პროფესია, რომელიც მაყურებელს ეკუთვნის

გააზიარე:

პაატა ინაური

 პაატა ინაური ფართო აუდიტორიამ გაიცნო ზაზა ურუშაძის ფილმით “დარჩი ჩემთან”, რომელშიც ახალგაზრდა მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა. მერე კიდევ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში ითამაშა, თუმცა პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული მას ლევან თუთბერიძის “მოირამ” მოუტანა. თეატრის მოყვარულები პაატას გაცილებით ადრე იცნობდნენ. გიზო ჟორდანიას “ჰაჯი-მურატი” და “თეთრი იასამანი", ალექსანდრე ელოშვილის “ჯაყო – ხვალ ომი იქნება” და “მეფე-ირემი”, მიხეილ მარმარინოსის “რომეო და ჯულიეტა”, ზურა გეწაძის “მეფე ლირი” და დათა თავაძის “პრომეთე, დამოუკიდელობის 25 წელი”, “სხვისი შვილები”, “მახინჯი”, “სტრიპტიზი” – მისი რეპერტუარი საკმაოდ ვრცელია.

 

მსახიობობა არის...

– მსახიობის ცხოვრება თავგადასავალია. უამრავი სახე, ეპოქა, იდეა, ხასიათი უნდა იგრძნო, განიცადო, თითოეული პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვრო. ისევე უნდა გიყვარდეს, გძულდეს, იბრძოდე და კვდებოდე, როგორც შენი გმირები. ეს ყველაფერი კი, როგორც, საერთოდ, ხელოვნება, “გულის სისხლს მოითხოვს საფასად”.

ცხრა წლის პაატა, როდესაც დის თანაკლასელების წაბაძვით არტოს ბაღში გახსნილ თეატრალურ სტუდიაში მივიდა, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა მსახიობის ტვირთის სიმძიმეს. უბრალოდ, გარემო მოეწონა და დარჩა. რეჟისორ გიორგი სიხარულიძისა და მსახიობ კოტე ლეკიშვილის (ამჟამად – მამა კონსტანტინეს) მოწაფე გახდა. მოგვიანებით დასს ვანო ხუციშვილიც შეუერთდა.

– სწორედ მათ შემაყვარეს სცენა. სკოლას რომ ვამთავრებდი, სხვა ასპარეზზე საკუთარი თავი ვეღარ წარმომედგინა. გამიმართლა – თეატრალურ უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი. მის შესახებ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამეგონა, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, როგორ პიროვნებასთანაც მქონდა საქმე.

ბატონმა გიზომ, უპირველეს ყოვლისა, სიყვარული გვასწავლაო, ამბობს. ჯგუფელები თანდათან მეგობრები, ერთმანეთის გულშემატკივრები და თანამშრომლებიც გახდნენ – უმეტესობა დღეს სამეფო უბნის თეატრის დასის წევრია.

 

სტუდენტობა

– ჯადოსნური პერიოდია, ყველაზე ლამაზი და სასურველი. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ხარ და გრძნობ, რომ ცხოვრება ახლაღა იწყება, პირველ ნაბიჯებს დგამ და საკუთარი ძალების გჯერა, მომავალი იმედით გავსებს. თეატრალურ ინსტიტუტში გატარებული წლები ხომ საერთოდ ზღაპარს ჰგავს – სცენაზე ცხოვრობ, თეატრით სუნთქავ, თეატრით არსებობ...

პაატა სწორედ იმ დროს გახდა სტუდენტი, როდესაც ახალგაზრდებს ხელოვნებაში თავის დამკვიდრების რეალური პერსპექტივა გამოუჩნდათ. თაობამ ირწმუნა, რომ შრომას და პროფესიულ განვითარებას შეეძლო, წარმატებამდე მიეყვანე.

– 90-იანელებთან შედარებით დალაგებულ ქვეყანაში მოგვიწია ცხოვრება. მომდევნო თაობებს უფრო უკეთესი გარემო დახვდათ. ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ თუ არ ისწავლიდნენ, ვერაფერს მიაღწევდნენ, ვერ გახდებოდნენ მოთხოვნადი პროფესიონალები და ვერ დასაქმდებოდნენ. რა თქმა უნდა, თეატრალურში სწავლის პერიოდშივე ვიცოდით, რომ ჩვენი ცხოვრება ჰოლივუდის მსახიობებისას არ ემსგავსებოდა, მაგრამ პერსპექტივას ჩვენს პროფესიაში მაინც ვხედავდით.

მსახიობის წარმატებისთვის ნიჭთან ერთად გამართლებაც საჭიროა. მე პირველად მაშინ გამიღიმა ბედმა, როცა ბატონი გიზოს ჯგუფში ჩავირიცხე. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი... მეგობრებშიც გამიმართლა – ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ, ერთმანეთის წარმატება გვიხარია და არც კრიტიკას ვერიდებით.

სტუდენტობა შესანიშნავი პერიოდია, თუმცა მსახიობს მეტის სწავლა, მუდმივი განვითარება სჭირდება. ბევრი უნდა იკითხო, ნახო ფილმები, სპექტაკლები, ვორქშოფებს დაესწრო და წარმატებულ ხელოვანთა გამოცდილება გაიზიარო. ენების ცოდნაც აუცილებელია. ორიოდე წლის წინ მონაწილეობა მივიღე ნინო ხარატიშვილის ქართულ-გერმანულ სპექტაკლში "მრისხანება”/ძOღN, რომელიც ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის კოპროდუქცია გახლდათ. პრემიერა ფრაიბურგში გაიმართა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი გასვლა საზღვარგარეთ. ვფიქრობ, მსახიობისთვის ასეთი შესაძლებლობა ბევრს ნიშნავს. კარგი იქნება, საზღვარგარეთ სწავლის შანსი მომავალ მსახიობებს თეატრალურ ინსტიტუტშივე მიეცეთ. ხშირი მიმოსვლა, უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და მათი ხელმძღვანელობით მასტერკლასების გავლა ბევრად უფრო გააფართოებს მათ თვალსაწიერს.

 

სამუდამოდ საზღვარგარეთ წასვლასა და უცხო ქვეყანაში კარიერის აწყობაზე არ უფიქრია. ყველაფრის მოტოვება ვერ წარმოუდგენია. მიაჩნია, რომ უკვე აქაც შეიძლება თავის დამკვიდრება და საკუთარი შესაძლებლობის რეალიზება საზღვარგარეთ მხოლოდ დროებით ისურვებდა გამგზავრებას:

– ბოლო დროს ჩვენი თეატრი ყველაზე ხშირად გერმანიაში მართავს გასტროლებს. სპექტაკლები სუბტიტრებით მიმდინარეობს. მაყურებლისთვის ეს ალბათ არ არის დიდად კომფორტული – თითქოს კარგავ მსახიობის ემოციას, ბოლომდე ვერ აღიქვამ, ვერ შეიგრძნობ... თუმცა სინქრონული თარგმანი კიდევ უფრო მოუხერხებელია. მე თვითონ ერთხელ ლამის ჩამეძინა... ასე რომ, ენის ცოდნა ბევრ კარს გიღებს, უამრავ შესაძლებლობას გიჩენს.

 

პრობლემა

– მუდმივი განვითარება არა მხოლოდ მსახიობისთვის, ზოგადად, თეატრისთვისაა მნიშვნელოვანი. ზოგჯერ სპექტაკლს უყურებ და გრძნობ, რომ აღარ არის აქტუალური – იგივე პიესა, თამაშის იგივე ხერხი... თითქოს ნაფტალინის სუნი გცემს. ხანდახან სათქმელიც კი არ გესმის. არადა ყოველი სპექტაკლით არა მხოლოდ რეჟისორი, თითოეული მსახიობიც რაღაც თავისას უნდა ამბობდეს. რაც მთავარია, სცენიდან სიმართლე უნდა ისმოდეს და ჩვენს სიმართლეზე მაყურებელიც უნდა დავაფიქროთ. თუ ასე შევხედავთ, მსახიობისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობა კინო და ტელევიზიაა. მით უმეტეს, ქართულ კინოში ბოლო ხანს მნიშვნელოვანი ამბები მოხდა. წელი არ გავა, ქართულმა ფილმმა რომელიმე ფესტივალზე წარმატებას არ მიაღწიოს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს წარმატება არა ფინანსების, არამედ ძალიან ნიჭიერი ადამიანების დამსახურებაა. იმ მცირე ბიუჯეტით, რაც დღეს საქართველოში აქვს კინოს, ასეთი რეზონანსული ნამუშევრების შექმნა იოლი სულაც არ არის.

საქართველო კულტურისა და ხელოვნების ქვეყანაა და საერთაშორისო ასპარეზზე ამ კუთხით ალბათ ყველაზე უკეთ წარმოვაჩენთ თავს, ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მხრივ მეტი ინტერესია საჭირო.

 

ახალი ამპლუა

მამის როლი თავის კარიერაში ყველაზე საპასუხისმგებლოდ მიაჩნია. პატარა კირას დაბადებამ სრულიად შეცვალა მისი და მისი მეუღლის – მსახიობ კატო კალატოზიშვილის ცხოვრება.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: