სახიფათო კონტაქტები

გააზიარე:

ჩვენი ყოველდღიური ყოფა აღსავსეა სახიფათო კონტაქტებით. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სრულიად უწყინარი კონტაქტი საპონთან, შამპუნთან და მზესთანაც კი შესაძლოა კონტაქტური დერმატიტით დასრულდეს.

კონტაქტური დერმატიტი კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც სხვადასხვანაირად ვლინდება. მწვავე ფაზაში მას ახასიათებს ერითემული გამონაყარი, ქავილი, ვეზიკულიზაცია – ბუშტუკების წარმოქმნა, ხოლო ქრონიკულში – კანის აქერცვლა და დესკვამაცია. გავრცელებული ტერმინები ეგზემა და დერმატიტი სწორედ კონტაქტური დერმატიტის სინონიმებია.

კონტაქტურ დერმატიტს, წესისამებრ, წინ უძღვის გამაღიზიანებელი ფაქტორის ან ალერგენის ზემოქმედება კანზე. ანთებას ზოგჯერ იმუნური რეაქცია უდევს საფუძვლად, ზოგჯერ კი – არაიმუნური. ამის კვალობაზე, კონტაქტური დერმატიტი რამდენიმე ტიპისაა:

* სუბიექტური ირიტაციული. ეს კანის იდიოსინკრაზიული, გენეტიკურად განპირობებული გაღიზიანებაა, რომელსაც წვისა და ჩხვლეტის შეგრძნებები ახლავს თან. ეს სიმპტომები თავს იჩენს გამაღიზიანებელ ნივთიერებასთან კონტაქტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, უმეტესად – სახეზე, და თვალით შესამჩნევი ნიშნების გარეშე. ამ ტიპის რეაქციებს უმეტესად კოსმეტიკური და მზისგან დამცავი საშუალებები იწვევს.

* მწვავე ირიტაციული. ამ ტიპის კონტაქტური დერმატიტი განპირობებულია ძლიერმოქმედ ნივთიერებასთან ერთჯერადი ხანგრძლივი ან მრავალჯერადი ხანმოკლე კონტაქტით.

* ქრონიკული კუმულაციურ-ირიტაციული. კონტაქტური დერმატიტის ამ ტიპს მსუბუქად მოქმედ ხსნად ან არახსნად ნივთიერებასთან ხშირი კონტაქტი განაპირობებს. ასეთებია უმთავრესად სარეცხი საშუალებები, ორგანული გამხსნელები, საპნები, მჟავები და ტუტეები. ასეთივე ეფექტი აქვს ჰაერის დაბალ ტენიანობას, მშრალი და ცხელი ჰაერის უშუალო ზემოქმედებას, საყოფაცხოვრებო და პროფესიულ გამღიზიანებლებს.

* ალერგიული. ამ ტიპის კონტაქტური დერმატიტი ვითარდება სპეციფიკური ალერგენის მიმართ იმუნური რეაქციის შედეგად.

* ფოტოტოქსიკური, ფოტოალერგიული და ფოტოაგრავიაციული. ზოგიერთ ალერგენს ფოტოალერგენის თვისებები აქვს. ფოტოალერგიული და ფოტოტოქსიკური რეაქციების ერთმანეთისგან დიფერენცირება ზოგჯერ საკმაოდ ძნელია.

•             სისტემური. სისტემური კონტაქტური დერმატიტი ვითარდება იმ წამლების სისტემური გზით მიღების შემდეგ, რომელთა მიმართაც პაციენტს წინათ ადგილობრივი ზემგრძნობელობის მომატება აღენიშნებოდა.

ხშირად კონტაქტური დერმატიტის სხვადასხვა ტიპი ერთდროულად ვლინდება, განსაკუთრებით – კიდურებზე. მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტაქტური დერმატიტის მიზეზის დადგენას, რაშიც უმთავრესი როლი ანამნეზს ენიჭება.

 

როგორ ვლინდება

კონტაქტურ დერმატიტს ახასიათებს ერითემა, ქავილი, წვის ან ტკივილის შეგრძნება, მცირე ზომის ან შედარებით მოზრდილი ბუშტუკების გაჩენა კანზე, კანის აქერცვლა. ზოგჯერ ის ვლინდება ქეილიტით – ტუჩების ანთებით, ასევე – კანის პიგმენტაციის დარღვევით, აკნეთი, ლიქენითა და ურტიკარიითაც. ქავილი ამ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია.

 

ვეძებთ დამნაშავეს

კონტაქტური დერმატიტი შესაძლოა გამოიწვიოს სამკაულმა, ტანსაცმელმა, არომატულმა დანამატებმა, სარეცხმა საშუალებამ, საღებავმა, ადგილობრივი მოხმარების მედიკამენტმა, ასევე – კონტაქტმა მზესთან, წყალთან, ცხოველებთან, პროფესიულ ან სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებთან.

კონტაქტური დერმატიტის განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკი ემუქრებათ ინდუსტრიის სფეროში მომუშავე პირებს, რომლებიც ხშირად სენსიბილიზებულნი არიან საკვები პროდუქტებით, ინდუსტრიაში გამოსაყენებელი მასალებით, ტყავითა და მისი შემცვლელებით, ასევე – კოსმეტიკური საშუალებებით. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ვითარდება ფოტოკონტაქტური დერმატიტი, რომლის სიმპტომებიც უპირატესად სახეზე, ხელებზე, კისერზე, ნიკაპზე და ყურების უკანაა გამოხატული. მის განვითარებას ხელს უწყობს ფისების, საღებავების, პარფიუმერიისა და მზისგან დამცავი კრემის გამოყენება. წამლებიდან ამ კუთხით სახიფათოა სულფანილამიდები, ტეტრაციკლინები, ფთორქინოლონები, ორალური კონტრაცეპტივები, თიაზიდური ჯგუფის პრეპარატები და ფენოთიაზინები (ანტიჰისტამინები და ფსიქოტროპული საშუალებები). აღსანიშნავია, რომ კონტაქტური დერმატიტი უმეტესად ქალებსა (განსაკუთრებით – კოსმეტიკური საშუალებების მიმართ) და 40-60 წლის პირებთან აღირიცხება.

 

დავსვათ დიაგნოზი

დაავადების დიაგნოსტიკა მოიცავს სამ კომპონენტს: ანამნეზის შეკრებას, კანის დათვალიერებას და აპლიკაციურ სინჯებს. პაციენტის მონათხრობზე დაყრდნობით მხოლოდ 10-20%-შია შესაძლებელი დამნაშავე აგენტის გამოვლენა და მისი ალაგმვა. ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დროს ბუშტუკები სავსეა გამჭვირვალე სითხით. დაავადების მომდევნო ფაზაში ვითარდება კანის ეგზემური დაზიანება. ბუშტუკოვანი გამონაყარი ნელ-ნელა ქრება, რასაც კანის აქერცვლა მოჰყვება, ხოლო ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლისას კანის აქერცვლა და გასქელება კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. ამ დროს დაზიანებული უბნები მკაფიოდაა გამოხატული, რაც კონტაქტური დერმატიტის დიაგნოსტიკას აადვილებს. მეტად მნიშვნელოვანია კონტაქტის უბნების განსაზღვრა. წესისამებრ, ზიანდება თვალის ირგვლივი, პირის ირგვლივი მიდამოები, კისერი, ხელები, იღლიები და ქვედა კიდურები. სწორედ ეს ადგილები (განსაკუთრებით – სახე და კისერი) განიცდის ყველაზე ხშირად კონტაქტური აგენტების (საპნის, შამპუნის, აეროზოლის, კოსმეტიკური საშუალებებისა და სამკაულების) ზემოქმედებას. ქალების 10%-სა და მამაკაცების 4%-ს დაზიანება ხელებზე აღენიშნება. უმეტესად – ხელის ზურგზე, სადაც კანი უფრო ნაზია. სხეულის ამ უბნებზე შესაძლოა განვითარდეს როგორც ალერგიული, ისე ირიტაციული კონტაქტური დერმატიტიც. ეს უკანასკნელი უმეტესად ხელის თითებზე იწვევს ბუშტუკოვან გამონაყარს. როდესაც გამონაყარი თავდაპირველად ხელებზე ჩნდება და მერე ვრცელდება სახესა და წინამხრებზე, მას შესაძლოა ფოტოსენსიბილიზაციაც მოჰყვეს.

 

სხვაში რომ არ შეგვეშალოს

ასეთივე გამონაყარი სხვა ტიპის დერმატიტებსაც ახასიათებს, ამიტომ საჭიროა მისი დიფერენცირება ატოპიური, დისჰიდროზული, ნუმულარული და სებორეული დერმატიტებისგან (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქრონიკულად მიმდინარეობს). აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ატოპიური დერმატიტი მეტწილად ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებთან იჩენს თავს, კონტაქტური კი – მოზრდილებთან. ამასთან, ატოპიური დერმატიტის დროს გამონაყარი სიმეტრიულია და კიდურების გამშლელ და მომხრელ ზედაპირებზე ჩნდება. სებორეული დერმატიტისთვის დამახასიათებელია სუსტი ქავილი, მოყვითალო, ცხიმოვანი ელფერის ნადები კანზე, აქერცლილი უსწორმასწორო ფორმის ერითემა წარბებისა და ნესტოების მიდამოში და თავის ქალაზე. ნუმულარული დერმატიტისთვის დამახასიათებელია ოვალური (მონეტის ფორმის) ლაქოვანი, 2-10 სმ დიამეტრის გამონაყარი ტანსა და კიდურებზე. დისჰიდროზული დერმატიტი ვლინდება მრავლობითი წვრილი (1-2 მმ დიამეტრის) ბუშტუკოვანი წარმონაქმნით მტევნებზე, ტერფებზე, ხელისა და ფეხის თითებზე. შედარებით იშვიათად კონტაქტური დერმატიტი წააგავს ფსორიაზს, სოკოვან ინფექციას, კანის თ-უჯრედულ ლიმფომას, მგლურას, პიტირიაზსა და როზაცეას.

 

რომელი გამოკვლევები ჩავიტაროთ

დიაგნოზის დამადასტურებელ ოქროს სტანდარტად მიჩნეულია აპლიკაციური სინჯი. ამ დროს დერმატიტის გამომწვევი საეჭვო რეაგენტი თავსდება კანის უთმო ზედაპირზე (უმჯობესია, ზურგზე, ბეჭებს შორის) სააპლიკაციო უბნის წყლით ჩამობანისა და კარგად გაშრობის შემდეგ. თუ საჭირო გახდა კანის გაპარსვა, უმჯობესია, ეს მოხდეს ელექტროსაპარსით (ქაფის გამოყენება არ არის რეკომენდებული). სააპლიკაციო მასალა იფარება არაალერგიული საფარით და 48 საათის განმავლობაში რჩება კანზე. პაციენტმა ტესტის დამთავრებამდე არ უნდა ჩამოიბანოს ტესტირებული უბანი და არ გაიოფლიანოს კანი. შეფასება ხდება საფარის მოცილებიდან 30 წუთის შემდეგ. პირველი შეფასების შემდეგ კანი დაცული უნდა იყოს დასველებისგან შეფასების მომდევნო ეტაპების განხორციელებამდე, რომლებიც ტარდება III, IV ან VII დღეს მოგვიანებითი რეაქციების აღნუსხვისთვის.

 

როგორ მოვიქცეთ

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის მკურნალობის მთავარი პრინციპი დამნაშავე ალერგენის გამოვლენა და უვნებელყოფაა. ალერგენის გამოვლენის შემდეგ პაციენტს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა სხვა პოტენციური პირდაპირი თუ არაპირდაპირი ალერგენის შესახებ, ვინაიდან ალერგენებს შეიცავს უვნებლად მიჩნეული მრავალი პროდუქტი. ირიტაციული კონტაქტური დერმატიტის მართვისას უმთავრესია გამღიზიანებლებისგან კანის დაცვა. ყველაზე გავრცელებული გამაღიზიანებლებია საპნები და სადეზინფექციო საშუალებები – დეტერგენტები (გამაღიზიანებელია თავისთავად წყალიც), პროფესიულ გარემოში კი – ზეთები, ტუტეები, მჟავები და გამხსნელები. როდესაც გამოვლენილი ალერგენის ან გამღიზიანებლისთვის თავის არიდება შეუძლებელია, საჭიროა მათგან თავის ზედმიწევნით დაცვა შესაბამისი სამოსითა და ხელთათმანებით.

ხელთათმანები უმჯობესია იყოს რეზინისა ან პოლივინილქლორიდისა (სინთეზური ნივთიერება) და წყალგაუმტარი. მათ ქვეშ ბამბის ხელთათმანები უნდა ჩავიცვათ. საჭიროა ხელთათმანების დროდადრო გახდა, რადგან გაოფლიანებამ შესაძლოა დაამძიმოს დერმატიტი. კანის დასაცავად ასევე შეიძლება გამოვიყენოთ დიმეთიკონის შემცველი სპეციალური კრემები და ლიპიდური შემადგენლობის დამცავი საცხები.

ირიტაციული კონტაქტური დერმატიტის დროს გამაღიზიანებელი აგენტის მოშორება უმეტესად შესაძლებელია. მაგალითად, ადვილია საპნის შეცვლა. თუ გამომწვევი დროულად არ მოვიშორეთ, დაავადება შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.

გამომწვევი ფაქტორის მოშორებასთან ერთად აუცილებელია სიმპტომური მკურნალობაც. ამ დროს იყენებენ ცივი წყლის, ფიზიოლოგიური და ბუროვის ხსნარის (1:40) საფენებს. კონტაქტური დერმატიტის დროს ადგილობრივი სტეროიდები პირველი რიგის პრეპარატებია. ისინი გულისყურით უნდა შეირჩეს კანის დაზიანების ხასიათისა და დაზიანებული უბნის ფართობის მიხედვით. იქ, სადაც კანი სქელია და შედარებით უხეში, შეიძლება გამოვიყენოთ ძლიერმოქმედი სტეროიდები. საშუალო სიძლიერისა გამოიყენება ტანსა და კიდურებზე. კანის მშრალ და გაუხეშებულ უბნებზე უპირატესობა ენიჭება მალამოს, სველ უბნებსა და სხეულის სხვადასხვა ნაკეცებზე კი – კრემებსა და ლოსიონებს. კანის ნაზ უბნებზე (კიდურების მომხრელ ზედაპირებზე და თვალბუდის ირგვლივ) საცხებისა და ძლიერი სტეროიდების წასმა მიზანშეუწონელია. სტეროიდები მეტ ეფექტურობას ამჟღავნებს, როდესაც მათ წინასწარ დასველებულ კანზე ვისვამთ. გაითვალისწინეთ: სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

მეორე რიგის მკურნალობა ტარდება რეფრაქტორული კონტაქტური დერმატიტის დროს, როცა დაავადება ზემოთ აღწერილ მკურნალობას არ ემორჩილება. ამ დროს ერთდროულად იყენებენ ფსორალენსა და ულტრაიისფერ სხივებს (PUVA), ასევე – აზათიოპრინიან 12-ციკლოსპორინს. ზოგი ავტორი უპირატესობას ანიჭებს A ვიტამინის ნაწარმებს – რეტინოიდებს, მაგრამ უნდა გათვალისწინოთ, რომ ამ პრეპარატების გამოყენებისას გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი. თუ კონტაქტური დერმატიტი მოიცავს სხეულის დიდ უბანს (კანის ფართობის 20%-ზე მეტს), უპირატესობა სისტემურ სტეროიდებს ენიჭება. ამ დროს ინიშნება პრედნიზოლონი. მისი ეფექტი 12-24 საათში მჟღავნდება. მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს 2-4 კვირას. სტეროიდის დოზის უფრო სწრაფმა შემცირებამ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს.

გააზიარე: