მარიხუანა – უწყინარი გართობა თუ რეალური საფრთხე?

გააზიარე:

რა არის

მარიხუანა, იგივე კანაბისი, კანაბინოიდების ჯგუფის ნარკოტიკია, რომელიც მცენარე კანაფის (Cannabis sativa, Cannabis indica) ფოთლების, ღეროების, ყვავილებისა და თესლისგან მიიღება. ეს მცენარე ასზე მეტ ფსიქოტროპულ (ადამიანის გუნება-განწყობილებაზე მოქმედ) ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი ფსიქოაქტიურობით D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) გამოირჩევა.

მარიხუანა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია. მის პოპულარობაზე სახელწოდებათა სიმრავლეც მეტყველებს. მაგალითად, ინდოეთში ის ცნობილია ბანგის, განჯას და ხარასის, შუა აზიაში – ჰაშიშის, მაროკოში – კიფის, აფრიკაში – დაგას, მაკონგას და ჯამბას, მექსიკაში – მარიხუანას, საქართველოში – პლანის, ანაშას, ჰაშიშის და მარიხუანას სახელწოდებით.

კანაბისს კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს. თავდაპირველად მას უმთავრესად მუსლიმანურ ქვეყნებში მოიხმარდნენ, სადაც რელიგია ალკოჰოლით თრობას კრძალავდა, მერე კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

 

როგორ მოიხმარენ

მარიხუანას სხვადასხვა სახით მოიხმარენ – ეწევიან, ღეჭავენ, სვამენ მის ნახარშს (მანაგუას), ურევენ საკვებში – ორცხობილაში, ტკბილეულში, ჩაიში... ყველაზე პოპულარული მეთოდი მარიხუანას სიგარეტის მსგავსად სუფთა სახით ან თამბაქოსთან ერთად მოწევაა, თუმცა ზოგჯერ ჩილიმითაც ეწევიან.

 

როგორ მოქმედებს

როდესაც ადამიანი მარიხუანას ეწევა, კვამლი ზედა სასუნთქი გზებიდან ფილტვებში ხვდება. კვამლში არსებული ფსიქოტროპული ნივთიერებები ფილტვებიდან სისხლში გადადის, სისხლს კი ისინი ტვინსა და მთელ დანარჩენ ორგანიზმში მიაქვს. მოწევისას სისხლში კანაბინოიდების დონე პიკს დაახლოებით ათ წუთში აღწევს, მაგრამ ყველაზე მნიშნვნელოვანი ფსიქიკური და ფიზიკური ეფექტები დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ დგება. მარიხუანათი თრობის ხარისხი მის დოზაზეა დამოკიდებული და, ჩვეულებრივ, 2-3 საათს გრძელდება.

მარიხუანას პერორალურად (ნაყენის სახით, საკვებთან, სასმელთან ერთად) მიღებისას მასში შემავალი ნივთიერებები ნაწლავების საშუალებით შეიწოვება და შედარებით ნელა – დაახლოებით ნახევარ ან ერთ საათში იწყებს მოქმედებას. ამ შემთხვევაში ეფექტი დაახლოებით 8 საათს გასტანს.

 

მარიხუანა და ტვინი

D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი უდიდეს გავლენას ახდენს ტვინის უჯრედების ფუნქციობაზე. მარიხუანა მოქმედებს ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც პასუხს აგებს მეხსიერებაზე, შეგრძნებებზე, კოორდინაციაზე, განსჯის უნარზე და სხვა. ის იწვევს:

* აღქმისა და შეგრძნებების ცვლილებას, მაგალითად ფერების უფრო მკვეთრად აღქმას;

* უმიზეზო სიცილს;

* ეიფორიას;

* დროის შეგრძნების ცვლილებას;

* განწყობის ცვლილებას;

* მადის მომატებას;

* სხეულის მოძრაობის დარღვევას;

* ფიქრისა და პრობლემის გადაჭრის უნარის დაქვეითებას;

* მეხსიერების დაბინდვას.

თუმცა ზოგი რელაქსაციისა და ეიფორიის ნაცვლად შფოთვას, შიშს, პანიკას განიცდის. მსგავსი ეფექტები უფრო ხშირია კანავისის შედარებით დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში. დიდმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ფსიქოზიც, რომელიც ვლინდება:

* ჰალუცინაციებით;

* ბოდვით;

* პიროვნული იდენტობის შეგრძნების დაკარგვით.

ეს მარიხუანას შედარებით სწრაფი ეფექტებია. ცნობილია სხვა ეფექტებიც, რომლებიც კანაბისის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში თანდათანობით იჩენს თავს. მაგალითად, თუ ადამიანმა მარიხუანას მოხმარება მოზარდ ასაკში დაიწყო, გაუჭირდება სწავლა, საზოგადოდ, ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნა, შეფერხდება მისი გონებრივი და ინტელექტუალური განვითარება.

მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, რამდენ ხანს გრძელდება მარიხუანას ეს გავლენა და არის თუ არა ზემოთ აღწერილი ცვლილებები პერმანენტული. მაგალითად, ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მას, ვინც მარიხუანას მოხმარება თინეიჯერობის ასაკში დაიწყო, ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) დაახლოებით 8 პუნქტით ჰქონდა დაქვეითებული. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებმა მარიხუანას მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც ვეღარ მოახერხეს დაკარგული მენტალური ფუნქციების სრულად აღდგენა.

 

მარიხუანა და ფიზიკური ჯანმრთელობა

ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მარიხუანას გავლენა მრავალმხრივია. ის იწვევს:

* სუნთქვის პრობლემებს. მარიხუანა აღიზიანებს ფილტვებს და ხშირი მოწევის შემთხვევაში ისეთივე პრობლემები იჩენს თავს, როგორიც სიგარეტის მწეველებს აქვთ, მათ შორის – მუდმივი ხველა და სასუნთქ გზებში ნახველის დაგროვება, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ინფექციური დაავადებების, მაგალითად, პნევმონიის, რისკის მატება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მარიხუანას მწეველები რესპირატორული ინფექციებით უფრო ხშირად ხვდებოდნენ კლინიკებში, ვიდრე არამწეველები. თუმცა ფილტვის კიბოს რისკის მატებასა და მარიხუანას მოწევას შორის კავშირი, თამბაქოს მოწევისგან განსხვავებით, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის;

* გულისცემის გახშირებას. მარიხუანას მოწევის შემდეგ დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გულისცემა წუთში 20-50 დარტყმით იმატებს, რის შედეგადაც იმატებს გულის შეტევისა და გულის სხვა პრობლემების რისკი. კანაბისი ასევე იწვევს წნევის მატებას, გულის კუნთის სისხლმომარაგების დაქვეითებას. კვლევებმა აჩვენა, რომ მოწევიდან პირველი საათის განმავლობაში გულის შეტევის რისკი ჩვეულებრივთან შედარებით თითქმის 5-ჯერ მაღალია;

* ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას – ფეხზე წამოდგომისას წნევის სწრაფ ვარდნას, რასაც თან სდევს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვისა და დაცემის დიდი ალბათობა;

* ინტენსიურ გულისრევასა და ღებინებას. მარიხუანას რეგულარულმა და ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა შეუჩერებელი კანაბინოიდური გულისრევის სინდრომი გამოიწვიოს. ეს სინდრომი უმეტესად 50 წლამდე ასაკის პირებთან ვლინდება ძლიერი თავბრუსხვევის, გულისრევისა და ღებინების ციკლური ეპიზოდებით. გულისრევის შედეგად განვითარებული დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც გახდეს საჭირო;

* ნაყოფის განვითარების პრობლემებს მუცლად ყოფნის დროს და დაბადების შემდეგ. დედის მიერ ორსულობისას მარიხუანას მოხმებამ შესაძლოა ნაყოფის წონის დეფიციტი  და ტვინის ზოგიერთი უბნის განვითარების შეფერხება გამოიწვიოს, რაც მომავალში ბავშვის გონებრივ და ქცევით პრობლემებთან მიგვიყვანს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობისას მარხუანას მოიხმარდნენ, აღენიშნებოდათ ყურადღების, მეხსიერების, პრობლემების გადაჭრის უნარის დაქვეითება. დადასტურებულია ისიც, რომ ლაქტაციის პერიოდში მარიხუანას მოხმარებისას D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის ნაწილი დედის რძეში ხვდება და დროთა განმავლობაში შესაძლოა ისეთ კონცენტრაციას მიაღწიოს, რომ ბავშვის ტვინის განვითარებაზე მოახდინოს გავლენა;

* თვალების ჩაწითლებას. მარიხუანას მოწევა თვალის სისხლძარღვებს აფართოებს და თეთრ გარსს აწითლებს, თუმცა ეს მხოლოდ ვიზუალური დეფექტია – მხედველობის პრობლემებთან მისი კავშირი დადასტურებული არ არის;

* სათესლე ჯირკვლების სიმსივნის აგრესიულ ფორმას. რამდენიმე კვლევამ დაადასტურა კავშირიმარიხუანას მოხმარებასა და სათესლე ჯირკვლების კიბოს აგრესიულ ფორმას შორის, რომელიც განსაკუთრებით ხშირია შედარებით ახალგაზრდა მამაკაცებში და მარიხუანას მრავალწლიან მოხმარებას უკავშირდება.

 

მარიხუანა და მენტალური ჯანმრთელობა

მარიხუანას ხანგრძლივი მოხმარება ზოგჯერ იწვევს ჰალუცინაციებს, პარანოიას (ქრონიკული ბოდვითი ფსიქოზის ერთ-ერთ სახეს), ამძიმებს შიზოფრენიის სიმპტომებს.

თინეიჯერები მარიხუანას მოხმარებას ხშირად მიჰყავს მენტალური ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებამდე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, სუიციდური ფიქრები და სუიციდის  მცდელობა.

 

მარიხუანა იწვევს დამოკიდებულებას

ნივთიერებაზე დამოკიდებულება ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია, უარი თქვას მის მიღებაზე, მაშინაც კი, როდესაც ის ჯანმრთელობისა და სოციალურ პრობლემებს უქმნის. მარიხუანაზე დამოკიდებულებისას მსი მიუღებლობის შემთხვევაში ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, გაღიზიანებულია, გრძნობს მოუსვენრობას, ეცვლება განწყობა, ერღვევა ძილი, მადა, აქვს მარიხუანას მიღების დაუოკებელი სურვილი. ფიზიკური დისკომფორტის ეს სახე პიკს აღწევს მარიხუანას მოხმარების შეწყვეტის პირველ კვირას და დაახლოებით ორი კვირა გრძელდება. კვლევები მოწმობს, რომ მარიხუანაზე დამოკიდებულება მისი მომხმარებლების დაახლოებით 10-30%-ს უვითარდება. მარიხუანაზე დამოკიდებულების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია, როცა მის მოხმარებას მოზარდ ასაკში იწყებენ.

მარიხუანას მოხმარების კიდევ ერთი მავნე ეფექტი ის არის, რომ იმატებს სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარებისა და მათზე დამოკიდებულების განვითარების ალბათობა. მარიხუანა ნარკოტიკების სამყაროში შემავალ კარიბჭედაა მიჩნეული, ვინაიდან უმეტესად სწორედ ის არის პირველი ფსიქოტროპული საშუალება, რომელსაც ეცნობიან შემდეგში უფრო ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებლები. მარიხუანას ხანგრძლივი მოხმარების შედეგად მისდამი ტვინის უჯრედების მგრძნობელობა ნელ-ნელა ქვეითდება და ის ისეთ ეიფორიას ვეღარ იწვევს, როგორსაც ადრე იწვევდა, ამიტომ თრობის იმავე ეფექტის მისაღებად და შესანარჩუნებლად მასზე დამოკიდებული ადამიანები უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე გადადიან.

 

მარიხუანას დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბება მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ნარკოტიკის ისეთ დოზას იღებს, რომელიც საკმარისია სიცოცხლისთვის საშიში ცვლილებების გამოსაწვევად. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას დოზის გადაჭარბებით სიკვდილი სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილი არ არის, მიჩნეულია, რომ სისხლში D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალ დონეს შეუძლია, ძალიან მძიმე გართულებები გამოიწვიოს. აღრიცხულია დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ძლიერი შფოთვითი აშლილობის, პარანოიისა და ფსიქოზური რეაქციების ფაქტები, რომელთა გამოც ადამიანები გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში ხვდებიან.

 

მარიხუანა და საჭე

მარიხუანა შესამჩნევად აქვეითებს სწრაფი რეაგირების, კოორდინაციის, მოძრაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს. კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალი კონცენტრაციის დროს ავტომობილის მართვის უნარი დაქვეითებულია. ძლიერ ავტოავარიებში მონაწილე მძღოლების სისხლში ნარკოტიკულ საშუალებათაგან ყველაზე ხშირად მარიხუანას აღმოაჩენენ. ევროპაში ჩატარებული კვლევების თანახმად, მძღოლებს, რომელთა სისხლშიც D9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი ცირკულირებს, ორჯერ მაღალი აქვთ სასიკვდილო ავარიაში მოანწილეობის რისკი  და შვიდჯერ მაღალი – იმის რისკი, რომ ავარია სწორედ მათი მიზეზით მოხდეს, ვიდრე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის არამომხმარებელ მძღოლებს.

 

სკოლა, სამსახური, სოციუმი

დადასტურებულია მარიხუანას ნეგატიური გავლენა ყურადღებაზე, კონცენტრირების უნარზე, მეხსიერებასა და სწავლაზე. უკვე ვთქვით, რომ მოსწავლეებს, რომლებიც მარიხუანას ხშირად მოიხმარენ, აღენიშნებათ ინტელექტუალური დონის შესამჩნევი დაქვეითება. მათი აკადემიური მოსწრება გაცილებით დაბალია, ვიდრე მარიხუანას არამომხმარებელი თანატოლებისა და მათზე ხშირად ვერ ამთავრებენ სკოლას.

ახალგაზრდებს, რომლებიც ინტენსიურად მოიხმარენ მარიხუანას, შესამჩნევად დაბალი აქვთ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისა და აკადემიური ხარისხის მიღების შანსი. მათთან უფრო მაღალია მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და სუიციდის მცდელობის სიხშირე.

არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მარიხუანას აქტიური და ინტენსიური მოხმარება გადაჯაჭვულია შემდგომ უმუშევრობასთან, დაბალ შემოსავალთან, დანაშაულის ჩადენასთან, სოციალური დახმარების საჭიროების ზრდასთან, ცხოვრებით უკმაყოფილებასთან.  გამოკითხვის დროს მარიხუანას დიდიხ ხნის მომხმარებლების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ამ ნარკოტიკმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მათი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, მათ კოგნიტიურ უნარებზე, კარიერულ წინსვლაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

მარიხუანას უარყოფითი გავლენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზეც აისახება. საფოსტო სამსახურის მუშაკებთან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ თანამშრომლების ის ნაწილი, რომელსაც დადებითი ჰქონდა მარიხუანას ტესტი, 55%-ით მეტჯერ ხვდებოდა ავარიაში, 85%-ით მეტ შემთხვევაში აღენიშნებოდა სხეულის დაზიანება და 75%-ით მეტჯერ აცდენდა სამუშაოს, ვიდრე ისინი, ვისი ტესტიც მარიხუანაზე უარყოფითი იყო.

 

სამედიცინო ჩვენებები

არსებობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც ზოგიერთ ქვეყანაში ნებადართული და რეკომენდებულიც კია მარიხუანას გამოყენება. ამ შემთხვევაში ის სპეციალური რეცეპტით გაიცემა.

მარიხუანას გამოწერას პაციენტები უმეტესად სიმსივნით, გლაუკომით, ნერვის დაზიანებით გამოწვეული ტკივილის დროს ითხოვენ.

სამედიცინო მარიხუანა ასევე შეიძლება დაინიშნოს:

* მრავლობითი სკლეროზით განპირობებული კუნთოვანი სპაზმების მოსახსნელად;

* სიმსივნის ქიმიოთერაპიული მკურნალობით გამოწვეული გულისრევის მოსახსნელად;

* შიდსის ან სხვა ქრონიკული დაავადების თანმხლები უმადობისა და წონის კლების საკომპენსაციოდ;

* კრუნჩხვებით მიმდინარე დაავადებების დროს – პაროქსიზმის ინტენსივობის შესამცირებლად;

* კრონის დაავადების დრო.

მკვლევართა თქმით, მარიხუანას სამედიცინო სარგებლობას ის განაპირობებს, რომ თავად ორგანიზმი წარმოქმნის მარიხუანას მსგავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ტკივილის გაყუჩება, ანთების ჩაქრობა და სხვა. გარედან მიწოდებული მარიხუანა სწორედ ორგანიზმში არსებულის ეფექტს აძლიერებს.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა მარიხუანათი თვითმკურნალობა დაიწყონ. ისევე როგორც სხვა ნარკოტიკების (თუნდაც მორფის) შემთხვევაში, აქაც პოტენციური სარგებლისა და ზიანის შეფარდება ექიმმა უნდა განსაზღვროს.

 

დასკვნის ნაცვლად

ამრიგად, მარიხუანას შეუძლია ავნოს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ზემოთ მოყვანილი მონაცემები უამრავი კვლევით დადასტურებულ ფაქტებს ეფუძნება. როგორც ხედავთ, არც მისი სამკურნალო ეფექტია მითი. მაგრამ ერთია მარიხუანას მოხმარება განსაზღვრულ დროს, განსაზღვრული დოზითა და პერიოდულობით, სპეციალისტის რეკომენდაციების შესაბამისად, და მეორე – მისი სურვილისამებრ და შეუზღუდავად მოხმარება. გახსოვდეთ, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, მძიმე ნარკოტიკების სამყაროში შემავალი კარიბჭე. გახსოვდეთ, რომ არჩევანის თავისუფლება შედეგებზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. გახსოვდეთ ისიც, რომ მხოლოდ ერთხელ ვცოცხლობთ.

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: