კედლებში მომწყვდეული ზღვა
გააზიარე:
წყალი, ბინარული არაორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით H2O, დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა. წყალბადის ოქსიდი უნიკალური, უფერო, უსუნო და უგემო სითხეა. ის ჩვენი პლანეტის 70%-ზე მეტს ფარავს და ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწის ზურგზე, რომელიც ერთდროულად სამ აგრეგატულ მდგომარეობაში: ყინულის, წყლისა და ორთქლის, – სახით გვხვდება.
ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, წყალი სამყაროში დიდი აფეთქებიდან რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა. თუ ამ ვერსიას დავეყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლე წყალში დედამიწის ფორმირებამდე მილიარდობით წლით ადრე ჩაისახა.
წყალი ადამიანის სხეულის ძირითადი ელემენტია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ორგანოს გამართული ფუნქციობისთვის, თერმორეგულაციისა და ორგანიზმში მიმდინარე უკლებლივ ყველა ბიოქიმიური რეაქციისთვის.
ჰაერის შემდეგ წყალი მნიშვნელობითა და აუცილებლობით მეორე ნივთიერებაა. უწყლოდ მაქსიმუმ სამ-ოთხ დღეში ადამიანის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები ვითარდება.
H2O ადამიანის სხეულის მასის დაახლოებით 2/3-ს (75%) შეადგენს. მისი წილი ასაკზეა დამოკიდებული:
ახალშობილებში – 75%;
მოზრდილებში – 65%;
ზრდასრულებში – 60%;
მოხუცებში – 55%.
თუ კლების ტენდენციას დავაკვირდებით, გასაგები გახდება იმ მეცნიერთა მოსაზრება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დაბერება პირდაპირ კავშირშია გაუწყლოებასთან.
წყალი ყველგან არის. დედამიწას ზოგჯერ “წყლის პლანეტასაც” უწოდებენ, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, მისი ზედაპირის 70%-ზე მეტი ამ ფუნდამენტური ინგრედიენტით არის დაფარული. წყლის რესურსების 97% – ოკეანის, ხოლო 3% მტკნარ წყალზე მოდის. მაგრამ ადამიანმა ეს კოლოსალური რიცხვი არ იკმარა და წყლის ხელოვნური რეზერვუარების – საცურაო აუზების შექმნა გადაწყვიტა.
აუზი ოთხი ტიპისა არსებობს:
1. ღია – ღია ცის ქვეშ მდებარე;
2. დახურული – შენობის შიგნით მდებარე, სადაც კომფორტული ცურვისთვის მუდამ დაცულია წყლის ტემპერატურა და ტენიანობა;
3. სპორტული – წყლის სპორტის სახეობებში შეჯიბრებისთვის. ამ აუზებს სტანდარტული, მკაცრად განსაზღვრული ზომები და წყლის კონტროლის მკაცრი რეგულაციები აქვთ;
4. საბავშვო – პატარა ზომისა და სხვადასხვა ფორმის.
ყველამ იცის, რა სასარგებლოა ცურვა. კვირაში ერთხელ ცურვასაც კი უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისთვის. ამ პროცესს ტონუსში მოჰყავს მთელი სხეულის კუნთები, აუმჯობესებს ტანდეგობას, 50-75%-ით აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, გვეხმარება ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში.
საცურაო აუზების ისტორიიდან
პირველი ხელოვნური საცურაო წყალსაცავები კაცობრიობამ მრავალი საუკუნის წინ შექმნა. იდეა, სავარაუდოდ, ძველ ბერძნებსა და რომაელებს მოუვიდათ თავში. ისტორიამ შემოგვინახა ცნობები ძველრომაული ე.წ. “დიდი აბაზანის” – წყლის ყველაზე ადრეული საზოგადოებრივი რეზერვუარის შესახებ. მოჰენჯო-დაროში, თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე, 5000 წლის წინ აგებული აუზის სიგრძე – 12, სიგანე – 7, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 2,4 მეტრი იყო. აქეთ-იქიდან აუზში ორი დიდი კიბე ეშვებოდა.
მეცნიერთა ვარაუდით, “დიდ აბაზანას” რელიგიური რიტუალების დროს იყენებდნენ.
ფუფუნების მოყვარული შეძლებული რომაელები აუზებს არა მხოლოდ დასაბანად, არამედ საცურაოდ და გასაჯანსაღებლად, ასევე გართობა-განტვირთვისთვის და ერთმანეთთან საურთიერთობოდ იყენებდნენ.
ძვ. წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებში ძველ საბერძნეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. პალესტრები – ოთახებს შორის განლაგებული აუზები.
დიდ ბერძენ ფილოსოფოსს პლატონს მიაჩნდა, რომ ყველა ბავშვს, მათემატიკის, წერა-კითხვისა და ასტრონომიის ცოდნასთან ერთად, კარგად ცურვაც უნდა შესძლებოდა.
305 წელს რომაელებმა მარმარილოს ვეებერთელა, 900 000 კვადრატული ფუტი ფართობის აუზი ააგეს. მას ძირითადად საცურაოდ იყენებდნენ და წყალს ფსკერის ქვეშ განლაგებული დიდი ღუმლებით ათბობდნენ.
იმ დროს აუზებზე საზოგადოებრივი ღონისძიებებიც იმართებოდა. მათი არსებობა სიმდიდრისა და კეთილდღეობის ნიშანი იყო. ბერძენი და რომაელი იმპერატორების უზარმაზარ, მდიდრულ აუზებში თევზებიც კი დაცურავდნენ.
კეისრის მეგობრის გაიუს ცილნიუს მეცენასის დაკვეთით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში პირველი ჯაკუზის ტიპის აუზიც აშენდა. ის ჩანჩქერებით, ტერასებით, ბიბლიოთეკებით, ულამაზესი ბაღებითა და მდიდრული დეკორით გაფორმებული უზარმაზარი საცურაო კომპლექსის ნაწილი გახლდათ.
1800-იანი წლებიდან იწყება საცურაო შეჯიბრებების ეპოქა. 1873 წელს ინგლისელი ჯონ თრეჯენი შეიმუშავებს ცურვის ახალ სტილს – კროლს და შეჯიბრებები უფრო სწრაფი და საინტერესო ხდება, 1896 წელს კი ცურვა სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ჩამონათვალში შეაქვთ.
დღეს მსოფლიოში არსებული ხელოვნური საცურაო აუზების რაოდენობითა და ზომებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კაცობრიობა ისე აქტიურად სწავლობს ცურვას, თითქოს მეორედ მოსვლისთვის ემზადებაო.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგებულია აუზები, სადაც შეგიძლიათ დაკავდეთ დაივინგით, ისეირნოთ იახტით, იცუროთ ზვიგენებთან ერთად და დატკბეთ ტროპიკული პეიზაჟებისა თუ მეგაპოლისის პანორამული ხედებით. ასეთი სანახაობა დიდხანს არ იშლება მეხსიერებიდან.
დღეს 9 ასეთ აუზს გაგაცნობთ.
ყველაზე მასშტაბური
San Alfonso del Mar msoflios უდიდესი აუზია. ის ჩილეში, კურორტ ალგარობოზე, წყნარ ოკეანესთან მდებარეობს და რამდენიმე ოტელს ეკუთვნის. მისი ფართობი – 8 ჰექტარს, ხოლო სიგრძე 1000 მეტრს აღემატება. ჩილეს სანაპიროს ამ ნაწილში წყალი საკმაოდ ცივია და ზვიგენების სიმრავლით გამოირჩევა, ამიტომ ბიოქიმიკოსმა და ბიზნესმენმა ფერნანდო ფიშმანმა ტურისტების მოსაზიდად უზარმაზარი ხელოვნური ლაგუნის შექმნა გადაწყვიტა. წყლის ფილტრაციის უნიკალური სისტემა აუზს წყალს პირდაპირ ოკეანიდან აწვდის, კრისტალურად ასუფთავებს და 260ჩ-მდე ათბობს, რისი წყალობითაც ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ კომფორტულად ცურვა და წყლის სპორტით დაკავება. აუზის მშენებლობა 5 წელიწადს გაგრძელდა და 2 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდება მოითხოვა.
ყველაზე თვალწარმტაცი
კუნძულ ბალიზე, მდინარე აიუნგის ხეობაში, ჯუნგლებსა და ტროპიკული მცენარეების ბაღებში ჩაფლული Ubud Hanging Gardens-ი 38 ვილისგან შემდგარ სასტუმრო კომპლექსს წარმოადგენს. თითოეულ ვილას თავისი აუზი აქვს, ყველა ერთად კი ორსართულიან პანორამულ წყალსატევს ქმნის. დიზაინერებისა და არქიტექტორების დამსახურებით აუზი ორგანულად ერწყმის ულამაზეს ბუნებრივ ლანდშაფტს და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს დამსვენებელთა შორის. იქვე, ახლოს, მდებარეობს უძველესი მოქმედი ბუდისტური მონასტერიც.
ყველაზე მინიმალისტური
ბერძნულ კუნძულ თინოსზე გაშენებულია კერძო რეზიდენცია Mirage House. მთაგორიან ადგილას მდგარი შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობა ბრტყელ სახურავზე განთავსებული დიდი აუზია, რომლის ზომებიც შენობის პერიმეტრს სცდება. “წყლის სახურავი” განტვირთვასა და გაგრილებასთან ერთად ეგეოსის ზღვის პანორამული ხედით ტკბობის საშუალებასაც იძლევა.
ყველაზე გრძელი აუზი-სახურავი
შენობის სახურავად აუზის გამოყენების იდეა მხოლოდ კერძო რეზიდენციების დამპროექტებელ არქიტექტორებს როდი მოსვლიათ თავში – ამგვარი გადახურვა ბევრი სასტუმროს განმასხვავებელი ნიშანია.
ნამდვილად შთამბეჭდავია ამ თვალსაზრისით სინგაპურის ოტელ Marina Bay Sands-ის 57-ე სართულზე მდებარე Observation Deck-ი. სასტუმროს სამ 56-სართულიან კორპუსს ერთიანი უზარმაზარი ნავის ფორმის სახურავი ადგას თავზე, ნავის გემბანზე კი 150-მეტრიანი აუზია განთავსებული. აქედან სინგაპურისა და ინდონეზიის ახლომდებარე კუნძულების თავბრუდამხვევი ხედები იშლება. სასტუმროს ბინადრებისთვის აუზით სარგებლობა უფასოა, სტუმრებისთვის კი ფასი 32 სინგაპურულ დოლარს შეადგენს.
ყველაზე “საშიში”
მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ამერიკული Golden Nugget-ი ელის. ამ სასტუმროს სამდონიან, ჩანჩქერებიან აუზში დამონტაჟებულია უხილავი, გამჭვირვალე მილი და ტურისტები პრაქტიკულად მტაცებელი თევზების გარემოცვაში დაცურავენ. აქ ზვიგენის 16-ზე მეტი და თევზების რამდენიმე ასეული სახეობა ბინადრობს.
ყველაზე ღრმა
“Y-40” – ასე ეწოდება მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზს, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ემანუელე ბოარეტოს პროექტის მიხედვით არის შექმნილი. აუზის ღრმა ნაწილს 40-მეტრიანი ცილინდრის ფორმა აქვს და სპეციალური წნევაგამძლე ფილებით არის მოპირკეთებული. წყლის ტემპერატურას 32-340C-ზე ინარჩუნებენ.
დაივინგის მოყვარულთათვის მოწყობილია ხელოვნური წყალქვეშა გამოქვაბულებიც.
“Y-40-ს” ყოველწლიურად 100 000-მდე ადამიანი სტუმრობს. გარდა იმისა, რომ ეს უნიკალური აუზი დაივერებისა და აკვალანგისტების სასწავლო ცენტრია, აქ მრავალი სამეცნიერო კვლევაც ტარდება, მაგალითად, ადამიანის ორგანიზმზე მაღალი წნევის ზემოქმედების ან მასალებისა და დანადგარების წნევაგამძლეობის შესასწავლად.
ყველაზე ჰაეროვანი
შანხაიში, სასტუმრო Holiday Inn-ის 24-ე სართულზე, არის აუზი, სადაც დაუვიწყარი განცდა დაგეუფლებათ – ცისა და მიწის გასაყარზე ცურვის განცდა. საქმე ის გახლავთ, რომ აუზის ზეგამძლე შუშისგან დამზადებული ერთი ნაწილი სცდება შენობის კარკასს და პრაქტიკულად ჰაერშია გამოკიდებული. ამას მართლაც შეუდარებელი ეფექტი აქვს.
აქ ცურვამ ბევრს სიმაღლისა და სიღრმის შიში დააძლევინა.
ყველაზე ფუტურისტული
წყალში ლივლივი მხოლოდ სიცხეში როდია სასიამოვნო. ავსტრიული ოტელის Aqua Dome-ს თერმულ აუზებში ღია ცის ქვეშ ცურვა ნებისმიერ სეზონზე შეიძლება. წყლის ტემპერატურა აქ მუდმივად 34-360C-იან ნიშნულზეა.
დიზაინითა და არქიტექტურით აუზები შორეული პლანეტიდან ჩამოფრენილ კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ.
ყველაზე უსასრულო
მალდივის კუნძულებზე მდებარე სასტუმრო Rangali Island-ის აუზი ნამდვილად ტოვებს უსასრულობის განცდას. ის სასტუმროს სანაპირო ზოლიდან იწყება და ისე შეუმჩნევლად იჭრება ინდოეთის ოკეანის წყლებში, რომ ტურისტს თვალუწვდენელ სტიქიაში ცურვის შთაბეჭდილება რჩება.
წყალში ადამიანი უწონობის მდგომარეობაში იმყოფება. ამ ეფექტს მაქსიმალური თავისუფლების შეგრძნება მოაქვს. წყალში არ იზღუდება მოძრაობა და სხეული სიმსუბუქესა და დინამიკას იძენს.
მართალია, სიცოცხლე წყლიდან ხმელეთზე ამოვიდა, მაგრამ ჩვენ კვლავინდებურად წყალში ვცხოვრობთ – ახლა ის უბრალოდ ჩვენშია, ჩვენს სხეულებში…
ირაკლი კარტოზია











