რაზე მიანიშნებს სისხლიანი განავალი ბავშვებში?

გააზიარე:

განავალში სისხლის აღმოჩენა ზრდასრულ ადამიანასაც აშინებს. იწყება კონსულტაციები მეზობლებთან, ნათესავებთან, ნაცნობებთან, გამოკითხვა და გამოცდილების გაზიარება სოციალურ ქსელში... რაღა ვთქვათ იმ შემთხვევაზე, როცა საქმე პატარას ეხება?

მოდი, გავიგოთ, რამ შეიძლება გააჩინოს განავალში სისხლი, კიდევ რა ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება ამ დროს და როგორ მოვიქცეთ.

 

სისხლდენა შეიძლება დაიწყოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილებიდან. როცა სისხლდენა ტრაქტის ზედა ნაწილიდანაა, განავალი შავია. მედიცინაში ამას მელენას უწოდებენ. შავ ფერს განავალი კუჭის წვენისა და სისხლის ურთიერთქმედების შედეგად იღებს. თუ განავალში ჩვეულებრივი სისხლის მინარევები აღმოაჩინეთ, პრობლემა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  ქვედა ნაწილში უნდა ვეძებოთ.

სანამ ავადმყოფობის ძიებას დავიწყებდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ მოწითალო და მოშავო ფერი განავალს შესაძლოა სრულიად უვნებელმა საკვებმა და ზოგიერთმა მედიკამენტმაც მისცეს. მაგალითად, ჭარხალისა და წითელი ძირტკბილას მოუნელებელი ნაწილები შესაძლოა სისხლი გვეგონოს; ანტიბიოტიკი ცეფდინირი განავალს აწითლებს, ხოლო რკინის პრეპარატები მოშავო შეფერილობას აძლევს. ხორცისა და პეროქსიდაზის შემცველი ბოსტნეულის (ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, თალგამის) მიღების შემდეგ ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზის პასუხი შესაძლოა ცრუ დადებითი აღმოჩნდეს.

 

პათოგენური მიზეზები

სხვადასხვა ასაკში განავალში სისხლის გაჩენის სხვადასხვა მიზეზი ჭარბობს (იხ. ცხრილი). აშშ-ს მონაცემებით, ერთ წლამდე მათ ჩამონათვალში პირველ ორ ადგილს ანალური ნაპრალი (ლორწოვანის ნახეთქი უკანა ტანის არეში) და ძროხისა და სოიის რძის აუტანლობა იკავებს, ხოლო ერთი წლიდან ანალურ ნაპრალთან ერთად ინფექციური გასტროენტერიტი ლიდერობს. ახალშობილებში ასევე ხშირია სისხლის შედედების პრობლემები, ნაწლავის ნეკროზული დაზიანება და სხვა.

მოდი, მიმოვიხილოთ ყველაზე გავრცელებული მიზეზები და გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე.

 

* გადაყლაპული დედის სისხლი. ახალშობილებში სისხლიანი განავალი შესაძლოა გამოიწვიოს სამშობიარო გზების გავლის ან დახეთქილი ძუძუსთავებიდან წოვის დროს გადაყლაპულმა სისხლმა. პრობლემა თავისთავად გაივლის, სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს.

 

* ნეკროზული ენტეროკოლიტი. ნეკროზული ენტეროკოლიტი მწვავედ მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ნაწლავის ლორწოვანი დაზიანებული და სისხლმდენია. ის უმეტესად სასუნთქი გზებისა და სისტემური ინფექციის მქონე დღენაკლულ ახალშობილებთან გვხვდება. გარდა სისხლიანი განავლისა, დაავადებისთვის დამახასიათებელია მივარდნილობა, ძილიანობა, სუსტი წოვა, მუცლის შებერილობა, ტემპერატურული არასტაბილურობა. დიაგნოსტიკისთვის ტარდება მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია.

 

* კოაგულოპათია. ახალშობილობის პერიოდში სისხლის შედედების პრობლემებს არაერთი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირია K ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული სისხლდენა. K ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, ამიტომ ყველა ახალშობილს აძლევენ მის პროფილაქტიკურ დოზას. დეფიციტი განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ დედა ორსულობისას ვარფარინს ან გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებდა. სისხლიან განავალთან ერთად ამ დროს მოსალოდნელია სისხლჩაქეცვა თავის ტვინში, სისხლიანი გამონადენი ჭიპიდან. აქვე: სისხლის შედედებაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ჰემოფილია და გენეტიკურად განპირობებული სხვა დაავადებები.

* ანალური ნაპრალი. ყითის მიდამოში ლორწოვანი სკდება. ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირია ერთ წლამდე და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ხშირად ანალური ნაპრალი შეკრულობასთანაა დაკავშირებული: ბავშვებს არ უყვართ სკოლის ტუალეტით სარგებლობა და იკავებენ დეფეკაციას, რაც განავლოვანი მასების გამკვრივებას იწვევს, მკვრივი განავალი კი ლორწოვანს აზიანებს. ამ დროს მოსალოდნელია მტკივნეული დეფეკაცია და სისხლდენა, თუმცა, სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, სისხლი ამ დროს განავალში არ არის შერეული – ზოლად მიჰყვება გარედან.

მკურნალობენ ლაქტულოზით, რომელიც განავალს ათხელებს და დეფეკაციას ნაკლებად მტკივნეულს ხდის.

ანალური ნაპრალის გაჩენა დიარეის დროსაცაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში ლორწოვანი ხშირი დეფეკაციის გამო ზიანდება.

* ჰირშპრუნგის დაავადება. ეს თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის ზოგიერთ ნაწილში ნერვული დაბოლოებები არ არის. ამის გამო თავის ტვინიდან წამოსული სიგნალი ნაწლავთა შეკუმშვის შესახებ სწორ ნაწლავამდე ვერ აღწევს, განავალი დიდხანს რჩება მსხვილ ნაწლავში, მკვრივდება და ყაბზობას იწვევს. თუმცა ზოგიერთ პაციენტს ამ დროს, პირიქით, დიარეა და სისხლიანი განავალი აქვს. დიაგნოსტიკისთვის ტარდება მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია სპეციალური კონტრასტით, რომელიც აჩვენებს შევიწროებული ნაწლავის ფონზე გაფართოებული ნაწილების მონაცვლეობას.

* ძროხისა და სოიის რძით განპირობებული ალერგიული კოლიტი. სისხლიანი განავლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, ძროხისა და სოიის რძის აუტანლობაა. ეს პრობლემა უმეტესად 6-დან 18 თვემდე ასაკში გვარდება. ალერგიული კოლიტი, წესისამებრ, ემართებათ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. დედის რძეზე ასეთი პრობლემა იშვიათია. კვლევებმა აჩვენა, რომ 100 პაციენტიდან 25-ს, თუ ძროხის რძის აუტანლობა აქვს, აღენიშნება ჯვარედინი აუტანლობაც სოიის რძეზე, ამიტომ სოიის ნარევზე მათი გადაყვანა არარეკომენდებულია. თუმცა ამ პრობლემამ არ უნდა დაგვაფრთხოს. არსებობს უკვე კარგად აპრობირებული სპეციალური ჰიდროლიზებული საკვები, რომელშიც ძროხის რძის შემადგენლობაში არსებული ცილა კაზეინი დაშლილია შედარებით ადვილად ასათვისებელ ფორმად. 18 თვიდან სამკურნალო ნარევი აღარ არის საჭირო.

* ნაწლავის ჩაჭედვა. ეს სისხლიანი განავლის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია 6-დან 36 თვემდე ასაკის პატარებთან. აღმოჩნდა, რომ ყოველი 100-იდან 80 პაციენტი 2 წლამდე ასაკისაა. ნაწლავი უმეტესად წვრილი და მსხვილი ნაწლავის შეერთების ადგილას იჭედება. ამ დროს ვითარდება მუცლის ძლიერი ტკივილი, ბავშვი აგზნებულია, თანდათან წინა პლანზე წამოიწევს ღებინებება, რასაც დაერთვის მივარდნილობა, ძილიანობა. პამპერსზე შესაძლოა აღმოაჩინოთ მოწითალო ფერის ჟელესებრი მასა. ამ დროს აუცილებელია ქირურგის კონსულტაცია, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ნაწლავი შესაძლოა დაზიანდეს.

 

* მეკელის დივერტიკული.  ეს გახლავთ თანდაყოლილი მომცრო წანაზარდი წვრილ ნაწლავზე. მეკელის დივერტიკული შეიცავს კუჭის მსგავს უჯრედებს, რომლებიც კუჭის წვენს გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი ლორწოვანის კედელს აზიანებს და სისხლდენას იწვევს. დივერტიკულისთვის დამახასიათებელია უმტკივნეულო სისხლიანი განავალი და ანემია (ჰემოგლობინის დაბალი დონე). დიაგნოსტიკა ხდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერების დახმარებით.

* ინფექციური კოლიტი. მსხვილი ნაწლავის ინფექციურ ანთებას სხვადასხვა ბაქტერია და ვირუსი იწვევს, თუმცა სისხლიანი განავლისა და დიარეის მიზეზი ყველაზე ხშირად სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერია, იერსინია და კლოსტრიდიაა. განსაკუთრებით საშიშია ეშერიხია კოლი (Escherichia coli) 0157:H7, რომლის ტოქსინი იწვევს მძიმე გართულებას – ჰემოლიზურ ურემიულ სინდრომს. სინდრომისთვის დამახასიათებელია ანემია (დაბალი ჰემოგლობინი), თრომბოციტოპენია (სისხლის შედედებისთვის აუცილებელი უჯრედების, თრომბოციტების, ნაკლებობა), თირკმლის დაზიანება.

* ჰენოხ-შონლაინის დაავადება. ეს სისტემური დაავადებაა, რომელიც წვრილ სისხლძარღვებს აზიანებს. ამ დროს მოსალოდნელია მცირე ზომის სისხლჩაქცევები კანზე, მუცლის ტკივილი, სისხლიანი განავალი.

* სწორი ნაწლავის პოლიპი. პოლიპი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც უმეტესად 3-4 წლის ბავშვებთან გვხვდება. ის პერიოდულად სისხლმდენია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი შეკრულობისკენაა მიდრეკილი. პოლიპს, წესისამებრ, უსიმპტომო არსებობა ახასიათებს – ერთადერთი ნიშანი სისხლიანი განავალია. წარმონაქმნი ზოგჯერ თავისით ძვრება და ამ დროს სისხლდენა განსაკუთრებით ძლიერდება. აშორებენ სპეციალური აპარატით – კოლონოსკოპით. მძიმე გართულებები მოსალოდნელი არ არის.

* ნაწლავის ანთებითი დაავადებები. ამჟამად მიღებული კლასიფიკაციის თანახმად, ნაწლავის ანთებითი დაავადებები ძირითადად ორ პათოლოგიას აერთიანებს: კრონის დაავადებას და არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს. კრონის დაავადების დროს წყლულოვანი დაზიანება მოიცავს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ხოლო არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს მხოლოდ მსხვილი ნაწლავია დაზიანებული. დაზიანებას თან სდევს ცხელება, მუცლის ტკივილი, დიარეა, წონის კლება, სისხლიანი განავალი. დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნაწლავის ბიოფსიაც – ნაწლავის კედლიდან გამოკვლევისთვის მცირე ზომის ქსოვილის აღება.

 

წესი #1

სისხლიანი განავლის აღმოჩენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თან ახლავს ბავშვის საერთო მდგომარეობის გაუარესება. დაავადების დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია, ექიმს ზუსტად მიაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, როდის შეამჩნიეთ განავალში სისხლი და რამდენი, როგორია ბავშვის საერთო მდგომარეობა, აქვს თუ არა დიარეა, ხომ არ ჭირვეულობს, მივარდნილი ხომ არ არის. ბავშვის ასაკისა და თქვენგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ექიმი ამა თუ იმ დაავადებას ივარაუდებს და მის დასადასტურებლად შესაბამის კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს დაგინიშნავთ. შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის საერთო ანალიზი, მუცლის ღრუს ექოსკოპია, მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, განავლის საერთო ანალიზი, განავლის ბაქტერიოლოგია, უკანა ტანიდან თითით გასინჯვა... ყოველ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, დროული ჩარევა კი გართულებებს თავიდან აგაცილებთ.

თეონა ირემაძე

გააზიარე: