კაპადოკია – გასეირნება მიწისქვეშა ქალაქების ქვეყანაში

გააზიარე:

რა თქმა უნდა, გაგიგონიათ, რომ კაპადოკია წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლოა. თუ ქრისტიანი ბრძანდებით, ეს საკმარისი მიზეზია, რომ ამ მხარეს ესტუმროთ, მაგრამ თუნდაც საერთოდ არ იყოთ მორწმუნე, კაპადოკიაში მოგზაურობა ბევრი სხვა რამის გამოც ღირს.

მცირე აზიის ნახევარკუნძულზე, ანატოლიის შუაგულში, ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ამ უძველეს მიწას მთელ მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი. ათასობით წლის წინათ ამოფრქვეულმა ვულკანმა ეს ტერიტორია მყარი ბაზალტითა და რბილი ტუფით დაფარა. სწორედ ამ ქანებმა აქცია კაპადოკია ქვაბულების, მიწისქვეშა ქალაქებისა და ეკლესია-მონასტრების მხარედ.
კაპადოკიაზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა, რომელიც რომის იმპერიას ჩინეთთან აკავშირებდა. გარდა ვაჭრებისა, ამ გზით სარგებლობდნენ სპარსელების, ბერძნებისა და რომაელების ჯარებიც. სწორედ მათ შეიტანეს კაპადოკიაში ახალი რელიგიური წარმოდგენები.
რომაელებამდე, ბერძნებამდე და სპარსელებმადე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე თითქმის ორი ათასი წლით ადრე, კაპადოკია ხეთების სამეფოს ნაწილი იყო. სწორედ ხეთებმა დაიწყეს იქ მიწისქვეშა ქალაქების მშენებლობა. მიწისქვეშა ეკლესიები და მონასტრები კი მოგვიანებით, ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ეკლესიის სამმა გავლენიანმა მამამ, გრიგოლ ნაზიანზელმა, ბასილი დიდმა და გრიგოლ ნოსელმა, კაპადოკიაში ბერმონაზვნური ცხოვრება იქადაგეს. კლდეში გამოკვეთილი, მოკრძალებული სენაკები შესაფერისი იყო ასკეტური ცხოვრებისთვის. ეკლესიები შედარებით ფართო, კონუსის ფორმის კლდეებში იკვეთებოდა. ეს პროცესი განსაკუთრებით მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში გააქტიურდა. მეცამეტე საუკუნისთვის კაპადოკიის კლდეებში სამასამდე ეკლესია იყო გამოჭრილი.

გორემე – კაპადოკიის გული


საქართველოდან კაპადოკიაში გამგზავრება სახმელეთო ტრანსპორტითაც შეიძლება და სასაჰაეროთიც. ავტომობილს 24 საათზე ცოტა მეტი დასჭირდება. თბილისიდან ჯერ სარფში უნდა ჩახვიდეთ, შემდეგ – ტრაბზონში, გაიაროთ ურდუ, უნიე, ტოკატი, სავიში, კაისერი და ბოლოს ურგუპი. აქედან ხელის გაწვდენაზეა გორემე, რომელსაც კაპადოკიის გულს უწოდებენ.
თუ თვითმფრინავი გირჩევნიათ, შეგიძლიათ, სტამბულში ჩაფრინდეთ და იქიდან შიდა რეისით პირდაპირ კაპადოკიაში გადაფრინდეთ.
ასე მოხვდებით კაპადოკიაში თუ ისე, გარწმუნებთ შთაბეჭდილებები ერთნაირად მძაფრი იქნება.
თქვენი არ ვიცი და მე, გორემეს რომ ვუახლოვდებოდი, თავი ზღაპარში მეგონა: უცნაური ფორმის კლდეები, ქვაში თითქოს საგანგებოდ გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაგან ზოგი ცხოველს ჰგავს, ზოგი – ფრინველს, საკვამურების მსგავსი ბუნებრივი წარმონაქმნები... ალბათ საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრილ ელისს ისე არ უცეცებია თვალები აქეთ-იქით, როგორც მე ვაცეცებდი კაპადოკიაში ჩასვლის პირველ დღეს.


გორემეს ველი ტურისტების საყვარელი ადგილია, აქ ბუნებრივ თუ ხელოვნურად გამოკვეთილ მღვიმეებში უამრავი ეკლესია და მონასტერია. მღვიმეებშია მოწყობილი სასტუმროებიც. მათ შორის ბევრი ოთხ– და ხუთვარსკვლავიანია. მაღალი კლასის სასტუმროზე თუ ხელი არ მიგიწვდებათ გარდა, საოჯახო სასტუმროები მოძებნეთ, სადაც 30-40 დოლარად ორ ადამიანს შეუძლია ღამის გათევა. აღმოსავლეთით, თხუთმეტი-ოცი წუთის სავალზე, მუზეუმია – ულამაზესი მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც კი ოდესმე მინახავს. მისი უდიდესი ნაგებობა ე.წ. ბალთიანი ეკლესიაა, რომელსაც მეათე საუკუნეს მიაკუთვნებენ. აქაური ფრესკები კაპადოკიური ფერწერის უბრწყინვალესი ნიმუშებია.
მიწისქვეშა ეკლესიებში განსაცვიფრებელი ბიზანტიური ფრესკებია შემონახული (ფოტოგადაღება, სამწუხაროდ, აკრძალულია – ამას მკაცრად აკონტროლებენ).
გორემეში ეკლესიებს ისტორიული სახელები არ ჰქვია. მათ იმ სახელებით მოიხსენიებენ, რომლებიც აღმოჩენისას უწოდეს. მაგალითად, ვაშლის ეკლესია – მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების ძეგლი. მისი სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, ეკლესიას ვაშლის ბაღი ერტყა გარს. მეორე კი სახელწოდებას სფეროს უკავშირებს, რომელიც ეკლესიის გუმბათზე გამოსახულ მიქაელ მთავარანგელოზს უჭირავს ხელში და ძალიან ჰგავს ვაშლს. მე-11 საუკუნის გველის ეკლესიას კი ეს სახელი, სავარუდოდ, გველეშაპთან მებრძოლი წმინდა გიორგის ფრესკის გამო ეწოდა. არსებობს ბნელი ეკლესიაც, რომელსაც მხოლოდ ერთი სარკმელი აქვს, და სანდლებიანი ეკლესიაც, რომლის უჩვეულო სახელწოდებაც იმითაა განპირობებული, რომ მის შესასვლელთან ორი ნაფეხური შენიშნეს.
ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია მეთერთმეტე საუკუნის ქალწულთა მონასტერი. ის ექვსსართულიანია. პირველ და მეორე სართულებზე ოდესღაც სამზარეულო და სატრაპეზო იყო განლაგებული, მესამეზე – სამლოცველო, მეოთხე-მეხუთეზე კი – სენაკები.
წმინდა ბასილის სამლოცველოც მეთერთეტე საუკუნით თარიღდება. მიწისქვეშა ნაგებობაში თავდაპირველად ვერაფერი დავინახე, მაგრამ როდესაც თვალი სიბნელეს შეეჩვია, ფრესკების გარჩევაც შესაძლებელი გახდა.
წმინდა ბარბარეს ეკლესია იმითაა ცნობილი, რომ მისი კედლები სხვადასხვა პერიოდის ფრესკებითაა მოხატული. აქვეა ჯვრის ფორმის წმინდა ეკატერინეს სამლოცველოც.
უძველესი ეკლესია-მონასტრების თვალიერებით გულს რომ იჯერებთ, აუცილებლად ეწვიეთ ხელნაკეთი სუვენირების ბაზრობას. აქ უამრავი ლამაზი ნივთი იყიდება, რომლებიც კაპადოკიაზე მოგონებებს სამუდამოდ შემოგინახავთ.
გორემეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კაპადოკიის უმაღლეს წერტილში, ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე, 60 მეტრი სიმაღლის კლდეზე უჩისარის ციხესიმაგრე დგას. კიბეს რომ აივლით (რაც არცთუ ისე ადვილია) და ციხის წვერზე აღმოჩნდებით, თვალწინ ულამაზესი პანორამა გადაგეშლებათ. აქედან მთელი კაპადოკია ხელისგულივით მოჩანს. “საკვამურები” გუშაგებივით ჩამწკრივებულან კაპადოკიის ველზე. მზის სხივები გამთენიისას მათ მკრთალ ვარდისფრად ღებავს, ნაშუადღევს კონუსები სპილოსძვლისფერს იღებენ, ხოლო მზის ჩასვლისას (სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვნახეთ) მათი ფერი ბაციდან მუქ ოქროსფერში გადადის.
უჩისარის ციხის პირდაპირ ორთაჰისარის ციხეა. იქვეა დაბა ორთაჰისარიც – ზოგიერთი ვერსიით, სწორედ აქ დაიბადა წმინდა ნინო.

კაპადოკიის მიწისქვეშა სამყარო


იცოდით, რომ კაპადოკიაში სამ ათეულზე მეტი მიწისქვეშა ქალაქია? ეს ქალაქები ქრისტიანობამდელი დასახლებებია, რომლებიც მოგვიანებით ქრისტიანთა თავშესაფრად გადაიქცა. ასეთებია დერინკუიუში – ის 55 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს და მნახველებისთვის ხელმისაწვდომი 8 დონე აქვს, კაიმაკლი და ოზკონაკი, რომელსაც ავანოსისკენ მიმავალ გზაზე ვესტუმრეთ.
ეს ქალაქი არქეოლოგებმა 1963 წელს აღმოაჩინეს. სხვა მიწისქვეშა ქალაქებისაგან განსხვავებით, აქ სავენტილაციო მილები ყველა სართულზეა, თუმცა, სხვების მსგავსად, ოზკონაკსაც აქვს მიწისქვეშა წყლები, ჭა, მარანი, სამეურნეო განყოფილებები...
ოზკონაკიდან გამოსულებს (უფრო სწორად, ამოსულებს) გვეგონა, ახლა მაინც გვეღირსება მზის სინათლეო, მაგრამ სულ ტყუილად – 14-15 კილომეტრის მოშორებით ავანოსის ასევე მიწისქვეშა კერამიკის მუზეუმი გველოდა. ოდესღაც პატარა დაბას, დღეს კი უკვე ქალაქად ქცეულ ავანოსს, კერამიკის ცენტრს, კაპადოკიის ყველაზე მწვანე ნაწილსაც უწოდებენ და სამართლიანადაც. თუ დანარჩენი კაპადოკია უდაბნოს მოგაგონებთ, ავანოსი მწვანეში ჩაფლული, ხეხილის ბაღებითა და ვაზის ზვრებით გარშემორტყმული ოაზისია.
მუზეუმი ისეა გაჩახჩახებული, მზის სხივების ნაკლებობას ვერ იგრძნობთ. ყველაზე ძველი ექსპონატი 7000 წლისაა.
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ნება დამრთეს, ავანოსელი ოსტატის ზედამხედველობით საკუთარი ხელით გამომეძერწა ნივთი. მართალია, მეთუნეობაში ჩემი დებიუტი კრახით დასრულდა, მაგრამ ემოციამ მოლოდინს გადააჭარბა.


მუზეუმში მაღაზიებიცაა, სადაც აქაური ნაკეთობები იყიდება, თუმცა სიიაფეს ნუ ელით – უმცირეს სუვენირსაც კი ცეცხლის ფასი უკიდია.
კაპადოკიაში სანახავს რა დალევს: ზელვეს მონასტერი, რომელსაც მეცხრე-მეცამეტე საუკუნეებში ბერები აფარებდნენ თავს, ფაშაბაღი თავისი სამთავიანი ჯადოსნური საკვამურებით, რომლებიც კაპადოკიის სიმბოლოდ ქცეულა, მერვე საუკუნის კეშლიკის სამონასტრო კომპლექსი და უამრავი, უამრავი სხვა რამ. მაგრამ ვირტუალურ მოგზაურობას ამჯერად აქ დავასრულებ. იმედი მაქვს, ძალიან არ დაღლიხართ და კაპადოკიის მონახულების სურვილიც გაგიჩნდათ. მხოლოდ ერთ რამეს გირჩევთ: თუ ამ მხარეში მოგზაურობას გადაწყვეტთ, ტური შემოდგომაზე ან გაზაფხულზე დაგეგმეთ – ივლის-აგვისტოში აქ უზომოდ ცხელა.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: