როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კუჭ–ნაწლავი?

გააზიარე:

 

 

საჭმლის მონელება

საყლაპავი მილი

კუჭი

წყლულოვანი დაავადება: რას ველოდეთ

წვრილი ნაწლავი

მსხვილი ნაწლავი

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი

 

 

  • საჭმლის მონელება

ჭამა სიამოვნებაა, ამიტომ გემრიელი ტრაპეზის გარეშე არც ერთი წვეულება არ ჩაივლის.
რამდენადაც დიდ სიამოვნებას გვგვრის ჭამა, იმდენადვე აუცილებელია ის ორგანიზმისთვის. ის სიამოვნებაზე მეტია – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტიაა.
საჭმლის მონელება – ასე ეწოდება პროცესს, რომლის წყალობითაც საკვები აღნიშნულ ფუნქციებს ახორციელებს. ნომრის თემად ამჯერადსაჭმლის მონელება ავირჩიეთ.
რა სარგებლობა მოაქვს საკვებს, რომელი საკვებია სასარგებლო და რატომ, რა უშლის ხელს საჭმლის მონელებას და როგორ მოვიქცეთ, რომ ეს პროცესი საათივით იყოს აწყობილი? ამ კითხვებზე პასუხს მთავარ თემაში იპოვით.

რა საჭიროა საჭმლის მონელება
ყველამ ვიცით, რომ ნახშირწყლები ორგანიზმისთვის ენერგიის მთავარი წყაროა, ცილები – უჯრედების საშენი მასალა, ცხიმები თბორეგულაციაში მონაწილეობს. მაგრამ, ბუნებრივია, ორგანიზმი ვერც ჭარხალს გამოიყენებს ენერგიის წყაროდ და ვერც ლობიოს – საშენ მასალად. საკვების შემადგენლობაში შემავალმა ნივთიერებებმა სარგებლობა რომ მოგვიტანოს, მარტივად ასათვისებელი ფორმა უნდა მიიღოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საჭმლის მონელება – ყოველგვარი საკვები, რომელიც კი ორგანიზმში ხვდება, საბოლოოდ ამინმჟავებამდე, გლუკოზამდე, გლიცერინამდე და ცხიმოვან მჟავებამდე დადის, ამ ნივთიერებებს კი ორგანიზმი კარგად იცნობს და საჭიროებისამებრ იყენებს კიდეც.
საჭმლის დაშლის, დაქუცმაცებისა და მონელების პროცესი პირის ღრუდან იწყება და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოებში გრძელდება. დაშლილი ნივთიერებები საბოლოოდ წვრილი ნაწლავიდან შეიწოვება და სისხლის მიმოქცევაში ხვდება, საიდანაც დანარჩენ ორგანოებამდე მიდის. საკვების დარჩენილი ნაწილი – ის, რაც არ შეიწოვება – ფეკალურ მასად ყალიბდება და სხეულს ტოვებს.
საჭმლის მონელების პროცესში მონლებელი ტრაქტის ყველა ორგანოს, ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ყველა ნივთიერებას მკაცრად განსაზღვრული როლი აკისრია. ისიც კი განსაზღვრულია, ტრაქტის რომელ ნაწილში რამდენ ხანს უნდა დაყოვნდეს საკვები. ამ ორგანოთა ფუნქციების მოშლა მონელების პროცესზე აისახება.
ცალკეული ორგანოების შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი საჭმლის მონელების ზოგად კანონებს გავეცნოთ.

ფერმენტები


მიღებულ საკვებს ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებად ფერმენტები შლიან. სამი ძირითადი ნივთიერების დასაშლელად ფერმენტთა სამი ჯგუფია მობილიზებული: ამილაზა ნახშირწყლებს შლის, პროტეაზა – ცილებს, ლიპაზა – ცხიმებს. ამ პროცესში ფერმენტები კუჭის წვენისა და ნაღვლის შემადგენლობაში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებენ.
ამილაზა სანერწყვე ჯირკვალში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და წვრილ ნაწლავში გვხვდება. მისი წყალობით საკვების დაშლა პირის ღრუშივე იწყება. საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა დონეებზე პროცესი უფრო ინტენსიური ხდება. პანკრეასის მიერ გამომუშავებული ამილაზა წვრილ ნაწლავში ხვდება. იქ ნახშირწყლების დაშლა გრძელდება. საბოლოოდ მიიღება გლუკოზა, რომელიც წვრილი ნაწლავის კედლიდან შეიწოვება და სისხლს ერევა.
პროტეაზა კუჭში, პანკრეასსა და წვრილ ნაწლავში გამომუშავდება. პროცესების უმეტესობა კუჭსა და წვრილ ნაწლავში მიმდინარეობს. კუჭში ცილებზე მონადირე მთავარი ფერმენტი პეპსინია. სანახევროდ დაშლილ ცილებს წვრილ ნაწლავში სხვა პროტეაზული ფერმენტები ხვდება და ამინმჟავებად გარდაქმნის.
ლიპაზა პანკრეასსა და წვრილ ნაწლავში წარმოიქმნება. მას შეიცავს ქალის რძეც – ლიპაზა ჩვილს რძის ცხიმოვანი მოლეკულების ათვისებაში ეხმარება. ლიპიდები ორგანიზმის ენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.

რა ახდენს ფერმენტებზე გავლენას?


ფერმენტები საუკეთესოდ მაშინ მუშაობენ, როცა სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. ტემპერატურის აწევისას მათი სტრუქტურა ირღვევა და ისინი ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას, ამიტომ ცხელების დროს არცთუ იშვიათად საჭმლის მონელებაც ირღვევა.
ფერმენტების რაოდენობასა და ეფექტურობაზე, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, მწვავე თუ ქრონიკული დაავადებები.
ფერმენტების აქტიურობა კუჭისა და ნაწლავების პH-ზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, კუჭში მჟავა გარემოა, ნაწლავებში – ტუტე. მჟავიანობის ცვლილება ფერმენტების აქტიურობაზეც აისახება.
არსებობს ნივთიერებები, – მაგალითად, ანტიბიოტიკები, – რომლებიც ინჰიბიტორებად, ფერმენტთა აქტივობის შემაკავებლებად გვევლინება.
ფერმენტულ პროცესებზე გავლენას ახდენს კვებაც. მრავალი საკვები პროდუქტი თითონვე შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ორგანიზმის ფერმენტებთან ერთად მონელების ტვირთს ინაწილებს. მავნე პროდუქტები კი ფერმენტის გამომმუშავებელ ორგანოებს საქმეს ურთულებს და ხელს უშლის მონელების პროცესს.

მიკრობული დახმარება


კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მიკრობები მხოლოდ ავადმყოფობის გამომწვევი პაწაწინა ორგანიზმები ეგონათ. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ ბოროტთან ერთად სამყაროში კეთილი მიკროორგანიზმებიც არსებობენ. მათ გარეშე ჩვენი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. მიკრობებისა და ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრების მაგალითს სწორედ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მობინადრე მიკროორგანიზმები წარმოადგენენ. ნაწლავები უხვადაა დასახლებული ასეთი უვნებელი მიკრობებით. ისინიც საჭმლის მონელებას უწყობენ ხელს. თუ რაიმე მიზეზით – ანთების ან რომელიმე მედიკამენტის მიღების შედეგად – ორგანიზმმა ამ ბაქტერიებთან ბრძოლა დაიწყო, დაირღვევა მიკრობული ბალანსი და შედეგად – საჭმლის მონელებაც.

მაკონტროლებელი ორგანოები


რა თქმა უნდა, ყოველგვარ პროცესს სჭირდება კონტროლი, მათ შორის – საჭმლის მონელებასაც. მართალია, ლუკმას ნებით ვყლაპავთ, მაგრამ შემდეგ პროცესი ავტომატურად გრძელდება. ჩვენ ვერც საკვების გადაადგილების სიჩქარეს ვაკონტროლებთ, ვერც შეწოვას და ვერც საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. ამ პროცესებს ჩვენზე უკეთესი მაკონტროლებლები ჰყავს – ენდოკრინული და ნერვული სისტემები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანზე განლაგებული უჯრედები ჰორმონებს გამოყოფს. სწორედ ისინი იძლევიან ბრძანებებს იმის თაობაზე, როდის და რამდენი საჭმლის მომნელებელი წვენი უნდა გამომუშავდეს, როდის დაიწყოს მათი სეკრეცია და ა.შ.
არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნერვები, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინს საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან აკავშირებენ. მაგალითად, სასიამოვნო სუნის შეგრძნებისთანავე ტვინიდან წამოსული სიგნალები სანერწყვე ჯირკვლების სტიმულაციას ახდენს და საჭმლის მიღებისკენ გვიბიძგებს. მაშასადამე, მადის აღძვრა უმთავრესად სწორედ ნერვული სისტემის მოქმედების შედეგია. მეტიც: მეცნიერები ცენტრალურსა და პერიფერიულთან ერთად ენტერალურ ნერვულ სისტემასაც გამოყოფენ. ამ სისტემის უჯრედები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლებშია განლაგებული. საკვები კედლის დაჭიმვას იწვევს, რაც ენტერალურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს. ამ დროს გამომუშავდება ნივთიერებები, რომლებიც ანელებს ან აჩქარებს მონელების პროცესს, პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მჭიდრო კავშირის გამო ნერვული სისტემის მრავალი დაავადება გასტროენტეროლოგიური ჩივილებით ვლინდება, საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე არაერთი დაავადების რისკის ფაქტორად კი სტრესი, შფოთვა თუ დეპრესია განიხილება.
ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ საკვების გზას ჩვენს ორგანიზმში, გავიგოთ, რომელ საფეხურზე რა დაბრკოლება შეიძლება შეხვდეს საჭმლის მონელებას და როგორ აისახება ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

  • საყლაპავი მილი


პირის ღრუში საკვები დიდხანს არ ჩერდება. როგორც ითქვა, აქ იწყება საჭმლის მონელების პროცესი, რომელშიც კბილებთან ერთად ნერწყვის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტებიც მონაწილეობს. დაქუცმაცებული ლუკმა საყლაპავ მილში გადადის. ამ უკანასკნელს მარტივი ფუნქცია აქვს – საკვები პირის ღრუდან კუჭამდე მიაქვს. საჭმლის მონელება საყლაპავ მილში არ მიმდინარეობს, თუმცა საყლაპავის ესა თუ ის პათოლოგია მაინც შეიძლება მონელების დარღვევის მიზეზად იქცეს.
უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ, რომ კუჭში მჟავა გარემოა. რა საჭიროა ის და რა გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე, ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კუჭისთვის მეტად სასარგებლო და საჭირო მჟავიანობა სხვა ორგანოებს საფრთხეს უქმნის, ამიტომ კუჭის მეზობელ ორგანოებს მჟავური აგრესიისგან თავის დაცვის სტრატეგია აქვთ შემუშავებული. საყლაპავი მილის დაცვა მის ქვედა სფინქტერს აკისრია. ეს კუნთოვანი წარმონაქმნი საყლაპავ მილს კუჭისგან მიჯნავს. ყლაპვის დროს სფინქტერის კუნთები ეშვება და საკვებს კუჭისკენ სავალ გზას უხსნის. სფინქტერი სარქველივით მუშაობს და საკვებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს, რითაც საყლაპავის ლორწოვანს კუჭის წვენის მჟავე შიგთავსისგან იცავს. რა მოხდება, თუ ეს მექანიზმი მოიშალა? საკვები კუჭიდან უკუმიმართულებით დაიწყებს სვლას, დაირღვევა მონელების პროცესი და, ყველა სიკეთესთან ერთად, საყლაპავის ლორწოვანი გარსიც დაზიანდება.


კუჭის შიგთავსის უკუსვლას მედიცინის ენაზე გასტროეზოფაგური რეფლუქსი ეწოდება. მას საყლაპავი მილის რამდენიმე პათოლოგია იწვევს. ამ პათოლოგიათაგან ყველაზე გავრცელებული დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარია. რეფლუქსი გვხვდება კუჭის ზოგიერთი დაავადების დროსაც.
კუჭის წვენის უკუდენის მიზეზი შესაძლოა მავნე ჩვევა, საკვები ან ცხოვრების წესიც იყოს.
მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საჭმლის მონელების ამ დარღვევის მიზეზები და მკურნალობის გზები.

რეფლუქსი – გზა ხსნილია


როგორც ითქვა, გულძმარვა საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. ოფიციალური მონაცემებით, გერდი (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს აქვს. სტატისტიკა იმასაც გვეუბნება, რომ ბევრი მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და არ მკურნალობს. არადა, სიმპტომები ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ნებაზე მიშვებულმა გერდმა შესაძლოა გაცილებით რთულ პრობლემებს დაუდოს სათავე. ეს მაშინ, როდესაც მისი მკურნალობა სულაც არ არის შეუძლებელი.
გულძმარვის იშვიათი, შემთხვევითი შეტევები საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ საჭმლის მომნელებელ სისტემაში აგიზგიზებული ხანძარი კვირაში ერთხელ მაინც გახსენებთ თავს, ექიმს უნდა მიმართოთ და მკურნალობა დაიწყოთ – ამ შემთხვევაში უკვე გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებასთან გვაქვს საქმე.

სიმპტომები


როგორც აღვნიშნეთ, გერდის მთავარი ნიშანი გულძმარვაა. გარდა ამისა, მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, პირწყალი (ნერწყვის უეცარი ძლიერი მოდინება, განსაკუთრებით – ღამით), ხველა, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება, ყელის ქრონიკული ტკივილი, ლარინგიტი, ღრძილების ანთება, არასასიამოვნო სუნი პირიდან, მეტეორიზმი.
საყლაპავი მილის ხანგრძლივმა დაზიანებამ შესაძლოა კიბოსწინარე დაავადება – ბარეტის საყლაპავი გამოიწვიოს. საბედნიეროდ, რეფლუქსის ეს გართულება იშვიათია. გართულების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა დროულად უნდა დაიწყოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. გახსოვდეთ, გერდი ქრონიკული დაავადებაა, შესაბამისად, მკურნალობაც ხანგრძლივი სჭირდება, ხშირად – სიმპტომების გაქრობის შემდეგაც კი. მკურნალობის ტაქტიკა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ცხოვრების წესის მოდიფიკაციაც კმარა, უფრო ხშირად კი მედიკამენტური ჩარევაა საჭირო. აქცენტი კუჭის მჟავიანობის დაქვეითებაზე დაისმის. ამისთვის უმეტესად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს იყენებენ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში კი შესაძლოა ქირურგიული დახმარებაც დაგჭირდეთ.


ანტირეფლუქსური სტრატეგიის მთავარი პრინციპები ასეთია:
* ერიდეთ მავნე პროდუქტებს, ცხარე, მჟავე, ცხიმიან საკვებს.
* დაძლიეთ მავნე ჩვევები – ალკოჰოლი და თამბაქო სფინქტერის მოდუნებას უწყობს ხელს.
* იკვებეთ მცირე ულუფებით.
* დაძინებამდე 3 საათის განმავლობაში ერიდეთ ჭამას.
* ჭამის შემდეგ ნუ წამოწვებით.
* თავი არიდეთ მუცლის ღრუში წნევის მომატების გამომწვევ ფაქტორებს – მოჭერილ ტანსაცმელს, შებერილობას, ფეხზე დიდხანს დგომას.

  • კუჭი


საჭმლის მონელებაში კუჭი მთავარ როლს ასრულებს. სწორედ იქ იწყება საკვების ინტენსიური გადამუშავება (თუ არ ჩავთვლით პირის ღრუს, სადაც, როგორც უკვე იცით, ლუკმის დაშლას ნერწყვის შემადგენლობაში შემავალი ამილაზა იწყებს).
კუჭის უჯრედები სამ მნიშვნელოვან ნივთიერებას გამოყოფს: ლორწოს, მარილმჟავას და პეპსინს. პეპსინი ფერმენტია, რომელიც ცილების დაშლას უზრუნველყოფს. მარილმჟავა კუჭში ძლიერ მჟავა გარემოს ქმნის. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ პეპსინმა თავისი საქმე გააკეთოს. გარდა ამისა, მჟავა ბარიერია ინფექციებისთვის.
ზემოთ იმ დამანგრეველ ზემოქმედებაზე ვისაუბრეთ, რომელსაც მარილმჟავა ახდენს საყლაპავ მილზე. საინტერესოა, რატომ არ აზიანებს ის კუჭს? განსაკუთრებული მჟავაგამძლეობით არც კუჭის ლორწოვანი გამოირჩევა, მაგრამ, საყლაპავისგან განსხვავებით, მას აქვს ერთგვარი ფარი – ლორწო. ის კუჭის კედელს ამოფენს და მარილმჟავას არ აკარებს. თუ ლორწოს გამომუშავება დაირღვა და ეს ბარიერი გაქრა, კუჭიც, სხვა ორგანოების მსგავსად, მჟავას აგრესიას შეეწირება. საყოველთაოდ ცნობილი დაავადება კუჭის წყლული სწორედ ამ პათოლოგიური პროცესის შედეგია.
აქვე გეტყვით, რომ ლორწოს გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ზოგიერთი ბაქტერია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით – ასპირინი), ალკოჰოლი. ამიტომაც მიიჩნევენ მათ კუჭის წყლულის რისკფაქტორებად.

გასტრიტი

კუჭის ამომფენი ლორწოვანი გარსის ანთებას გასტრიტი ეწოდება. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. პირველი მათგანი უეცრად იწყება და მალევე გაივლის, ქრონიკული გასტრიტი კი დიდხანს გრძელდება: თუ ნებაზე მივუშვით – წლობით, ზოგჯერ – მთელი სიცოცხლეც.
გასტრიტის მიზეზები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:
* ბაქტერიული აგრესია, კერძოდ, ჰელიკობაქტერ პილორით დასნებოვნება;
* აუტოიმუნური დაავადებები;
* კუჭის ლორწოვანის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანება. ამ შემთხვევაში რეაქტიულ გასტრიტზე ვსაუბრობთ. ეს უკანასკნელი შესაძლოა განვითარდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების უკონტროლო გამოყენების, ალკოჰოლისა და კოკაინის ჭარბი მოხმარების, დასხივების, წვრილი ნაწლავიდან კუჭში ნაღვლის რეფლუქსის, სტრესის შედეგად.
გასტრიტის იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება კრონის დაავადება, სარკოიდოზი, ალერგია.

როგორ ვლინდება


საინტერესოა, რომ დაავადებულთა უმეტესობა არაფერს უჩივის, მანიფესტირებული ფორმის მთავარი ნიშნები კი გახლავთ ტკივილი და დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, ღებინება, გულისრევა.
შესაძლოა, გასტრიტს თან ახლდეს ეროზიები და წყლულები. ზოგჯერ ისინი სისხლმდენია. ასეთ დროს ვლინდება სისხლდენის ნიშნებიც:
* ქოშინი;
* თავბრუ;
* სისუსტე;
* კუპრისფერი განავალი;
* სისხლიანი ღებინება.
ჩამოთვლილი ნიშნები ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

რას ველოდოთ:


* პეპტიკურ წყლულს – მისი განვითარების ალბათობას ზრდის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება და ჰელიკობაქტერ პილორით ინფიცირება;
* ატროფიულ გასტრიტს – ქრონიკული ანთება კუჭის ლორწოვანის ატროფიას იწვევს. ატროფიული გასტრიტი კიბოსწინარე დაავადებად ითვლება;
* ანემიას – როცა გასტრიტს თან ახლავს სისხლდენა ან კუჭის დაზიანების გამო ირღვევა ვიტამინ B12-ის შეწოვა.

როგორ მკურნალობენ


მკურნალობა ორ პრინციპს ემყარება: მჟავიანობის შემცირებას და ბაქტერიის ელიმინაციას. ცხადია, საჭიროა ძირითადი დაავადების ან გართულების მკურნალობაც.

მოჩქარეს მოუგვიანდა


საჭმლის მონელების ყველა ეტაპი წინასწარ განსაზღვრული ტემპით მიმდინარეობს. ორგანიზმს ამ რეგლამენტის უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ რჩება შეუმჩნეველი. დემპინგსინდრომი – ასე ეწოდება სიმპტომთა ერთობლიობას, რომლებიც მაშინ ვითარდება, როდესაც საკვები მეტისმეტად სწრაფად ტოვებს კუჭს. შედეგად წვრილ ნაწლავში მოუნელებელი საკვები გადადის, რაც მონელების მთელ ჯაჭვს არღვევს.
დემპინგსინდრომი უმეტესად ოპერაციის – კუჭის ნაწილის ან მთელი კუჭის ამოკვეთის – შემდეგ იჩენს თავს, თუმცა არ არის გამორიცხული, კუჭის ნაადრევი დაცლის სინდრომი არაოპერირებულ პაციენტსაც განუვითარდეს.

როგორ ვლინდება
სიმტპომები ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ იჩენს თავს. იწყება ღებინებით, გულისრევით, მუცლის შებერილობით, დიარეით, ტრაპეზიდან 1-3 საათის შემდეგ კი ამ ნიშნებს ჰიპოგლიკემია, სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუხვევაც დაერთვის.
დემპინგისნდრომს ვარაუდობენ, თუ აღნიშნული სურათი კუჭის ოპერაციის შემდეგ განვითარდა. შესაძლოა, გამოკვლევაც გახდეს საჭირო – ენდოსკოპია, სისხლის ანალიზი, რენტგენოლოგიური კვლევა.

როგორ მკურნალობენ


მკურნალობის პირველი ეტაპი კვების მოწესრიგებაა. ზოგჯერ ესეც საკმარისია. უფრო მძიმე შემთხვევებში იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც კუჭის დაცლის პროცესს ანელებს. იშვიათად ტარდება ოპერაციაც.
სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ შემდეგი რჩევების შესრულება:
* იკვებეთ მცირე ულუფებით და ხშირად. 5-6 მცირე ულუფა 3 სრულფასოვან კვებას შეგიცვლით.
* ჭამის დროს იჯექით ვერტიკალურად
* დიდხანს და საგულდაგულოდ ღეჭეთ საკვები.
* დემპინგსინდრომს ამძიმებს მყარი საკვები, რომელიც, წესით, კუჭში უნდა დაიშალოს. მაგალითად, სტეიკი. უპირატესობა მიანიჭეთ გატარებულ ხორცს.
* ერიდეთ ჭამის დროს სითხის მიღებას. მიიღეთ სითხე ჭამამდე ან ჭამიდან 30-60 წუთის შემდეგ
* ერიდეთ მარტივ ნახშირწყლებს. მარტივად რომ ვთქვათ, ტკბილეულს. ასეთი საკვები სწრაფად ტოვებს კუჭს და სპაზმსა და დიარეას იწვევს. სამაგიეროდ, კარგია რთული ნახშირწყლები – კარტოფილი, ბრინჯი, ბურღულეული, მარცვლეული.
* მიირთვით ბევრი ვაშლი, ჭარხალი, სტაფილო, ნიახური, მსხალი. უჯრედისით მდიდარი საკვები კუჭს ნელა ტოვებს და მონელების პროცესს ასტიმულირებს.
* გაზარდეთ რაციონში ცხიმის -კარაქის, ზეთის – შემცველობა. ის კუჭის დაცლის პროცესს ანელებს.
* ყოველი კვებისას მიიღეთ ცილოვანი საკვები: კვერცხი, ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი.

მეორე უკიდურესობა


არც საკვების კუჭში მეტისმეტად დიდხანს დაყოვნებაა კარგი. დემპინგსინდრომის საწინააღმდეგო ამ მდგომარეობას გასტროპარეზი ეწოდება.
ის შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც:
* კუჭის გასასვლელი დაბლოკილია – წყლულით, სიმსივნით ან სხვა მიზეზით;
* პილორული სფინქტერი არ იღება სათანადოდ ან სათანადო დროს – ეს სფინქტერი ნერვული რეფლექსებით კონტროლდება და კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავისკენ საკვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
* დარღვეულია კუჭის შეკუმშვა – ამ დარღვევასაც უმეტესად ნევროლოგიური ხასიათი აქვს. გვხვდება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს.
გასტროპარეზი შესაძლოა განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის მიღების, სისტემური სკლეროზის ან კუჭზე გადატანილი ოპერაციის შედეგადაც.

როგორ ვლინდება


გასტროპარეზია სავარაუდო, თუ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ ჩნდება დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭის სისავსის შეგრძნება, იწყება გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ჰიპოგლიკემია (დიაბეტით დაავადებულებთან), შესამჩნევია წონის კლება.
მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ საკვები, რომელიც ადვილად ტოვებს კუჭს – რბილი, თხევადი, უჯრედისით და ცხიმით ღარიბი. კარგად დაღეჭეთ ყოველი ლუკმა, მიირთვით ხშირად, მცირე ულუფებით.
თუ საჭიროდ მიიჩნია, ექიმი გამოგიწერთ ქოლინერგიულ პრეპარატებს, ერითრომიცინს, მეტოკლოპრამიდს ან სეროტონინის ანტაგონისტებს. მძიმე შემთხვევებში ოპერაცია ტარდება.

  • წყლულოვანი დაავადება: რას ველოდეთ

თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი ისე ღრმად დაზიანდა, რომ დეფექტმა კუნთოვან შრეს მიაღწია, პეპტიკურ წყლულთან გვქონია საქმე. ეს პათოლოგია ხშირად იქცევა მუცლის ტკივილის (ზოგჯერ – ღამეულის) მიზეზად. წყლულის აღმოსაჩენ მეთოდებს შორის ოქროს სტანდარტად ენდოსკოპიური გამოკვლევაა მიჩნეული, ამიტომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებაზე სასაუბროდ კლინიკა “ახალი სიცოცხლის” ქირურგ-ენდოსკოპისტ ირაკლი პაიჭაძეს ვესტუმრეთ.

  • – რა არის პეპტიკური წყლული?

– პეპტიკური წყლული არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც მეტწილად კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვშია ლოკალიზებული. მართალია, ბუნებით ის ქრონიკული და მორეციდივეა, მაგრამ თუ ექიმის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, მისი დამარცხება სავსებით შესაძლებელია.

მიზეზები

  • – რა იწვევს წყლულს და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?

– წყლულის მთავარი გამომწვევია ბაქტერია Helicobacter Pylori, რომელიც ლორწოვანი გარსის დაცვით ფუნქციას არღვევს. წყლული შეიძლება გამოიწვიოს ქიმიურმა ფაქტორმაც, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების (ასპირინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის და სხვათა) ხანგრძლივმა მიღებამ. წყლულის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად მიჩნეულია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა, საფუარით მდიდარი საკვების ხშირი მიღება. სტრესი და კვებითი ფაქტორები, მაგალითად, ცხარე კერძები, წყლულს არ იწვევს, მაგრამ ხელს უწყობს უკვე არსებულის გამოვლენას.

ნიშნები


– წყლულოვანი დაავადების სიმპტომები წყლულის ლოკალიზაციასა და პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული. ხანში შესულ პაციენტებთან ჩივილები შესაძლოა მკვეთრად არ იყოს გამოხატული. საზოგადოდ, პაციენტების სამ მეოთხედს არც არაფერი აწუხებს.
ყველაზე ხშირი ჩივილებია გულძმარვა, წვა და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც ჭამის შემდეგ სუსტდება (ე.წ. მშიერი ტკივილი), ცხიმიანი საკვების აუტანლობა, კუჭის გადავსების შეგრძნება. კუჭის წყლულისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია გულისრევის შეგრძნება, რომელსაც შესაძლოა ღებინებაც ერთვოდეს, ხოლო თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულს ახასიათებს ღამის ტკივილი, რომელიც საკვების მიღების შემდეგ რამდენიმე საათით ყუჩდება.
წყლულის შედარებით იშვიათი სიმპტომები, რომლებიც ზოგჯერ გართულებაზეც მიუთითებს, არის სისხლიანი ღებინება, სისუსტე, წონის კლება, მადის დაკარგვა.

გართულებები

  • – კერძოდ, რით შეიძლება გართულდეს წყლული?

– წყლულოვან დაავადებას რამდენიმე ტიპის გართულება ახასიათებს.
* ყველაზე ხშირია სისხლდენა. ის იმითაა განსაკუთრებით საშიში, რომ ამ დროს ტკივილი ქრება, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ანემია, რაც სისხლში ჰემოგლობინის კლებით გამოიხატება. სისხლდენას თან ახლავს საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, გონების დაკარგვის ეპიზოდები, ოფლიანობა. შესაძლოა, პაციენტს დაეწყოს ღებინება სისხლიანი ან ყავის ნალექისმაგვარი მასით და დეფეკაცია კუპრისფერი განავლით (მელენა).
* წყლულოვანი დეფექტი შესაძლოა ჩაიზარდოს – მედიცინის ენით თუ ვიტყვით, პენეტრაცია განიცადოს – ლორწოვანქვეშა ან კუნთოვან გარსში. შესაძლებელია ჩაზრდა ახლომდებარე ორგანოებშიც, მაგალითად, ღვიძლსა და პანკრეასში. პენეტრაციის შემთხვევაში ტკივილი ძლიერდება და მუდმივი ხდება, შესაძლოა, ზურგის მიდამოშიც გადაეცემოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყლული პანკრეასშია პენეტრირებული (თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის უკანა კედლის წყლული).
* პერფორაცია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევაა. პერიტონეუმის სივრცეში უმეტესად პერფორირებს ის წყლულები, რომლებიც თორმეტგოჯა ნაწლავის წინა კედელზეა ლოკალიზებული, თუმცა კუჭის წყლულის პერფორაციაც შესაძლებელია.
პერფორაციას ახასიათებს უეცარი, მწვავე და უწყვეტი ტკივილი ეპიგასტრიუმის (მუცლის ზედა) არეში, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ მუცელში. ისიც შესაძლოა, ტკივილი ლოკალიზებული იყოს მუცლის მარჯვენა ქვედა მეოთხედში ან გადაეცემოდეს ორივე მხარს. პერფორაციის დროს ავადმყოფი ცდილობს, უძრავად იწვეს, რადგან ტკივილს ღრმა ჩასუნთქვაც კი ამწვავებს. პალპაციის (ხელით გასინჯვის) დროს მუცელი მტკივნეულია, მუცლის კუნთები – დაჭიმული, ნაწლავის ხმიანობა სუსტია ან საერთოდ არ ისმის. შოკური მდგომარეობა ვლინდება პულსის მომატებით და არტერიული წნევის დაქვეითებით.
* კუჭის წყლული შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ – კიბოდ გადაგვარდეს, რასაც მალიგნიზაციას ვუწოდებთ. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა კუჭის დიდ სიმრუდეზე განვითარებული კალოზური (დიდი ზომის) წყლულები. სწორედ ამიტომ ორ სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის წყლულების არსებობისას აუცილებელია ბიოფსია წყლულოვანი დეფექტის კიდეებიდან მორფოლოგიური კვლევისთვის.
* კუჭის გასავლის ობსტრუქცია (დახშობა) შესაძლოა გამოიწვიოს წყლულის დანაწიბურებამ და`ან ახლომდებარე ქსოვილების ანთებამ. ეს გართულება ახასიათებს პილორუსის არხისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულებს, რომლებიც სანათურს ავიწროებს ან ახშობს. ობსტრუქცია გამოვლინდება რეგულარული ღებინებით, შებერილობით, კუჭის სისავსის შეგრძნებითა და უმადობით.

წყლულოვანი დაავადების ყველა გართულება მოითხოვს სტაციონარულ`ქირურგიულ მკურნალობას, ამიტომ საეჭვო სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

  • – რატომ მიიჩნევა ენდოსკოპიური გამოკვლევა წყლულოვანი დაავადების აღმოჩენის ოქროს სტანდარტად?

– წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ნამდვილად ენდოსკოპიურ კვლევას (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია) ენიჭება. მისი საშუალებით ვადგენთ წყლულის ზუსტ ლოკალიზაციას, ზომას და ფორმას, რაც მკურნალობის სწორად და ეფექტიანად წარმართვაში გვეხმარება.
გარდა ამისა, ენდოსკოპიური მეთოდით შეგვიძლია დავადგინოთ მჟავიანობა (რომლის მომატებაც, როგორც მოგახსენეთ, წყლულოვანი დაავადების ხელშემწყობი ფაქტორია), ავიღოთ მასალა მორფოლოგიური კვლევისთვის (ბიოფსია).


ენდოსკოპიურ ჩარევას მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის კი არ მიმართავენ, ზოგ შემთხვევაში მას სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, შესაძლებელია ამ გზით სისხლდენის შეჩერება. თანამედროვე ენდოსკოპიურ აპარატურას აქვს ისეთი ფუნქციებიც, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მალიგნიზაციის ნიშნები ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ.
ენდოსკოპია საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა არა მხოლოდ წყლულის, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბევრი სხვა დაავადების (მათ შორის – ონკოლოგიურის) სადიაგნოსტიკოდ თუ სამკურნალოდაც. ენდოსკოპიურად შესაძლებელია საყლაპავის ვარიკოზული ვენების ლიგირება (ლიგატურის დადება), კარდიოდილატაცია (კუჭის შესავლის გაფართოება) კარდიოსპაზმის (მაგალითად, კარდიის აქალაზიის) დროს, გადაყლაპული უცხო სხეულის ამოღება, პოლიპებისა და მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა, არგონოპლაზმური აბლაცია ბარეტის საყლაპავის დროს, კუჭის ბალონირება წონის დაკლების მიზნით, მიკროინვაზიური ჩარევა სანაღვლე გზებზე (ქოლედოქოლითიაზის დროს), სტენტირება, ასევე – მსხვილი ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა (კოლონოსკოპია), მსხვილ ნაწლავში არსებული პოლიპებისა და სხვა მცირე სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა, ბიოფსიის ჩატარება და სხვა.

  • – კიდევ რომელი მეთოდები გამოიყენება წყლულოვანი დაავადების სადიაგნოზოდ?

– წყლულოვანი დაავადების დადგენა შესაძლებელია რენტგენოკონტრასტული კვლევით და რესპირატორული ტესტით ჰელიკობაქტერიაზე, თუმცა აღნიშნული მეთოდები ხშირად არ არის საკმარისი.

  • – რას გულისხმობს წყლულის კონსერვატიული მკურნალობა?

– როდესაც წყლულოვანი დაავადება გართულებული არ არის, მას კონსერვატიული მიდგომით მკურნალობენ. არსებობს წყლულოვანი დაავადების კონსერვატიული მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მაასტრიხტის კონფერენციებზე რეგულირდება და მოდიფიცირდება. წყლულის კონსერვატიული მკურნალობა რამდენიმე ტიპის პრეპარატების კომბინაციით ხდება. სქემაში ჩართული უნდა იყოს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (აქვეითებს მჟავას სეკრეციას), ანტაციდები (ანეიტრალებს მჟავას) ან ბისმუტის პრეპარატები (წყლულის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ აპკს) და, საჭიროების შემთხვევაში, ანტიბიოტიკებიც ჰელიკობაქტერიის გასანეიტრალებლად.
მკურნალობის კურსის შემდეგ აუცილებელია საკონტროლო ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (ენდოსკოპიური კვლევა). სწორედ მისი ჩატარების შემდეგ გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები და განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა.

წყლულის პრევენცია

  • – შესაძლებელია თუ არა წყლულის თავიდან აცილება?

– წყლულის პრევენციისთვის ასი პროცენტით საიმედო მეთოდი არ არსებობს, თუმცა განსაზღვრული წესების დაცვით შეგვიძლია, მის განვითარებას ხელი შევუშალოთ.
საყურადღებოა გაზაფხული და შემოდგომა, რადგან კუჭსა და თორმეტგოოჯა ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები წელიწადის ამ დროს მწვავდება. სასურველია, ამ პერიოდში ყველამ დაიცვას სწორი კვების პრინციპები –იკვებოს რეჟიმულად, ზომიერი ულუფებით, თავი აარიდოს საფუარით მდიდარ საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს.

  • წვრილი ნაწლავი

საჭმლის მონელება და შეწოვა უმთავრესად წვრილ ნაწლავში მიმდინარეობს. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე გრძელი ნაწილია – მისი სიგრძე ზოგჯერ 4 მეტრამდე აღწევს. იმისთვის, რომ მუცლის ღრუში ჩაეტიოს, ნაწლავი მრავალგზის იხვევა.
სწორედ აქ უნდა გავიხსენოთ ზემოხსენებული ფერმენტები. საჭმლის მონელების პროცესში მონაწილე ფერმენტების უმეტესობა წვრილ ნაწლავში გამომუშავდება ან გამომუშავდება სხვა ორგანოში, მაგრამ თავის ფუნქციას წვრილ ნაწლავში ასრულებს. ამიტომ მიიჩნევა წვრილი ნაწლავი საჭმლის მონელების ცენტრალურ ორგანოდ. აქვე მიმდინარეობს ძირითადი საკვები ნივთიერებების შეწოვაც. გასაკვირი არ არის, რომ წვრილი ნაწლავის დაავადებები საჭმლის მონელების მძიმე დარღვევას იწვევს.

კრონის დაავადება


კრონის დაავადება ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ანთებასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას იწვევს. ის შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერ უბანში განვითარდეს, მაგრამ უმეტესად წვრილი ნაწლავის ქვედა სეგმენტში იჩენს თავს.
მიზეზი უცნობია. ბოლოდრონდელი კვლევების თანახმად, მის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს თანდაყოლილი, გენეტიკური და ეკოლოგიური ფაქტორები. დაავადებას ხშირად აქვს ოჯახური ხასიათი, ვლინდება 13-დან 30 წლამდე. ვარაუდობენ, მის განვითარებაში დიდი როლი აკისრია ანომალიურ იმუნურ პასუხს. კრონის დაავადებას ამწვავებს დიეტა და სტრესი.

როგორ ვლინდება
კრონის დაავადებაზე მიუთითებს:
* მუდმივი დიარეა ან ყაბზობა;
* რექტალური სისხლდენა;
* ნაწლავთა მოქმედების დაუძლეველი სურვილი;
* დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
* მუცლის ჭვალი და ტკივილი.
გასტროენტეროლოგიურ სიმპტომებს ერთვის:
* ცხელება;
* მადის დაქვეითება;
* დაღლილობა;
* ღამის ოფლიანობა;
* მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.
მკურნალობა კომპლექსურია – მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ისე ქირურგიულ მეთოდებს. მისი მიზანი ანთების შესუსტება, სიმპტომების შემსუბუქება და რემისიის გახანგრძლივებაა. დაავადების მართვაში დიდი როლი ეკისრება კვების მოწესრიგებას.

ლაქტოზის აუტანლობა


რძის დალევის შემდეგ მუცელი გებერებათ და მალე დიარეაც გეწყებათ? შესაძლოა, ლაქტოზის აუტანლობა გქონდეთ. ამ დაავადების დროს ადამიანის ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს რძის შემადგენლობაში შემავალ ნახშირწყალს – ლაქტოზას. ამის გამო რძის პროდუქტები მონელების დარღვევას იწევვს. მდგომარეობა უვნებელია, თუმცა უსიამოვნო. ის გენეტიკურადაა განპირობებული და უმეტესად აფრიკელებთან, აზიელებსა და ლათინოამერიკელებთან გვხვდება. ასევე გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ ევროპაში.

რატომ ვერ ვიტანთ?


ლაქტოზის აუტანლობის მიღმა უმეტესად ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტი დგას. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ლაქტოზის დაშლაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს ხალხი, რომელსაც ეს ფერმენტი აკლია, თუმცა რძის პროდუქტების მონელება არ უჭირს.
ლაქტაზა წვრილ ნაწლავში წარმოიქმნება. ის რძის შაქარს გლუკოზად და გალაქტოზად გარდაქმნის, რომლებიც ნაწლავიდან შეიწოვება და სისხლის მიმოქცევაში ხვდება.
ფერმენტის დეფიციტის დროს დაუშლელი ლაქტოზა სისხლის მაგივრად მსხვილ ნაწლავში გადადის და იქ ბაქტერიებთან ურთიერთქმედებს. ამ ურთიერთქმედების შედეგია ლაქტოზის აუტანლობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

რძისმიერი სიმპტომები


ლაქტოზის შემცველი საკვების მიღებიდან 30-120 წუთის შემდეგ ვითარდება:
* დიარეა;
* გულისრევა, ზოგჯერ – ღებინება;
* სპაზმები მუცელში;
* მეტეორიზმი.
თუ რძის პროდუქტების მიღების შემდეგ მსგავსი სიმტომები ხშირად გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ.

როდის იწყება


ლაქტოზის აუტანლობა პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. პირველ შემთხვევაში ძუძუს წოვის დროს საკმარისი რაოდენობის ლაქტაზა გამომუშავდება. ეს აუცილებელია, რათა ახალშობილმა დედის რძიდან ყველა საჭირო ნივთიერება აითვისოს. ბავშვის რაციონში სხვა საკვების გაჩენის პარალელურად ლაქტაზის პროდუქცია მცირდება, თუმცა საკმაოდ მაღალი რჩება საიმისოდ, რომ ორგანიზმმა მიღებული რძის ნაწარმი გადაამუშაოს. ლაქტაზის პირველადი აუტანლობის დროს სიმპტომები სქესობრივი მომწიფების პერიოდში იჩენს თავს.
იშვიათად ლაქტოზის აუტანლობა ჩვილ ასაკშივე ვლინდება. ამ დროს ლაქტაზა საერთოდ არ წარმოიქმნება. ეს მდგომარეობა მემკვიდრეობითია და აუტოსომურ-რეცესიული გადაცემა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, თუ დედაც და მამაც ამ გენის მატარებლები არიან. ლაქტოზის აუტანლობა შესაძლოა განუვითარდეთ დღენაკლულებსაც ლაქტაზის არასაკმარისი პროდუქციის გამო.
ლაქტოზის მეორეული აუტანლობა ვითარდება, თუ მიზეზთა გამო წვრილ ნაწლავში ლაქტაზის გამომუშავებამ იკლო. ეს შესაძლოა მოხდეს ტრავმის, ოპერაციის ან რომელიმე დაავადების (ცელიაკია, კრონის დაავადება) შედეგად. ამ შემთხვევაში ძირითადი დაავადების მკურნალობა ფერმენტულ პრობლემასაც აგვარებს.

როგორ მოვიქცეთ


არ არსებობს არავითარი საშუალება, ორგანიზმს ლაქტაზის გამომუშავება "ვაიძულოთ", თუმცა დიეტის დაცვით შეგვიძლია შეტევების პრევენცია და მდგომარეობის კონტროლი.
წესისამებრ, არ არის აუცილებელი რაციონიდან რძის ყოველგვარი ნაწარმის ამოღება. ვინც რძეს ვერ სვამს, შეუძლია, შეუძლია იოგურტის, ყველის მიღება – მათში ნაკლები ლაქტოზაა. ამასთან, ადამიანებს ლაქტოზის მიმართ ტოლერანტობის სხვადასხვა დონე აქვთ. ბევრს პრობლემას არ უქმნის რძის ამა თუ იმ პროდუქტის ზომიერი მოხმარება, ბევრისთვის კი სიმპტომები იმდენად შემახუხებელია, შესაძლოა, ადამიანს სამუდამოდ დაავიწყოს ეს გემრიელი საკვები.

ავადმყოფობა მკურნალობის შედეგად


საჭმლის მონელების დარღვევა ზოგჯერ არა დაავადების, არამედ მკურნალობის შედეგია, კერძოდ, ანტიბიოტიკებით მკურნალობის. საქმე ის გახლავთ, რომ ანტიბიოტიკების დანიშნულება მიკრობებთან ბრძოლაა, მიკრობებით კი, როგორც უკვე იცით, უხვადაა დასახლებული ჩვენი ნაწლავები. წამალი მტერს მოყვარისგან ვერ არჩევს და სამიზნე ბაქტერიებთან ერთად ნაწლავში მობინადრე სასარგებლო მიკროორგანიზმებსაც ანადგურებს. შედეგად ირღვევა მიკრობული ბალანსი და ავანსცენაზე ის ბაქტერიები გამოდიან, რომლებიც მანამდე ნორმალური მიკროფლორის შიშით გამოჩენას ვერ ბედავდნენ. ამ ბაქტერიათა შორის პირველ ადგილს კლოსტრიდიუმ დეფიცილე იკავებს. ის, გარდა ნაწლავებისა, გვხვდება გარემოშიც – ნიადგაში, წყალში, ცხოველების ფეკალიებში. ფიზიოლოგიურ პირობებში, როგორც ვთქვით, უვნებელია და თავისი შავბნელი საქმეების ასრულებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ორგანიზმს სისუსტეს შეატყობს – გამოყოფს ტოქსინებს და წვრილ ნაწლავს ესხმის თავს.
ნაწლავის მსუბუქი დაზიანებისას მოსალოდნელია:
* მუცლის ტკივილი;
* წყლიანი დიარეა რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ ან მეტჯერ.
მძიმე შემთხვევებში კუჭის მოქმედება დღეში თხუთმეტსაც აღწევს. მუცლის ტკივილიც ძლიერია, თან ახლავს ღებინება, უმადობა, სუბფებრილური ტემპერატურა, სისხლი ან ჩირქი განავალში.

რომელი ანტიბიოტიკები იწვევს ინფექციას?


უმთავრესად – ამპიცილინი, კლინდამიცინი, ფთორქინოლონები და ცეფალოსპორინები. რისკი იმატებს, როცა ანტიბიოტიკს დიდხანს იღებთ და ის ფართო სპექტრისაა.
სხვა რისკფაქტორებია:
* 50 წელზე უფროსი ასაკი;
* საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე გადატანილი ოპერაცია;
* ოპერაცია, რომელიც ნაწლავის გამოტანას მოითხოვს;
* საავადმყოფოში წოლა;
* ნაწლავის დაავადებები;
* იმუნური სისტემის დაქვეითება.

შესაძლებელია თუ არა პრევენცია?


ინფექცია, ცხადია, გადამდებია. ბაქტერია დიდხანს ძლებს მყარ ზედაპირზე – უნიტაზზე, ტელეფონზე, კარის სახელურზე. ჰიგიენის წესების დაცვა ინფიცირების ალბათობას ამცირებს
სიმპტომების შემსუბუქებისთვის ხშირად საკმარისია ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტა და წამლის შეცვლა. თუ ამან არ იმოქმედა, ვითარების გამოსასწორებლად ისევ ანტიბიოტიკის მიღება მოგიწევთ, ამჯერად ისეთის, რომელიც კლოსტრიდიუმ დეფიცილეს ანადგურებს (მეტრონიდაზოლი, ვანკომიცინი). უნდა მიიღოთ ბევრი სითხე, რათა ორგანიზმმა დანაკარგი აინაზღაუროს და ერიდოთ რძის პროდუქტებს, ასევე – ხორბლის ფქვილის ნაწარმს და უჯრედისით მდიდარ საკვებს. ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა სახუმარო საქმე არ არის. ზოგჯერ მედიკამენტური თერაპია უშედეგოა და პაციენტის მდგომარეობა უარესდება. ასეთ დროს ოპერაციაა საჭირო.
გახსოვდეთ: ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ, საჭირო დოზითა და ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ.

  • მსხვილი ნაწლავი


მსხვილი ნაწლავის ფუნქცია წყლის შეწოვა, მკვრივი მასის ფორმირება და მისი ევაკუაციაა. ვინაიდან საჭმლის მონელება ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია, მსხვილ ნაწლავში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები უმეტესად ნაწლავთა მოქმედების დარღვევით – დიარეით ან ყაბზობით ვლინება, თუმცა არც გულისრევა და ღებინებაა გამორიცხული. ყურადღებას მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებაზე – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე შევაჩერებთ.

ძალიან გაღიზიანებული ნაწლავი


გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს) ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც მსხვილი ნაწლავის დაზიანებას იწვევს. მისთვის დამახასიათებელია პერიოდული დიარეა ან ყაბზობა და მუცლის ტკივილი. ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს დაავადებას. დადგენილია, რომ ორგანული დაზიანების ნიშნები ამ დროს არ დასტურდება, დარღვევა ფუნქციური ხასიათისაა, თუმცა ავადმყოფისთვის ამას შვება არ მოაქვს – სიმპტომები მეტად შემაწუხებელია და ზოგჯერ პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც კი ახდენს გავლენას.
ვარაუდობენ რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარებაში ბრალი მიუძღვის ნაწლავის კუნთების პათოლოგიას. ნაწლავის კედელში კუნთოვანი შრეა, რომლის შეკუმშვა საკვების გადაადგილებას იწვევს. თუ შეკუმშვა ჩვეულებრივზე ძლიერი და ხანგრძლივია, აირების დაგროვება, მუცლის შებერვა და დიარეაა მოსალოდნელი. კუნთების სისუსტე კი საკვების გადაადგილების შენელებას და ფეკალური მასების გამაგრებას უწყობს ხელს.
განსაზღვრულ როლს ასრულებს ტვინსა და ნაწლავებს შორის ნერვული სიგნალების კოორდინაციის მოშლა, მძიმე ინფექციები, მიკროფლორის ბალანსის დარღვევა.

სიმპტომები
ყველაზე გავრცელებულ ნიშნებს მიეკუთვნება
* მუცლის ტკივილი;
* დიარეა ან შეკრულობა, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს ენაცვლება;
* შებერილობა;
* ლორწო განავალში.
დაავადებას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს – დროდადრო სიმპტომები მწვავდება, დროდადრო კი მდგომარეობა უმჯობესდება ან სიმპტომები საერთოდ ქრება. ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ნაწლავთა მოქმედების მუდმივი დარღვევა გაქვთ.
სასწრაფო ვიზიტის აუცილებლობაზე მიუთითებს:
* წონის კლება;
* დიარეა ღამით;
* რექტალური სისხლდენა;
* აუხსნელი ღებინება;
* ყლაპვის გაძნელება;
* მუდმივი ტკივილი, რომელიც აირებზე გასვლის შემდეგაც არ სუსტდება.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამწვავების ეპიზოდები რაიმე ფაქტორის ზემოქმედებას უკავშირდება. ამ ფაქტორის ამოცნობა მნიშვნელოვანია – ეს შემდგომში შეტევის თავიდან აცილების საშუალებას მოგცემთ.
ტრიგერებს მიეკუთვნება:
* ზოგიერთი საკვები, უმეტესად – რძის ნაწარმი, ციტრუსები, ლობიო, კომბოსტო, გაზიანი სასმელები;
* სტრესი;
* ჰორმონები – ქალებთან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ამასთან, სიმპტომები ძლიერდება მენსტრუაციის დროს. ეს პროცესებში ჰორმონული ცვლილებების დიდ როლზე მიუთითებს.

ქრონიკული დიარეა და ყაბზობა სოციალურ პრობლემებსაც იწვევს. მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პირები სამჯერ უფრო ხშირად აცდენენ სამსახურს, ვიდრე ისინი, ვისაც ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. ცხოვრების ხარისხის გაუარესება იწვევს დეპრესიას და შფოთვას, რაც, თავის მხრივ, პროცესის დამძიმებას უწყობს ხელს.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული. პირველი ნაბიჯი ტრიგერების ამოცნობაა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტრესის მართვას. ამასთან ერთად, ინიშნება მედიკამენტები დაავადების ბუნებისა და წამყვანი სიმპტომების შესაბამისად.

***

პანკრეასი

პანკრეასი, იგივე კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭლმის მონელებაში უდიდეს როლს ასრულებს. მართალია, საკვები ამ ორგანოში არ ხვდება, მაგრამ პანკრეასი "თვითონვე მიდის საკვებთან". უფრო სწორად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გზავნის ფერმენტებს, რომლებიც საკვების მონელებაში მონაწილეობს.
პანკრეასი გამოიმუშავებს ჰორმონებსაც, რომლებიც მრავალი ბიოქიმიური პროცესის რეგულაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მათ შორის ყველაზე ცნობილი ინსულინია. მისი ფუნქცია ყველამ კარგად ვიცით – გლუკოზის ცვლის კონტროლი.

პანკრეატიტი


პანკრეასის ანთებას პანკრეატიტი ეწოდება. ის მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე პანკრეატიტი უეცრად იწყება და, წესისამებრ, მუცლის ძლიერი ტკივილი ახასიათებს. ტკივილი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს, დაერთოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, ცხელება.
აშშ-ში მწვავე პაკრეატიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ნაღველკენჭოვანი დაავადება მიიჩნევა. მიზეზად შესაძლოა იქცეს ალკოჰოლიზმი, თანდაყოლილი დაავადება, ტრავმა, რომელიმე მედიკამენტი, ინფექცია და სხვ.
ქრონიკული პანკრეატიტი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონკულ დაზიანებას იწვევს. დაავადება უმეტესად 30-40 წლის მამაკაცებთან გვხვდება. მისი გავრცელებული სიმპტომებია ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და დიარეა. დაავადების პროგრესირებას თან სდევს წონის კლება, უმადობა. შესაძლოა განვითარდეს შაქრიანი დიაბეტიც. ქრონიკული პანკრეატიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ქრონიკული ალკოჰოლიზმია. შესაძლოა, განვითარდეს კისტური ფიბროზის და სხვა თანდაყოლილი დაავადებების ფონზეც. ზოგჯერ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

პანკრეასის დაავადებების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების ხასიათს. მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და აუცილებლად დაიცვათ დაბალცხიმიანი დიეტა. ცხიმის ნებადართული ოდენობა თქვენს ასაკსა და წონაზეა დამოკიდებული, თუმცა სასურველია, დღეში 20 გრამს არ აღემატებოდეს. უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე. გაუწყლოება სიმპტომებს ამძიმებს, ამიტომ სასურველია, მიიღოთ ბევრი სითხე.


ნაღვლიანი ამბები


ნაღვლის ბუშტი ღვიძლის ქვეშ არსებული მსხლის ფორმის ორგანოა. აქ გროვდება ნაღველი – სითხე, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება და რომელიც ცხიმის გადამუშავებას უწყობს ხელს. წვრილ ნაწლავში ნაღველი ნაღვლის სადინარით გადადის. აღსანიშნავია, რომ ამ სადინარს უერთდება პანკრეასის სადინარიც და ორივე ერთად იხსნება წვრილ ნაწლავში.
ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ნაღველკენჭოვანი დაავადება უნდა ვახსენოთ – ბევრისთვის ნაცნობი პრობლემა, რომელიც ცხიმიანი საკვების მიღების სურვილს გვიკარგავს, ცდუნებისთვის კი მტკივნეული შეტევით გვიხდის სამაგიეროს.

ვის ემუქრება


მდედრობითი სქესი, ზრდასრული ასაკი, სიმსუქნე, სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, ესტროგენშემცველი მედიკამენტებით მკურნალობა, წონის სწრაფი კლება, დიაბეტი, ორსულობა ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბების რისკფაქტორებია. კლინიკურ სიმპტომებს ქვები იშვიათად იწვევს – უმეტესად მათ შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ულტრაბგერითი კვლვევის დროს, მაგრამ ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა ქარიშხალია ჩასაფრებული: ერთ დღესაც კენჭები დაიძვრებიან და იწყება ნაღვლის ჭვალი – შეტევითი ხასიათის ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა მარჯვენა მხარს, 30-60 წუთი გრძელდება, თან სდევს ოფლიანობა, ღებინება, გულისრევა... შესაძლოა, ამ დროს განვითარდეს სიყვითლე, ცხელება, საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება.
კენჭები ნაღვლის დენას ბლოკავს, ზოგჯერ კი პანკრეასიდან მომავალ ფერმენტებსაც უღობავს გზას. აღნიშნული მექანიზმი უდევს საფუძვლად ე.წ. ნაღვლოვანი პანკრეატიტის განვითარებას. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, მონელების დარღვევას იწვევს.
მკურნალობის მეთოდი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება მედიკამენტებითა და დიეტით გახვიდეთ ფონს, გართულებები და ხშირი შეტევები კი ოპერაციის ჩვენებაა.

  • როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი

სწორი კვების პრინციპების დადგენას უამრავი მეცნიერი ცდილობს. ჩნდება ახალ-ახალი თეორიები, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთსაც უპირისპირდება. თუმცა არავინ დავობს იმაზე, რომ საკვების ასათვისებლად საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობაა საჭირო.
როგორ ვიკვებოთ, რომ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი შევინარჩუნოთ? ჟურნალ “ავერსის” კითხვებს “ავერსის კლინიკის” ექიმი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი თენგიზ თელია პასუხობს.

“იდეალური” რეჟიმი

  • * რა მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს? როგორი უნდა იყოს საკვების მიღების რეგულარულობა, რამდელა უნდა იყოს შუალედი? საზოგადოდ, რა შეიძლება მივიჩნიოთ კვების იდეალურ რეჟიმად?

– კვების იდეალური რეჟიმი, როგორც ასეთი, არ არსებობს. მიღებული საკვების ოდენობა, სახეობა და ჯერადობა ჩვენსავე ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. თუ ადამიანს არაფერი აწუხებს, თავს ჯანმრთელად მიიჩნევს და სურს, ჯანსაღად იკვებოს, შემდეგი პრინციპები უნდა დაიცვას:
* შეძლებისდაგვარად, მიირთვას საკვები მცირე ულუფებით და ხშირად;
* მაქსიმალურად ერიდოს საკვებს, რომელიც, გამოცდილებით იცის, დისკომფორტს უქმნის.
თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე პათოლოგია აქვს, საკვების ოდენობა, სახეობა და ჯერადობა მას უნდა მიუსადაგოს. მაგალითად, ყავა და მაგარი ჩაი, როგორც წესი, ვნებს გულძმარვის მქონე პაციენტებს, მაშინ როდესაც დიარეით მიმდინარე დაავადებების დროს იმავე პროდუქტების მიღება ნებადართულია. სასურველია, კვების რაციონი მკურნალმა ექიმმა შეარჩიოს ავადმყოფობისა და ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით.

  • * დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა დავასრულოთ კვება? საუკეთესო შემთხვევაში, რამდენი ხანი უნდა გვაიდეს უკანასკნელი ტრაპეზიდან დაწოლამდე?

– არც ეს არის მკაცრად განსაზღვრული. შეიძლება ითქვას, რომ 2-3 საათი საკმარისია. თუ ადამიანს ძილის წინ ძალიან აწუხებს შიმშილის შეგრძნება, მსუბუქი ხემსი – მაგალითად, ჩაი, ორცხობილა, მაწონი – პრობლემას არ შეუქმნის.

როდის და როგორ

  • * როდის ჯობია ხილის ჭამა? შეიძლება თუ არა კერძისთვის მისი დესერტად დაყოლება?

– ხილის მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს – დილით, შუადღისას თუ საღამოს, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხილიც ჩვეულებრივი საკვებია, შეიცავს განსაზღვრული რაოდენობის კალორიებს, აქვს განსაზღვრული მოცულობა და მისი მიღებაც უნდა ექვემდებარებოდეს ჯანსაღი კვების ძირითად წესებს: კვებას მცირე ულუფებით და ხშირად, – თუმცა, ამასთან ერთად, გავითვალისწინოთ ცალკეულ სახეობათა ინდივიდუალური აუტანლობაც.

  • * შეიძლება თუ არა კერძისთვის წყლის დაყოლება?

– ჯანსაღი კვებისთვის ეს არსებითი არ არის. თუ ადამიანს სიამოვნებს ჭამის დროს წყლის სმა, შეუძლია, თამამად სვას.

  • * სხვადასხვა ტიპის პროდუქტების როგორი შეხამებაა ყველაზე ოპტიმალური? მაგალითად, ზოგიერთი თეორიის თანახმად, ხორცის მონელებას ხელს უშლის პური...

– ასეთი "თეორიები" გარკვეულ ზოგად გამოცდილებას ეფუძნება, თუმცა ეს გამოცდილება ხან სარწმუნოა, ხან – არა. თუ ხორცი და პური პაციენტისთვის თავისთავად ნებადართულია, ერთად მიიღებს თუ ცალ-ცალკე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

  • * უშლის თუ არა ხელს საკვების ათვისებას ჭამის დროს ტელევიზორის ყურება ან კითხვა?

– ამის შესახებ სარწმუნო მონაცემები არ არსებობს, თუმცა იდეალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმჯობესია, კვების პროცესი მშვიდი იყოს, რათა ორგანიზმის რესურსები მაქსიმალურად მოხმარდეს საჭმლის მონელებას და არ დაიხარჯოს გარეგან გამღიზიანებლებზე.

  • * გამართლებულია თუ არა ჭარბად დანაყრებისას საჭმლისთვის ფერმენტების დაყოლება?

– ასეთი რამ მიზანშეუწონელი და გაუმართლებელია. უმჯობესია, თავად საკვები მიირთვათ ზომიერად.

პრობიოტიკები

  • * რა არის პრობიოტიკები? შეიძლება თუ არა მათი თვითნებური მიღება? რომელ საკვებშია ბუნებრივი პრობიოტიკები?

– პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ, სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ მიკროორგანიზმების პეიზაჟზე. პრობიოტიკები ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ როგორც ბუნებრივი გზით, ისე სპეციალური პრეპარატების საშუალებითაც. მათი ეფექტიანობა ფუნდამენტურ მედიცინაში ჯერ ბოლომდე არ არის დამტკიცებული, ამიტომ თუ ადამიანს საჭმლის მომნლებელი ტრაქტის პრობლემები აქვს, მხოლოდ პრობიოტიკებზე დაყრდნობა გულუბრყვილობა იქნება. ამ დროს საჭიროა გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.
მიიღებს თუ არა ჯანმრთელი ადამიანი კომერციულ პრობიოტიკებს, მისი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, თუ არაფერი აწუხებს, ჯობია, არ მიიღოს.
ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს ჩვენი ეროვნული სიმდიდრე – მაწონი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყველამ უპირობოდ უნდა მიირთვას. ზოგიერთი ვერ იტანს რძის ნაწარმს, მათ შორის – მაწონს.

გულძმარვა

  • * რა არის გულძმარვა და რა იწვევს მას? რისი მიღება შეუძლია ამ დროს ადამიანს თვითნებურად?

– გულძმარვა – ეს არის წვის შეგრძნება საყლაპავში, რომელიც ხშირად (ხაზს ვუსვამ: ხშირად და არა ყოველთვის) მოსდევს კუჭიდან საყლაპავში კუჭის მჟავე შიგთავსის გადმოსროლას.
გადმოსროლის მიზეზი შეიძლება იყოს საყლაპავის კუჭში გადასვლის ადგილას მდებარე სფინქტერის არასრულფასოვნება – ბოლომდე დახურვის შეუძლებლობა – ან საყლაპავის აქსილარული თიაქარი – ორგანიზმის ანატომიური თავისებურება, როდესაც სფინქტერი დიაფრაგმის ზემოთ მდებარეობს.
ტუტე ხსნარები (ბორჯომი, ლიკანი, სოდიანი წყალი), როგორც წესი, ლოკალურად თრგუნავს მჟავიანობას და გულძმარვას ანელებს. იმავე მექანიზმითაა განპირობებული ე.წ. ანტაციდების (ალმაგელის, ფოსფალუგელის, მაალოქსის, გავისკონის და სხვათა) ეფექტი. პაციენტები ასეთ დროს არცთუ იშვიათად თვითნებურად იღებენ ე.წ. პრაზოლებს (ომეპრაზოლს, ლანსოპრაზოლს, პანტოპრაზოლს, რაბეპრაზოლს...). ეს არასასურველია. უკეთესი იქნება, შესაბამისი კვლევის საფუძველზე სათანადო მკურნალობა ექიმმა დანიშნოს, რადგან საყლაპავში მოხვედრილმა კუჭის აგრესიულმა შიგთავსმა შეიძლება საყლაპავის ზედა სფინქტერიც გადალახოს და დააზიანოს ხახა, ხორხი, პირის ღრუ და შუა ყურიც კი.

შებერილობა

  • * რა უწყობს ხელს აირების დაგროვებას?

– ბევრი რამ. განურჩევლად იმისა, უქმნის თუ არა ჭარბი აირები პაციენტს დისკომფორტს, უჩივის ბოყინს ან ფლატულენციას (ნაწლავიდან აირების გამოშვებას) თუ ჭარბი აირები მხოლოდ ექოსკოპიური კვლევის დროს იპყრობს რადიოლოგის ყურადღებას, – ეს მხოლოდ სიმპტომია და არა პათოლოგია ან დაავადება. აირების დაგროვების მიზეზთა სპექტრი ძალიან ფართოა – უბრალო კვებითი აუტანლობით დაწყებული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული ანთებითი პროცესებით დამთავრებული. ასე რომ, თუ ადამიანს ჭარბი აირები აწუხებს, ის მკურნალმა ექიმმა უნდა გამოიკვლიოს.
ექიმთან მისვლამდე შეიძლება მიიღოთ აქტივირებული ნახშირი ან კოლინი (იგივე სიმეტიკონი). ჭარბი აირების საწინააღმდეგოდ ფერმენტები არ გამოიყენება!

ბოჭკო

  • * რა დანიშნულება აქვს ბოჭკოს და რა სახის საკვებშია ის ბევრი?

– ბოჭკოს მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.

  • * პირველი და უმთავრესი ისაა, რომ ბოჭკოთი მდიდარი საკვები ნაწლავს ასტიმულირებს, დამატებით იზიდავს მისკენ წყალს და ხელს უწყობს ყაბზობის გამონელებას.

* მეორე – ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს მსხვილ ნაწლავში მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების სინთეზს ბაქტერიული ფერმენტაციის გზით, ეს მჟავები კი ნაწლავის უჯრედების საკვების დეპოა.
* აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და, ცალკეული კვლევების მიხედვით, ამცირებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების ალბათობას.
* დაბოლოს, ზოგიერთი საკვები ბოჭკო ნაწლავში ბოჭავს ჭარბ ქოლესტეროლს, რითაც ორგანიზმს (მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა სისტემას) მისი მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
საკვები ბოჭკოთი განსაკუთრებით მდიდარია ხილ-ბოსტნეული (ვაშლი, სტაფილო, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები, მარცვლეული...), მაგრამ თუ ადამიანი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს უჩივის, მათი მიღებაც ექიმს უნდა შეუთანხმოს, რადგან ჭარბი აირები და დისკომფორტი ბოჭკოვანი საკვების სიჭარბემაც შეიძლება გამოიწვიოს.

მოამზადეს: გვანცა გოგოლაძემ და მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: