ყაბზობა

გააზიარე:

სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დაავადებაა აქტუალური, რაშიც სხვა ფაქტორებთან ერთად ცხოვრების წესსაც მიუძღვის ბრალი. ცხოვრების თანამედროვე სტილმაც მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია ყაბზობა (შეკრულობა), რომელსაც ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ. რა იწვევს მას? როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? ამ და სხვა საკითხებზე

გასტროენტეროლოგი, პროფესორი გელა სულაბერიძე გვესაუბრება. 
– რა დაავადებაა ყაბზობა?
– ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
– რა სიმპტომები ახასიათებს შეკრულობას?
– ამ დროს ადამიანი უჩივის მუცლის შებერვას, ყურყურს, დაუცლელობის შეგრძნებას, ზოგჯერ – საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, მადის დაქვეითებას, ბოყინს, გულისრევას, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული. 
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა?
– ყაბზობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავის, ასევე ნაწლავგარე დაავადებები. ნაწლავის დაავადებებიდან მეტად საყურადღებოა ანთებითი დაავადებები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიულად, და ეგრეთ წოდებული მექანიკური შეკრულობა, რომლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და ოპერაციული ჩარევა. ყაბზობის მიზეზი ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიაა – ჰირშპრუნგის დაავადება ან იდიოპათიური მეგაკოლონი, რომლის სადიაგნოსტიკოდაც ვიყენებთ კვლევის რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ მეთოდებს. ნაწლავგარე ფაქტორებიდან საყურადღებოა პროფესიული მოწამვლა, მედიკამენტური შეკრულობა და ენდოკრინული დაავადებები – მიქსედემა, აკრომეგალია, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ახალგაზრდებში ხშირია ეგრეთ წოდებული ფუნქციური შეკრულობა, რაც შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. მას ჩვეულ შეკრულობასაც უწოდებენ. მისი მიზეზია დეფეკაციის რეფლექსის შესუსტება ან სრული გაქრობა. მას ხელს უწყობს დეფეკაციისგან თავის შეკავება – ამ შემთხვევაში რეფლექსი არ რეალიზდება და ითრგუნება, ამის შედეგად ქვეითდება ნაწლავის ტონუსი და ვითარდება შეკრულობა. შეკრულობას უჩივიან ხანდაზმულებიც, რაც ხშირად საპირისპირო მიდგომის ბრალია: ხანში შესულთა უმრავლესობას აუცილებლად მიაჩნია ნაწლავთა ყოველდღიური მოქმედება და მის გამოსაწვევად სისტემატურად იღებს საფაღარათო საშუალებებს. ეს ორგანიზმს წყლისა და ელექტროლიტებისგან აღარიბებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს შეკრულობის ჩამოყალიბებას ან გაღრმავებას. ამ პრობლემის მქონე პაციენტებს უნდა ავუხსნათ, რომ საფაღარათო საშუალებების სისტემატური გამოყენება უფრო მავნებელია, ვიდრე დიეტოთერაპიით, საჭირო საკვების მიღებით ნაწლავების თუნდაც გაიშვიათებული მოქმედების მიღწევა.ზემოხსენებულთა გარდა, ყაბზობა შესაძლოა გამოიწვიოს ან გააღრმაოს სამკურნალო პრეპარატებმაც: კუჭის წვენის სიმჟავის გამანეიტრალებელმა საშუალებებმა – ანტაციდებმა, რომლებიც შეიცავს ალუმინსა და კალციუმს, ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა, პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებმა, ნარკოტიკებმა, შარდმდენებმა, საძილე საშუალებებმა, ანტიდეპრესანტებმა და სხვა.
შეკრულობა შეიძლება განვითარდეს კლიმაქსურ პერიოდშიც, რაც უმთავრესად ჰორმონული ცვლილებების ბრალია. ამრიგად, შეკრულობას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც ცხოვრების უმოძრაო წესი (ადინამია) და არასწორი კვებაა. ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, ამიტომ ყაბზობას ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ. მეოცე საუკუნეში დაგროვილი მეცნიერული კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ცხოვრების თანამედროვე სტილის თანმხლები არაგადამდები დაავადებები, მათ შორის – შეკრულობა, უმთავრესად იმ ქვეყნებში გვხვდება, სადაც მოსახლეობა მასობრივად ეტანება მაღალკალორიულ, რაფინირებულ, ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარ და მცენარეული ბოჭკოთი ღარიბ საკვებს.
– თქვენ მცენარეული ბოჭკო ახსენეთ. რა არის ეს და რა სარგებლობა მოაქვს მის მიღებას ყაბზობის დროს?
– მცენარეული ბოჭკო არასახამებლური პოლისაქარიდებია, რომლებიც, სახამებლის, მონო- და დისაქარიდებისგან განსხვავებით, არ მოინელება საჭმლის მომნელებელი სეკრეტებისა და ფერმენტების მიერ და უცვლელად აღწევს მსხვილ ნაწლავს. ეს მეტად მნიშვნელოვანია ნაწლავის ნორმალური შიგთავსის ჩამოყალიბებისა და იქ არსებული მიკროფლორის სათანადო ფუნქციობისთვის. ამავე დროს, მცენარეული ბოჭკო წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის მოქმედების ფიზიოლოგიურ სტიმულატორს, აწესრიგებს ნაწლავშიდა წნევას, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდა. აქედან გამომდინარე, ნაწლავთა ნორმალური ფუნქციობისთვის ბოჭკოვანი საკვები აუცილებელია. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და პროფესიული ასოციაციები გვირჩევენ, ყაბზობის დრო დღე-ღამეში 30-40 გრამი მცენარეული ბოჭკო მაინც მივიღოთ. 
_ რა არის გასათვალისწინებელი მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტების მიღებისას? აქვს თუ არა მას უკუჩვენება ?
– ბოჭკოთი მდიდარია მცენარეული საკვები: ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით _ მათი კანი), მწვანილი, ყველაზე უხვად კი მათ მარცვლეულის (ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა) ქერქი შეიცავს. მცენარის ეს ნაწილები უხეშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რაციონში მცენარეული საკვების ხვედრითი წილის განსაზღვრისას.
ბოჭკოვანი პროდუქტები ძნელი მოსანელებელია, მათი უხეში ნაწილების დაუმუშავებლად მიღება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს აღიზიანებს, ამიტომ უმი, დაუმუშავებელი საკვები არც მეტისმეტად ბევრი უნდა მივირთვათ და არც მეტისმეტად დიდხანს, ხოლო ზოგიერთი დაავადების დროს ის უკუნაჩვენებიც კია. ამ პროდუქტების დამუშავება სასურველია იმგვარად, რომ არ შეიცვალოს ნედლეულის შემადგენლობა და არ დაიკარგოს მისი სასარგებლო თვისებები. 
– როგორი უნდა იყოს რაციონი ყაბზობის დროს?

– შეკრულობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის, უპირველესად, აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები: ხილი (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი...) ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი, თალგამი ...), მწვანილი და სხვ. შეკრულობის დროს ასევე რეკომენდებულია ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი, კარგად მოხარშული საქონლის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები. საჭმელი, უმჯობესია, მიირთვათ დღეში 3-4-ჯერ, ერთსა და იმავე დროს. უხვად მიიღეთ სითხე, მაგრამ ერიდეთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, ასევე _ შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, ქონს. მის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. საქართველოში ასევე არსებობს მეცნიერულად შესწავლილი დაპატენტებული და სერტიფიცირებული მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიული ჯანსაღი საკვები, რომელიც შეუზღუდავი რაოდენობითა და ვადით შეიძლება მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა, ისე ყაბზობით გატანჯულებმა, რომელთაც ამავე დროს აქვთ დაავადებები, რომელთა დროსაც უხეში საკვების მოხმარება უკუნაჩვენებია.
– როგორ მოვიქცეთ შეკრულობის თავიდან ასაცილებლად და როგორია მკურნალობის ზოგადი პრინციპები?
– არა მარტო შეკრულობის პროფილაქტიკისთვის _ საზოგადოდაც მეტად მნიშვნელოვანია კვება, მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვები. საფაღარაო საშუალებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ, როცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამჟამად სამკურნალოდ იყენებენ ნაწლავის პერისტალტიკის დამარეგულირებელ, ანტისპაზმურ საშუალებებს. სათანადო ჩვენებისას ნაწლავთა მიკროფლორის ნორმალური ბალანსის აღსადგენად ვუნიშნავთ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, პრებიოტიკებსა და პრობიოტიკებს. თუმცა სასურველია, ყველა სამკურნალო საშუალება იშვიათად და მოკლე ხანს გამოვიყენოთ. აქცენტი უმთავრესად მაინც კვებით პრობლემის მოგვარებაზე უნდა დავსვათ. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში. შეგიძლიათ ასევე, მიმართოთ მუცლის თვითმასაჟს საათის ისრის მიმართულებით. უნდა ერიდოთ ისეთ პრეპარატებს, რომელთაც შესაძლოა შეკრულობა გამოიწვიონ, და, რაც მთავარია, დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ საფაღარათე საშუალებებს. 
– თუ პრობლემები დროზე არ მოგვარდა, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ყაბზობას? 
– ბოლო ხანს ძალიან გახშირდა მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი, რაც მისი კედლის სუსტ ადგილებში ჯიბეების გაჩენას ნიშნავს. შეკრულობის დროს იმატებს ნაწლავშიდა წნევა, რის გამოც ეს ჯიბეები შესაძლოა გაიზარდოს და მათში მოხვედრილი შიგთავსისგან ვერ გათავისუფლდეს. ამას შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესები, რასაც დივერტიკულიტი ეწოდება. ყოველივე ეს ეს საკმაოდ ამძიმებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობას და მას შესაძლოა, ნაწლავის კედლის პერფორაცია ანუ გახვრეტაც მოჰყვეს, რაც მეტად სერიოზული გართულებაა, ამიტომ ნაწლავის დივერტიკულოზისა და უფრო მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია ყაბზობის პრობლემა დროულად მოგვარდეს. 
– დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
– ყველას, ვისაც კი შეკრულობა აწუხებს, ვურჩევ, მიმართოს გამოცდილ სპეციალისტს. დაადგინეთ გამომწვევი და გაითვალისწინეთ რჩევები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

გააზიარე: