენერგია მიაქვს (ადვილად სათქმელი და ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციაა, ამიტომ გადაწვის ეტაპზე მიუდექით ამ რჩევას როგორც ექიმის დანიშნულებას). ეცადეთ არ გამოიყენოთ გაჯეტები ძილის წინ.
. დრო გაატარეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს სამსახურთან არ არიან დაკავშირებულნი. ეს ახალ იდეებსა და შთაგონებას გაპოვნინებთ.
• დაგეგმეთ დრო, რომელსაც კარიერულ განვითარებას მიუძღვნით, რომელიც უშუალოდ სამსახურს არ ეხება. ეს შეიძლება იყოს ონლაინ კურსები, თქვენს სფეროში პროფესიული ჟურნალების გამოწერა, კოლეგებთან შეხვედრა, ა.შ. პროფესია მეტია, ვიდე კონრკეტულ პოზიციაზე სამუშაო ვალდებულებების შესრულება და სფეროში სიახლეების გაცნობით თქვენს კარიერას გრძელვვადიან ჭრილში შეხედავთ. ხოლო, თუ თქვენს სფეროში სიახლეების გაცნობა და კოლეგების ნახვა თქვენვის უსიამოვნოა, მოტივაციის ამაღლების ნაცვლად უარესად გფიტავთ, იქნებ პროფესიული სფროს შეცვლაზე დაფიქრდეთ?
. ეცადეთ, არ წაიღოთ სამუშაო სახლში. ვიცი, ხანდახან ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ეცადეთ, სახლი სამსახურებრივი დავალებებისგან დაცლილი სივრცე იყოს.
. დაფიქრდით, რამ გამოიწვია თქვენი გადაწვა: რამდენად მოგწონთ თქვენი როლი სამსახურში, რამდენად ადეკვატურია თქვენი დატვირთვა, რამდენად მოელით და იღებთ უკუკავშირს, რისი შეცვლა შეიძლება.
. ყურადღება მიაქციეთ სხეულს. გადაწვა ჯამრთელობას ასუსტებს. დაიწყეთ მარტივი ვარჯიშით და ნელ-ნელა გაართულეთ – უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში სტრესს ამცირებს, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, სიცოცხლის ხარისხს ამაღლებს და, რაც მთავარია, ენერგიის წყაროა, ენერგია კი ასეთი "დეფიციტური საქონელია" გამოფიტვის დროს.
. ყურადღება მიაქციეთ ძილსა და კვებას. დაკავებული ადამიანებისთვის სიის სათავეში ყოველთვის საქმეა, საკუთარი კეთილდღეობა კი მეორადი პრიორიეტეტია. ჯანსაღი რეჟიმის შემოღებითა და დაცვით მხოლოდ გამოფიტულ სხეულს კი არ გააძლიერებთ, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვასაც ისწავლით.
. მოწყდით სამსახურს. მაქსიმალურად ეცადეთ, ისე დაისვენოთ (მაგალითად, იქ, სადაც მობილური ცუდად იჭერს და ინტერნეტი არ არის), რომ სამუშაო თან არ წაიღოთ. ფიზიოლოგიურ დონეზეც კი ტვინი სხვანაირ რეჟიმში გადადის დასვენების დროს და მუდმივი ზარები და იმეილები ამ პროცესს აბრკოლებს.
. გადახედეთ თქვენს სასიცოცხლო მიზნებს: რას შეცვლიდით და რას შეინარჩუნებდით? მერე კი დაფიქრდით, რამდენად უწყობს ამ ყველაფერს ხელს თქვენი სამსახური. ისეთი საქმის კეთება, რომელიც უპირისპირდება თქვენს ღირებულებებს ან წინ ეღობება თქვენს პიროვნულ ზრდას, გამოფიტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დაისახეთ ახალი მიზნები და განიხილეთ, როგორ ესადაგება მათ თქვენი საქმიანობა.
• ეძიეთ რესურსები და დასაყრდნობი: ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, დაქირავებული პროფესიონალები, აღდგენითი გასვლები ბუნებაში, ა.შ. მიზანმიმართულად გამოყავით დრო იმისათვის, რაც სამსახურს არ უკავშირდება, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანია.
საბოლოო ჯამში, პროფესიულ გადაწვასთან ბრძოლა რეალურ და ხელშესახებ შედეგებს იძლევა. ეს პროცესი იწყება გადაწვის აღიარებით და მთავრდება მეთოდური აღდგენით. პროფესიული გადაწვა სისუსტე არ არის – პირიქით, ის ძლიერ, სრულყოფილ შედეგებზე ორიენტირებულ ადამიანებს ემართებათ, ამიტომ არც პრობლემის აღიარება და დახმარების დროული ძიებაა სირცხვილი. არსებობს თვითდახმარების უამრავი სახელმძღვანელო და პროფესიონალი, რომლებიც ამ პროცესში მხარს დაგიჭერთ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: