რა არის საშვილოსნოს მიომა?

გააზიარე:

ალბათ ყველას გვახსოვს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჰორმონულ წონასწორობას. ჰორმონული ბალანსი ჩვენი ჯანმრთელობის ლოკომოტივია. რომელიმე ჰორმონის სიჭარბე ან ნაკლებობა სალხინეთში დიდ აურზაურს იწვევს და დაავადებათა მთელ კასკადს რთავს. რამდენიმე ხანს პროცესები ფარულად მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი ორგანიზმს კომპენსაციის შესაძლებლობა ამოეწურება, ავადმყოფობა ერთბაშად გვატყდება თავს.

პირველ დარტყმას, როგორც წესი, რეპროდუქციული სისტემა იღებს. თუ გაქვთ გახანგრძლივებული სისხლდენა, დისკომფორტი მუცლის არეში, გახშირებული შარდვა ან ვერ ორსულდებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ამ სიმპტომების უკან შესაძლოა საშვილოსნოს მიომა იმალებოდეს, რომელის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბევრ გართულებას აგაცილებთ თავიდან.

 

რა არის საშვილოსნოს მიომა

მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან წარმოიშობა. ამ დაავადებას რამდენიმე სახელწოდება აქვს ზოგჯერ –ფიბრომად ან ლეიომიომადაც მოიხსენიებენ.

როგორც იცით, საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა. ფაქტორთა მთელი წყების ზემოქმედებით კუნთოვანი უჯრედები არასწორად იწყებენ გამრავლებას და ყალიბდება მიომური კვანძები ან დიფუზური მიომატოზი, რომელიც მთელ საშვილოსნოს მოიცავს.

 

რამდენად ხშირია

საშვილოსნოს მიომა საშვილოსნოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა და ქალების 70-80%–თან გვხვდება, ყველაზე ხშირად – 40-50 წლის ასაკში, ამიტომ ამ ასაკის ქალბატონებს ჯანმრთელობისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

 

რისკფაქტორები

 

* გენეტიკა – აღმოჩნდა, რომ დაავადების განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა: თუ დედას ან ბებიას მიომა ჰქონდათ, ქალს უფრო მეტი საფრთხე ემუქრება;

* ჰორმონული დისბალანსი – ესტროგენები ზრდის მიომური კვანძების განვითარების ალბათობას, ხოლო პროგესტერონი ამცირებს. ვინაიდან მენოპაუზის შემდეგ პროგესტერონის რაოდენობა იმატებს, ხოლო ესტროგენებისა მცირდება, ზოგჯერ კვანძები უკუვითარდება კიდეც;

* რასა – დადგენილია, რომ ფერადკანიან ქალებთან საშვილოსნოს მიომა თეთრკანიანებზე 3-ჯერ ხშირად აღირიცხება. მიზეზი უცნობია. დადგენილია ასევე, რომ ფერადკანიანებს მიომური კვანძები 4-6 წლით ადრე უჩნდებათ;

* ნაადრევი მენარქე (პირველი მენსტრუაცია) – აღმოჩნდა, რომ 10 წელზე უმცროს ასაკში დაწყებული მენსტრუაცია ფიბროადენომის განვითარების რისკს ზრდის;

* ალკოჰოლი;

* სიმსუქნე;

* კვება – დადგენილია, რომ ხორცი ზრდის მიომური კვანძების განვითარების რისკს, ხოლო ხილ–ბოსტნეული ამცირებს;

* არტერიული ჰიპერტენზია – აღმოჩნდა რომ პაციენტებს, რომლებსაც არტერიული ჰიპერტენზიისადმი აქვთ მიდრეკილება, მეტად ემუქრებათ საშვილოსნოს ლეიომიომა. საინტერესოა, რომ ტიპი 2 დიაბეტის მქონე ქალებს ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.

 

 

კვანძების მრვალფეროვნება

მიომური კვანძი იშათად ვითარდება ეულად – წესისამებრ, რამდენიმეა. კონსისტენციაც სხვადასხვანაირი აქვს. როდესაც კვანძში ჭარბობს კუნთოვანი ქსოვილი, ის შედარებით რბილია და ლეიომიომას უწოდებენ, ხოლო შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბის დროს კვანძი შედარებით მკვრივია და მას ფიბრომიომად მოიხსენიებენ.

კვანძები ზომითა და წონითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ცალკეული კვანძების წონამ შესაძლოა რამდენიმე კილოგრამსაც კი მიაღწიოს.

 

მდებარეობის მიხედვით მიომური კვანძები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

* სუბმუკოზურად –  იზრდება საშვილოსნოს ღრუსკენ, ლორწოვანი გარსის ქვეშ;

* ინტრამურულად – ვითარდება საშვილოსნოს კედელში, კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში;

* სუბზეროზულად – საშვილოსნოს სეროზულ გარსში იზრდება და საშვილოსნოს ამოკვეთისას  გარეგანი დათვალიერებისას კარგად ჩანს.

შეიძლება, ცალკე გამოიყოს ცერვიკალური მიომა, როდესაც კვანძები საშვილოსნოს ყელში მდებარეობს.

 

რომ არ გამოგვეპაროს

საშვილოსნოს მიომა შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და რიგითი ექოსკოპიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩინოთ.

მიომა, კვანძების მდებარეობის კვალობაზე, სხვადასხვა ჩივილს იწვევს. მაგალითად, სუბმუკოზური (ლორწოვანქვეშა) კვანძები ხშირად გაძლიერებულ სისხლდენასა და გახანგრძლივებულ მენსტრუაციასთან ასოცირდება.

სხვა სიმპტომებია:

* ჭარბი და გახანგრძლივებული (7 დღეზე ხანგრძლივი) მენსტრუაცია. სისხლის დიდი დანაკარგი, თავის მხრივ, ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და ანემიას იწვევს. მენსტრუაციებს შორის სისხლდენა მიომურ კვანძებს არ ახასიათებს – ის უმეტესად ენდომეტრიოზის ნიშანია;

* ტკივილი და დისკომფორტი მენჯის ღრუში;

* გახშირებული შარდვა – როცა დიდი მიომური კვანძი ბუშტს აწვება;

* შარდის ბუშტის ბოლომდე დაუცლელობა;

* შეკრულობა და გაძნელებული დეფეკაცია – მიზეზი აქაც სწორ ნაწლავზე ზეწოლაა;

* მუცლის გარშემოწერილობის ზრდა;

* უნაყოფობა;

* თვითნებური აბორტები, რაც საშვილოსნოს გაძლიერებული კუმშვადობითაა გამოწვეული;

* მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი.

დიდი მიომური კვანძი შესაძლოა ქვედა ღრუ ვენას დააწვეს და გაზარდოს ამ მიდამოში თრომბოზის განვითარების რისკი.

 

საშვილოსნოს მიომური კვანძები და ორსულობა

ქალთა უნაყოფობის მიზეზებს შორის მიომასაც განიხილავენ. პაციენტთა 1-2%-თან სუბმუკოზური (ლორწოვანქვეშა) მიომური კვანძები უნაყოფობის მთვარი მიზეზია, რადგან აძნელებს საშვილოსნოს კედელზე ემბრიონის მიმაგრებას. გარდა ამისა, მიომა ზრდის თვითნებური აბორტების რისკს.

მოარული აზრის თანახმად, ორსულობისას მიომური კვანძები ქრება. სინამდვილეში ასე არ არის. პირველ ტრიმესტრში მიომური კვანძები, როგორც წესი, იზრდება, მერე კი ისევ პატარავდება.

მიომური კვანძი, როგორც ვთქვით, ზოგჯერ  გიგანტურ ზომას აღწევს. თუ ის საშვილოსნოს ღრუსკენ იზრდება, შესაძლოა, ნაყოფს მიაწვეს და მისი ზრდაში ჩაამორჩენა ან სულაც ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. დიდმა მიომურმა კვანმა ასევე შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს პლაცენტის ნაადრევ აცლას. ამიტომ გირჩევთ ორსულობა გონივრულად დაგეგმოთ და დაორსულებამდე ულტრაბგერითი აპარატით საშვილოსნო კარგად დაითვალიეროთ.

 

დიაგნოსტიკა

თუ მიომური კვანძი მეტისმეტად დიდია, შესაძლოა, პაციენტმა თვითონვე შეამჩნიოს მოცულობითი წარმონაქმნი ან გინეკოლოგმა აღმოაჩინოს ხელით გასინჯვისას.

საშვილოსნოს მიომური კვანძების დიაგნოსტირებისთვის იყენებენ:

* ყველაზე ფართოდ – ტრანსვაგინალურ ულტრაბგერით გამოკვლევას, თუმცა როდესაც კვანძი სუბმუკოზურია, შესაძლოა, რუტინული ულტრაბგერითი კვლევისას არ გამოჩნდეს;

* ჰისტეროსონოგრაფიას – საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი (NaCl 0.9%), მის ფონზე ულტრაბგერითი კვლევის დროს საშვილოსნოს ღრუ უკეთესად ჩანს.

* ჰისტეროსკოპიას – წვრილი გრძელი მილის საშუალებით ათვალიერებენ საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანქვეშა კვანძების გამოსარიცხად;

* მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას – მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ყველაზე უკეთ ჩანს მიომური კვანძების ზომა და ზუსტი განლაგება. ფართოდ გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის – ლეიოსარკომის გამოსარიცხად. ასევე კარგი დამხმარე საშუალებაა ქირურგიული ოპერაციების დაგეგმვისას;

* ენდომეტრიუმის ბიოფსიას – ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუდან მიკროსკოპით შესასწავლად იღებენ მცირე ზომის ქსოვილს.

 

მკურნალობა

მკურნალობის მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. სიმპტომების გარშე მიმდინარე მიომას მკურნალობა არ სჭირდება. მსუბუქი მიმდინარეობისას რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა. მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, როგორც აღვნიშნეთ, მიომური კვანძები ხშირად იჭმუხნება და თავისთავად უკუვითარდება, რაც ჰორმონული ფონის ცვლილებით – ესტროგენების დონის შემცირებით და პროგესტერონის მომატებით – არის გამოწვეული.

მედიკამენტური თერაპიის დროს იყენებენ:

* ყველაზე ფართოდ – გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონს (გონადოტროპინის წარმოქმნის გამაძლიერებელ ჰორმონს). ეს უკანასკნელი მოქმედებს ჰორმონთა წარმოქმნის მაკონტროლებელ  ცენტრზე – ჰიპოფიზზე, არეგულირებს სისხლში ესტროგენისა და პროგესტერონის დონეს და  ორგანიზმი ხელოვნურად გადაჰყავს მენოპაუზის მდგომარეობაში, მენსტრუალური სისხლდენის შეწყვეტა კი ჰემოგლობინის დონის მოწესრიგებას უწყობს ხელს, ხოლო მიომური კვანძები 60%-ით პატარავდება. ამ მედიკამენტებით მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდულია მკაფიო გვერდითი ეფექტების გამო.

ასევე ეფექტურია: ტრანექსამინის მჟავა(გამოიყენება სისხლდენისას), მიფეპრისტონი, რალოქსიფენი, დანაზოლი, გესტრინონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. თითოეულ მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები, ხოლო მათი გამოყენება განსაზღვრულ შეზღუდვებს ექვემდებარება, ამიტომ მკურნალობის სქემას აუცილებლად გინეკოლოგმა უნდა დაგეგმოს.

 

ქირურგიული მკურნალობის მეთოდებია:

1. მიომექტომია (კვანძების ამოღება) – ქალებთან, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, რეკომენდებულია საშვილოსნოს შენარჩუნება და მხოლოდ ცალკეული კვანძების ამოკვეთა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პაციენტთა 25%-ს ოპერაციის შემდეგ ახალი კვანძები უჩნდება და 4-8 წლის შემდეგ საშვილოსნოს ამოკვეთა ისევ აუცილებელი ხდება;

2. საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია – ამ პროცედურის დროს აზიანებენ სისხლძარღვს, რომელიც მიომურ კვანძებს კვებავს. შედეგად კვანძები უკუვითარდება და ნეკროზდება;

3. მიოლიზისი – მიომური კვანძის დაშლა შესაძლებელია მოყინვით, ლაზერით;

4. ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) – რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებიც შვილის გაჩენას აღარ აპირებენ და რომლებთანაც მედიკამენტური თერაპია უშედეგოა. როგორც აღმოჩნდა, საშვილოსნოს ამოკვეთის ყველაზე ხშირი მიზეზი (50%) სწორედ მიომური კვანძებია.

ნაკლებად ინვაზიურ მეთოდებს მიეკუთვნება მკურნალობის უახლოესი მეთოდი: ფოკუსირებული ულტრაბგერითი ქირურგია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კონტროლით. ამ დროს ტომოგრაფით ადგენენ მიომური კვანძის ზუსტ მდებარეობას, მერე კი სპეციალური ხელსაწყოთი, რომელიც მაღალინტენსიურ ულტრაბგერას გამოსცემს, მიომურ კვანძებს შლიან.

 

დაბოლოს

გართულებების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია პერიოდულად ჩაიტაროთ გინეკოლოგთან პროფილაქტიკური გასინჯვა და მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

თეონა ირემაძე

 

გააზიარე: