ახალი წელი გარეთ

გააზიარე:

რა სჯობია სუფთა ჰაერზე, მხიარული ადამიანების გარემოცვაში, ახალი წლის შეხვედრას! თუ გადაწყვიტეთ ამ დღესასწაულს ქუჩაში შეხვდეთ, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას:

ახალი წლის შესახვედრად ადამიანები უამრავ ორიგინალურ სცენარს იგონებენ. ეს ღამე არაჩვეულებრივი, წლის სხვა ღამეებისგან გამორჩეული და დაუვიწყარი უნდა იყოს. ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი გზა საამისოდ ახალი წლის ღია ცის ქვეშ გატარებაა.


უკვე რამდენიმე წელია, საქართველოს ქალაქებში ტრადიციად იქცა კონცერტებისა და სახალისო წარმოდგენების გამართვა მათთვის, ვინც ქუჩაში აპირებს ახალი წლის შეხვედრას. მშვენიერი ტრადიციაა. წინასაახალწლო წუთების შენსავით ამაღლებულ განწყობაზე მყოფ უამრავ ხალხთან ერთად გატარებაში ნამდვილად არის რაღაც უჩვეულო და ამაღელვებელი. თუ ამ ყველაფერს კარგად ორგანიზებული წარმოდგენაც ერთვის, ხომ სულ მთლად გადასარევი. თუმცა ამ საყოველთაო მხიარულების დროსაც კი უნდა გვახსოვდეს უსაფრთხოების მარტივი წესები:


. გაითვალისწინეთ წელიწადის დრო და ნუ გადააყოლებთ ჯანმრთელობას ამინდისთვის შეუფერებელ, მერე რა, რომ ლამაზ და ორიგინალურ სამოსს. სილამაზე მსხვერპლს კი მოითხოვს, მაგრამ სამსხვერპლოზე ჯანმრთელობის ადგილი ნამდვილად არ არის, ამიტომ რაც შეიძლება თბილად და კომფორტულად ჩაიცვით. დაივიწყეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თხელი კაბა. თუ დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ, მოხერხებული, დათბილული წაღები შეარჩიეთ. მნიშვნელოვანია სხეულის ისეთი ნაწილების ჩათბუნებაც, რომლებსაც საზამთრო თბილი ქურთუკი არ ფარავს. თავი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური “სითბოს გამცემია”, ამიტომ აუცილებლად დაიხურეთ ქუდი. შეუხამეთ მას ხელთათმანები და კაშნე. ეს აქსესუარები ფერებს შემატებს თქვენს ჩაცმულობას. კარგი იქნება, თუ შინიდან გასვლისას პატარა, სამგზავრო თერმოსით თან გაიყოლებთ ცხელ ჩაის ან ყავას. ასეთი თერმოსი დღეს ბევრგან იყიდება. შეარჩიეთ გემოვნებისამებრ და აუცილებლად გაარკვიეთ, რამდენ ხანს ინარჩუნებს ტემპერატურას – გეცოდინებათ, როდემდე შეძლებთ მაცოცხლებელი, ცხელი სითხის ყლუპ-ყლუპად, ნება-ნება სმას. ურიგო არ იქნება, თუ სასუსნავსაც მოიმარაგებთ. მართალია, ასეთ დღეებში ყველა ოჯახში იმდენი რამ კეთდება, რომ მოშივებას, ფაქტობრივად, არავინ დაგაცლით, მაგრამ სუფთა ჰაერზე სეირნობისას მადა მაინც ძლიერდება და ამგვარი წინდახედულება ერთმნიშვნელოვნად წაადგება თქვენს საახალწლო სცენარს.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
რაკი უსაფრთხოების ზომები ვახსენეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის საფრთხეც, რაც ახალ წელს თითქმის ყოველთვის ახლავს თან.
საახალწლო მაშხალები წლიდან წლამდე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. საქართველოში ისინი უმთავრესად ჩინეთიდან შემოაქვთ. თუ მაშხალის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეუმოწმეთ ვადა და ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს. ნუ მისცემთ ბავშვებს მაშხალების ყიდვისა და დამოუკიდებლად აფეთქების უფლებას.

ახალი წელი, ახალი იდეა...
ახალი წლის სუფთა ჰაერზე გატარების მსურველებს კიდევ ერთი იდეას ვთავაზობთ. თუ ახლავე დაიწყებთ მცირე გამოკითხვას, ახალი წლის ღამემდე აუცილებლად მოახერხებთ ისეთი სახურავის პოვნას, საიდანაც მშვენიერი ხედებიც იშლება და უსაფრთხოდაც დატკბებით ფეიერვერკით. მსუბუქი, გასაშლელი მაგიდა და სკამები, მსუბუქი ხემსი, ცოტაოდენი სასმელი და უჩვეულო, ორიგინალური, დაუვიწყარი ახალი წელიც გარანტირებულია.

დაბოლოს
კიდევ ერთი ალტერნატივა ახალი წლის აგარაკზე ან ქალაქგარეთ გატარებაა. სცენარი იგივეა, რაც სხვა “გასვლითი ღონისძიებების” დროს. ასეთი რამ ალბათ ადრეც გაგიკეთებიათ – ზოგი მწვადს წვავს, ზოგი სენდვიჩებს და სალათებს ამზადებს, კოცონის ირგვლივ შემოკრებილი ფანტაზიორები საინტერესო ამბებს ჰყვებიან და ახალი წელიც ხმაურით, აბრდღვიალებული ჭაღებისა და თოფების ბათქაბუთქის თანხლებით შემოაბიჯებს.

გააზიარე: