ალექსანდრე წულუკიძე – უროლოგიის ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

ალექსანდრე წულუკიძე 1888 წლის 23 იანვარს დაიბადა კვახჩირში, ცნობილი აგრონომის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის პეტრე წულუკიძის ოჯახში. ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელას ნაპირას მდებარე ამ ულამაზეს სოფელში ახლაც დგას წულუკიძეების ორსართულიანი ქვის სახლი, რომელშიც სოფლის სკოლაა განთავსებული. იქვეა ალექსანდრეს მამის ხელით ამოთხრილი ჭა და ხეები, რომლებსაც შვილების დაბადების აღსანიშნავად რგავდა.

ალექსანდრე წულუკიძის ბაბუა, თავადი და ოფიცერი გიორგი წულუკიძე, თადარიგში გასვლის შემდეგ ოზურგეთში მსახურობდა მომრიგებელ მოსამართლედ. მისი ქალიშვილი, ელისაბედ წულუკიძე, შემდგომში – ელისაბედ წერეთელი დიდი საზოგადო მოღვაწე იყო. მისი ძალისხმევით დაარსდა საჩხერეში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, კლუბი, თეატრალური საზოგადოება, საავადმყოფო, აშენდა ხის ხიდი მდინარე ყვირილაზე, რკინიგზა და რკინიგზის სადგური. სწორედ დიდი ელისაბედის შვილიშვილი, ქალბატონი ელისაბედ კიკნაძე დაგვეხმარა ალექსანდრე წულუკიძის შესახებ ცნობების მოძიებაში და მისი დის შვილიშვილთან, ექიმ კარდიოლოგ ზურაბ ფაღავასთან დაგვაკავშირა.

პეტრემ უმაღლესი აგრარული განათლება პარიზში მიიღო. იქიდან დაბრუნებული კი კვახჩირში დასახლდა. მისი მეუღლე ოლღა გამრეკელი, მაღალი რანგის სასულიერო პირის ქალიშვილი, მეტად განათლებული ქალბატონი ყოფილა. სხვათა შორის, მისი ძმისწული იყო ცნობილი ქართველი მომღერალი დავით გამრეკელი.

ზურაბ ფაღავა:

– პეტრესა და ოლღას მრავალშვილიან ოჯახში ალექსანდრესთან ერთად მისი ძმა და სამი და იზრდებოდა:  მარიამი, ქეთევანი (ჩემი გამზრდელი ბებია) და ელენე (ღვიძლი ბებია), რომელიც ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. აკაკი წერეთელმა, წულუკიძეების ახლო მეგობარმა, თავის ნათლულს, პატარა ალექსანდრეს, მოფერებით ალეკო შეარქვა და ასეც მიმართავდნენ მას სიცოცხლის ბოლომდე ახლობლები.

ოჯახმა შვილებს ბრწყინვალე განათლება მისცა. ექვსი წლის ასაკში ალეკო ი. ოცხელის წინასწარი მომზადების სკოლაში შეიყვანეს, რომელიც, ოფიციალური რუსული სკოლისგან განსხვავებით, აღსაზრდელებს მშობლიური ენის, ისტორიისა და კულტურის სიყვარულს უნერგავდა. 1898 წელს ალეკომ წარმატებით ჩააბარა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები. მეშვიდე კლასში დროებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში გადაიყვანეს სასწავლებლად, რადგან, მალარიით დაავადებულს, ექიმებმა ჰავის შეცვლა ურჩიეს, თუმცა სწავლა 1906 წელს ქუთაისის გიმნაზიაში დაასრულა.

ხარკოვი

– პროფესიის არჩევისას ბავშვობის მოგონებამ შეასრულა გადამწყვეტი როლი. პატარა ალეკოს ძალიან უყვარდა მხცოვანი მეზობელი ლეონტი აბულაძე. მოხუცი ბიჭუნას  საინტერესო ამბებს უყვებოდა, ასწავლიდა ლექსებს, სიმღერებსა და გამოცანებს... როდესაც ლეონტი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, პატარა ალეკომ დაიფიცა, რომ ექიმი გახდებოდა და უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენდა.

მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს ძალიან უნდოდა, მისი შვილი აგრონომი გამოსულიყო, ალეკომ თავისი გაიტანა და ხარკოვის სამედიცინო სასწავლებელში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. უნივერსიტეტში საბუთები დაგვიანებით ჩავიდა, იმ დროს, როცა პირველი კურსი უკვე შევსებული იყო. იმის შიშით, რომ მაღალი კონკურენციის გამო მომდევნო წელსაც ვერ მოხვდებოდა სასურველ სასწავლებელში, ალეკომ ოდესის უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე შეიტანა საბუთები, მაგრამ გული მაინც ხარკოვისკენ მიუწევდა, მით უმეტეს, იქ სწავლობდა მისი ბიძაშვილი, შემდგომ წლებში თბილისში ცნობილი თერაპევტი ნიკოლოზ გამრეკელი. ამას ისიც დაერთო, რომ  საშობაო არდადეგებზე სამშობლოში დაბრუნებულ ალეკოს პლევრის ანთება დაემართა. იმავე ხანებში ფილტვების ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი უფროსი და მარიამი. შეშინებულმა მშობლებმა შვილი ოდესაში აღარ გაუშვეს.

მომდევნო სასწავლო წელს ალექსანდრემ საწადელი აისრულა და ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამავე პერიოდში მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა – ალექსანდრე ელენე სტოლიაროვაზე დაქორწინდა. ახალშექმნილ ოჯახს შემოსავლის დამატებითი წყარო დასჭირდა, რის გამოც ალექსანდრე ხარკოვის გუბერნიის სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებთათვის ფასიან საჯარო ლექციებს მართავდა და დამსწრე საზოგადოებას პირადი ჰიგიენის მნიშვნელობაზე, ინფექციურ დაავადებებსა და ალკოჰოლის უარყოფით გავლენაზე ესაუბრებოდა.

დაღესტანი

– 1913 წელს ალექსანდრემ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და განაწილებით დაღესტნის ყველაზე მიყრუებულ დასახლებაში, კარადახში, გაემგზავრა სამუშაოდ. რა თქმა უნდა, მეუღლეც თან გაჰყვა. ახალგაზრდა ექიმს სოფლის ორი ექვს საწოლიანი საავადმყოფო და ორი საფერშლო პუნქტი ებარა, რომელთაგან ერთი მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობდა.

ელისაბედ კიკნაძე:

– იქ ჩასულს უმძიმესი სამუშაო პირობები დახვდა: უგზოობა, სიღარიბე, ინფექციური სნეულებები, მათ შორის – ტიფი და სიფილისი. სოფლის ექიმის მრავალმხრივი ვალდებულება მრავალფეროვან ცოდნას მოითხოვდა. ალექსანდრე მოგვიანებით იხსენებდა, როგორ მოუწია  ახალჩასულს საკმაოდ რთული ოპერაციის, მხრის ამპუტაციის ჩატარება, რითაც განგრენის მქონე ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაარჩინა.

კარადახში სანიტრად ლეკი ბიჭი მუშაობდა, რომელსაც ისე შეუყვარდა ალეკო, რომ როდესაც ის შამილის ისტორიულ რეზიდენციაში, გუნიბში, გადაიყვანეს სამუშაოდ, თან გაჰყვა. ცოლ– ქმარი ბიჭს უანგაროდ ეხმარებოდა. ელენა რუსულს ასწავლიდა, საკითხავ წიგნებს ურჩევდა. რევოლუციის შემდეგ ამ ბიჭმა სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, გახდა ექიმი და მრავალი წელი დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისარი იყო.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ალექსანდრე წულუკიძე დასავლეთის ფრონტზე სამხედრო– სანიტარული მატარებლის უფროს ექიმად დაინიშნა. მისი მეუღლე ამავე მატარებელზე მოწყალების დად მსახურობდა.

1916 წლის ბოლოს  ალექსანდრე და ელენე თბილისში ჩამოვიდნენ. ახალგაზრდა ექიმი ქირურგიაში თავისი ცოდნის სრულყოფისკენ ილტვოდა, რაშიც გამოცდილი დასტაქრისა და პედაგოგის დახმარება სჭირდებოდა, თუმცა დიდ საავადმყოფოებში ადგილის პოვნა ძალიან გაუჭირდა. ბოლოს, პროფესორ სპირიდონ ვირსალაძის – მედიცინის დოქტორის, საქართველოში  მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ფუძემდებლის – ხელშეწყობით, მიხეილის საავადმყოფოში (შემდგომ – ცენტრალური კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო) დაიწყო მუშაობა. იქიდან მალევე გადავიდა "ქალაქთა კავშირის" ლაზარეთის ქირურგიულ განყოფილებაში, რომელიც თავდაპირველად გუბერნიის ციხის მშენებარე შენობაში იყო განთავსებული. ციხის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა შენობის დასაბრუნებლად.  საქმე იმით დასრულდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარეთის ერთი ნაწილი (600 საწოლი) საქართველოს სასულიერო სემინარიაში გადაიტანა, მეორე კი (ასევე 600 საწოლი) მე-8  ლაზარეთის სახელით – სასტუმრო "თბილისში". ამ ნაწილს საქართველოში კლინიკური ქირურგიის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე ხელმძღვანელობდა. ალექსანდრე მისი ორდინატორი და საყვარელი მოსწავლე გახდა. თავადაც მთელი სიცოცხლე მადლიერებით იხსენებდა აკადემიკოსის გვერდით გატარებულ წლებს (სამი წელი ლაზარეთში და ცხრა – უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრაზე). კაბინეტში მუხაძის დიდი პორტრეტი ეკიდა, რომელზეც სიამაყით მიუთითებდა ხოლმე – ჩემი პირველი მასწავლებელიო.

ევროპა

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ ალექსანდრე წულუკიძე ქირურგიის კათედრის უფროსი ასისტენტი გახდა. კათედრის გამგის გრიგოლ მუხაძის ძალისხმევით, ის ევროპაში გაგზავნეს ახალი დარგის – უროლოგიის შესასწავლად. 1922 წელს ალექსანდრე წულუკიძემ ბერლინში, საქვეყნოდ ცნობილი ქირურგის აუგუსტ ბირის კლინიკაში დაიწყო მუშაობა (აუგუსტ ბირი გახლდათ ადამიანი, რომელმაც სამედიცინო პრაქტიკაში პირველმა გამოყენა სპინალური ანესთეზია). ახალგაზრდა ქირურგი თავით გადაეშვა ახალი დისციპლინის შესწავლაში: ესწრებოდა ლექციებს, შემოვლებს, მონაწილეობდა ოპერაციებში, პარალელურად კი  უცხო ენას ეუფლებოდა, თუმცა გერმანულ პუნქტუალობასა და პედანტიზმთან შეჩვევა უჭირდა. ერთხელ პროფესორმა ლიხტენბერგმა სტუმრად მიიწვია. დათქმულ დროს კოხტად გამოწყობილმა წულუკიძემ პროფესორის სახლის კარზე დააკაკუნა, მაგრამ მასპინძელი... შინ არ დახვდა. აღმოჩნდა, რომ პროფესორს მიპატიჟებისას დილის შვილი საათი უგულისხმია. რას წარმოიდგენდა სტუმარმასპინძლობის ქართულ ადათზე გაზრდილი კაცი, რომ ლიხტენბერგი კვირას, დილის შვიდ საათზე, იღებდა სტუმრებს!

დროდადრო ალექსანდრე წულუკიძე კრაუზეს, შმიტდის, შარიტეს და ბუმის გინეკოლოგიურ კლინიკებსაც სტუმრობდა. ლიხტენბერგთან მეგობრული ურთიერთობა საქმეშიც წაადგა. 1923 წელს პროფესორის სარედაქციო ჟურნალში წულუკიძის ორი სტატია დაიბეჭდა თემაზე "თესლის გამომტანი სადინარის სისხლმომარაგება და ფუნქცია". იმავე წელს ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო ბერლინის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დიდი ბადექონის ფუნქციებს სწავლობდა. იქ მიღებული გამოცდილება მოგვიანებით სადოქტორო დისერტაციისთვის გამოიყენა.

ბერლინიდან ქართველი ქირურგი ჯერ ჰაიდელბერგში, მერე კი იენაში გადავიდა, სწორედ იქ მოუვიდა მწვავე აპენდიციტის შეტევა. ოპერაცია პროფესორმა გულეკემ გაუკეთა. ოპერაციას იენაში ახალჩასული გრიგოლ მუხაძეც ესწრებოდა.

გერმანიას მოჰყვა ავსტრია. სწორედ იქ გაიწაფა ალექსანდრე წულუკიძე შარდკენჭოვანი დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში, რაც მისთვის განსაკუთრებით  მნიშვნელობანი იყო, რადგან უროლითიაზის ენდემურ კერაში – საქართველოში უნდა ემუშავა.

ევროპული მივლინება პარიზის ლეგე და მარტინეს კლინიკაში დასრულდა. ფრანგული სამედიცინო სკოლა გერმანულისგან ძლიერ განსხვავდებოდა და იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავედ მიიჩნეოდა. პასტერის ინსტიტუტში ალექსანდრე წულუკიძემ ცნობილი მიკრობიოლოგი ალექსანდრ ბეზრედკა გაიცნო, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია საქმიანი ურთიერთობა.

დიდი დაბრუნება

– 1923 წელს ფართო ცოდნითა და მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებით აღჭურვილი ალექსანდრე წულუკიძე სამშობლოში დაბრუნდა. გრიგოლ მუხაძემ მას თავის კლინიკაში 25-საწოლიანი პალატა გამოუყო. სწორედ ეს განყოფილება უნდა ჩაითვალოს საქართველოში უროლოგიის პირველ კერად. აქ, პირველად ჩვენს ქვეყანაში, ალექსანდრე წულუკიძემ რენტგენოლოგ ფიშეროვიჩთან ერთად ჩაატარა აღმავალი ურეთროპიელოგრაფია. აქვე წარმატებით გამოიყენა გერმანიიდან ჩამოტანილი მედიკამენტი შარდის ბუშტის მწვავე ანთების სამკურნალოდ.

1925 წელს ალექსანდრემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "დიდი ბადექონის დამცველი თვისებები მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიური მდგომარეობის დროს" და მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა.

ორი წლის შემდეგ ალექსანდრე წულუკიძემ დატოვა მუხაძის კლინიკა და თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილება ჩაიბარა. იმავე წელს შარდის ბუშტის სიმსივნეების შესახებ წაკითხული საცდელი ლექციის შემდეგ მას პრივატ-დოცენტის წოდება მიენიჭა. 1927 წელს თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე წულუკიძემ დააარსა უროლოგიური კლინიკა, სადაც შემდგომ არაერთ ინოვაციურ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი.

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მედიცინის ფაკულტეტი გამოეყო და სამედიცინო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, ალექსანდრე წულუკიძე სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ქირურგიის კათედრას ჩაუდგა სათავეში.

ზურაბ ფაღავა:

– 1939-1940 წლებში ალექსანდრე წულუკიძე ქართველ ექიმთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში, სადაც საველე პირობებში ბაქტერიოფაგების გამოყენების შესაძლებლობას სწავლობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის საქართველოში არსებული საევაკუაციო ჰოსპიტლების მთავარი ქირურგი გახლდათ. არაერთხელ იყო ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე. ამავე პერიოდში მის კლინიკაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. სამხედრო ნაწილებისთვის საგანგებოდ მზადდებოდა კადრები. მისი ხელმძღვანელობით დაოსტატდა და გადამზადდა მრავალი ექიმი და უამრავი მედდა. დაიხვეწა ნიტყვიარი ჭრილობების მკურნალობის მეთოდები.

ომის შემდეგ ალექსანდრე წულუკიძე თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. მისი დიდი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა და გაუმჯობესდა ინსტიტუტის კლინიკური ბაზები. მისივე თაოსნობით აშენდა კათედრებისა და მსმენელ ექიმთა საერთო საცხოვრებლები.

1955 წელს ალექსანდრე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. სამი წლის შემდეგ მან საბჭოთა დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჰამბურგში გამართულ გერმანელ უროლოგთა კონგრესში, რომელზეც შარდის ბუშტის სიმსივნეების რადიკალური ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდი წარადგინა. იმავე წელს თბილისში, სადაც მისი ძალისხმევით უროლოგთა 111-ე საკავშირო კონფერენცია გაიმართა, უმასპინძლა უცხოელ კოლეგებს.

1958 წელს საბჭოთა კავშირში გაიხსნა პირველი უროლოგიური დისპანსერი, ხოლო ერთი წლის შემდეგ – უროლოგიის ინსტიტუტი. ალექსანდრე წულუკიძე, ამ საქმის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, ინსტიტუტის დირექტორი გახდა. დაწესებულება მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა უროონკოლოგიის, ურონეფროლოგიის, ბავშვთა უროლოგიის დარგებში, ამზადებდა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს და, ამგვარად, ქვეყნის უროლოგიური სამსახურის მეთოდურ ცენტრს წარმოადგენდა.

დაისი

1958 წლიდან ალექსანდრე წულუკიძეს ჯანმრთელობა შეერყა, მაღალი წნევის ფონზე სტენოკარდიული შეტევები დასჩემდა, თუმცა ავადმყოფობას არ ეპუებოდა, უწინდებურად მუშაობდა. 1960 წლის ზაფხულში ელენეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დიაგნოზი დაუსვეს. ალექსანდრე მთელი წელი დაუღალავად ზრუნავდა მეუღლეზე, მის ყველა თხოვნას უსიტყვოდ ასრულებდა. იმ პერიოდში საკუთარი ავადმყოფობა არც გახსენებია. ივნისის ბოლოს ელენე გარდაიცვალა. ალეკომ ერთგული მეგობარი, მოსიყვარულე მეუღლე და ცხოვრების თანამგზავრი დაკარგა. დარდს თავისებურად ებრძოდა, ბევრს მუშაობდა, ბევრს დადიოდა ფეხით.

1967 წლის სექტემბერში 80 წელს მიღწეული ექიმი დასასვენებლად ზღვაზე გაემგზავრა. ძალიან უყვარდა სოხუმი. რამდენიმე დღე თავს კარგად გრძნობდა. უცებ შეუძლოდ გახდა და საღამოს 9 საათზე მშვიდად გარდაიცვალა.

დღეს ალექსანდრე წულუკიძის სახელს ატარებს მის მიერ დაარსებული უროლოგიისა და ნეფროლოგიის ინსტიტუტი, თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება და  თბილისის ერთ-ერთი ქუჩა.

მარი მარღანია

გააზიარე: