რისი ბრალია და ვის ემუქრება თვითნებითი აბორტი?

გააზიარე:

სამწუხაროდ, ორსულობა ყოველთვის სასურველი შედეგით არ მთავრდება – მედიცინის განვითარების მიუხედავად, მისი თვითნებური შეწყვეტა მაინც აქტუალური პრობლემაა.
ორსულობის შეწყვეტის პროგნოზირება და თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ სათანადო მართვითა და მეთვალყურეობით ცუდი პროგნოზი შესაძლოა კეთილსაიმედოდ შეიცვალოს და ცხრა თვის შემდეგ თქვენს ოჯახს სანატრელი ახალი წევრიც შემოემატოს.

  • აქტუალური პრობლემა

ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა, თვითნებითი აბორტი (უბრალო ენით – მუცლის მოშლა), ორსულობის მე-20 კვირამდე შეწყვეტას ეწოდება. როგორც ითქვა, ასეთი რამ არ არის იშვიათი: სტატისტიკური მონაცემებით, ორსულობათა დაახლოებით ნახევარი თვითნებითი აბორტით მთავრდება, თუმცა შეწყვეტილ ორსულობათა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან უმეტესობა მანამდე წყდება, სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა. ამ დროს მენსტრუაციულ გამონადენთან ერთად საშვილოსნოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედიც ტოვებს. მოგვიანებით ვადაზე (როდესაც ორსულობა უკვე დადგენილია) ყოველი ასიდან 10-15 მთავრდება თვითნებითი აბორტით, უმეტესად – მე-12 კვირამდე, მე-13-დან მე-19 კვირამდე კი ორსულობათა დაახლოებით 5% წყდება.
თუ ქალს ზედიზედ ორჯერ ან მეტჯერ ჰქონდა თვითნებით აბორტი, ორსულობის განმეორებით, მორეციდივე შეწყვეტაზე საუბრობენ. ასეთი რამ ორსულობათა 1%-ში აღირიცხება.

  • ვის ემუქრება

სამწუხაროდ, ორსულობის შეწყვეტისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ზოგიერთი ფაქტორი თვითნებითი აბორტის რისკს ერთიორად ზრდის. მათ მიეკუთვნება:
* ორი ან მეტი თვითნებითი აბორტი ანამნეზში;
* 35 წელზე უფროსი ასაკი;
* მავნე ჩვევები – თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება;
* მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი;
* სიმსუქნე – 30-ის ტოლი ან უფრო მაღალი სხეულის მასის ინდექსი.

  • ვეძებთ მიზეზს

დამნაშავის პოვნა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება. უფრო სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მიზეზი უმეტესად დაუდგენელი რჩება. განმეორებითი აბორტის გამომწვევის იდენტიფიცირებაც ხშირად ჭირს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც სპონტანური აბორტი დღემდე აქტუალურია, სწორედ ესაა – როცა მიზეზი არ ვიცით, შედეგის აღმოფხვრა ერთიორად ძნელია.
ქვემოთ ორსულობის შეწყვეტის დადგენილი მიზეზების შესახებ ვისაუბრებთ.

  • შეცდომისგან არავინაა დაზღვეული

მათ შორის – არც ქრომოსომები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თვითნებითი აბორტების ნახევარი ქრომოსომული შეცდომების წილად მოდის. საინტერესოა, რომ ესენი უმეტესად შემთხვევითი შეცდომებია და არა მშობლებისგან გადაცემული მუტაციური გენები. ქრომოსომული დარღვევის მიზეზით ორსულობის შეწყვეტა სხვადასხვა სცენარით ხდება: ზოგჯერ ემბრიონი საშვილოსნოში იმპლანტირდება, მაგრამ მისგან ნაყოფი ვეღარ ვითარდება (ანემბრიონული ორსულობა); ზოგჯერ ნაყოფი ვითარდება, მაგრამ მოგვიანებით განვითარებას წყვეტს და კვდება; ზოგჯერ არასწორი განაყოფიერების შედეგად დგება მოლარული ორსულობა – კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ორსულობა ნორმალურად გაგრძელდეს, პლაცენტა კისტების გროვად ყალიბდება.

  • მავნე მიკრობები

ორსულობას საფრთხეს უქადის ინფექციაც. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში მიკრობები გააერთიანეს თOღჩH აბრევიატურით, რომელიც ტოქსოპლაზმას, წითურას, ციტომეგალოვირუსს და ჰერპესვირუსს მოიცავს. სიფრთხილე გმართებთ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთანაც, მაგალითად, სიფილისთან. ყველაზე უარესი ის არის, რომ ეს ინფექციები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი მათი გამოვლენა ლაბორატორიულადაც ჭირს ან, თუ ვლინდება, გამოკვლევის შედეგი პროგნოზს ვერ ცვლის.
და მაინც, გამოკვლევები, უმჯობესია, ექიმებს მივანდოთ, ამიტომ ინფექციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. ავადმყოფობის ადრეული გამოვლენა და მკურნალობა განსაზღვრულ შემთხვევებში (!) სავალალო გართულებისგან დაგიცავთ.

  • ორსულობის ჰორმონი

ორსულობის ნორმალურად წარმართვაში ჰორმონებს უდიდესი როლი აკისრიათ. მათ შორის მთავარია პროგესტერონი. ამის დასტური მისივე სახელია, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება როგორც “ორსულობისთვის განკუთვნილი” (პრო – თვის, გესტიო – ორსულობა). პროგესტერონი, უპირველეს ყოვლისა, დაორსულებას უწყობს ხელს, მერე კი ყველაფერს აკეთებს, რომ ორსულობა გაურთულებლად წარიმართოს. სწორედ ის ამზადებს საშვილოსნოს ლორწოვანს ჩანასახის მისაღებად, ადუნებს საშვილოსნოს ??? შრეს (მისმა მოცულობამ ხომ რამდენიმე ასეულჯერ უნდა მოიმატოს)... იოლი მისახვედრია, რას მოიტანს პროგესტერონის დეფიციტი: საშვილოსნოში ვეღარ შეიქმნება ნაყოფის მიმაგრებისა და განვითარებისთვის საჭირო პირობები და ორსულობა შეწყდება.
პროგესტერონის უკმარისობას უბრალო ენით ყვითელი სხეულის ნაკლებობას ეძახიან, რადგან სწორედ ყვითელი სხეული წარმოადგენს ორსულობის დასაწყისში პროგესტერონის ძირითად წყაროს. ამ პათოლოგიას ექოსკოპიური კვლევით გამოავლენენ. საჭიროებისამებრ, ტარდება ლაბორატორიული ანალიზიც ჰორმონის დონის შესაფასებლად. ასე რომ, ყვითელი სხეულის უკმარისობა ორსულობის შეწყვეტის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პრობლემის ადრეულ გამოვლენას პროგნოზისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საბედნიეროდ, თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე არის პროგესტერონის არაერთი ანალოგი, რომლებიც ჰორმონის დეფიციტს ეფექტურად აღმოფხვრის. უპირატესობა ენიჭება ვაგინალურ ანუ საშოში მოსათავსებელ პრეპარატებს. განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება პერორალური პროგესტერონის მიღებაც.

  • ცუდი საყოფაცხოვრები პირობები

საშვილოსნო ნაყოფის “სახლია”, ამიტომ ნაყოფის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მის ფუნქციურ და სტრუქტურულ მდგომარეობაზე. საშვილოსნოს სხვადასხვა დეფექტი ორსულობის ვადამდე მიუტანლობის მიზეზად გვევლინდება. მაგალითად, ძგიდე. ის საშვილოსნოს ორ ნაწილად ყოფს. ნაყოფს განვითარებისთვის საჭირო სივრცე აღარ რჩება და ორსულობის შეწყვეტის რისკი იმატებს. ლოგიკურია, რომ საშვილოსნოს პათოლოგიები ორსულობის განმეორებით შეწყვეტას იწვევს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად დაორსულებამდე ოპერაციის ჩატარებაა მიზანშეწონილი, რომ საშვილოსნოს ნორმალური ფორმა აღდგეს.
აშერმანის სინდრომი ხშირად იწვევს განმეორებით აბორტს, განსაკუთრებით – ადრეულ ვადებზე, სანამ ორსულობა დადგინდება. აშერმანის სინდრომის დროს საშვილოსნოს ღრუში შეხორცებები წარმოიქმნება. მიზეზი უმეტესად საშვილოსნოზე გადატანილი ოპერაციაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მძიმე ინფექციამ, მაგალითად, ტუბერკულოზმა გამოიწვიოს. შეხორცებები საშვილოსნოს ღრუს ახშობს, რაც, ერთი მხრივ, დაორსულებას ართულებს, მეორე მხრივ კი საფრთხეს უქადის უკვე განვითარებულ ორსულობას. აშერმანის სინდრომის განვითარების ალბათობა დიდია, როდესაც ქალს რამდენიმენეჯერ აქვს გადატანილი საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და გამოფხეკის პროცედურა. ეს პროცედურა უმეტესად ორსულობის ხელოვნური ან თვითნებითი შეწყვეტის დროს ტარდება.


დიაგნოზს ჰისტეროსკოპიითა და ვაგინალური ექოსკოპიით სვამენ. მკურნალობა ოპერაციულია – ამოკვეთენ შემაერთებელ ქსოვილის. ცხადია, უმჯობესია, პრობლემა ორსულობამდე დადგინდეს და აღმოიფხვრას. აქვე დავძენ, რომ შესაძლოა, საშვილოსნოს ფუნქცია მაინც არ აღდგეს, ამიტომ თუ აღნიშნული პროცედურის შემდეგ ციკლი არ აღდგა ან ქალი 12 თვის განმავლობაში არ დაორსულდა (რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად), ექიმს უნდა მიმართოს.
საშვილოსნოს ფიბროიდები (ფიბრომა, მიომა) ნაყოფს საარსებო სივრცეს უზღუდავს და სისხლით მის მომარაგებას აფერხებს. გართულების პრევენცია ამ შემთხვევაშიც პრობლემის დაორსულებამდე მოგვარებას, მიომექტომიის ჩატარებას გულისხმობს.
ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) უკმარისობა ის მდგომარეობაა, როდესაც საშვილოსნოს ყელი მეტისმეტად ადრე იხსნება და ნაყოფს ვეღარ აკავებს. ამ პროცესს, წესისამებრ, არც ტკივილი ახლავს თან და არც საშვილოსნოს შეკუმშვები.
საშვილოსნოს ყელის უკმარისობა უფრო მეტად მეორე ტრიმესტრშია მოსალოდნელი. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად ექიმი ქალს ყელზე ნაკერს ადებს, რომელიც ხელს უშლის მის გახსნას. მშობიარობის წინ კი ნაკერს ხსნიან. მანიპულაცია საკმაოდ ეფექტურია.

  • თვითგანადგურება

ავტოიმუნური დარღვევა ორსულობის შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზია. ამ დროს ანტისხეულები შეცდომით ჯანმრთელ ქსოვილებს ესხმიან თავს. ორსულობის შეწყვეტის რისკი განსაკუთრებით მაღალია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს. ამ შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც სისხლძარღვის კედლის ამომფენი ენდოთელური უჯრედების ფოსფოლიპიდებს აზიანებს. პრობლემის გასანეიტრალებლად სისხლის შედედება და თრომბის ფორმირება იწყება, ეს პროცესი კი ორსულობის ვადამდე მიუტანლობის რისკს ზრდის.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი მორეციდივე სპონტანური აბორტის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. მისი დადგენის შემთხვევაში ექიმი ასპირინის მცირე დოზებს და დაბალმოლეკულურ ჰეპარინს დაგინიშნავთ. მედიკამენტური მკურნალობა მოწოდებულია როგორც ორსულობის დროს, ისე ლოგინობის ხანაშიც.

  • თანმხლები დაავადებები

ბუნებრივია, ქრონიკული დაავადებები ორსულობის მიმდინარეობაზეც ახდენს გავლენას. განსაკუთრებით საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 1 და ტიპი 2. რისკი ერთიორად იმატებს, როცა ქალი არ მკურნალობს და მდგომარეობას არ აკონტროლებს.
სიფრთხილეს მოითხოვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიც. ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას ჰიპოთირეოზიც უქადის საფრთხეს და ჰიპერთირეოზიც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დაორსულებამდე გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და დაორსულდეთ მაშინ, როდესაც მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. აუცილებელია ფარისებრი ჯირიკვლის ფუნქციის კონტროლი ორსულობის დროსაც, ვინაიდან ამ პერიოდში რამდენჯერმე ხდება საჭირო წამლის დოზის კორექცია.

  • საეჭვო ფაქტორები

მოარული აზრის თანახმად, ორსულობა ადვილად შეიძლება შეწყდეს, მაგალითად, წაქცევისას. საბედნიეროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ტრავმა იშვიათადაა თვითნებითი აბორტის მიზეზი, ორსულობის პირველ თვეებში დედის სხეული ნაყოფს კარგად იცავს. თუმცა, ბუნებრივია, სიფრთხილე მაინც უნდა გამოიჩინოთ.
კიდევ ერთი გავრცელებული წარმოდგენის მიხედვით, თვითნებითი აბორტის რისკს კოფეინის ჭარბი მიღებაც ზრდის. ზოგი კვლევა ამ მოსაზრებას ამტკიცებს, ზოგი კი უარყოფს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ სანამ მეცნიერებს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არ დაუდვიათ, უმჯობესია, კოფეინი დღეში 200 მგ-მდე შეზღუდოთ. ეს დაახლოებით ერთ ფინჯან ყავას უდრის.

  • როგორ ამოვიცნოთ?

ზოგჯერ ორსულობა სრულიად უსიმპტომოდ წყდება და ქალი ამას მხოლოდ მორიგ ექოსკოპიაზე აღმოაჩენს. ულტრაბგერით კვლევას ამ შემთხვევაში ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს: ის, ერთი მხრივ, ავლენს თვითნებითი აბორტის არაერთ რისკფაქტორს (საშვილოსნოს პათოლოგიებს, ყვითელი სხეულის უკმარისობას..), მეორე მხრივ კი – თავად მოსალოდნელ აბორტს.
რაც შეეხება აბორტის თანმხლებ სიმპტომებს, ისინი თითქმის ყველა ქალისთვის ნაცნობია:
* სისხლიანი გამონადენი საშოდან;
* მუცლის ძლიერი ტკივილი;
* ქაჩვისა და ტკივილის შეგრძნება (მენსტრუაციის მსგავსი) მუცლის ქვედა ნაწილში.
ამ სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სავარაუდოდ, ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება მოგიწევთ. შესაძლოა, ანალიზებიც დაგინიშნონ. მათი შედეგების საფუძველზე ექიმი მდგომარეობას შეაფასებს და მკურნალობის გეგმას დასახავს. აქვე დაგამშვიდებთ: ჩამოთვლილი სიმპტომები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს აბორტზე და მათი გამოვლენის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, ორსულობა წარმატებით გაგრძელდეს.

  • თუ მაინც მოხდა

თუ თვითნებით აბორტი მაინც განვითარდა, საშვილოსნოდან ნაყოფის ევაკუაცია აუცილებელია. ამისთვის ორი მეთოდი არსებობს:
* დილატაცია და კიურეტაჟი – დარჩენილი ქსოვილები საშვილოსნოდან სპეციალური აპარატით გამოაქვთ. ექიმი საშვილოსნოს ყელს აფართოებს და კიურეტის დახმარებით გამოფხეკს კედელს. ქსოვილების გამოტანა ვაკუუმასპირაციითაც შესაძლებელია. მანიპულაცია შეიძლება ზოგადი გაუტკივარების თანხლებით ჩატარდეს.
* მედიკამენტები – ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით – ორსულობის ადრეულ ვადებზე, შესაძლებელია, ევაკუაცია მედიკამენტების საშუალებითაც განხორციელდეს.
მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურად ირჩევა ორსულობის ვადის, ქალის საერთო მდგომარეობისა და თანმხლები დაავადებების შესაბამისად. აქვე გეტყვით, რომ თუ ხსენებული მანიპულაციის შემდეგ გაქვთ უხვი სისხლიანი გამონადენი, ცხელება, შემცივნება, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს – მიზეზი, სავარაუდოდ, საშვილოსნოში ჩარჩენილი ქსოვილია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოძევდეს.

  • რა ხდება შემდეგ?

ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დასადგენად შესაძლოა დაგჭირდეთ გენეტიკური ტესტების ჩატარება, ჰორმონებისა და იმუნური სისტემის გამოკვლევა, საშვილოსნოს დათვალიერება. ისიც შესაძლოა, საფუძვლიანი კვლევის მიუხედავად, მიზეზს ვერ მიაგნონ.
ჩვეული მდგომარეობის აღსადგენად რამდენიმე კვირაა საჭირო. ამ პერიოდის ზუსტი ხანგრძლივობა ორსულობის შეწყვეტის მიზეზისა და ვადაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ თვითნებითი აბორტის შემდეგ 1-2 თვე ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია მომატებული რჩება, ხოლო მენსტრუაციული ციკლი – შეჩერებული. ნორმაში ის ორსულობის შეწყვეტიდან 4-6 კვირაში აღდგება.
გაცილებით მეტი დრო სჭირდება ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ნაყოფის დაკარგვა ქალისთვის ძლიერი სტრესია, რომელსაც ზოგჯერ თვეობით ებრძვის. ქალს განსაკუთრებით აშინებს მომდევნო ორსულობა, ამიტომ ბევრი განმეორებით დაორსულებაზე უარსაც ამბობს. არ არის გამორიცხული, ფსიქოთერაპევტის დახმარება გახდეს საჭირო. ოჯახის წევრების თანადგომას აქაც უდიდესი როლი ეკისრება.

  • კიდევ ვცადოთ?

რა თქმა უნდა! ორსულობის შეწყვეტა განაჩენი ნამდვილად არ არის. ბუნებრივია, ჯერ შეწყვეტის მიზეზი უნდა ეძებოთ, თუ მიაგენით – შეძლებისდაგვარად უმკურნალოთ და მხოლოდ მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ იფიქროთ მომდევნო ორსულობაზე, თუმცა მიზეზის დაუდგენლობის შემთხვევაშიც არ ღირს ოცნებაზე უარის თქმა – სტატისტიკური მონაცემებით, თვითნებითი აბორტის შემდეგ ქალების უმეტესობა დედა ხდება.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: