გავუფრთხილდეთ ნაწლავის ფლორას
გააზიარე:
ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მიკრობები. ისინი მონაწილეობენ ნახშირწყლოვან, ცილოვან თუ ცხიმოვან ცვლაში, ვიტამინების სინთეზში, იმუნურ რეაქციებში. ორგანიზმში მიკრობების რაოდენობა თვით უჯრედების რაოდენობასაც კი რამდენჯერმე აღემატება. ისინი თითქმის ყველა ორგანოსა თუ ქსოვილში ცხოვრობენ, თუმცა მათი სიუხვით გამოირჩევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.
ამ ტრაქტის ბინადარი მიკრობების ერთობლიობას ინტესტინურ მიკრობიოტას, ნაწლავის მიკროფლორას ან უბრალოდ ფლორას უწოდებენ.
თუ მიკრობებს შორის წონასწორობა დაირღვა, მავნე ბაქტერიები გააქტიურდებიან, თავს იჩენს პათოლოგიური სიმპტომები და ბაქტერიათა თანაფარდობის აღსადგენად მკურნალობა დაგვჭირდება.
დისბიოზის – ნაწლავის მავნე და სასარგებლო მიკრობებს შორის არსებული ბალანსის დარღვევის – შესახებ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ინფექციონისტი თინათინ ქორიძე გვესაუბრება:
– დედის მუცელში ბავშვი საკვებს ჭიპლარის მეშვეობით იღებს. ეს უკანასკნელი ნაწლავის ფუნქციას ასრულებს. თავად ბავშვის ნაწლავები მუცლად ყოფნის პერიოდში სტერილურად სუფთაა. მასში მავნე და სასარგებლო მიკრობების ჩასახლება ჭიპლარის გადაკვეთის შემდეგ იწყება და სამ წლამდე გრძელდება. სწორედ ამ ასაკში უახლოვდება ბავშვის ფლორა მოზრდილი ადამიანისას. ჩამოყალიბების პროცესში კი მას ზედმიწევნით უნდა მოვუფრთხილდეთ.
ფლორის 95-99%-ს ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები შეადგენენ. ისინი ხელს უშლიან ნაწლავის ლორწოვან გარსზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და ტოქსინების ზემოქმედებისგან იცავენ მას. გარდა ამისა, ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი ლპობის ბაქტერიების გამრავლებას, მონაწილეობენ ჰორმონების, B ჯგუფისა და K ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავების სინთეზში, ხელს უწყობენ კალციუმის, P ვიტამინის, რკინის შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას. ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს – ინტერფერონს და ინტერლეიკინ-1-ს, განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლას. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები გვიცავენ ყაბზობისგან, ალერგიული რეაქციებისგან, ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ხელს უშლიან შინაგან ორგანოებსა და სისხლში ბაქტერიების შეჭრას. ყოველი მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.
ნაწლავებში მავნე მიკრობებიც სახლობენ, მაგრამ მათ პათოგენურ თვისებებს სასარგებლო ბაქტერიები აწონასწორებენ. თუ წონასწორობა დაირღვა – სასარგებლო მიკრობების რაოდენობა შემცირდა, მავნე მიკრობებისამ კი მოიმატა, უსიამოვნებას უნდა ველოდეთ. არცთუ მოუგვარებელს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს უსიამოვნება იოლი მოსაგვარებელია, მაგრამ მანამდე საკმაოდ გაგვაწვალებს. ასე რომ, უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ.
მიზეზები
- – რა არღვევს ნაწლავური ფლორის წონასწორობას?
– ბევრი რამ: სტრესი, გაციება, ვირუსული ინფექცია, ანტიბიოტიკების ხშირი მიღება, კვების ხასიათი, ჰიგიენური რეჟიმის დარღვევა...
ჩვილს, სანამ ძუძუს წოვს, ნაწლავური ფლორის წონასწორობის შენარჩუნებაში დედისგან მიღებული ანტისხეულები ეხმარება. როდესაც ის ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს, ანტისხეულები აკლდება და ფლორა ერღვევა. ეს გამოიხატება დისპეფსიური მოვლენებით: პირღებინებით, მუცლის ტკივილით, შებერილობით, აშლილობით ან შეკრულობით (ყაბზობისა და ფაფისებრი განავლის მონაცვლეობით), გულისრევით, პირში სიმწარით, გამოჯანმრთელების გაჭიანურებით ნაწლავის მწვავე ინფექციის დროს. სხვათა შორის, წლამდე ასაკის პატარებთან სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაც ხშირად მიკროფლორის დარღვევით, დიარეით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით მიმდინარეობს.
რა არის ნორმა
– იმის დასადგენად, დარღვეულია თუ არა ფლორა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მოქმედებას უნდა ვიცნობდეთ.
როდესაც ჩვილი ყოველი კვების შემდეგ წამოაქაფებს, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ პირნაღები მასა მიღებული ულუფის ნახევარს აღემატება, ეს უკვე პირღებინებაა.
წლამდე ყოველი კვების შემდეგ ნაწლავთა მოქმედება ნორმად მიიჩნევა, ამიტომ საფენის დღეში 5-6-ჯერ დასვრა შესაძლოა ნორმალური იყოს, ისევე როგორც, ინდივიდუალურ თავისებურებათა კვალობაზე, ნაწლავთა მოქმედება ყოველ მეორე-მესამე დღეს. ყურადღება განავლოვან მასას უნდა მივაქციოთ. ნორმალური განავალი ყვითელია, ერთგვაროვანი, ფაფისებრი. თუ მასა თხიერია, წყალწყალა ან აკუწული, ლორწოს შემცველი და მომწვანო, ნაწლავთა აშლილობა უნდა ვიეჭვოთ. თუ ბავშვი ორ-სამ დღეში ერთხელ გადის კუჭში, განავალი კი შეკრულია, მარცვლების მსგავსი – ყაბზობასთან გვაქვს საქმე.
ნაწლავთა მოქმედებისთვის მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობაც. როდესაც დედა შეკრულობისკენ ან დიარეისკენ არის მიდრეკილი და ბავშვი ძუძუს წოვს, მასთანაც იგივე პრობლემა იჩენს თავს. ასეთ დროს საჭიროა დედის მკურნალობაც.
ვადგენთ მიზეზს
– მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად ნაწლავთა აშლილობის მიზეზი უნდა დავადგინოთ. ეს შესაძლოა მიკროფლორის დარღვევაც იყოს და რომელიმე დაავადებაც.
დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კოპროლოგიურ (განავლის მიკროსკოპულ) გამოკვლევას. თუ განავლოვან მასაში ლეიკოციტები აღმოჩნდა, ეს ბაქტერიული ბუნების ნაწლავთა აშლილობაზე მიუთითებს. ამ დროს ანტიბიოტიკი დაგვჭირდება. თუ განავალში მხოლოდ ნეიტრალური ცხიმები და ცხიმოვანი მჟავებია მომატებული, ეს დისბიოზის მანიშნებელია. ამ შემთხვევაში პრობიოტიკებითა და ფერმენტებით შემოვიფარგლებით.
მკურნალობის ტაქტიკა
– მიზეზის მიხედვით დანიშნულ ძირითად წამალთან ერთად აუცილებელია ბავშვისთვის პრობიოტიკების მიცემაც. პრობიოტიკები პრეპარატებია, რომლებიც ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს. ეს პრეპარატები არ ვნებს ბავშვს, პირიქით, საჭმლის მონელებასა და ავადმყოფობასთან ბრძოლაში ეხმარება მის ორგანიზმს. დაგვჭირდება პრებიოტიკებიც. ესენი გახლავთ საკვების გადაუმუშავებელი ინგრედიენტები, რომლებიც მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის გამრავლებას ასტიმულირებს.
პრობიოტიკებთან, პრებიოტიკებსა და ფერმენტებთან ერთად ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება მივცეთ B ჯგუფის ვიტამინებიც. მათ გადამწყვეტი როლი ეკისრებათ ნორმალური ფლორის აღსადგენ მკურნალობაში. წლამდე კი ამ ჯგუფის ვიტამინების მიცემისგან თავს ვიკავებთ – შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ.
- – შეიძლება თუ არა პრობიოტიკების მიცემა წინასწარ, მიკროფლორის დარღვევის თავიდან ასაცილებლად?
– პრევენციისთვის პრობიოტიკების მიცემა აუცილებელია, მაგალითად, ანტიბიოტიკებით მკურნალობის, სხივური თერაპიის დროს.
ალერგია და ნაწლავის ფლორა
- – რა კავშირია ნაწლავურ ფლორასა და ალერგიულ რეაქციებს შორის?
– ალერგიული რექციებისადმი მიდრეკილ ბავშვებთან ხშირად გვხვდება ნაწლავური ფლორის დისბალანსი და პირიქით. სასარგებლო ბაქტერიები აქტიურად მონაწილეობენ საკვების გადამუშავებაში. მათი ნაკლებობისას თავს იჩენს ალერგია. დისბიოზი ორგანიზმისთვის მუდმივი სენსიბილიზაციის წყაროდ – უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ალერგიული განწყობის მიზეზად – მიიჩნევა. სასარგებლო ბაქტერიები აქტიურად მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში. როცა ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის, დაუშლელი ცილოვანი მოლეკულების მსხვილი ფრაგმენტები, რომლებიც ძლიერი ალერგენებია, ადვილად გაივლის ანთებადი ნაწლავის ლორწოვან შრეში.
ცალკე თემაა რძის აუტანლობა. განსაზღვრული ფერმენტის დეფიციტის გამო ლაქტოზა გლიკოზიდად ვეღარ გარდაიქმნება, ხოლო შუალედური პროდუქტი (გალაქტოზა-1-ფოსფატი) ღვიძლსა და თირკმელებს ვნებს. თუ ღვიძლის ფუნქცია დაირღვა, დედის რძით ან რძის ნარევით კვებისას თავს იჩენს პირღებინება, ფაღრათი, ძლიერი სიყვითლე, ამიტომ როგორც კი გაჩნდება ეჭვი გალაქტოზემიის თაობაზე, ბავშვს რაციონი უნდა შეეცვალოს – რძის ნაცვლად მიეცეს უგალაქტოზო და გალაქტოზით ღარიბი საკვები.
არსებობს ლაბორატორიული კვლევები, რომელთა მეშვეობითაც ადვილად ადგენენ, პრობლემა დედის რძის აუტანლობით არის გამოწვეული თუ ალერგიით.
როგორ გავუფრთხილდეთ
– ნაწლავის ნორმალური მიკროფლორისა და ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია სრულფასოვანი, ზომიერი კვება. ყურადღება უნდა მიექცეს კვების რეჟიმს, რათა ორგანიზმმა საკვების გადამუშავება მოასწროს – დაუმუშვებელი საკვების დაგროვება შებერილობასა და დისკომფორტს იწევევს.
ბავშვი ერთფეროვნად არ უნდა იკვებებოდეს. მეორე მხრივ, არც მშობლის სურვილისამებრ პოლივიტამინების მიცემაა გამართლებული – არასაჭიროებისამებრ მიღებულმა ვიტამინებმა (განსაკუთრებით – B ჯგუფისამ) შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. პედიატრმა ვიტამინები თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა დაუნიშნოს. მაგრამ უმჯობესია, პატარა საკვებიდან იღებდეს საჭირო ნივთიერებებს. ამისთვის მისი რაციონი უნდა შეიცავდეს რძის ნაწარმს, ხილს, ბოსტნეულს, ხორცს.
რძის ნაწარმი, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს რძემჟავა პროდუქტებს: მაწონს, ხაჭოს, ნაკლებცხიმიან, ნაკლებმარილიან ყველს, რომლებიც კალციუმის წყაროა. ნაკლებსასურველია იოგურტი, არაჟანი. კარაქი მცირე რაოდენობით აუცილებელიც კია, ოღონდ ხარისხიანი და არა სპრედი.
პირადად მე მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ბავშვს უმთავრესად ადგილობრივი, ჩვენს ეკოსისტემაში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ვაჭამოთ – ის ჩვენი გენეტიკისთვის ნაცნობია და ალერგიულ რეაქციებს ნაკლებად გამოიწვევს.
წლამდე ასაკის ბავშვებს ცილოვანი ნაწარმი რაც შეიძლება გვიან უნდა მივცეთ ასეთი თანმიმდევრობით: ხაჭო, კვერცხი, ხორცი და თევზი. თევზი დიდი სიფრთხილით უნდა გავასინჯოთ, რადგან ძალზე ალერგენულია. კვერცხისა და ხაჭოს მიცემა 7-8 თვიდან ჯობს.
საკვები ადვილი მოსანელებელი, თერმულად კარგად დამუშვებული უნდა იყოს. ცხადია, მოხარშული და არა შემწვარი – ამ უკანასკნელის მონელება ბავშვის ორგანიზმს უჭირს. საერთო საოჯახო სუფრიდან უფროსებისთვის მომზადებული კერძის მიცემა არ შეიძლება.
ბავშვის საკვები უშუალოდ კვების წინ უნდა მომზადდეს, რადგან გაცხელებისას, გარდა იმისა, რომ კვებით ღირებულებას დაკარგავს, შეიცვლება ცხიმების სტრუქტურაც – ისინი ძნელი მოსანელებელი გახდება.
სანამ ბავშვზე მშობელი ზრუნავს, რაციონის კონტროლი უფრო ადვილია. ვითარება რთულდება, როდესაც ბავშვი სკოლაში სიარულს და სწრაფი კვების პროდუქტებით დანაყრებას იწყებს. ეს მშრალი, ერთგვაროვანი საკვები ნორმალურ ფლორაზე დამანგრეველად მოქმედებს. ფასტფუდი, წესისამებრ, მდიდარია ნახშირწყლებითა და ცხიმით. თანაც სწრაფი კვების ობიექტებში უმეტესად მრავალჯერად ცხიმს იყენებენ. მას, გარდა იმისა, რომ ძნელი მოსანელებელია, კანცეროგენული თვისებებიც აქვს. არც ტკბილი გაზიანი სასმელებია რეკომენდებული – მათი დიდი რაოდენობით მიღებისას ნაწლავებში ნახშირწყლების წვის პროდუქტები გროვდება, რაც შებერილობას, მუცლის ტკივილს, ყაბზობას ან აშლილობას იწვევს.
მარი აშუღაშვილი