სპოროტრიქოზი – მებაღის დაავადება

გააზიარე:

ცხელი ზაფხულის შემდეგ გრილ, ოქროსფერ შემოდგომას მოუთმენლად ველით. განსაკუთრებით დიდი მოლოდინი აქვთ ფერმერებს, მეღვინეებს, მებაღეებს, რადგან ისინი მთელი წლის ნაშრომს სწორედ შემოდგომაზე იმკიან. შემოდგომაზე იწყება მცენარეების სხვლაც.

მცენარეების მოვლა ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა შესაძლოა, უსიამოვნების მიზეზადაც იქცეს. საქმე ის არის, რომ მცენარეებზე მობინადრე ზოგიერთი მიკროორგანიზმი ადამიანსაც ვნებს.

ასეთი მიკროორგანიზმებითაა გამოწვეული, მაგალითად, სპოროტრიქოზი, რომელსაც მებაღის დაავადებასაც უწოდებენ.

 

რა არის?

სპოროტრიქოზი კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სოკოვანთა ოჯახის წარმომადგენელი სპოროტრიქს შენკი (Sporothrix Schenkii) იწვევს. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

 

სად გვხვდება?

დაავადება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ყველაზე მეტად – ავსტრალიის დასავლეთში, ბრაზილიასა  და პერუში.

 

რა შუაშია მებაღე?

ინფექციის გამომწვევი სოკო ბინადრობს ვარდის ეკლებზე, თივაში, ტორფის ხავსზე, ხის წვრილ ტოტებზე და ნიადაგში, ამიტომ ყველაზე ხშირად ავად ხდებიან მიწათმოქმედები და მებაღეები, რომლებსაც ხშირი კონტაქტი აქვთ ვარდებთან, თივასა და ნიადაგთან. დაავადებულებს შორის ჭარბობენ ადამიანები, რომლებიც ვარდებს უვლიან, რადგან ძალიან ადვილია კანის დაზიანება ეკლით, რომელზეც სოკო ბინადრობს. ამის გამო სპოროტრიქოზს ძველად ვარდის მომვლელის დაავადებადაც მოხსენიებდნენ, თუმცა დღეს უფრო მეტად მებაღის დაავადების სახელწოდებით არის ცნობილი.

 

როგორ ვითარდება?

დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც:

* დაზიანებული კანიდან სოკოს სპორები კანქვეშ აღწევს;

* სპორებს ჩაისუნთქავთ;

* ან გადაყლაპავთ.

სპორები ფეხს იკიდებს სხეულში და იწვევს პნევმონიას ან დისემინირებულ (გავრცობილ) – ცენტრალური ნერვული სისტემის, ლორწოვანის, პროსტატის, თვალის – ინფექციას, თუმცა ასეთი რამ უმთავრესად იმუნური სისტემის სისუსტის ფონზეა მოსალოდნელი. ადამიანისგან ადამიანს დაავადება არ გადაედება, თუმცა შესაძლოა გადაედოს ცხოველისგან, განსაკუთრებით – კატისგან.

 

ტიპები

სპოროტრიქოზი სხვადასხვანაირად ვლინდება. კლინიკური გამოხატულება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის იმუნურ სტატუსსა და ინფექციის გავრცელების არეალზე. ამის მიხედვით გამოყოფენ დაავადების კანის და კანგარეთა ფორმებს. უფრო გავრცელებულია კანის ფორმა, რომელიც, თავის მხრივ, შემდეგ სახეებად იყოფა:

* კანისა და ლიმფური სისტემის სპოროტრიქოზი – მცენარეების მოვლისას ძალიან ადვილია კანის გაჭრა ან გაკაწვრა. ნაკაწრიდან სოკო კანქვეშ იჭრება, იქიდან კი –ლიმფურ სისტემაში;

* კანის ადგილობრივი სპოროტრიქოზი– ვითარდება მხოლოდ შეჭრის ადგილას;

* კანის გავრცობილი სპოროტრიქოზი –  დაავადება მოოცავს კანის მოზრდილ უბანს, ხშირად – სოკოს შეჭრის ადგილიდან საკმაოდ შორს. დაავადების ეს ფორმა შესაძლოა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექციის პირველი გამოხატულება იყოს.

კანგარეთა ფორმები იშვიათია. მათი განვითარება უმთავრესად იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ესენია:

* ფილტვის სპოროტრიქოზი – ვითარდება სოკოს სპორების ჩასუნთქვის შედეგად, გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, გულმკერდის არეში ტკივილით, ხველით, ცხელებით, სისუსტით, წონის უეცარი კლებით;

* ძვალსახსროვანი სისტემის სპოროტრიქოზი – ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექცია ძვალსახსროვან სისტემაში ვრცელდება. ვლინდება როგორც ქრონიკული ართრიტი, რომლის რევმატოიდული ართრიტისგან ან ძვალსახსროვანი სისტემის სხვა ანთებითი დაავადებისგან გარჩევა ხშირად ძალიან ძნელია;

* დისემინირებული (გავრცობილი) სპოროტრიქოზი – ძალიან იშვიათად სპოროტრიქოზი მოიცავს სხვა ორგანოებსაც: თვალებს, პროსტატას (წინამდებარე ჯირკვალს), პირის ლორწოვან გარსს, პარანაზალურ სინუსებს (ცხვირის დანამატ ღრუებს), ხორხს, ცენტრალურ ნერვულ სიტემას (თავისა და ზურგის ტვინს). წესისამებრ, ემართებათ უკიდურესად სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, მაგალითად, შიდსით დაავადებულებს.

 

როგორ ვლინდება

კლინიკური სურათი დაავადების ფორმასა და გავრცელების არეალზეა დამოკიდებული. პირველი ნიშანია წითელი, ვარდისფერი ან იასამნისფერი მკვრივი კვანძოვანი, უმტკივნეულო გამონაზარდი კანზე, ინფექციის შეჭრის ადგილას, რომელიც ინფიცირებიდან 12 კვირის ფარგლებში ჩნდება, ჩვეულებრივ, თითებზე, მტევნებზე ან მხრებზე. კვანძი შესაძლოა ნელ-ნელა გაიზარდოს და დაწყლულდეს და გადაიქცეს ღია ჭრილობად, რომელიც ძალიან ძნელი შესახორცებელია. მოგვიანებით შესაძლოა გაჩნდეს ახალი კვანძებიც, რომლებიც მკურნალობის გარეშე ქრონიკული ხდება და წლობით რჩება.

ლიმფური სისტემის სპოროტრიქოზის შემთხვევაში პირველი ნიშნების გამოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ლიმფურ სისტემაში დაზიანების ახალი ტალღა იწყება. დაავადების ამ ფორმის დროს ტემპერატურა არ იმატებს. დაზიანებები ოდნავ მტკივნეულია.

კანის ადგილობრივი ფორმისთვის დამახასიათებელია უმტკივნეულო იისფერი ერითემული (შეწითლებული და შესივებული) წარმონაქმნი, რომელიც ძნელად ხორცდება.

ფილტვის ფორმა უმეტესად ვითარდება, ისეთი ძირითადი დაავადების ფონზე, როგორიცაა მძიმე ფორმით მიმდინარე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება  (ფქოდი) და ვლინდება ქვემწვავე ან ქრონიკული პნევმონიით. სიმპტომები არსპეციფიკურია. წესისამებრ, ესენია ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, სისუსტე.

ძვალსახსროვანი სპოროტრიქოზი 30 ან მეტი წელი გრძელდება. პროცესი, წესისამებრ, იწყება ერთი, უმეტესად მუხლის სახსრის ანთებით, ტკივილითა და შეწითლებით.

გავრცობილი ფორმის კლინიკური გამოხატულება იმაზეა დამოკიდებული, სხეულის რომელ ნაწილებს აზიანებს ინფექცია. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში  მოსალოდნელია ფიქრის გაძნელება, თავის ტკივილი, კრუნჩხვა. შესაძლოა, განვითარდეს სოკოვანი მენინგიტიც.

შესაძლოა გამონაყარი დაზიანებული ადგილის გარშემო გაჩნდეს. ის აზიანებს  თვალს და იწვევს კონიუნქტივიტს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ჩამოთვლილი სიმპტომები გაფიქრებინებთ, რომ გაქვთ სპოროტრიქოზი ან უკვე იმკურნალეთ, მაგრამ ისევ შეამჩნიეთ ახალი წარმონაქმნი ან ძველის ზრდა, მიმართეთ ექიმს.

კანისა და ლიმფური კვანძების ფორმა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, თუმცა წყლულების გაჩენის შემთხვევაში ექიმთან მისვლა აუცილებელია, რადგან  არსებობს ჭრილობის ბაქტერიებით ინფიცირების საფრთხე, რამაც შესაძლოა ცელულიტი გამოიწვიოს.

 

დიაგნოსტიკა

სპოროტრიქოზის მსგავსი სიმპტომები ბევრ ინფექციურ დაავადებას ახასიათებს, ამიტომ დიაგნოზის დასასმელად მიმართავენ კვანძოვანი წარმონაქმნის ბიოფსიას, რათა ბიოპტატში სოკოს არსებობა დადასტურდეს ან გამოირიცხოს. ფილტვის ან კანის მძიმე ფორმაზე ეჭვის შემთხვევაში ინფორმაციულია სისხლის საერთო ანალიზი.

 

მკურნალობა

ამ ტიპის სოკოთი გამოწვეული კანის ინფექციები, ჩვეულებრივ, იკურნება ისეთი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, როგორებიცაა იტრაკონაზოლი (სპორანოქსი) და კალიუმის იოდიდი.

ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანებისას მკურნალობა გაცილებით ძნელია. იტრაკონაზოლი ყოველთვის საწყის მედიკამენტად გამოიყენება, თუმცა ხდება ქირურგიული ჩარევაც, რაც მინიმუმამდე ამცირებს სახსრის დაზიანების რისკს, ხოლო ინფიცირებული ძვლების სათანადო ქირურგიული დამუშავება შესაბამის ანტიმიკრობულ თერაპიასთან ერთად საგრძნობლად ზრდის ინფექციის სწრაფად აღმოფხვრის შესაძლებლობას.

იტრაკონაზოლით, კალიუმის იოდიდითა და ამფოტერიცინით მკურნალობენ დაავადების ფილტვის ფრომასაც.

ინფექციის ტვინში გავრცელება და სპოროტრიქოზული მენინგიტი ძალიან იშვიათია. ამ დროს საწყის ეტაპზე ამფოტერიცინი ნიშნებაB,  მერე კი მკურნალობა ინტრაკონაზოლით გრძელდება.

 

როგორ მკურნალობენ ორსულებს

ორსულისთვის სოკოს საწინააღმდეგო ყველა პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება, ამიტომ სპოროტრიქოზის სამკურნალოდ ძირითადად ინიშნება ლიპოსომური ამფოტერიცინიB კანის მსუბუქი ფორმის დროს, თუ მდგომარეობა გადაუდებელ ჩარევას არ მოითხოვს, იყენებენ ადგილობრივ ჰიპერთერმიას.

 

მკურნალობა სახლის პირობებში

ეფექტური მკურნალობის შინაური მეთოდი არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია წყლულების დამუშავება, ჭრილობის გაწმენდა და ზედაპირის დაფარვა შეხორცებამდე.

 

გართულებები

სპოროტრიქოზი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა ნებაზე მიშვებული წყლულები შესაძლოა წლობით არ გაქრეს და სამუდამოდაც კი დარჩეს.

მკურნალობის გარეშე დაავადება უფრო ფართოდ მოედება ორგანიზმს, რაც გაართულებს მკურნალობას და დაამძიმებს პროგნოზს.

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა ავნოს ნაყოფს, ამიტომ მათ მიღებამდე დარწმუნდით, რომ ორსულად არ ხართ.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

დაავადების თავიდან ასაცილებლად ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ ან, ვინც სარისკო პირობებში მუშაობს, უნდა ჩაიცვას მაღალყელიანი ფეხსაცმელები, გრძელსახელოებიანი მაისური, ხელთათმანები და გრძელი შარვალი. პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კანის  დაცვა.

 

პროგნოზი

კანისა და ლიმფური კვანძების ფორმა უმეტესად მთლიანად იკურნება.

მკურნალობა შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს, ხოლო ინფექციის შეჭრის ადგილას ნაწიბურები დარჩეს.

როცა ინფექცია მოიცავს ტვინს, ფილტვებს, ძვალსახსროვან სისტემას და სხეულის სხვა ნაწილებს, განკურნება ძალიან ძნელია.

მარიამ ჯანიაშვილი

 

გააზიარე: