როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს?
გააზიარე:
ცხიმიანი კანი – მოვლის რუტინა
თუ სახეზე ბზინვარება და გამონაყარი შეამჩნიეთ, უნდა გაგიხარდეთ – გვიან დაბერდებით, ესე იგი ცხიმიანი კანი გაქვთ. ოღონდ თუ არ იცით, როგორ მოუაროთ ასეთ კანს, რა უხდება და რა ვნებს მას, პრობლემებმა შესაძლოა მთელი ცხოვრება შეგაწუხოთ.
მოვლა ყოველგვარი ტიპის კანს სჭირდება, მაგრამ ცხიმიანისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ერთი მოადუნე ყურადღება, შესაძლოა, კარგა ხანს იარო “სახედამშვენებულმა”.
ცხიმიანი კანის პრობლემებსა და მისი მოვლის წესებზე გვესაუბრება გია გვარამიას კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე.
– თუ მშრალი კანი არასაკმარისი მოვლის შემთხვევაში მალე ნაოჭდება და ბერდება, ცხიმიანი, პირიქით, ჭარბი ცხიმის წყალობით დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. სქელი ლიპიდური მანტია კარგად იცავს მას და ხელს უშლის მისი ზედაპირიდან წყლის აორთქლებას, ამიტომ კანი დიდხანს რჩება ელასტიკური. მეორე მხრივ კი ცხიმის ჭარბი სინთეზი დისკომფორტს უქმნის ასეთი კანის მქონე ადამიანებს. მათ მთელი ცხოვრება უწევთ ბრძოლა ცხიმოვან ბზინვარებასა და გამონაყართან.
ცხიმიანი კანი მაქვს?
– თუ დილით სახეზე ბზინვარება შეამჩნიეთ, ესე იგი ცხიმიანი კანი გაქვთ.
დამახასიათებელი ნიშნები:
* პრიალებს;
* ფართოფორებიანია, ზოგჯერ ფორთოხლის ქერქსაც კი მოგვაგონებს;
* სქელია და უხეში;
* დაფარულია კომედონებით (ფერიმჭამელებით);
* ხშირად უჩნდება გამონაყარი.
ცხიმიანი კანი და გამონაყარი
– ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე გავლენას ახდენს მამაკაცის ჰორმონი ტესტროსტერონი. როცა ორგანიზმში ამ ჰორმონის დონე იმატებს, ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოყოფს. ჭარბი ცხიმი კანის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ასწრებს და გარქოვანებულ უჯრედებთან ერთად თმის ფოლიკულებში საცობებს წარმოქმნის, ახშობს მის სადინარებს და შავ კომედონებს აჩენს.
ცხიმოვანი ჯირკვლის სადინარში რქოვანა მასების ხანგრძლივი დაგროვების შედეგად კი წარმოიქმნება თეთრი, მრგვალი კვანძები – თეთრი კომედონები.
ცხიმის სიჭარბის გამო კანის მჟავატუტოვანი ბალანსი ირღვევა, მჟავიანობა მცირდება, რის შედეგადაც კანის ბარიერული ფუნქცია ქვეითდება, ამიტომ ცხიმიანი კანი კარგი ნიადაგია ბაქტერიების გასამრავლებლად.
თუ ფოლიკულში აკნეს გამომწვევი ბაქტერია მოხვდა, კომედონი პაპულად (მშრალ მუწუკად) გადაიქცევა. დაჩირქების შემდეგ ყალიბდება პუსტულა (ჩირქოვანი მუწუკი).
თუ კანზე ათამდე მცირე ზომის ელემენტია, ვსაუბრობთ მსუბუქ აკნეზე.
აკნე განსაკუთრებით პუბერტატულ ასაკში იჩენს თავს, როდესაც ჰორმონული ბალანსი დარღვეულია. მაგრამ ჰორმონულთან ერთად ის შესაძლოა გამოიწვიოს:
* ზოგიერთმა მედიკამენტმა;
* კუჭ-ნაწლავის ზოგიერთმა დაავადებამ;
* საკვერცხის პოლიკისტოზმა;
* ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ.
რა განაპირობებს ცხიმიან კანს:
* გენეტიკა – ბიოლოგიურად აქტიური ანდროგენების (ტესტოსტერონის) რაოდენობა მეტწილად გენეტიკურად არის განსაზღვრული;
* ჰორმონული დისბალანსი – ცხიმის გამოყოფას, როგორც ითქვა, ტესტოსტერონი ასტიმულირებს. ტესტოსტერონის დონის მომატებისას ცხიმოვანი ჯირკვლები ჭარბად წარმოქმნის ცხიმს;
* არაჯანსაღი საკვები – ცხიმოვან ჯირკვლებს ააქტიურებს ტკბილი, ცხარე, სანელებლებიანი, შებოლილი, ცხიმიანი პროდუქტის ჭარბი მიღება;
* ჭარბი ალკოჰოლი – აღიზიანებს ცხიმოვან ჯირკვლებს;
* არასწორი მოვლა – ცხიმოვანი და ზეთოვანი კოსმეტიკური ნაწარმი;
* ზოგიერთი დაავადება – ენდოკრინული, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული დაავადებები;
* ზოგიერთი მედიკამენტი.
მოვლის რუტინა
– ალბათ უკვე მიხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მოვლა ცხიმიანი კანისთვის. არასწორმა მოვლამ და შეუსაბამო კოსმეტიკურმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ან გაამწვაოს კანის პრობლემები (მაგალითად, აკნე, სებორეა). ასეთი კანის მქონე ქალები ხშირად ცდილობენ, აგრესიული კოსმეტიკური საშუალებებით დათრგუნონ ცხიმის სინთეზი. ეს შეცდომაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ცხიმი კანის ბუნებრივი დამატენიანებელია. ნაცვლად ცხიმის სინთეზის დათრგუნვისა, უმჯობესია, არეგულიროთ მისი გამოყოფა.
ყოველდღიური მოვლის რუტინა ასეთია:
1. დაბანა დილა-საღამოს;
2. ტონირება დილა-საღამოს;
3. შრატი 35 წლიდან;
4. დატენიანება დილა-საღამოს.
გაწმენდა
– კანი სუფთად რომ შეინარჩუნოთ და ფორები დახშობისგან დაიცვათ, უმჯობესია, პირი დილა-საღამოს დაიბანოთ. გირჩევთ, გამოიყენოთ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი გელი, ქაფი ან საპონი. სასურველია, გელს ჰქონდეს საშუალო პH, შეიცავდეს გამაგრილებელ და ანტიბაქტერიულ კომპონენტებს, დამამშვიდებელ ექსტრაქტს, – მაგალითად, ალოესას, ჩაის ხისას. გამწმენდი საშუალება კანს ისე უნდა აშორებდეს ზედმეტ ცხიმსა და ჭუჭყს, რომ მის მჟავატუტოვან ბალანსს არ არღვევდეს.
გამწმენდი ლოსიონი იშვიათად გამოიყენეთ. თუ გამოიყებენთ, ყურადღება მიაქციეთ მასში სპირტის შემცველობას. დიდი რაოდენობის სპირტმა კანი შესაძლოა გააღიზიანოს, რაც ბაქტერიების შეჭრას შეუწყობს ხელს, და გამოაშროს, რაც ცხიმის კიდევ უფრო უხვ სინთეზს გამოიწვევს. გამწმენდის შემადგენლობაში სპირტი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
კანი ნაზად და საფუძვლიანად გაისუფთავეთ. დასაბანი საშუალება ფრთხილად შეიზილეთ კანზე და 2-3 წუთის შემდეგ ნელთბილი (და არა ცხელი წყლით) წყლით ჩამოიბანეთ. სახე ნაზად შეიშრეთ რბილი პირსახოცით, რომ ხახუნმა ცხიმოვანი ჯირკვლები არ გააღიზიანოს. არამც და არამც არ გამოიყენოთ გამწმენდი რძე ან ზეთი – ის უფრო მეტად გააცხიმიანებს კანს.
ფორებს ძალიან კარგად ასუფთავებს გამწმენდი ნიღბები. სასურველია, კვირაში ორჯერ ან სამჯერ სახე ასეთი ნიღბით გაიწმინდოთ.
პილინგი
– პილინგი ცხიმიანი კანის მოვლის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც გაწმენდა. მექანიკური პილინგი შეგიძლიათ თავად გაიკეთოთ შინ. ის ღრმად წმენდს ფორებს ცხიმისგან, მტვრისა და გარქოვანებული უჯრედებისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას.
მექანიკური პილინგი კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ. სკრაბი უხეში არ უნდა იყოს. ნაზად შეიზილეთ კანზე და ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ, მერე კი საცხით დაიტენიანეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ – ხშირი პილინგი და ბანა ლიპიდურ მანტიას არღვევს და კანის ბარიერულ ფუნქციას აქვეითებს; კანზე მრავლდება ბაქტერიები, რამაც შესაძლოა კომედონების ინფიცირება გამოიწვიოს.
თუ კანზე ანთებითი ელემენტები შეამჩნიეთ, მექანიკური პილინგისგან თავი შეიკავეთ.
კანის უფრო ღრმა წმენდისთვის და აკნეს სამკურნალოდ გირჩევთ ქიმიურ პილინგს, ოღონდ ამისთვის სპეციალისტს უნდა მიმართოთ. ქიმიური პილინგი უმჯობესია სალიცილის მჟავათი ჩატარდეს, რადგან ის ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს.
აკნეს სამკურნალოდ რეკომენდებულია 4 პროცედურა ორკვირიანი ინტერვალით.
პილინგი შეგიძლიათ შინაც ჩაიტაროთ მჭადის ფქვილით, ყავის ნალექით ან შვრიის ფანტელით (ჰერკულესით).
ცხიმის გამოყოფას მეზოთერაპიის პროცედურაც არეგულირებს. დერმატოლოგი თქვენი კანის მდგომარეობის მიხედვით გირჩევთ, როდის ჩაიტაროთ ის.
ტონირება
– ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ტონიკი წმენდს კანს, ავიწროებს ფორებს და ერთგვაროვნებას ანიჭებს კანის სტრუქტურას. მისი შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მითითებას შეფუთვაზე: “ცხიმიანი კანისთვის”.
სპირტით მდიდარი ტონიკი (სპირტის შემცველობა – 20-დან 60 პროცენტამდე) დეზინფექციას უტარებს ღია ფორებს და ებრძვის ბაქტერიებს. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ზედმეტმა სპირტმა შესაძლოა კანი გამოაშროს, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო მეტად გააქტიურებას გამოიწვევს, ამიტომ მისი ხშირი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. გირჩევთ, ასეთი ტონიკი კანის მდგომარეობის მიხედვით გამოიყენოთ. კარგი იქნება, თუ კონსულტაციას სპეციალისტთან გაივლით.
აკნეს დროს უკეთესია სალიცილის მჟავას შემცველი ტონიკი. პირის დაბანის შემდეგ ბამბა კარგად დაასველეთ სითხით და სახეზე წაისვით, 5-10 წუთის შემდეგ კი დამატენიანებელი კრემი გადაისვით.
დატენიანება
– ხშირმა ბანამ და ცხიმის მოცილების სხვა პროცედურებმა კანი შესაძლოა მეტისმეტად გამოაშროს, ამიტომ აუცილებელია, ის დღეში ორჯერ დაინოტივოთ სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საცხით. ასეთი საცხები შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც კანის ბზინვარებას ამცირებს და ცხიმის სინთეზს არეგულირებს.
შეძენამდე კი ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას. საცხი არ უნდა შეიცავდეს ცხიმოვან ეთერებსა და ზეთებს – კაკაოს კარაქს, ლანოლინს, მიწის თხილის ან ქოქოსის ზეთს, ასევე – გამაღიზიანებელ კომპონენტებს: პარაბენებს, სურნელოვან ნივთიერებებს, საღებავებს. მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიბაქტერიული ინგრედიენტები.
დამატენიანებელი კრემი პირის დაბანიდან ან ტონირებიდან 10-15 წუთის შემდეგ წაისვით, როცა კანი კარგად შეშრება, მკვებავი კრემი კი 45-50 წლიდან გამოიყენეთ.
ვარჩევთ დამატენიანებელს
დამატენიანებლის შემადგენლობა:
1. მზისგან დამცავი კომპლექსი, უმჯობესია შPF15 – იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან;
2. ჰიალურონის მჟავა – ხელს უწყობს კანის აქტიურ დატენიანებას;
3. ჩ და E ვიტამინები – იცავს კანს მავნე ზემოქმედებისგან;
4. კოენზიმ Q10 – პასუხს აგებს უჯრედების ენერგომომარაგებაზე, ასტიმულირებს უჯრედულ სუნთქვას, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს;
9. ანწლის, ბალბის ან სუროს ექსტრაქტი – ატენიანებს, ელასტიკურობას ანიჭებს კანს;
10. სტაფილოს ან ხორბლის ექსტრაქი – ამარაგებს კანს მცენარეული ცილებით;
11. მწვანე ჩაი, გუარანის, კვლიავის ექსტრაქტი ან A ვიტამინი – კანიდან გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაძლიერებას;
12. კვიპაროსის ან ყურძნის ექსტრაქტი – ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, იცავს სისხლძარღვებს;
13. იის, წიწმატის ექსტრაქტი – აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
14. კვიპაროსის, გამამელისას, კრაზანას, კვლიავის, შვრიტას ექსტრაქტი – აჩქარებს უჯრედების განახლებას, ავიწროებს ფორებს, აშუშებს კანს.
ჯილდა გაჩეჩილაძე