მონაკო – ყველაზე მდიდრული ქვეყანა, სადაც არ არსებობს საშუალო ფენა

გააზიარე:

ყველაზე პატარა (ვატიკანის შემდეგ), ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ყველაზე მდიდრული ქვეყანა, სადაც არ არსებობს საშუალო ფენა, იაფფასიანი კაფე, რესტორანი თუ სასტუმრო; ქვეყანა, რომელში ცხოვრებაც მილიარდერების პრეროგატივაა და რომელშიც უძრავი ქონების ფლობა განსაზღვრულ სტატუსზე მეტყველებს. ეს მონაკოა, ლიგურიის ზღვის სანაპიროზე მდებარე მინიატურული სახელმწიფო, რომელიც თავისი ლანდშაფტით, სიმდიდრით და აზარტული თამაშების კულტით ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

ლუქს კლასის ორი კვადრატული კილომეტრი
მონაკო ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანია, რომლებსაც ტერიტორიის სიმცირისა და მთაგორიანი ლანდშაფტის გამო საკუთარი აეროპორტი არ აქვთ, ასე რომ, თუ მონაკოში სტუმრობას აპირებთ, გირჩევთ, თავდაპირველად ნიცაში ჩაფრინდეთ – იქიდან მონაკოს დედაქალაქამდე სულ 20 კილომეტრია.
ძნელი წარმოსადგენია ორ კვადრატულ კილომეტრზე განლაგებული სახელმწიფო, მაგრამ ფაქტია – სწორედ ამხელა ფართობი უკავია მონაკოს. სამაგიეროდ, ეს არის ლუქს კლასის ორი კვადრატული კილომეტრი, სადაც ღარიბებს არაფერი ესქმებათ.
იმას, რომ აქ ფულსაც სხვანაირად უყურებენ და მისი ღირებულებაც განსხვავებულად ესმით, ნიცის აეროპორტიდანვე იგრძნობთ.
აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობა 75-დან 100 ევრომდე დაგიჯდებათ. თუ ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ, ვერტმფრენი დაიქირაოთ – ამ სიამოვნებაში 150-დან 300-მდე ევროს გადაიხდით. თუ მწირი ბიუჯეტი გაქვთ, ექსპრესავტობუსის ლოდინი მოგიწევთ – ის 22 ევრო ღირს და 45 წუთში ჩაგიყვანთ მონაკოს დედაქალაქში. არსებობს უფრო იაფი გზაც: თუ ფეხით სიარულს არ დაიზარებთ და რკინიგზის სადგურამდე მიხვალთ, იქიდან მატარებლით 5 ევროდ ჩახვალთ მონაკოს დედაქალაქში.
სანამ მატარებელი გაჩერდება, მე ამ პატარა მდიდარი ქვეყნის ისტორიასა და ყოფაზე მოგითხრობთ.

მარტოსული ჰერაკლეს ნავსაყუდელი
თანამედროვე მონაკოს ისტორია 1215 წელს, სათავადოს ტერიტორიაზე გენუის რესპუბლიკის კოლონიის დაარსებით და ციხესიმაგრის მშენებლობით იწყება. 1297 წლის 8 იანვარს, გენუაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, მონაკოს ტერიტორია ფრანჩესკო გრიმალდიმ და მისმა მომხრეებმა დაიკავეს. სწორედ აქედან იღებს სათავეს გრიმალდების დინასტია, რომელიც უკვე 700 წელზე მეტია გრძელდება.
1641-დან 1861 წლამდე მონაკო საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა, 1861-ში კი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, რომლის მმართველობის სისტემაც კონსტიტუციური მონარქიაა.
ყველაზე დამაჯერებელი ვერსიის თანახმად, თავის სახელწოდებას მონაკო ძველ ბერძნებს უნდა უმადლოდეს: საუკუნეების წინათ სწორედ აქ მდებარეობდა ბერძნული კოლონია მონოიკი, უფრო ზუსტად – Πορτούς Ηρακλής Μονογιέκη, რაც “განმარტოებული ჰერაკლეს ნავსაყუდელს” ნიშნავს.

მონაკოს არ გააჩნია სასარგებლო წიაღისეული. სამთავროს შემოსავლის წყარო ტურიზმი, აზარტული თამაშები და იმ მილიარდერთა ინვესტიციები და გადასახადებია, რომლებიც აქ უძრავ ქონებას ყიდულობენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაკოში უძრავი ქონების ფასი მსოფლიოში ყველაზე მაღალია – კვადრატული მეტრი დაახლოებით 70 000 ევრო ღირს. თუმცა ამ ფასად არა მარტო უძრავ ქონებას, არამედ მონაკოში ბინადრობის უფლებასაც ყიდულობთ (თუ, რა თქმა უნდა, მონაკოს ბანკში ანგარიშსაც გახსნით 2 მილიონი ევროს შენატანით).
შესაძლოა გაგიკვირდეთ, საიდან ამდენი სიმდიდრე, თუ ქვეყნის შემოსავლის წყარო მხოლოდ ტურიზმიაო. ამ კითხვაზე პასუხს მონაკოს ქუჩებში სეირნობისას მიიღებთ. აქაური ტურისტები ჩვეულებრივი ტურისტები არ არიან – აქ თავის მოსაწონებლად და საკუთარი ავლადიდების გამოსაფენად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მეწარმეები, ფინანსური მაგნატები, კინოვარსკვლავები და სხვები. მონაკოს ქუჩები უახლესი სუპერავტომობილების საგამოფენო დარბაზი გეგონებათ, ხოლო ტროტუარები – წითელხალიჩიანი პოდიუმი, რომელზეც ცნობილი მზეთუნახავები მოდური სამოსით იწონებენ თავს.


გარდა ამისა მონაკო ხშირად მასპინძლობს მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებებს. მაგალითად, მის ქუჩებში ჯერ კიდევ 1929 წლიდან იმართება “ფორმულა 1-ის” გრან-პრის რბოლა, რომლის საყურებლადაც შეძლებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან.
მონაკოს მოსახლეობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ მოსახლეობად ითვლება. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქ 88 წელია. აქაურები ცხოვრების ჯანსაღ წესს, ჯანსაღ საკვებს და სპორტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ცდილობენ, ისე იცხოვრონ, რომ რაც შეიძლება იშვიათად მოხვდნენ საავადმყოფოში. მკურნალობა კი მონაკოში, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ძალიან ძვირია. მართალია, ადგილობრივი მოსახლეობა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო სისტემის წყალობით მომსახურების დიდ ნაწილს უსასყიდლოდ იღებს, მაგრამ ტურისტებისთვის სასწრაფო დახმარებაც კი არ არის უფასო. ასე რომ, თუ მონაკოში სტუმრობას აპირებთ, აუცილებლად იქონიეთ თან ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი მაღალი ანაზღაურებით.

სამორინე “მონტე-კარლო”
“მონტე-კარლო” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რესპექტაბელურ კაზინოდ ითვლება და ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. სწორედ მას უნდა უმადლოდეს მონაკო თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს. ყველაფერი 1850-იან წლებში დაიწყო, როდესაც ორმა ქალაქმა, როკბრიუნმა და მენტონმა, გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადა და მონაკოს სათავადოს გამოეყო, მერე კი საფრანგეთს შეუერთდა.
კარლ მესამე იძულებული გახდა, სათავადოს ამ საკმაოდ მოზრდილ ნაწილზე – თითქმის ცხრა მეათედზე – უარი ეთქვა. დანაკარგის საკომპენსაციოდ მან ნაპოლეონ მესამისგან 4 მილიონი ფრანკი მიიღო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი და თავადმა შემოსავლის ალტერნატიული წყაროს ძებნა დაიწყო. ის ფრანგ ბიზნესმენს, სათამაშო ინდუსტრიის კარგ მცოდნე ფრანსუა ბლანს დაუკავშირდა, რომელმაც დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ იტვირთა თავადის ჩანაფიქრის განხორციელება, მიიწვია საფრანგეთის საუკეთესო არქიტექტორი შარლ გარნიე და მიწის პატარა, კლდოვანი ნაგლეჯი სულ მალე მოდურ არისტოკრატულ კურორტად აქცია.
კაზინო “მონტე-კარლო” დღესაც მონაკოს ულამაზეს ნაგებობად მიიჩნევა. დილის 9-დან 13 საათამდე მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (შესასვლელი ბილეთის საფასურს – 22 ევროს თუ გადაიხდის). სურათის გადაღებაც მხოლოდ დღის საათებშია ნებადართული. როგორც კი შებინდდება და “მონტე-კარლო” მუზეუმიდან სამორინედ იქცევა, ფოტოგადაღებაც იკრძალება. ამიტომ არის, რომ ღამის განათების ფონზე კაზინოს ფოტოები პრაქტიკულად არ არსებობს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, მის წინ ჩამწკრივებული იშვიათი და ძვირად ღირებული ავტომობილების თვალიერებით დატკბეთ. ავტომობილები, რაღა თქმა უნდა, კაზინოს სტუმრებს ეკუთვნით, რომლებიც ამ დროს სოლიდური თანხების წაგებით არიან გართულნი.
სხვათა შორის, მონაკოს მოქალაქეებს კაზინოში თამაში ეკრძალებათ და ეს კანონი არა მხოლოდ უბრალო მოკვდავებზე, არამედ სამეფო ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

ავტომობილების რეტრო
თუ რარიტეტული ავტომობილები გიტაცებთ, ნუ დაიზარებთ მონაკოს ავტომობილების მუზეუმის მონახულებას. რენიე III-მ, ავტომობილების დიდმა მოყვარულმა, აქ ასზე მეტ უიშვიათეს ეგზემპლარს მოუყარა თავი.

ოპერის თეატრი
თუ არქიტექტურის შედევრებით ტკბობას ამჯობინებთ, აუცილებლად მოინახულეთ მონტე-კარლოს ოპერის თეატრი, რომელიც ასევე შარლ გარნიეს პროექტით აშენდა. შენობა ზღვის ნაპირას დგას და ხშირად მასპინძლობს ოპერის ვარსკვლავებს. თეატრის არსებობის განმავლობაში მის სცენაზე 80 მსოფლიო პრემიერა გაიმართა. მაყურებელთა დარბაზი 524 ადამიანს იტევს.
მონტე-კარლოს ოპერა ამჟამადაც აქტიური მუსიკალური ცხოვრებით ცხოვრობს – მასპინძლობს ოპერებს, სიმფონიური და საოპერო მუსიკის კონცერტებს. დროდადრო აქ მართავს განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებებს სამეფო ოჯახიც.

მონაკო-ვილი
მონაკო-ვილი სათავადოს უძველესი ნაწილია. სწორედ აქ დგას მონაკოს ისტორიული შენობები, მათ შორის – საკათედრო ტაძარი, 1875 წელს აგებული ნეორომანული სტილის თეთრი შენობა – და ღვთის მოწყალების სამრეკლო, რომელიც 1635 წლით თარიღდება და რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა იესოს ხის ქანდაკებაა.
მონაკო-ვილში მდებარეობს თავადის სასახლეც, რომელიც უკვე 700 წელია მონაკოს მმართველი დინასტიის უცვლელი რეზიდენციაა.
სასახლის ადგილას ოდესღაც XIII საუკუნის ციხესიმაგრე იდგა, მაგრამ ევროპაში გავრცელებულმა ტენდენციამ, დიდგვაროვანთა სასახლეები შესახედავადაც მდიდრული, მოხდენილი და ხელოვნებასთან წილნაყარი ყოფილიყო, მონაკოს თავადის სასახლის არქიტექტურაზეც მოახდინა გავლენა.
შენობას თეთრი სვეტები, მარმარილოს კიბეები და ორნამენტებიანი ქვის იატაკი ამშვენებს.
სასახლის ერთი ფრთა დამთვალიერებლებისთვისაა განკუთვნილი, მეორეში კი სამეფო ოჯახის აპარტამენტებია. შიდა ეზოში ზაფხულობით კონცერტები იმართება.

ალბერტ I-ის მემკვიდრეობა
მონაკო-ვილში, კლდეზე, ულამაზესი თეთრი შენობა დგას, რომელიც კლასიკური დიდებულებით შორიდანვე მოგტაცებთ თვალს. ეს ოკეანოლოგიის მუზეუმია, რომელიც ექსპონატების უმდიდრესი კოლექციით გამოირჩევა და რომელსაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი წყალქვეშა მკვლევარი ჟაკ ივ კუსტო ხელმძღვანელობდა.
მონაკოს ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ბრინჯაოს ქანდაკება: გემის საჭესთან მდგარი წვეროსანი მამაკაცი, რომელსაც საწვიმრის კალთას ქარი უფრიალებს, ჩაფიქრებული გასქცერის სივრცეს. ეს ალბერტ I გახლავთ, მუზეუმის დამარსებელი – თავადი, რომელიც პირადად მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის ოცდაათამდე სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციაში და რამდენიმე ოკეანოლოგიური ხელსაწყოც კი შექმნა. სხვათა შორის, მისივე დამსახურებაა ოპერის თეატრის აშენება და მონაკოს მოდური კურორტიდან ევროპის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად ქცევა.

პრინცესა მუხუდოს მარცვალზე
ჰოლივუდის ლეგენდამ, 50-იანი წლების ვარსკვლავმა, ოსკაროსანმა გრეის კელიმ პოპულარობის ზენიტში უარი თქვა მსახიობის კარიერაზე და მონაკოს თავადს რენიე მესამეს გაჰყვა ცოლად, სამი შვილი გააჩინა და მზრუნველ დედად იქცა.
1982 წლის 13 სექტემბერს გრეის კელი ქალიშვილთან, პრინცესა სტეფანიასთან ერთად შინ ბრუნდებოდა. საჭესთან თავად იჯდა. მონაკოს მთაგორიან გზაზე თავადის მეუღლემ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ამის მიზეზი საჭესთან გადატანილი მცირე ინსულტი იყო... პრინცესა სტეფანია ავარიას ტვინის შერყევითა და მოტეხილობით გადაურჩა, გრეისი კი მეორე დღეს გონს მოუსვლელად გარდაიცვალა, თუმცა უჩვეულო ბიოგრაფიის, ნიჭიერების, იდუმალების, ელეგანტურობისა და სინატიფის გამო დღემდე რჩება მილიონობით ადამიანის თაყვანისცემის ობიექტად.
აუცილებლად ეწვიეთ პრინცესა გრეისის საყვარელ ადგილს – ვარდების ბაღს, სადაც 150 სახეობის 4000 ბუჩქი ხარობს. ამ ბაღს გრეის კელი საკუთარი ხელით უვლიდა.

ნავმისადგომიდან
საინტერესო სანახაობა იშლება მონტე-კარლოს ნავმისადგომიდან. გარდა ელიტური იახტებისა და ლაჟვარდოვანი სანაპიროს ულამაზესი ხედებისა, აქ მონაკოს თავადის სასახლის საპატიო ყარაულის მარშსაც იხილავთ. საპატიო ყარაული სასახლესთან ყოველ დილას, ზუსტად 11 საათსა და 55 წუთზე იცვლება.

მონაკო ზღვის წინააღმდეგ
ამ ულამაზეს პაწაწინა სახელმწიფოს უახლოეს მომავალში საზღვრების გასაფართოებლად ორი მილიარდი ევროს დახარჯვა აქვს განზრახული. პროექტის მიხედვით, სანაპიროს კლდოვანი ფსკერი ბეტონის კონსტრუქციით შეიცვლება და ზღვა ხმელეთად იქცევა. ამ გზით მონაკოს საზღვრებში დამატებით 15 ჰექტარი მიწა მოექცევა.
თუ მოიხიბლეთ, იმასაც გეტყვით, რომ მონაკოში ტურისტული ვიზიტისთვის ვიზა არ დაგჭირდებათ, აი, ფინანსები კი მსუყედ უნდა მოიმარაგოთ, რადგან მონაკო ხელმოკლე ტურისტთა ნავსაყუდელად ნამდვილად არ გამოდგება.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: