ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები

გააზიარე:

ეს ერთი ციდა პარკი, რომლის სიგრძე სულ ათიოდე სანტიმეტრი თუ იქნება, მშვენივრად ახერხებს, თავი საშვილიშვილოდ დაგვამახსოვროს. ზუსტად ვერ გეტყვით, გენების ბრალია თუ სამზარეულოს თავისებურების, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქართველები და, საერთოდ, კავკასიელები ნაღვლის ბუშტის პრობლემებისადმი ბევრად უფრო მეტად ვართ მიდრეკილი, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობა. ასე რომ, ვიდრე ხანგრძლივი მარხვის შემდეგ ათასგვარ ნუგბარს განურჩევლად შესეულებისთვის თავი მწარედ შეუხსენებია, მოდი, ერთად გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ეს ვაჟბატონი, რა უსიამოვნება შეიძლება მოგვაყენოს და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ.

გზად დახვედრილი ქვა-ღორღი

ნაღვლის ნორმალურ დინებას ყველაზე ხშირად ე.წ. კონკრემენტები (ჩვენებურად – ქვები, კენჭები) აფერხებს. ნაღვლის ეს გასქელებულ-გამაგრებული გროვები ზოგჯერ ქვიშის მარცვლისოდენაა, ზოგჯერ – ბავშვის მუჭისოდენაც კი. ამის კვალობაზე, ნაღვლის ბუშტში ასეულობით კენჭსაც შეიძლება ეკავოს და ერთ მოზრდილ ქვასაც, ანდა ერთიც იყოს და მეორეც.

რა აჩენს ქვა-ღორღს, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ, მხოლოდ რისკფაქტორები დააზუსტეს. ესენია:

სქესი. ქალებს ქვები ორჯერ უფრო ხშირად უჩნდებათ. ესტროგენის სიჭარბე, რასაც ორსულობა, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ან კონტრაცეპტივების მიღება იწვევს, ალბათობას უფრო მეტად ზრდის.

ასაკი. 60 წელს გადაცილებულებში დაავადების წარმოშბის რისკი მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში.

გენეტიკა. საკმაოდ ხშირად ვხვდებით ნაღველკენჭოვანი დაავადების ოჯახურ შემთხვევებს.

წონა. სულ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამიც კი საკმარისია, რომ რისკმა მოიმატოს.

კვება. ცხიმიანი და ქოლესტეროლით მდიდარი კერძები, მცენარეული ბოჭკოს სიმცირე ქვების გაჩენის ალბათობას ზრდის.

წონის სწრაფი კლება. სხვა ფაქტორები რომც გამოვრიცხოთ, შიმშილობისა და ექსტრემალური დიეტის დროს ნაღვლის ბუშტი უფრო იშვიათად იცლება, შეგუბება კი ქვების წარმოქმნას უწყობს ხელს.

შაქრიანი დიაბეტი.

ნაღველკენჭოვანი დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ნაღვლის კოლიკა – ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ზოგჯერ ბეჭს ან ზურგს გადაეცემა. შეტევა, ჩვეულებრივ, ნახევარიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება.

ფრანგი თერაპევტები ამბობენ, ნაღველკენჭოვანი დაავადება სნეულებაა, რომელსაც სიმპტომები არ გააჩნია, მხოლოდ გართულებები აქვსო. მართლაც ასეა: ნაღვლის ქვები ასიდან 80 შემთხვევაში არავითარ ჩივილს არ იწვევს. ასეთ “უჩინარ” ქვებს ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ექოსკოპიისა თუ სხვა გამოკვლევის დროს. გამოთვლილია, რომ ნაღვლის ქვების წარმოქმნიდან სიმპტომების გამოვლენამდე საშუალოდ 25 წელი გადის. სამაგიეროდ, თუ უსიამოვნებამ ერთხელ იჩინა თავი, აღარ დაგვეხსნება და შეტევებიც უფრო და უფრო ხშირად შეგვაწუხებს.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული კენჭის ზომაზე. შეიძლება, კონკრემენტი ნაღველსადენი გზებით ნაწლავებში გადავიდეს (ეს სპონტანურ განკურნებას ნიშნავს) ან სადინარში გაიჭედოს. თანაც უცხო წარმონაქმნი განუწყვეტლივ აღიზიანებს ბუშტის კედლებს და ანთებით ცვლილებებს უდებს სათავეს.

აღმოიღე და განაგდე
ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების დასადგენად ექიმები ყველაზე ხშირად  ექოსკოპიას იყენებენ. ეს მარტივი, ხელმისაწვდომი და სრულიად უსაფრთხო გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ორგანოს ზომა, კედლის მდგომარეობა, გამოვავლინოთ ქვები და კენჭები და ავთვისებიანი პროცესიც (იშვიათად ასეც ხდება) კი ვიეჭვოთ. მეტი ინფორმაციულობისთვის ზოგჯერ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, კონტრასტულ ქოლეცისტოგრაფიასა და ქოლანგიოგრაფიას, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზსა და სხვა მეთოდებსაც მიმართავენ.

მკურნალობის ტაქტიკა დიაგნოზისა და მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა. უსიმპტომო, ე.წ. ჩუმი ქვების დროს დაკვირვება და მოცდაც საკმარისია. თუ ქვები პრობლემებს ქმნის ან რაიმე გართულებამ იჩინა თავი, ექიმები მხოლოდ კონკრემენტებს კი არ იღებენ, ნაღვლის ბუშტს მთლიანად კვეთენ. ამჟამად ეს ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება – მუცლის კედლის გაკვეთის მაგივრად ქირურგი რამდენიმე მცირე (სულ რაღაც 0,5-2 სმ დიამეტრის) ნახვრეტს აკეთებს, საიდანაც მუცლის ღრუში მანიპულატორი შეაქვთ და ორგანოს კვეთენ. ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია ძალზე ეფექტური, თანაც ნაკლებტრავმული მეთოდია.

ნაღვლის ბუშტის გარეშე ცხოვრება არც ისე რთული ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ნაოპერაციევ პირთა უმრავლესობა არაფერს უჩივის და უწინდებურ ცხოვრებას განაგრძობს. დაახლოებით მეხუთედს ოპერაციის შემდეგ დიარეა აწუხებს. მეცნიერთა ვარაუდით, ეს მსხვილ ნაწლავში მეტი ნაღვლის გადასვლასთან უნდა იყოს დაკავშირებული (ჩვეულებრივ ხომ ნაღველი კვების შემდეგ გამოიყოფა და მსხვილ ნაწლავს საკვებთან შერეული აღწევს). თუმცა დროთა განმავლობაში საჭმლის მომნელებელი სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმს ეჩვევა და დიარეაც იკლებს.

შევინარჩუნოთ ჯანმრთელი
თუ რისკფაქტორებს გულდასმით გაეცანით, იოლად მიხვდებით, რა არის საჭირო, ნაღვლის ბუშტი დიდხანს რომ გვემსახუროს:

- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.
- ნუ წამოიწყებთ მკაცრ დიეტას, რომელიც დღეში 800 კალორიაზე ნაკლების მიღებას ითვალისწინებს.
- რაციონი ისე შეადგინეთ, რომ ნაკლებ ცხიმსა და მეტ მცენარეულ ბოჭკოს შეიცავდეს. რაც შეიძლება მეტი მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული, ასევე – გადაუმუშავებელი მარცვლეული. ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, კარაქს, მარგარინს, მაიონეზს, შემწვარ, მჟავე, მწარე, ცხარე და სუნელებით შეზავებულ კერძებს, კონსერვებს, ძეხვეულს, მეტისმეტად ცივ საკვებსა და სასმელს.
- ნუ მიეძალებით ახალ (თბილ) პურს, ქადა-ნაზუქს, ფუნთუშას, ხორცისა და სოკოს  ნახარშს, ცხიმიან ხორცს, შებოლილ ხორცსა თუ ყველს, კონსერვებს, ნაღებს, ბარდას, მჟაუნას, ბოლოკს, პრასს, ნიორს, მწნილს, შოკოლადს, კრემიან ნამცხვრებ, თურქულ ყავას, კაკაოს.
- საკვები რეგულარულად, დღეში 4-6-ჯერ უნდა მიირთვათ. ეს ნაღვლის ბუშტის დროულად დაცლას შეუწყობს ხელს.

გააზიარე: