სამედიცინო შეცდომები
გააზიარე:
XXI საუკუნე მედიცინის არნახული განვითარების ეპოქაა. დღითი დღე იხვეწება დაავადებათა დიაგნოსტიკის, პრევენციისა თუ მკურნალობის მეთოდები. ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს მედიცინის ყოველდღიურობაა. ერთ დროს საშიში დაავადებები ადვილად სამართავი გახდა, არაერთი მომაკვდინებელი სენი კი წარსულს ჩაბარდა, მედიცინის ისტორიის ნაწილად იქცა... თუმცა მედალს აქაც ორი მხარე აქვს – არნახულმა პროგრესმა თან მოიყოლა პრობლემებიც: წინათ თუ მედიცინა ნაკლებეფექტური, მაგრამ უსაფრთხო იყო, დღეს ის თითქმის ყოვლისშემძლე, მაგრამ პოტენციურად საშიშია.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – დღეს მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამედიცინო შეცდომებია. შეცდომები, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იმატებს და კაცობრიობას უდიდეს მორალურ თუ ფინანსურ ტვირთად აწვება. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის აქტუალიზებაში წვლილი მედიცინის განვითარებასაც შეაქვს.
სამედიცინო შეცდომებზე, მათ მიზეზებსა და გამოსწორების გზებზე ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი ირაკლი სასანია გვესაუბრა.
– სამედიცინო შეცდომა ეწოდება სამედიცინო მომსახურების შედეგად განვითარებულ გვერდით ეფექტს ან არასასურველ რეაქციას, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ამ ტიპის შეცდომათა შედეგები ზოგჯერ მყისიერად ვლინდება, ზოგჯერ კი მოგვიანებით იჩენს თავს. მაშინ, როდესაც სამედიცნო მომსახურების მიღებიდან დიდი ხანია გასული, მიზეზშედეგობრიობის დადგენა, იმის დაბეჯითებით თქმა, რომ დაყოვნებული ეფექტი სწორად წარსულში დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, ცხადია, ძნელია.
განასხვავებენ ორი ტიპის სამედიცინო შეცდომას. პირველია აღსრულების შეცდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის პროცესი სწორად იყო დაგეგმილი, ხოლო შეცდომა დაშვებულ იქნა გეგმის შესრულების დროს (დასახული გეგმიდან გადახვევა).
მეორე დაგეგმვის შეცდომაა, როდესაც იმთავითვე არასწორად შეფასდა მდგომარეობა, განისაზღვრა შემდგომი ტაქტიკა და დაიგეგმა მკურნალობის სქემა. ასეთ დროს, რაც უნდა ზედმიწევნით შესრულდეს გეგმა, შედეგი არასასურველი იქნება.
ბუნებრივია, არც შეცდომის ორივე ეტაპზე დაშვებაა გამორიცხული.
- – რა განსხვავებაა სამედიცინო შეცდომასა და დანაშაულს შორის?
– დანაშაულია, როცა ექიმი განზრახ გადაუხვევს სწორ სამოქმედო გეგმას ან აირჩევს არასწორს. ეს საკითხი სცდება მედიცინას და სამართლის სფეროში გადადის. სამედიცინო შეცდომა კი განზრახ ქმედება არ გახლავთ. მოგეხსენებათ, ადამიანი ცდება. სანამ კაცობრიობა იარსებებს, იარსებებს შეცდომის ალბათობაც. მედიცინაში ძნელია – და არაეთიკურიც – შეცდომების “დასაშვები რაოდენობის” დადგენა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათი მთლიანად აღკვეთა შეუძლებელია. თუმცა ის, რაც დღეს ხდება, საგრძნობლად სცდება “დასაშვებ ზღვარს”.
- – რას გულისხმობთ?
– თუ სტატისტიკურ მონაცემებს თვალს გადავავლებთ, შემაშფოთებელ სურათს დავინახავთ. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის სამედიცინო შეცდომები სიკვდილიანობით მესამე ადგილს იკავებს გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების შემდეგ. ამ წელს სამედიცინო შეცდომების ხარჯზე 250 ათასი ფატალური შემთხვევა აღირიცხა. და ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მართლაც არ არის იდეალური ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა.
კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის გახლავთ, რომ შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია.
1999 წელს ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ითქვა, რომ ყოველწლიურად აშშ-ში 90-100 ათასი ადამიანი იღუპებოდა იმ სამედიცინო შეცდომებით, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
სამწუხაროდ, აშკარაა მატება: 100 ათასიდან (1999 წ.) 250 ათასამდე (2014 წ.).
ეს ფართო პოპულაციური კვლევების შედეგებია; სპეციფიკური კლინიკური მიმართულებების უფრო დეტალურმა შესწავლამ კი აჩვენა, რომ, მაგალითად:
* მიოკარდიუმის ინფარქტის, პნევმონიის ან ინსულტის გამო სიკვდილის შემთხვევათა 20%-ის;
* ჰოსპიტალში განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტის გამო სიკვდილის შემთხვევათა 64%-ის;
* რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის პაციენტების სიკვდილის შემთხვევათა 17%-ის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
ჩვენ არ გვისაუბრია იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ იწვევს სიკვდილს, მაგრამ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, ცხოვრების ხარისხის გაუარესებას, შესაძლებლობათა შეზღუდვას, სოციალურ და ფინანსურ პრობლემებს. ამის გათვალისწინებით, რეალური სურათი კიდევ უფრო საგანგაშოა.
მთლიანობაში, კვლევამ აჩვენა, რომ ხარისხის დეფიციტი ყოველგვარ სამედიცინო მომსახურებაში შეინიშნება.
ამ კვლევის მიხედვით, სამედიცინო შემთხვევათა მართვისას საერთაშორისო რეკომენდაციები და სამედიცინო ხარისხის სტანდარტები დაცულ იქნა მხოლოდ;
* ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, დიაბეტის, ჰიპერტენზის) შემთხვევათა 56%-ში;
* პრევენციულ (აცრები, მამოგრაფია) შემთხვევათა 55%-ში;
* მწვავე (პნევმონია, საშარდე გზების ინფექცია) შემთხვევათა 54%-ში.
– რატომ არის სამედიცინო შეცდომები ასეთი აქტუალური, მით უმეტეს – დღეს, როდესაც მედიცინა არნახულად განვითარებულია?
– რა პარადოქსულიც უნდა იყოს, ზოგჯერ სწორედ სწრაფი განვითარება ქმნის შეცდომებისთვის ხელსაყრელ პირობებს. ყველამ ვიცით, რომ მედიცინა არნახული ტემპით მიიწევს წინ – იქმნება ახალ-ახალი სამკურნალწამლო საშუალებები, სამედიცინო ტექნოლოგიები, იშიფრება დაავადებათა განვითარების მექანიზმები... ბუნებრივია, ეს პროგრესი ახალი მოცემულობის წინაშე აყენებს ექიმს, მთლინად სისტემას. როგორც ჩანს ჯანდაცვითი/სამედიცინო სისტემები სწრაფად ვერ რეაგირებენ ახალ გამოწვევებზე. შესაძლოა, პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. სხვა მიზეზთაგან შეიძლება დავასახელოთ სამედიცინო რესურსის ზედმეტი ან არასაკმარისი გამოყენება: ზედმეტი – მაქსიმალური მატერიალური ამონაგების (ახალი აპარატურა/ტექნოლოგიები) მისაღებად და არასაკმარისი – უმთავრესად ცოდნის დეფიციტის გამო. არსებობს სხვა მიზეზებიც.
კვლევები მოწმობს, რომ ექიმი, რათა არ ჩამორჩეს სამედიცინო პროგრესს, შეინარჩუნოს და აიმაღლოს კომპეტენცია, დღეში ხუთიდან ათამდე მაღალი იმპაქტფაქტორის მქონე სამედიცინო პუბლიკაციას უნდა ეცნობოდეს. ასეთი ნაშრომების გაგება ხშირად მოითხოვს ისეთ მეცნიერებათა საფუძვლების ცოდნას, როგორებიცაა ეპიდემიოლოგია და სტატისტიკა.
ასე რომ, თანამედროვე ექიმის კომპეტენცია მისი უშუალო პრაქტიკული საქმიანობით არ შემოიფარგლება.
მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ექიმისა და მედპერსონალის გადატვირთული სამუშაო გრაფიკი. მიუხედავად ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია პროფესიული საქმიანობისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების შეთავსება. შეუთავსებლობას მოჰყვება პროგრესისგან ჩამორჩენა და სამედიცინო შეცდომის მაღალი რისკი.
- – სად შეიძლება იყოს გამოსავალი?
– სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოს. შემთხვევათა უმეტესობაში კი შეცდომა სისტემური პრობლემის შედეგია. გამართული სისტემა ნიშნავს სისტემას, სადაც მოვალეობები გადანაწილებულია და ყველა აკეთებს თავის საქმეს.
- – ე.ი. შესაძლოა, კონკრეტული შეცდომის მიღმა სისტემური პრობლემა იმალებოდეს? მაშინ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
– სამედიცინო შეცდომაზე უპირველეს ყოვლისა, ცხადია, ექიმი აგებს პასუხს. ის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ექიმის პასუხისმგებლობა. მაგალითად, საავადმყოფოში ხშირია ჰოსპიტალური ინფექციები. შესაძლოა, არასწორად ხდებოდეს დეზინფიცირება ან იყენებდნენ არაეფექტურ ხსნარებს. დაბალი ხარისხისა იყოს სამედიცინო ინსტრუმენტები ან გაუმართავი სამედიცინო აპარატურა იძლეოდეს მცდარ ინფორმაციას, ან სულაც სამედიცინო პერსონალი გადაიღალოს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების გამო.
- – მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება დიდ დანახარჯს მოითხოვს. შესაძლოა თუ არა, ჩამოთვლილი სისტემური პრობლემების მიღმა სწორედ ეს ფაქტორი იდგას – მენეჯმენტი ზოგავდეს თანხებს განათებაზე, ვენტილაციაზე და ა.შ., რაც საბოლოოდ სერვისის ხარისხსა და ეფექტურობაზე მოახდენს გავლენას?
– სამედიცინო შეცდომების პრევენცია სინამდვილეში საკმაოდ იაფია, ამ შეცდომათა შედეგები კი დიდ ფინანსურ ზარალს იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფასდაუდებელ დანაკარგზე – ადამიანის სიცოცხლეზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში “დაბალი ხარისხის ჯანდაცვის” ხარჯები კატასტროფულად მაღალია – წელიწადში რამდენიმე ტრილიონს აღწევს. ზემოხსენებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სამედიცინო შეცდომების ერთ-ერთი მიზეზია კომუნიკაციის ნაკლებობა ექიმებს შორის, ექიმსა და საშუალო მედპერსონალს, ადმინისტრაციას და თანამშრომლებს, ექიმსა და პაციენტს შორის. მაგალითად, ხშირად გარდაცვალება გამოწვეულია მედიკამენტის არასწორი დოზირებით: ექთანმა ვერ გაიგო, რა დოზა უნდა მიეცა, ექიმს არ ჩაეკითხა, არც ექიმმა გაუმეორა და ა.შ.
მკითხეთ, გამოსავალი სად არისო. გიპასუხებთ: კომუნიკაცია არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი. ჩანაწერების წარმოება ამ ტიპის პრობლემებს აღმოფხვრის. ძვირია ამის მოგვარება? ცხადია, არა.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ: საავადმყოფოსშიდა ინფექციების გავრცელება 50%-ით მცირდება, როცა კლინიკაში სწორად არის დანერგილი ხელების დაბანის პრაქტიკა. რთული ან ძვირია? ამისთვის ხომ საკმარისია საპონი, ერთჯერადი ხელსახოცები და, რაც მთავარია, ქცევის კორექცია. ჰოსპიტალური ინფექციების მკურნალობა კი უდიდეს დანახარჯს უკავშირდება და ამ შემთხვევების განახევრება კლინიკას სერიოზულ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.
- – რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?
– სამწუხაროდ, საქართველოში სამედიცინო შეცდომების სისტემური აღრიცხვა არც კი ხდება. შესაბამისად, არც ის გამიგონია, რაიმე სახის პრევენციული ღონისძიება იგეგმებოდეს. წარმოდგენაც კი მიჭირს, რა სიტუაცია შეიძლება იყოს ჩვენთან, თუ ამერიკაში ასეთი მძიმე ვითარებაა. ყველაზე უარესი ის გახლავთ, რომ არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ შეცდომებს შეისწავლის, გააანალიზებს, მიზეზებს დაადგენს და შესაბამის რეკომენდაციებს გამოსცემს. ჩვენ არც კი ვიცით, რა გვჭირს და როგორღა შეიძლება, ამის მოგვარებაზე ვისაუბროთ?! ერთადერთი სტრუქტურა, სადაც ამგვარი საკითხები განიხილება, გახლავთ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას, რამდენ ექიმს შეუჩერდა ან ჩამოერთვა ლიზენცია, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს არ კმარა და, ჩემი აზრით, არც არის ეფექტური. თუ მიზეზი არ გაირკვა, ლიცენზიის ჩამორთმევა საქმეს ვერ უშველის, ხვალ იმავე პრობლემას შევეჯახებით. არადა, მისი აღმოფხვრა კლინიკის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს – ამას ხომ სამედიცინო მომსახურების ხარისხსთან პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება აქვს.
- – ალბათ, ექიმიც უფრო დაცულად იგრძნობს თავს, თუ კომპლექსურად შეისწავლიან შეცდომას, რომელიც შესაძლოა მთლიანად მისი ბრალი არც კი იყოს...
– რა თქმა უნდა. ამ საკითხების განხილვა გუნდს შიგნით უნდა იყოს წახალისებული, პროცესები გამჭირვალე უნდა იყოს. მაგრამ ისიც აუცილებელია, დაწესებულების თითოეული თანამშრომელი დაცულად გრძნობდეს თავს და არ ეშინოდეს ამ პრობლმებზე საუბრის. მაგალითად, შვედეთში ექიმი საკუთარ შეცდომებს აუცილებლად კოლეგებთან ერთად არჩევს. ეს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ჯობს ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე, სანამ საკუთარზე მოგვიწევს სწავლა.
- – თუმცა აქ ალბათ სისტემური შეცდომები იგულისხმება. თუ შეცდომის მიზეზი ის არის, რომ ექიმმა თავის დროზე კარგად არ ისწავლა, მის განხილვასაც აზრი ეკარგება...
– ესეც სისტემური შეცდომაა. ბაზარზე ვერ უნდა ხვდებოდეს ექიმი, რომელმაც “თავის დროზე კარგად არ ისწავლა”.
- – მაგრამ რა კრიტერიუმით ხდება ექიმის ცოდნისა და კვალიფიკაციის განსაზღვრა? რით იხელმძღვანელოს მენეჯერმა კადრების დაკომპლექტების დროს?
– სამწუხაროდ, ბევრით ვერაფრით იხელმძღვანელებს. ალბათ, ისევ ექიმის სახელს და გამოცდილებას დაეყრდნობა, ისე, რომ არ ეცოდინება, რამდენად პასუხობს ესა თუ ის ექიმი თანამედროვე მოთხოვნებს. მაგრამ მენეჯერს შეუძლია:
1. დაწესებულებაში ხარისხის პრიორიტეტად გამოცხადება;
2. ხარისხის მართვის სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრა;
3. ხარისხის ამოცანებისა და მიზნების დასახვა;
4. ხარისხის გუნდის ჩამოყალიბება და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
5. ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და დანერგვა;
6. პერსონალის შიდა უწყვეტი განათლებისა და განვითარების სისტემის შექმნა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა.
ეს ყველაფერი შეამცირებს სამედიცინო შეცდომის რისკს და საგრძნობლად გააუმჯობესებს მკურნალობის შედეგს.
დასავლეთში ექიმი სამედიცინო ბაზარზე ვერ მოხვდება (ლიცენზიას ვერ მიიღებს), თუ არ აქვს ხარისხიანი თეორიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება. რეზიდენტურის დასრულებისა და ურთულესი გამოცდების ჩაბარების შემდეგ ის როგორც ლიცენზირებული ექიმი ვალდებულია (სხვადასხვა ქვეყანაში – სხვადასხვა ფორმით), განუწყვეტლივ განიახლოს ცოდნა და განვითარდეს პროფესიულად. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს ლცენზირებული ექიმების სოლიდურმა ნაწილმა დააკმაყოფილოს ევროპის ან ამერიკის სარეზიდენტურო საგამოცდო მოთხოვნები.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა სამედიცინო აპარატურის მოვლა, მონიტორინგი და მეტრონომია. ამ პროცესებზე მეთვალყურეობა მენეჯმენტის კეთილ ნებაზეა დაფუძნებული.
არ არსებობს სისტემა, რომელიც აიძულებს სამედიცინო დაწესებულების მფლობელს, მმართველს, უზრუნველყოს სამედცინო აპარატურის მწყობრში ყოფნა სისტემატური შემოწმების, კალბრაციის საშუალებით. გაუმართავი აპარატურა კი შესაძლოა მცადარი დიაგნოზის ან არაეფექტური მკურნალობის მიზეზად იქცეს. მაგალითად, დეფიბრილატორი, რომელიც ვერ გამოიმუშავებს საჭირო ოდენობის ელექტრულ იმპულსს, ვერ აღკვეთს გულის კუნთის ფიბრილაციას; არაკალიბრირებულმა ანალიზატორმა შესაძლოა მოგვცეს ნორმიდან სოლიდური გადახრა. მკურნალობის ტაქტიკა კი სწორედ ასეთი კვლევის შედეგებს დაეფუძნოს.
ერთი შეხედვით, იოლად მოსაგვარებელი საკითხებია, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია.
დასკვნისთვის შეიძლება ითქვას, რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ნება და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, რათა სწორად შეფასდეს სიტუაცია და დაიგეგმოს შემდგომი ტაქტიკა. რაც უნდა გულისხმობდეს:
1. გეგმასა და სტრატეგიას, რომ დამფინანსებელმა (სახელმწიფო, სადაზღვევო კომპანია, პაციენტი) მოითხოვოს და მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება;
2. სისტემას, რომელიც აიძულებს სამედიცინო დაწესებულებათა ლიდერებს, ჩამოაყალიბონ “ხარისხის კულტურა” თავიანთი ორგანიზაციების შიგნით.
მანამდე კი საჭიროა გაირკვეს პრობლემის არსი და მოცულობა და მოიძებნოს გამოსავალი. ფესვებს თუ ვერ მივაგენით, პრობლემას ვერ აღმოვფხვრით. არ მინდა, მკითხველი დავაშინო, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ნუ შეგვეშინდება აღმოჩენის, რათა გამოვსწორდეთ.
გვანცა გოგოლაძე