როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტსაფრთხისგან?
გააზიარე:
ინტერნეტს ბავშვისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ის აადვილებს ინფორმაციის მოძიებას, მასწავლებლებსა თუ თანატოლებთან ურთიერთობას, კონკურსებსა თუ ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობას. მაგრამ სპეციალისტები თუ რიგითი მოქალაქეები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ინტერნეტით განხორციელებულ ძალადობაზე, ბულინგსა და შანტაჟზე, რომლებიც ზოგჯერ სავალალო შედეგით სრულდება. ბავშვები სათანადოდ ვერ აფასებენ და წინააღმდეგობას ვერ უწევენ ვირტუალური სივრციდან მომავალ საფრთხეს.
როგორ დავიცვათ შვილები? სწორედ ამაზე გვესაუბრება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის ბავშვთა დაცვის მიმართულების კოორდინატორი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ნონა ციხელაშვილი:
– დიდი ხანია, ჩვენი ორგანიზაცია ინტერნეტუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. 2008 წლიდან ვმართავთ შეხვედრებს მშობლებსა და ბავშვებთან ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ, თუმცა პრობლემა იმ დროს ასეთი მწვავე არ ყოფილა, როგორიც დღესაა.
შარშან ზაფხულში ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ინტერნეტთან დაკავშირებულმა საფრთხემ იმატა.
5-6 წლამდე მთავარი პრობლემაა გაჯეტების გავლენა ქცევაზე, ემოციურ განვითარებაზე, მეტყველებაზე. არადა ფსიქოლოგების რეკომენდაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვს გაჯეტებზე საერთოდ არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი.
მოზარდებთან კი უფრო აქტუალურია სხვა პრობლემები:
* პირადი ინფორმაციის გასაჯაროება;
* ბავშვისთვის შეუფერებელ ინფორმაციაზე წვდომა, პორნოგრაფიულ, უხამსი სიტყვების, ძალადობის შემცველი მასალის გაცნობის შესაძლებლობა;
* სექსტინგი – ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით სექსუალური შინაარსის შეტყობინების, ფოტოს, ვიდეოს გაგზავნა.
დღეს მთელ მსოფლიოში ყვავის ბავშვთა პორნოგრაფია, პატარა ბავშვების უხამსად გადაკეთებული ფოტოებით ფულის შოვნა ძალიან გავრცელებულია, ამიტომ ბავშვების ფოტოების გასაჯაროებისას მშობლებიც ფრთხილად უნდა ვიყოთ.
პირველი ნაბიჯი - ტელეფონი
– მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რამდენ ხანს ატარებს ბავშვი ინტერნეტში. 6-7, თუნდაც 8-9 წლის ბავშვს არ შეუძლია, იქიდან მომავალი საფრთხისგან თავი დაიცვას. მშობელი ხშირად ვერც კი აცნობიერებს ამას, როდესაც მცირეწლოვანი შვილისთვის სმარტფონს ყიდულობს.
თუ ბავშვს მართლა სჭირდება მობილური ტელეფონი (და ის მართლაც ძალიან გვიადვილებს ცხოვრებას), ჯობს, ისეთი აპარატი ვუყიდოთ, რომელსაც ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობა არ ექნება. თუ მაინც ინტერნეტზე წვდომის მქონე მობილურს ვამჯობინებთ, არჩევანი ისეთ მოდელზე შევაჩეროთ, რომელსაც დაცვის ფუნქციები აქვს და მათი გამოყენება ვისწავლოთ.
ვაკონტროლოთ მისიმობილურის ჩარიცხვები და პაკეტები.
დავიცვათ წესები
– ბავშვების უმეტესობას შინაც შეუზღუდავად მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. თუ ბავშვს კომპიუტერთან ჯდომის უფლებას ვაძლევთ, კომპიუტერი იქ უნდა იდგეს, სადაც ჩვენც ვართ და თავისუფლად დავინახავთ, რას აკეთებს ბავშვი.
ვურჩიოთ ბავშვს, გამოიყენოს Yოუტუბე კიდს და არა ჩვეულებრივი ყოუტუბე.
არ არის სასურველი ფეისბუქის ანგარიშის გახსნა 14 წლამდე.
განვუსაზღვროთ ბავშვს, რამდენი დრო გაატაროს ინტერნეტში და ვაკონტროლოთ, რომ ეს წესი დაიცვას.
ვიყოთ თანმიმდევრულები – ერთხელ დადგენილი წესი ჩვენი განწყობის შესაბამისად არ უნდა იცვლებოდეს.
ყურადღება მივაქციოთ, რომელ საიტებს სტუმრობს ბავშვი და არასასურველი შინაარსის გვერდებზე შესვლა ავუკრძალოთ. არსებობს პროგრამები და აპლიკაციები, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ, თუმცა ათიდან შვიდმა მოზარდმა იცის, როგორ დაიძვრინოს თავი კონტროლისგან, როგორ აუხვიოს თვალი მშობლებს და მისთვის აკრძალულ საიტებს ესტუმროს. საზოგადოდ, დღეს ბავშვებმა გაცილებით მეტი იციან კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების შესახებ, ვიდრე უფროსებმა და ეს საქმეს ართულებს.
აუცილებელი დიალოგი
- – როგორ ვესაუბროთ ბავშვს ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შესახებ?
– შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლით, რომ ქუჩაში არ ესაუბრონ, მანქანაში არ ჩაუსხდნენ, არსად წაჰყვნენ უცხო ადამიანს. იგივე წესი მოქმედებს ინტერნეტშიც: არ გავუბათ საუბარი უცნობს; თუ მაინც გავესაუბრეთ, არ გავუმხილოთ ჩვენი სახელი, გვარი, სახლისა თუ სკოლის მისამართი, მშობლების ვინაობა და სამუშაო ადგილი, არ გავუგზავნოთ ჩვენი ფოტოსურათი. თუ უცნობი ადამიანი დაუკავშირდა, აუცილებლად გააგებინოს დედას ან მამას.
პატარებს ავუხსნათ, რომ სოციალურ ქსელში ცუდი ზრახვების მქონე ბევრი ადამიანია და თუ ძალიან უნდათ, ჰქონდეთ ანგარიში, პაროლი აუცილებლად უნდა იცოდნენ დედამ და მამამ, რათა შესაძლო უსიამოვნებებისგან დაიცვან.
ანგარიშისა და ელექტრონული ფოსტის პაროლი შედგებოდეს დიდი და პატარა ასოებისა და ციფრებისგან და არ შეიცავდეს ბავშვის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს ან სხვა ისეთ საინდენტიფიკაციო მონაცემს, რომელიც ყველამ იცის.
მომხმარებლის სახელი ისე ავარჩიოთ, რომ მასში ადვილი ამოსაცნობი არ იყოს ბავშვის სახელი, გვარი ან დაბადების თარიღი.
ავუხსნათ ბავშვს, რომ ის, რასაც ინტერნეტში აქვეყნებს, – ტექსტი იქნება თუ ფოტო, – მისი საკუთრება აღარ არის; მასზე უკვე ყველას მიუწვდება ხელი.
ბავშვი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ შესაძლოა, მის ფოტოს თუ ტექსტს უარყოფითი კომენტარები მოჰყვეს.
დიდია ალბათობა, ინტერნეტში ბავშვი ასაკისთვის შეუფერებელ ინფორმაციას გადააწყდეს, ამიტომ უნდა ვთხოვოთ, გაგვიზიაროს, თუ მასზე რამემ ემოციურად იმოქმედა – იცოდეს, რომ ჩვენ ავუხსნით, რა არის ეს, დავეხმარებით გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე.
საშიში თამაშები
- – ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თამაშებზე, რომლებიც ბავშვებს თვითდაზიანებისკენ უბიძგებს – მომოზე, ლურჯ ვეშაპზე...
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თამაშებთან თვითმკვლელობის კავშირის ვერც ერთი ფაქტი ვერ დაადასტურა, და რადგან ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს, სპეციალისტებს ძალიან გვიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა შეგვიძლია, სიფრთხილის მიზნით მშობლებს რამდენიმე რეკომენდაცია მივცეთ.
უპირველეს ყოვლისა, ვკითხოთ ბავშვს, რა იცის ამ თამაშების შესახებ. რაც არ უნდა გვითხრას, არ ავღელდეთ, წონასწორობა არ დავკარგოთ. გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვს ბავშვს მათ მიმართ. თუ ჰგონია, რომ ვერავინ ვერაფერს გააკეთებინებს, უნდა ვუთხრათ, რომ თავი არ გამოსცადონ, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს ემოციური გავლენის მსხვერპლი.
ავუხსნათ, რომ ის, ვინც ამ თამაშის უკან დგას, შესაძლოა კარგი ფსიქოლოგი იყოს, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის ისეთი სტაბილური, რომ თავი დაიცვას, ამიტომ აჯობებს, თუ არ მოსინჯავენ საკუთარ ძალებს მათთან, ხოლო თუ ვინმემ უკვე მოსინჯა, მას უფროსების დახმარება დასჭირდება. ვუთხრათ შვილს, რომ მას შეუძლია ასეთი ბავშვების გადარჩენა – თუ გაიგო, რომ მისი რომელიმე ამხანაგი ასეთ თამაშშია ჩართული, აუცილებლად შეგვატყობინოს.
- – თავად როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვი თამაშში ჩაითრიეს?
– თუ მოზარდი უკონტროლოდ იყენებს ინტერნეტს, მშობლებთან აღარ ურთიერთობს, აცვია სეზონისთვის შეუფერებლად, ცდილობს, არ გამოაჩინოს სხეულის ნაწილები, უარს ამბობს ექიმთან გახდაზე, გულჩათხრობილი გახდა და მეგობრების ნახვაც კი აღარ უნდა, ეს საგანგაშო ნიშნებია. სანამ სხვა მიზეზებს არ გამოვრიცხავთ, ასეთ ცვლილებებს ნუ დავაბრალებთ ასაკს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.
გთავაზობთ ინტერნეტუსაფრთხოების წესების ჩამონათვალს ბავშვებისთვის, რომელიც ჭორლდ Vისიონ საქართველოს წარმომადგენლებმა ნინო ყიფიანმა და ლელა კლდიაშვილმა შეიმუშავეს. გააცანით ბავშვებს, აუხსენით მათი მნიშვნელობა და სთხოვეთ, დაიცვან ეს წესები – ეს მათ ბევრი უსიამოვნებისგან დაიცავს.
1.მშობლების თანხმობის გარეშე არ გავაზიარებ პირად ინფორმაციას - ჩემს მისამართს, ტელეფონს, ჩემი სკოლის სახელს და მისამართს, მშობლების სამსახურის მისამართს და ტელეფონს.
2.თუ გადავაწყდი ინფორმაციას, რომელიც თავს ცუდად ან უხერხულად მაგრძნობინებს, ამის შესახებ მაშინვე ვეტყვი მშობლებს.
3.არასოდეს დავთანხმდები ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას მშობლების თანხმობის გარეშე. თუ მშობლები ნებას დამრთავენ, შეხვედრას დავნიშნავ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და აუცილებლად დედის ან მამის თანხლებით წავალ.
4.არასოდეს არავის გავუგზავნი ფოტოს ან ვიდეოს მშობლების დაუკითხავად.
5.არ ვუპასუხებ მესიჯებს, რომლებიც ჩემთვის უსიამოვნოა ან თავს უხერხულად მაგრძნობინებს. თუ მსგავსი მესიჯი მივიღე, ჩემი ბრალი არ არის. თუ ასე მოხდა, მაშინვე ვეტყვი მშობლებს, რომ დამეხმარონ.
6.მშობლებს შევუთანხმებ ინტერნეტში მოქცევის წესებს: დღის რომელ მონაკვეთი შევალ, რამდენი ხნით, რომელ გვერდებს მოვინახულებ და რომელ აპლიკაციებს მოვიხმარ. ამ წესებს მათი ნებართვის გარეშე არ დავარღვევ.
7.მშობლების გარდა, არავის (საუკეთესო მეგობარსაც კი) მივცემ ჩემს პაროლს.
8. რომელიმე პროგრამის ან აპლიკაციის ჩამოწერამდე აუცილებლად შევუთანხმდები მშობლებს, რათა არ დავაზიანო კომპიუტერი თუ სხვა გაჯეტი, საფრთხე არ შევუქმნა ჩემს თუ ჩემი მშობლების პირად ინფორმაციას.
9.ვიქნები კარგი ინტერნეტმოქალაქე და არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც ტკივილს მიაყენებს სხვას ან დაარღვევს კანონს.
10.დავეხმარები მშობლებს, ვასწავლი ინტერნეტის, კომპიუტერის თუ სხვა ტექნოლოგიების გამოყენებას, ვაჩვენებ, როგორ უნდა ისწავლო ან გაერთო ინტერნეტში.
მარი აშუღაშვილი