ამირან მორჩილაძე – თავისუფლებისთვის მებრძოლი უებრო მკურნალი
გააზიარე:
იმ ექიმებს შორის, რომლებსაც მიზეზთა გამო ცხოვრების ნაწილის ციხეში გატარება მოუხდათ, მაგრამ მოწოდებისთვის არ უღალატიათ, ერთ-ერთი საპატიო ადგილი ამირან მორჩილაძესაც ეკუთვნის.
– შემთხვევით გავიცანი – მეგობარს წავყევი კონსულტაციაზე მეცხრე საავადმყოფოში, – იხსენებს გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, – ამირან მორჩილაძე ამ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. მის გამჭოლ მზერაში გულწრფელობა და მტკიცე ხასიათი გამოსჭვიოდა. კონსულტაციის დროს ქირურგიული განყოფილებიდან დაურეკეს. რა სჭირს პაციენტსო? – იკითხა. უთხრეს, ტაქიკარდიაო, მან კი ტელეფონითვე დაუსვა გაუვალობის დიაგნოზი.
რა საოცარიც უნდა მოგეჩვენოთ, დიაგნოზი დადასტურდა. ბევრ ბრწყინვალე ექიმს ვიცნობდი, მაგრამ ასეთი არაფერი არ მენახა.
მოგვიანებით ამირანის შესახებ უფრო მეტი რამ გავიგე.
გადასახლება
– ამირან მორჩილაძე 1922 წლის 4 აპრილს თბილისში დაიბადა. მამამისი, მიხეილი, თავის დროზე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, დედის, ქეთევანის მამა არტემ ჩხაიძე კი იტრიის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ.
ამირანის შემდეგ მშობლებს კიდევ ორი შვილი შეეძინათ – ნოდარი და რუქაია. საუბედუროდ, თორმეტი წლის ნოდარი ზღვაში დაიხრჩო.
საშუალო განათლება ამირანმა თბილისის გერმანულ სკოლაში მიიღო. გამორჩეული მოსწავლე იყო. რუსულთან ერთად კარგად იცოდა გერმანული და ინგლისურიც. ექიმის დიპლომს რამდენიმე თვეღა აშორებდა, რომ მოულოდნელად დააპატიმრეს როგორც არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის – “თეთრი გიორგის” აქტიური წევრი. სახლში რადიომიმღები და იარაღი უპოვეს და შეიარაღებული აჯანყების მზადება დასდეს ბრალად. განაჩენი 1944 წლის აპრილში გამოუტანეს. ცხრამეტ სხვა განსასჯელთან ერთად, რომელთა შორისაც იყვნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ლევან აბდუშელიშვილი, ლევან ნანეიშვილი, შალვა სვანიძე, რომან სუტა, პავლე ხარანაული, გიორგი მაჭავარიანი, ვახტანგ ჯორჯაძე, არჩილ წულუკიძე, გიორგი წულიკიძე, რევაზ ტყავაძე, გიორგი იშხნელი და სხვები, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1946 წლამდე სასჯელს საქართველოში იხდიდა, მერე კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადაიყვანეს და, როგორც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, ექიმად გამწესეს.
უდიპლომო ექიმი
– მერე მოხდა საოცარი ამბავი: ამირანი 1953 წელს გათავისუფლდა, მაგრამ ინტაში, ე.წ. თავისუფალ დასახლებაში დატოვეს, დანიშნეს ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ და საავადმყოფოს მთავარ ექიმად. განსაკუთრებული თვისებებისა და პროფესიონალიზმის გარეშე უდიპლომო კაცს ამ თანამდებობას, რა თქმა უნდა, არავინ აღირსებდა...
ერთხელ ზუგდიდში მოხუცი ექიმი ვიქტორ ანთია გავიცანი. გამაოცა მისმა განსწავლულობამ. ისე ერკვეოდა მედიცინის ყველა დარგში, მისი სპეციალობის ამოცნობა გამიჭირდა. გაეცინა. აღმოჩნდა, რომ ისიც პოლიტპატიმარი ყოფილიყო და წლების განმავლობაში კომის უზარმაზარ, ხუთიათასკაციან საავადმყოფოში ემუშავა ამირანთან ერთად. ვიწრო სპეციალობის ფუფუნება სად გვქონდაო, – მითხრა და დასძინა: – მე ვინ ვარ, აი, ამირანი იყო ნამდვილი ექიმიო. უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონია. პროფესიით თერაპევტი, თურმე ქირურგიულ, ნევროპათოლოგიურ და სხვა დიაგნოზებსაც სვამდა.
1956 წელს ამირანი სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად ბადრაგის თანხლებით გაგზავნეს ქალაქ იაროსლავლში. რა თქმა უნდა, წარმატებით ჩააბარა და ინსტიტუტის დამთავრებიდან 12 წლის შემდეგ ექიმის დიპლომი აიღო.
1959 წელს რეაბილიტაცია შეეხო. სამშობლოში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლო, მაგრამ არ წამოვიდა, იქაურობა ვერ მიატოვა, რადგან შემცვლელი არავინ ეგულებოდა. 1965 წლამდე ერთგულად ემსახურებოდა იქაურ პაციენტებს.
პრინციპული და თავდადებული
– ამირან მორჩილაძე მთელი სიცოცხლე მეგობრობდა ჭაბუა ამირეჯიბთან. ამ უკანასკნელმა წიგნში “ნაფიქრალიდან” რამდენიმე გვერდი მასაც მიუძღვნა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ამირან მორჩილაძე უკეთესად გავიცანი.
ჭაბუა იხსნებს, რომ ამირანს იცნობდნენ როგორც უებრო მკურნალს და უმწიკვლო ადამიანს. თავისებური შეხედულებების კაცი ყოფილა. პოლიტპატიმრის ტანსაცმელზე მისაკერებელ სავალდებულო ნომრებს თურმე პრინციპულად არ ატარებდა და ამის გამო ხშირად იჯდა საჯარიმო იზოლატორში, სანამ ჩეკისტებს ან მათი ოჯახის წევრებს მისი დახმარება არ დასჭირდებოდათ. მერე ისევ დააპატიმრებდნენ, ისევ გამოუშვებდნენ...
ყოფილი პატიმარი ლაზებნიკოვი, იხსენებდა: “ძნელი სათქმელია, სად უფრო ხშირად იმყოფებოდა ჩვენი ბანაკის ექიმი ა. მორჩილაძე – კარცერში თუ სავადმყოფოში. თითქმის დღეგამოშვებით სჯიდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდა, საავადმყოფოში დაეწვინა დაუძლურებული პატიმრები. ავადმყოფობის ისტორიაში უწერდა არარსებულ სნეულებებს, რომ როგორმე გადაერჩინა. ექიმს სხვებთან შედარებით თითქოს შეეძლო მაძღრისად ცხოვრება, მაგრამ მასაც ხშირად უწევდა ლუკმაპურის ძებნა და ამ უკანასკნელ ლუკმასაც ჩვენ გვიყოფდა”.
უვერცხლო მკურნალი
– თბილისში რომ დაბრუნდა, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. მერე ასისტენტად მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე, მოგვიანებით იქვე – მთავარი ექიმის მოადგილედ, პრორექტორად. მეცხრე სავადმყოფოს მთავარი ექიმიც იყო და საქართველოში მედიცინის ფილოსოფიიის ფუძემდებლადაც ითვლება.
მიუხედავად ყველაფრისა, პაციენტებზე წინ არაფერი დაუყენებია. არასოდეს დაუტოვებია პაციენტი უყურადღებოდ. კაბინეტის კარი ყველასთვის ღია ჰქონდა.
გამორიცხული იყო, პაციენტისთვის ფული გამოერთმია. მეტიც – ჰონორარის შეთავაზება შეურაცხყოფად მიაჩნდა. მეგობრები ეუბნებოდნენ, საკუთარი მანქანით დადიხარ, ხან – ქალაქგარეთაც, მანქანა ცვდება, ბენზინი და დრო გეხარჯება, ჰონორარზე უარს რატომ ამბობო? ეგ ჩემი საქმეაო, – მოკლედ მოუჭრიდა ხოლმე. იმასაც შესწრებიან, პიჯაკის ჯიბეში რომ უპოვია ფულით სავსე კონვერტი და მაშინვე უკან დაუბრუნებია. ერთადერთი, ძღვენზე, პურმარილსა და ღვინოზე ვერ ამბობდა უარს – მისი არყოფნისას მიჰქონდათ და სახლში უტოვებდნენ, რითაც კარგად ხეირობდნენ მისი მეგობრები.
ნამდვილი მეგობარი
– საოცრად განათლებული იყო. უყვარდა კლასიკური მუსიკა, აინტერესებდა მხატვრობა, ქანდაკება, პროზა და პოეზია, სამსახიობო ხელოვნება... სიტყვაძუნწი იყო, ლაკონიურად და ზუსტად იტყოდა სათქმელს. პროფესიონალებს შორიდანვე ცნობდა. ცნობილ პედიატრ დავით კვიტაიშვილზე ამბობდა, ეგ ისეთი ექიმია, გასასინჯად მისულს მტირალი ბავშვი უჩუმდებაო და მართლაც ასე იყო. მეგობრობდა ჰამლეტ გონაშვილთან. მათი შეხმატკბილებული სიმღერის მოსმენას არაფერი სჯობდა. იტყოდა ხოლმე, მისი ხმა გველსა ხვრელით ამოიყვანსო.
სიცრუე სძაგდა, ყველასთან პირდაპირი და ალალი იყო, თუმცა მეგობრები მის ახირებულ საქციელსაც იყვნენ შეჩვეულები. მაგალითად, გააჩერებდა ხოლმე მანქანას, გადავიდოდა და მიწაზე გულაღმა გაიშოტებოდა. სხვებიც რომ გადაჰყვებოდნენ, წამოხტებოდა, წავედითო...
თავდადებული მეგობრობა იცოდა. ჭაბუა ამირეჯიბს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი რომ დაუსვეს, ერთთვიანი უხელფასო შვებულება აიღო, საავადმყოფო მოადგილეებს დაუტოვა და ჭაბუა, რომელსაც თბილისში უკვე დანიშნული ჰქონდა ოპერაციის დღე, თითქმის ძალით წაიყვანა მოსკოვში. თვითმფრინავის ტრაპიდან დას გადმოსძახა: თუ შემოგითვალო, მანქანა გაყიდე და ფული გამომიგზავნეო.
მეგობრების დახმარებით ჭაბუა გერცენის სახელობის მოსკოვის ონკოლოგიურ ინსტიტუტში დააწვინეს და გამა სხივებით უმკურნალეს. ამირანი მთელი თვე თავს ადგა, ნემსებს უკეთებდა, პატარა ბავშვივით უვლიდა და პატრონობდა.
შეუმდგარი ოჯახი
– ამირანი ინტაშივე დაქორწინდა რუს მსახიობ ქალზე. ტყუპი ვაჟი შეეძინათ, რომელიც რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. მეტი შვილი აღარ ჰყოლიათ.
ქალმა საქართველოში ვერ გაძლო – ქმრის ყურადღება მოაკლდა. ისევ რუსეთში დამკვიდრება სცადეს, მაგრამ ახლა უკვე ამირანი ვერ შეეგუა ჩრდილოეთს, ყველაფერი ცოლს დაუტოვა, ჩაჯდა თავის “გაზ-21—ში” და სამშობლოსკენ წამოვიდა. თავისი ორასორმოცმანეთიანი ხელფასის ნაწილს ყოველთვე უგზავნიდა ყოფილ ცოლს. ქმრის გარდაცვალება ქალმა იმით შეიტყო, რომ დანიშნულ დროს ფული აღარ მიუღია.
წარმოსადეგ კაცს ქალების ყურადღება არ აკლდა, მეგობრებიც ათას ვინმეს აცნობდნენ, მაგრამ მეორედ დაოჯახება აღარ მოინდომა.
უდროო განაჩენი
– 1983 წლის ერთ დღეს თავი ცუდად იგრძნო. კოლეგებმა თირკმლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მეგობრები ეხვეწნენ, მოსკოვში ან ლენინგრადში წასულიყო სამკურნალოდ, მაგრამ ვერ დაიყოლიეს – ჩემი კოლეგების ცოდნასა და გამოცდილებას ვენდობიო. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ მთელი სხეული მეტასტაზებით ჰქონდა სავსე. არაფერი უთხრეს. თავად ამირანის გარდა ყველამ იცოდა, რომ განწირული იყო... ჭაბუა დიდხანს არიდებდა თავს მასთან შეხვედრას, იცოდა, სიმართლეს ვერ დაუმალავდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო მეგობრის უნახაობას, რომელიც ყოველდღე კითხულობდა და მისვლას სთხოვდა, ინახულა და სიმართლეც გაუმხილა. ამირან მორჩილაძე ამ ამბის მეორე დღეს გარდაიცვალა.
მთელი საავადმყოფო შეძრა მისმა სიკვდილმა. წლების შემდეგ მეცხრე საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებას მისი სახელი მიენიჭა.
ამირან მორჩილაძეზე ყოფილ კოლეგებსაც ბევრი რამ აქვთ მოსაყოლი. მეცხრე საავადმყოფოს თერაპევტებისთვის ის წარმოუდგენლად დიდი დანაკარგი იყო.
– ქართული ხმა, ქართული იერი ჰქონდა, – იხსენებს ციბუ კილაძე, მისი პირველი ექიმი ორდინატორი (ქალბატონი ციბუ ამირანის თანატოლი გახლდათ, თუმცა მისი იმ დროისთვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ფასდაუდებელ სახელმძღვანელოდ ექცა), – ლამაზი კაცი იყო, დახვეწილი, შეეძლო, დიდთან დიდი ყოფილიყო, პატარასთან – პატარა. დიდი გაჭირვება გადაიტანა, მაგრამ პატიოსნებაზე ხელი ვერაფერმა ააღებინა. რაზეც არ უნდა ესაუბრა, მის სიტყვებში ყოველთვის გამოსჭვიოდა მისი კეთილშობილი, მგზნებარე გული.
ყველა უზომოდ უყვარდა. მისი სიყვარულით თანამშრომლებიც განებივრებულები ვიყავით. ბუნებრივია, ჩვენც სიყვარულითვე ვპასუხობდით.
ამ შესანიშნავ ადამიანს სიდიადესთან ერთად თავისებური უბრალოებაც ჰქონდა, რომელიც გხიბლავდა და გიახლოებდა, მაგრამ მანძილის გრძნობას არ გაკარგვინებდა, ამიტომ ყველა მორიდებული იყო მასთან და ზედმეტ ლაპარაკსაც ერიდებოდა. თავადაც ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ რასაც ამბობდა, იმაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. ტყუილის თქმა უბრალოდ არ შეეძლო. მისი ეს თვისება კარგად იცოდა ხალხმა.
სათქმელს ასჯერ აწონ-დაწონიდა ხოლმე. გულსატკენს არავის არაფერს ეტყოდა და სხვებშიც სიკეთის მარცვლის გაღვივებას ცდილობდა. ჯერ ადამიანები უნდა ვიყოთ და მერე – დანარჩენიო. სხვისი სიკეთით გულწრფელად ხარობდა. ყველას თან ჰყვებოდა, თავი კი არ ახსოვდა.
მძიმე სენმაც ვერაფერი დააკლო მის მდიდარ სულს. იუმორით უყურებდა მოახლოებულ სიკვდილს. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ერთი ადამიანის დაღუპვის ისტორია უამბეს. რომ შეიძლებოდეს, ასეთ სიკვდილს ვიყიდიდიო, – უთქვამს.
ამირან მორჩილაძე აღარ განმეორდებაო, თქვა გამოსათხოვარ სიტყვაში სიმონ ხეჩინაშვილმა. მართალიც იყო.... თითო-ოროლა მეგობარი, ვინც დავრჩით ამქვეყნად, საუბარს ამირანით ვიწყებთ და ვამთავრებთ. ჩვენთვის ის მკვდარი არ არის.
---------
ნანა დიხამინჯია:
– საოცარი მხარში დგომა შეეძლო. ერთხელ საავადმყოფოში ვმორიგეობდი (მთელ საავადმყოფოს ერთი მორიგე თერაპევტი ჰყავდა და რომელ განყოფილებასაც დასჭირდებოდა, იქ მიდიოდა). ღამით ქირურგიაში გამომიძახეს. ავადმყოფს კარდიული ასთმა ჰქონდა – მდგომარეობიდან დროულად თუ ვერ გამოვიყვანდი, მოკვდებოდა. თავი არ დავზოგე და, საბედნიეროდ, პაციენტი გადარჩა. სული მოვითქვი თუ არა, ჩემივე განყოფილებიდან დამირეკეს – ავადმყოფია ძალიან ცუდადო. ჩამოვირბინე ქირურგიული კორპუსის მეოთხე სართულიდან, აქოშინებული ავვარდი თერაპიულის მესამე სართულზე, შევვარდი პაციენტის ოთახში, მან კი... პირის გაღებაც არ დამაცადა, უშვერი სიტყვებით გამომლანძღა – ამ შუაღამისას სად დაეთრევი, არც შენი გასინჯვა მინდა, არც შენი მკურნალობაო.
უზომოდ შეურაცხყოფილი დავრჩი. არის რაღაც, რაც პაციენტსაც კი არ ეპატიება. რა თქმა უნდა, იქ ხმა არ ამომიღია, არც დილის კონფერენციაზეც მითქვამს რამე, კონფერნციის შემდეგ კი ბატონი ამირანის კაბინეტში შევედი, მოვუყევი ამ ამბავს და ვუთხარი: – კაცი რომ ვყოფილიყავი, თავად გავცემდი პასუხს, მაგრამ რაკი ქალი ვარ, ან გაწერეთ, ან, სანამ აქ იწვება, შვებულებაში გავალ—მეთქი.
ზევით ადიო, – მხოლოდ ეს მითხრა. მეტ გულისხმიერებას ველოდი და მეწყინა, ასე მშრალად რომ გამომისტუმრა. კიბეზე რომ ავდიოდი, ორი ექიმი შემომხვდა: – ნანა, ის ავადმყოფი გაწერილიაო. ასე ოპერატიულად გადაწყვიტა ეს ამბავი...
ადამიანის საოცარი ნდობა ჰქონდა. ყველაფერი შენ წინააღმდეგ რომ ყოფილიყო, მაინც დაგიჯერებდა და მხარს დაგიჭერდა.
დიდი პრობლემის პატარა მიზეზი
– 1973-74 წლებში ერთ პაციენტს რამდენიმე თვე გამუდმებით მაღალი სიცხე ჰქონდა – 39-40, და ვერაფრით უგდებდნენ. ჩვენთანაც იწვა, ინფექციურშიც, კიდევ რამდენიმე საავადმყოფო მოიარა, სადაც ყველა შესაძლო საშუალებით უმკურნალეს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ისევ ჩვენთან მოხვდა. ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. მისი მკურნალი ექიმი მე გავხდი. ახალბედა ვიყავი. ძალიან შევწუხდი, მივედი ბატონ ამირანთან და შევჩივლე: ამდენი საავადმყოფო მოივლია, ისეთი რა უნდა გავუკეთო, რაც არ გაუკეთებიათ—მეთქი. მერე ვთხოვე, იქნებ თქვენ ნახოთ მეთქი.
მოვიდა, დახედა და მხოლოდ ეს ჰკითხა: კბილები ხომ არ გტკივაო? მანაც უპასუხა – ძალიან არა, თუმცა უსიამოვნო შეგრძნებები კი მაქვსო. მაინც გადაუღე სურათიო, მითხრა ბატონმა ამირანმა.
გადავუღეთ რენტგენოგრამა და ყბაში ჩირქგროვა აღმოვუჩინეთ. კბილი ამოვუღეთ და მორჩა. საავადმყოფოდან რომ გავწერეთ, უკვე ხუთი კილოგრამი ჰქონდა მომატებული.
მას შემდეგ გაურკვეველი სიცხეების მქონე პაციენტებს კბილების მდგომარეობასაც ვუმოწმებდი და, სხვათა შორის, ერთხელ ზუსტად ასეთი შემთხვევა შემხვდა. როგორც კი გაფუჭებული კბილი ამოვაღებინე, მაშინვე გამოკეთდა.
გულწრფელი ბოდიში
– ფიცხი ვიყავი და ერთხელ ვიღაცას ზედმეტად გავუბრაზდი. ჩვენს კამათს ბატონმა ამირანი შეესწრო – საწყალი შენი ქმარი შენს ხელშიო. მეწყინა. მით უმეტეს, იქ რამდენიმე ისეთი ადამიანი იყო, ვისაც გულზე არ ვეხატებოდი. ცრემლები გადავყლაპე და არაფერი შევიმჩნიე.
საუზმეზე ამირანმა მთხოვა, პური მომაწოდეო. ისე ვიყავი ნაწყენი, დავფიქრდი, მივაწოდო თუ არა—მეთქი. ბოლოს მაინც მივაწოდე, მან კი, ვითომც არაფერიო, იქვე, მთელი სასადილოს წინაშე მომიბოდიშა – მაპატიე, ასეთ რამეს აღარასოდეს გეტყვიო.
ვფიქრობ, საჯაროდ ბოდიშის მოხდა მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ.
სხვათა შორის, წინათ საავადმყოფოს სასადილოებში მთავარი ექიმებისთვის ცალკე აკეთებდნენ განსხვავებულ საჭმელს. ამირანს ამ პრივილეგიით არასოდეს უასრგებლია, რაც ყველასთვის კეთდებოდა, იმას ჭამდა.
სინდისის ხმა
– ამირანი იყო პიროვნება, რომლის მსგავსი ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ შეგხვდეს. ახალგაზრდები გაგვაფრთხილა: იცოდეთ, ფული არასოდეს აიღოთ პაციენტისგან, თორემ ხმას აღარ გაგცემთო.
როცა გარდაიცვალა, კაცებიც კი ხმამაღლა ტიროდნენ. მის ქელეხში ჭაბუა ამირეჯიბმა გაიხსენა: გადასახლებაში ხუთი ქართველი ვიყავით ერთად; არც სიკვდილისა გვეშინოდა, არც წამების, მხოლოდ ამირანს ვუფრთხოდით – კაცობაში რამე არ შეგვშლოდაო.
ამირან მორჩილაძე საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული, დედასა და უმცროს ძმასთან ერთად, რომლის ცხედარიც კუკიიდან გადმოასვენეს.
მარი აშუღაშვილი