სარდინია – გასეირნება ზურმუხტოვან სანაპიროზე

გააზიარე:

ხმელთაშუა ზღვაში, აპენინის ნახევარკუნძულის დასავლეთით, კორსიკის მახლობლად, მილიონ-ნახევარზე ოდნავ მეტი ადამიანით დასახლებული კუნძულია. მისი პირველმოსახლეები საკუთარ თავს სარდებს უწოდებენ და სწყინთ, როდესაც მათ იტალიელებთან აიგივებენ. თავად კუნძულს კი სარდინია ჰქვია. გვინდა, ამჯერად სწორედ მისი კულტურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობებისა და ხალხის შესახებ გიამბოთ.

დღეს სარდინია იტალიის ავტონომიური ოლქია და რვა პროვინციად იყოფა. მისი ადმინისტრაციული ცენტრი კალიარია. ვიდრე ამ სტატუსს მიიღებდა, კუნძულს არაერთ დამპყრობელთან მოუწია გამკლავება. სხვადასხვა დროს აქ ფინიკიელები, რომაელები, არაბები, ესპანელები და ავსტრიელებიც კი ბატონობდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს კუნძული სარდინიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, 1861 წელს კი გაერთიანებული იტალიის ნაწილი გახდა.
სარდინიელებს თავისი ენა აქვთ. ის ევროპის რეგიონული ენის სტატუსით სარგებლობს (რაც იმას ნიშნავს, რომ არა დიალექტად, არამედ სრულყოფილ ენად მიიჩნევა), თუმცა ამ ენაზე სულ უფრო ნაკლები ხალხი ლაპარაკობს. სარდინიული ნელ-ნელა იკარგება, რაც ხანდაზმულ სარდინიელებს გულს სტკენს.

ზურმუხტოვანი სანაპირო


ეს პატარა კუნძული ცნობილია ულამაზესი პლაჟებითა და საკურორტო ზონებით. სწორედ სარდინიაზე, კერძოდ, მის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს ელიტური ტურიზმის ცენტრად მიჩნეული ზურმუხტოვანი სანაპირო (ჩოსტა შმერალდა). ეს სახელი მას ზღვის წყლის შეფერილობის გამო ეწოდა. აქ ზღვა მართლაც ზურმუხტისფერია, ქვიშა – ოქროსფერი, პეიზაჟები კი – მთელ კუნძულზე ყველაზე თვალწარმტაცი.


ზურმუხტოვან სანაპიროზე ყველაფერია მდიდრული დასვენებისთვის. იახტები, უამრავვარსკვლავიანი სასტუმროები, ბრენდული მაღაზიები, ღამის კლუბები, კერძო პლაჟები, მაღალი კლასის რესტორნები... თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. სარდინიის როგორც ტურისტული ცენტრის აღმავლობა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როდესაც მალარიით გაწამებულ სარდინიელებს ამერიკელი ექიმების გუნდი მოევლინა მხსნელად. ექიმებმა ციებ-ცხელება დაამარცხეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ერთმა მათგანმა სარდინიის მომაჯადოებელი სილამაზის შესახებ ჰარვარდელ მეგობარს – ირანელ არისტოკრატ ქერიმ აღა ხან მეოთხეს უამბო. მილიონერმა ფლეიბოიმ გადაწყვიტა, კუნძული-საოცრება თავისი თვალით ენახა. ის სარდინიას ეწვია, მისი სილამაზით მოიხიბლა და აქაურობის სამოთხედ გადაქცევა დაისახა მიზნად. პირველი კურორტი პორტო ჩერვოც მან გააშენა. სწორედ აქედან დაიწყო სარდინიის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
პორტო ჩერვოში დღესაც უამრავ ცნობილ სახეს გადაეყრებით. სწორედ აქ ატარებენ შვებულებას კინოვარსკვლავები, ფეხბურთელები, ოლიგარქები...


პორტო ჩერვოში მრავლადაა ტანსაცმლისა და საიუველირო ნაწარმის ექსკლუზიური ბუტიკები, რესტორნები, სასტუმროები და ჩოგბურთის კლუბები. ქალაქის მთავარი საფეხმავლო ქუჩა პიაცეტა-დელი-არჩია, რომელსაც მდიდრული იახტებით სავსე ნავსადგურისკენ მივყავართ. პორტო ჩერვო არქიტექტორმა ლუიჯი ვიეტიმ დააპროექტა და ურბანული დიზაინის შედევრად მიიჩნევა.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ პორტო ჩერვოში დასვენება არცთუ იაფი სიამოვნებაა. აქტიურ სეზონზე აქ ერთი კვირის გატარება 10-11 ათასი ევრო დაგიჯდებათ. ვერ იპოვით სასტუმროს, ღამის გათევა 250 ევროზე ნაკლები რომ ღირდეს. თუმცა ზურმუხტოვან სანაპიროზე შედარებით იაფი კურორტებიცაა, მაგალითად, სტინტინო, რომლის სანაპირო ლა პელოზა ცნობილია ყველაზე მშვიდი ზღვით. ქარსა და შტორმს ჩრდილოეთით მდებარე კუნძული ასინერა აკავებს. სტინტინო არაჩვეულებრივი ადგილია ოჯახითურთ დასასვენებლად, თუმცა აქ აპარტამენტების დაქირავება და ერთკვირიანი დასვენება, სულ მცირე, 4-5 ათასი ევრო დაგიჯდებათ.
შედარებით იაფი ქალაქია არცაკენა, რომელიც ზურმუხტოვანი სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში, პლაჟიდან მოშორებით მდებარეობს. აქ ერთი კვირით 1500-2000 ევროდ დაისვენებთ, თუმცა ზღვამდე მისვლა ტაქსით მოგიწევთ.
სარდინიის პლაჟებზე, მათ სილამაზესა და განსაკუთრებულობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ჩამოთვლას დავჯერდებით: კალა გრანუ, კალა მარიოლუ, პორტო როტონდო, პანტოჩია... ეს ის კურორტებია, რომლებზე დასვენებითაც არასოდეს დაიღლებით.

ნურაგებიდან მომღერალ ქვებამდე


სარდინიაზე, ჩვეულებრივ, დასასვენებლად მიდიან. მის უმდიდრეს წარსულზე უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს.
როდესაც ვამბობთ სიტყვა “უძველესს”, 10, 15 თუნდაც 20 საუკუნეს როდი ვგულისხმობთ – არა, გაცილებით მეტს. სარდინიაზე დღემდეა შემორჩენილი ხუროთმოძღვრების ძეგლები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულით თარიღდება. ესენი ე.წ. ნურაგებია – 10-დან 20 მეტრამდე სიმაღლის, თლილი ლოდებისგან ნაგები კონუსური კოშკები, რომელთა დიამეტრიც 5-6 მეტრია. ისინი იმითაა უნიკალური, რომ მათ ასაშენებლად დუღაბი არ გამოუყენებიათ – კონსტრუქცია მხოლოდ ლოდების სიმძიმისა და გეომეტრიულად ზუსტად გათვლილი წყობის წყალობით ინარჩუნებს მდგრადობას.
სარდინიაზე ათასობით ასეთი ნაგებობაა, თუმცა ტურისტებისთვის ყველაზე ადვილად მისაგნები ნურაგი სარდინიის დედაქალაქ კალიარიდან 50 კილომეტრზე მდებარებს, ადგილზე, რომელსაც სუ ნურაქსი დი ბარუმინი ეწოდება.


ისტორიის მოყვარულებს ვურჩევთ, მოინახულონ კალიარიდან 30 კმ-ზე მდებარე ფინიკიელთა უძველესი ქალაქი ნორა. ის 1950 წელს შემთხვევით, შტორმის წყალობით აღმოაჩინეს. მოვარდნილმა წყალმა სანაპირო გადარეცხა და ქვიშის ქვეშ უძველესი ქალაქის ნანგრევები გამოაჩინა. არქეოლოგიური გათხრები იქ დღემდე მიმდინარეობს.
სარდინიაში სტუმრობისას აუცილებლად მოინახულეთ ნეპტუნის მღვიმე (Gროტტე დი Nეტტუნო). ეს ქალაქ ალეგროდან 25 კმ-ზე მდებარე მიწისქვეშა მღვიმეა, რომელსაც ფსკერის მაგივრობას ტბა ლამარმორა უწევს. ნეპტუნის მღვიმე თავისი გრანდიოზულობით (მისი სიგრძე 2.5 კმ-ია) და სტალაქტიტებისა თუ სტალაგმიტების ზომებით მოგნუსხავთ.
არქიტექტურის მოყვარულები აუცილებლად უნდა ესტუმრონ ქალაქ სასარის, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი ეკლესიებით.
კალიარის ჩრდილო-დასავლეთით, 12 კილომეტრზე, ქალაქ ასემინის მახლობლად, უჩვეულო სანახაობა გელით: მომღერალი ქვების ბაღი. არ მოგჩვენებიათ, ქვები ნამდვილად მღერიან. ისინი მოქანდაკე პინუჩიო შოლამ აამღერა. კირქვისა და ბაზალტის ლოდებს მან ისეთი ჭრილები გაუკეთა, რომ ისინი შეხებისას მელოდიურ ბგერებს გამოსცემენ.

კასუ მარცუ – აკრძალული დელიკატესი


სარდინიული სამზარეულო ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებული, ზეითუნის ზეთითა და სხვადასხვა სახეობის ყველით შეზავებულ-შეკაზმული კერძებისგან შედგება. ერთი შეხედვით, ეს ტიპური ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოა. თუმცა სარდინიელებს აქვთ ერთი პროდუქტი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ – ეს კასუ მარცუა.
სარდინიაში ძალიან ბევრ ცხვრის ყველ პეკორინოს აწარმოებენ. განასხვავებენ პეკორინოს ორ სახეობას: პეკორინო რომანოს (რომელსაც რომაული ფესვები აქვს) და პეკორინო სარდოს. სწორედ ამ უკანასკნელისგან მზადდება პროდუქტი, რომლის მსგავსიც ალბათ არასოდეს გაგისინჯავთ. კასუ მარცუ ყველია, უხეშად რომ ვთქვათ – დამპალი ყველი, რომლის ფაფისმაგვარი გული მატლითაა სავსე.


ყველის ეს სახეობა სარდინაში დელიკატესად მიიჩნევა, დანარჩენ ევროპაში კი აკრძალულია. დიდხანს თავად იტალიაშიც იკრძალებოდა და მისი დაგემოვნება მხოლოდ საიდუმლოდ იყო შესაძლებელი. 2010 წელს იტალიელებმა კასუ მარცუს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭეს და იტალიაში მის რეალიზაციაზე აკრძალვა გაუქმდა.
ჰო, მართლა: სარდინიას არავითარი კავშირი არ აქვს სარდინთან. აქაურები ისე დაღალა გამუდმებით ამის მტკიცებამ, რომ სარდინს დასანახავად ვერ იტანენ. არ გაბედოთ და რესტორანში ეს თევზი არ შეუკვეთოთ, თორემ დიდი შანსია, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში ამოყოთ თავი.
რაკი საავადმყოფო ვახსენეთ, ჯანმრთელობის დაზღვევაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. სარდინიაში, ისევე როგორც მთელ იტალიაში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომლის წყალობითაც იტალიის მოქალაქე ყოველგვარ სამედიცინო მომსახურებას უფასოდ იღებს. აი, ტურისტს სიცხესაც კი არ გაუზომავენ უფასოდ. სამედიცინო მომსახურება მათთვის საკმაოდ ძვირი ღირს. მაგალითად, სპეცილაისტთან ვიზიტი 100-150 ევრო დაგიჯდებათ, ულტრაბგერითი გამოკვლევა – 80-130 ევრო, რენტგენოგრაფიული კვლევის საფასური 100 ევროდან იწყება და 400-მდე ადის. საკმაოდ ძვირია მედიკამენტებიც. თანაც ურეცეპტოდ ასპირინის გარდა თითქმის ვერაფერს იყიდით.

ამ უხერხულობას თუ არ ჩავთვლით, სარდინია კუნძულია, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. დასვენება კი აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება, რადგან ტემპერატურა ზამთარშიც კი არ ჩამოდის 10-12 გრადუსზე დაბლა.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: