როგორ ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს ბავშვებში?
გააზიარე:
ბევრ ზრდასრულ ადამიანს აქვს მავნე ჩვევები, რომელთაგან გათავისუფლებაც ან თვითონვე არ სურს, ან უბრალოდ ვერ ახერხებს – თამბაქოს წევა, ფრჩხილების კვნეტა, სახის სრესა და სხვა. ბავშვებს ასეთი ჩვევების დაძლევა უფრო მეტად უჭირთ.
ოთხი ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევა, რომელიც ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს, არის:
* ფრჩხილების კვნეტა;
* თმის წვალება;
* ცხვირის ჩიჩქნა;
* ცერა თითის წოვა.
ამ ჩვევების ჩამოყალიბება უმეტესად ბავშვის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპია. დროთა განმავლობაში ისინი თავისთავად გაივლის.
ფრჩხილების კვნეტა
ბავშვების 30-დან 60-მდე პროცენტი იკვნეტს ფრჩხილს ერთ ან მეტ თითზე. ზოგიერთი პატარა ფეხის ფრჩხილებსაც სიამოვნებით შეექცევა.
მცირეწლოვან ბიჭებს და გოგონებს თანაბრად ახასიათებთ ეს ჩვევა, ხოლო მოზარდ ასაკში ბიჭები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ფრჩხილების კვნეტისკენ.
თმის წვალება
თუ თქვენი შვილი თმას თითზე იხვევს ან იწიწკნის, დარწმუნებული ვარ, ის გოგონაა. თმის წვალების ჩვევა უმეტესად გოგონებს უჩნდებათ ადრეულ ბავშვობაში და, ჩვეულებრივ, ან თავისთავად, ან ქცევის მარტივი კონტროლის მეშვეობით გადაეჩვევიან ხოლმე. თუ არ გაიარა, თმის წვალების ჩვევა შესაძლოა თმის გლეჯაში გადაიზარდოს, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ბავშვს.
თუ თმის წვალების ან გლეჯის ჩვევამ ზრდასრულ ან მოზარდ ასაკში იჩინა თავი, შესაძლოა, ეს შფოთვითი აშლილობის, დეპრესიის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) გამოხატულება იყოს. ამ დროს დახმარებისთვის სპეციალისტს უნდა მივმართოთ.
ცხვირის ჩიჩქნა
ეს უხერხული ჩვევა ბავშვობაში ყალიბდება და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, შესაძლოა, ზრდასრულ ასაკშიც გასტანოს. თუ დაჯერება გიჭირთ, გეტყვით, რომ 1995 წელს აშშ–ში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ ზრდასრულთა დაახლოებით 90% რეგულარულად იჩიჩქნიდა ცხვირს, ხოლო დაახლოებით 10% ჭამდა კიდეც, რასაც იქ პოულობდა!
ცერა თითის წოვა
მიიჩნევა, რომ ცერა თითის წოვის ჩვევა ჩვილი ასაკიდან იღებს სათავეს, როდესაც უნებლიე მოძრაობისას პატარას ხელი პირთან მიაქვს – თავისი მდებარეობის გამო პირთან კონტაქტში პირველი სწორედ ცერი შედის.
ზოგი ბავშვი ერთდროულად რამდენიმე თითს ან მთელ მუშტს წოვს, ზოგი – ფეხის ცერსაც კი.
ცერა თითის წოვის ჩვევა უმეტესად 2-დან 4 წლამდე ასაკში ყალიბდება. ბავშვების უდიდესი ნაწილი ამას თავის დასამშვიდებლად აკეთებს.
თუ თქვენს პატარას ცალი ხელის თითი ცხვირში აქვს შეყოფილი, ხოლო მეორეზე თმას იხვევს, ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ბავშვებში რამდენიმე მავნე ჩვევა ხშირად ერთდროულად იჩენს თავს.
რა არის ჩვევა
ჩვევა არის განმეორებითი ქცევა, რომელსაც ბავშვი ზოგჯერ გაუაზრებლადა ასრულებს.
რა იწვევს მის ჩამოყალიბებას
ექსპერტები ვერ თანხმდებიან იმაზე, რა იწვევს ჩვევის ჩამოყალიბებას, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს დასწავლილი ქცევაა, რომელიც ბავშვისთვის საშიში არ არის.
ბავშვს ჩვევა შესაძლოა ჩამოუყალიბდეს, როდესაც მოწყენილია, უაზროდ ატარებს დროს ან სტრესთან გამკლავებას ცდილობს. ასე რომ, თუ თქვენი შვილი ფრჩხილებს იკვნეტს ან თმას იწვალებს, დაფიქრდით და ეცადეთ გაიხსენოთ, რამე სტრესის ხომ არ გადაუტანია ბოლო ხანს. თუ ეჭვი გამართლდა და მიზეზი მართლაც სტრესი აღმოჩნდა, იცოდეთ, რომ ამგვარად ბავშვი ცდილობს, მოზღვავებული ემოციებისგან დაიცალოს, რისთვისაც თქვენ, მაგალითად, სპორტდარბაზში წახვიდოდით სავარჯიშოდ.
არის შემთხვევები, როდესაც მავნე ჩვევა რელაქსაციის დროს იჩენს თავს, მაგალითად, ძილის წინ მოდუნებული ბავშვი ცერა თითის წოვას იწყებს, ან მშვიდი მუსიკის მოსმენისას აკეთებს იმავეს და ამით სიამოვნებას გამოხატავს.
ცერა თითის წოვა, როგორც უკვე აღვნიშნე, შასაძლოა ჩვილობიდან იღებდეს სათავეს და ზოგჯერ სასკოლო ასაკშიც რჩება – მისი გადაჩვევა არც ისე ადვილია იმ დადებითი ემოციების გამო, რომლებსაც ის, ჩვილობიდან მოყოლებული, ბავშვის არაცნობიერში იწვევს.
ჩვევის ჩამოყალიბების მიზეზი ზოგ შემთხვევაში თავად მშობლები ან ოჯახის სხვა ისეთი წევრები არიან, რომლებთანაც ბავშვი ბევრ დროს ატარებს. თუ დედა, მამა ან ოჯახის სხვა წევრი ფრჩხილებს იკვნეტენ, დიდია შანსი, მათი წამხედურობით პატარამაც დაიწყოს იმავეს კეთება. თუ თქვენც ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნებით, აუცილებლად იზრუნეთ ამ მავნე ჩვევის დაძლევაზე, რათა ბავშვიც დაიცვათ მისგან.
არსებობენ ბავშვები, რომლებიც ცუდად მაშინ იქცევიან, როდესაც ყურადღების მიპყრობა სურთ ან მშობლებით მანიპულირება აქვთ განზრახული. ასეთი რამ უმტესად ისეთ ოჯახებში ხდება, სადაც ბავშვს მშობლების ყურადღება აკლია – თავდაპირველად მშობლების გასაღიზიანებლად იქცევა ასე, მერე და მერე კი ეს ქცევა მავნე ჩვევაში გადაეზრდება.
ვებრძვით და ვამარცხებთ
მავნე ჩვევების უმეტესობა სასკოლო ასაკისთვის ქრება, მაგრამ მშობლებისა და ახლობლების დახმარებით შესაძლებელია, ბავშვმა ჩვევას უფრო ადრეც დააღწიოს თავი:
* მშვიდად აუხსენით, რა არ მოგწონთ მის საქციელში და რატომ. ეს მიდგომა გამოგადგებათ 3-4 წლის ბავშვებთან – იმაში დასახმარებლად, რომ უკეთ გააცნობიერონ თავიანთი პრობლემა. ეცადეთ დაანახოთ, რამდენად არაესთეტიკურია მათი ეს ქმედება გარშემო მყოფებისთვის. ამისთვის შეგიძლიათ, თავად განასახიეროთ, რა სასაცილოდ გამოიყურებიან ამ დროს. სთხოვეთ, სცადონ ამ ჩვევისგან თავის შეკავება. თუ, მიუხედავად მცდელობისა, ფაქტზე წაასწარით, არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდეთ, არც შეარცხვინოთ, რადგან სტრესი, პირიქით, გაამძაფრებს მავნე ჩვევის გამეორების მოთხოვნილებას.
* თავადაც ჩართეთ მავნე ჩვევასთან გამკლავების პროცესში. თუ თქვენი პატარა ბაღიდან ატირებული დაბრუნდა, რადგან ბავშვებმა თითის წოვის გამო დასცინეს, იცოდეთ, რომ ის თქვენგან დახმარებას ითხოვს. ამ დროს სასურველია დიალოგი. ჰკითხეთ, ხომ ნამდვილად აცნობიერებს, რომ ის, რის გამოც ბავშვებმა დასცინეს, მართლაც არ არის მოსაწონი საქციელი და ხომ ნამდვილად სურს ამ ჩვევისგან თავის დაღწევა, მერე კი ერთად მოიფიქრეთ ამის ყველაზე მარტივი და მოხერხებული გზა.
* შეაქეთ ან წაახალისეთ თვითკონტროლისთვის. მიეცით თქვენს პატარა გოგონას ფრჩხილის ლაქის წასმის უფლება, თუ ფრჩხილების კვნეტისგან თავის შეკავებას მოახერხებს. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი ბიჭი ცერა თითის წოვაზე უარს იტყვის, დაასაჩუქრეთ პატარა, მაგრამ სასიამოვნო პრიზით.
* არ დაგავიწყდეთ კარგი საქციელის წახალისება. თუ ბავშვის ძალისხმევას ყურადღებას არ მიაქცევთ, დიდი შანსია, თვითკონტროლი გაქრეს და მისი ადგილი ისევ მავნე ჩვევამ დაიკავოს.
ამ საქმესთან შესაჭიდებლად, უპირველეს ყოვლისა, ნებისყოფა და მოთმინება დაგჭირდებათ. ვინაიდან ჩვევის ჩამოყალიბებას საკმაო ხანი სჭირდება, მისი მოშლაც ბევრ დროს მოითხოვს, ამიტომ მყისიერი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.
როცა ჩვევა მხოლოდ ჩვევა აღარ არის
ზოგჯერ მავნე ჩვევას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემა უდევს საფუძლად. მაგალითად, ბავშვი, რომელიც ცხვირში თითს იყოფს, შესაძლოა მართლა გრძნობდეს დისკომფორტს – ცხვირში უცხო სხეული ჰქონდეს, უბრალოდ, ამის შესახებ არ გეუბნებოდეთ. ამასთანავე, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუმცაღა ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევები არ არის საგანგაშო, მათ მაინც შეუძლიათ, არცთუ სახუმარო ზიანი მიაყენონ პატარებს. კერძოდ, გამოიწვიონ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა:
* ცხვირიდან სისხლდენა (მათთან, ვინც ცხვირს იჩიჩქნის);
* ფრჩხილის ინფექცია, ფრჩხილის ჩაზრდა (მათთან, ვინც ფრჩხილებს იკვნეტს);
* თანკბილვის დარღვევა, ფრჩხილის ინფექცია (მათთან, ვინც თითს წოვს).
ჩვევა უბრალო ჩვევად ვეღარ ჩაითვლება, თუ ის ხელს უშლის ბავშვს სოციალიზაციაში ან ურღვევს ყოველდღიური ნორმალური ცხოვრების რიტმს.
ამრიგად, უმეტესად მავნე ჩვევა დროთა განმავლობაში თვითონვე გაივლის, მაგრამ თუ შეატყვეთ, რომ ეს უწყინარი ჩვევა აღარ არის და საკუთარი ძალებით მისი მოშლა შეუძლებელია, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ლიკა ქათამაძე