ნიცა აბაშიძე – ქართული ლაბორატორიის ამაგდარი

გააზიარე:

70-იან წლებში ნიცას ლაბორატორია მთელ საქართველოში იყო განთქმული. თუ ვინმეს დიაგნოზში ეჭვი ეპარებოდა ან საერთოდ ვერ ადგენდა ავადმყოფობის მიზეზს, მხსნელად ნიცა ეგულებოდა.

ნიცა აბაშიძე – ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში – თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმმა გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ გაიხსენა. მანვე დაგვაკავშირა კოლეგებთან, რომლებიც წლების განამვლობაში მუშაობდნენ ნიცას გვერდით.

 

ხუტა პაჭკორია:

– ნინო აბაშიძეს ყველა ნიცად იცნობდა. საოცარი ადამიანი იყო – ენერგიული, მოსიყვარულე, საქმის უბადლო მცოდნე.

ნიცა 1913 წელს დაიბადა თბილისში. 1938 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, ავჭალის საექიმო უბნის გამგედ დანიშნეს, ხოლო 1941 წელს – თბილისის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელად. რვა წლის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. 1969 წლიდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ლაბორანტი და ექიმ ლაბორანტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

 

მთავარი დამსახურება

– აუცილებლად უნდა ვახსენო ნიცა აბაშიძის სამეცნიერო-კვლევითი და ორგანიზატორული ნიჭი. პრაქტიკულად, მისი ინიციატივით გაიხსნა მთელ საქართველოში ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიები. შესანიშნავი პრაქტიკოსი ლაბორანტიც იყო. ყოველგვარი ანალიზის გაკეთება შეეძლო. ხშირად ისეთი ინფექციის ნიშნებიც აღმოუჩენია, რომელსაც სხვა ვერავინ ამჩნევდა. ყველამ იცოდა, რომ თუ ანალიზს ნიცა გააკეთებდა, დიაგნოზს წყალი არ გაუვიდოდა, ამიტომ ყველაზე რთულად სადიაგნოზო შემთხვევებში მას მიაშურებდნენ ხოლმე, მიჰქონდათ ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, პათანატომიური კვლევისთვის გამზადებული ნაცხები. დახედავდა ქსოვილს მიკროსკოპის ქვეშ და – დიაგნოზი სრულიად იცვლებოდა.

ასპირანტებისა და მაძიებლების მფარველ ანგელოზს ეძახდნენ: თემებზე მუშაობისას ისინი ცდებს ლიტერატურაში მითითებული სქემების მიხედვით ატარებდნენ, მაგრამ ხშირად არაფერი გამოსდიოდათ. მაშინ კი ნიცას მიაკითხავდნენ ხოლმე. ნიცა ჩუჯდებოდა, წაიკითხავდა, გააანალიზებდა, სქემაში შეცდომას იპოვიდა და გაასწორებდა, ზოგჯერ თვითონვე ჩაატარებდა ცდას.

ერთ აკადემიკოსზე ამბობდა, ბიოქიმიის ოთხი ტომი აქვს დაწერილი, მაგრამ მისი სახელმძღვანელოს მიხედვით ვერც ერთი ცდა ვერ ჩავატარე – თეორიის მიღმა არაფერი იცის, საკუთარი ხელით ერთი ანალიზიც არ გაუკეთებიაო.

 

სოკოების მრავალფეროვანი სამყარო

– ზედმიწევნით იცოდა მიკოლოგია. ლაბორატორიის ერთ კარადაში სოკოების მუზეუმი ჰქონდა მოწყობილი. ყველანაირი სოკოს ნიმუშს ინახავდა, რომელიც კი ოდესმე შეხვედრია. ამ მუზეუმის სანახავად მოსკოვიდან და ლენინგრადიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ნიცას დიდ პატივს მიაგებდნენ ამ სფეროს ავტორიტეტები: დიდი მეცნიერი, მიკოლოგი ნიკოლაი კაშკინი, ცნობილი ინფექციონისტები ალექსანდრ ბილიბინი, კოსტანტინ ბუნინი, დიდი კლინიცისტი ანატოლი ბლუგერი... რეგულარულად იწვევდნენ მოსკოვსა და ლენინგრადში გამართულ მიკოლოგთა კონფერენციებზე. რა თქმა უნდა, საქართველოშიც დიდად აფასებდნენ, განსაკუთრებით – წამყვანი ინფექციონისტები: გიორგი კვიტაშვილი, ეთერ ბოცვაძე, ლადო ბახუტაშვილი, დერმატოლოგი ლუბა შეწირული და სხვები.

ცნობილმა გასტროენტეროლოგმა ბაადურ რაჭველიშვილმა გასტრიტის წარმოშობაში კანდიდოზების როლზე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. მან დაამტკიცა, რომ სოკო კანდიდა იწვევს გასტრიტს როგორც სინჯარაში (ინ ვიტრო), ისე ცოცხალ ორგანიზმში (ინ ვივო). ეს ხდება ლაქტობაცილების წინასწარი შემცირების ხარჯზე, რასაც შხამქიმიკატების ზემოქმედება განაპირობებს. მახსოვს, ამის დასადგენად ტესტი ქალბატონ ნიცასთან ერთად ჩავატარეთ. იმდენად თვალნათელი შედეგი მივიღეთ, რომ დისერტაციის დაცვის დროს ბაადურის ოფიციალურმა ოპონენტმა, პროფესორმა ჰაიცელ ვექსლერმაც აღნიშნა: ბევრი ნაშრომი გვინახავს, მაგრამ მიზეზშედეგობრივი კავშირი ასე თვალნათლივ რომ ჩანდეს, ილია მეჩნიკოვის ნაშრომების შემდეგ თითქმის არ მახსენდებაო. მეჩნიკოვი კი მიკრობიოლოგიაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

 

კარგი აღმზრდელი

– ნიცასთან მეგობრობა ყველას უხაროდა და ეამაყებოდა. განსაკუთრებით ბევრი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰყავდა. მათ შორის – ცნობილი ნეფროლოგი ქეთევან ანჯაფარიძე, გამოჩენილი ოტორინოლარინგოლოგი თამაზ თოხაძე, შესანიშნავი ქირურგები თენგიზ ახმეტელი, გოგი კაკოიშვილი, უროლოგი სორთმან ჯაფარიძე. ცნობილ პათანატომს თამარ დეკანოსიძეს ძალიან უყვარდა ნიცა. პირადად მე თავს ბედნიერად ვრაცხ, რომ მასთან ერთად მიმუშავია, არაერთი გამოკვლევა და ცდა ჩამიტარებია.

ლაბორატორიაში ძალიან მტკიცე გუნდი შექმნა. ახალგაზრდა თანამშრომლები საუკეთესო სპეციალისტებად აქცია. ნელი ახობაძე, მისი საუკეთესო მოწაფე, დღესაც მუშაობს ჩვენთან. მისი ნამოწაფრები იყვნენ და არიან თამილა ამირიძე, მანანა ხორნაული, ლია ღონღაძე, მარინა შალამბერიძე, სედა ზაზუნაშვილი, სვეტა იაშვილი, ალა მიქელაძე, ლამარა ახვლედიანი, მარინა ლონდარიძე, მანანა ჯაფარიძე ლალი ტაბახმელაშვილი, ლია გაჩეჩილაძე, ეთერ ნეფარიძე, ლალი კოხრეიძე, ნინო ხაჭაპურიძე, ფაინა ივანოვა, ზორია კილაძე, შესანიშნავი ბაქტერიოლოგები ირინა ქუთათელაძე და ლილი გიორგობიანი... ნიცას გარდაცვალების შემდეგ ლაბორატორიას რუსუდან გუჯეჯიანი ჩაუდგა სათავეში, ახლა კი მას ეკატერინე კუპატაძე ხელმძღვანელობს და ღირსეულად აგრძელებს წინამორბედთა მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას.

ნიცა აბაშიძის გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, თამარ დეკანოსიძემ კოლეგებს შესთავაზა, ლაბორატორიისთვის, რომელსაც ყველა ისედაც “ნიცას ლაბორატორიას” ეძახდა, ოფიციალურად მიენიჭებინათ მისი სახელი. იდეა აიტაცეს, მაგრამ ქართული დაუდევრობის წყალობით მისი განხორციელება ვეღარ მოხერხდა...

 

ნელი ახობაძე:

– ნიცა საოცარი ადამიანი გახლდათ. მასზე ძვირის მთქმელს ვერ იპოვიდით. იყო მრავალმხრივ განათლებული. მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი გესიამოვნებოდა – ლიტერატურასა თუ ხელოვნებაზე, მათემატიკასა თუ ფიზიკაზე...

უფროს ექთან გალინა რუხაძესა და ბაქტერიოლოგ ირინა ქუთათელაძესთან მეგობრობდა. ყველგან ერთად დადიოდნენ. ულამაზესი სამეული იყო – შოლტივით ქალები ნამდვილი ქართული სახით.

ხელქვეითებთან იყო მომთხოვნი, მაგრამ გაწონასწორებული. ხმას არ აუწევდა. ლაბორატორიის გარეთ თანამშრომელზე ცუდს ვერ ათქმევინებდი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს უმაღლეს დონეზე გვთხოვდა. ამიტომ იყო ჩვენი ლაბორატორია ასეთი კარგი. იმხანად ხარისხის კონტროლი ახალი ხილი გახლდათ. 7-8 ქვეყნის 68 წამყვანი ლაბორატორია შეამოწმეს და ჩვენ მესამე ადგილი დავიკავეთ. ეს ჯილდო ნიცას ძალიან ეამაყებოდა.

მანამდე არსებული პრაქტიკით, თითო საავადმყოფოში რამდენიმე ლაბორატორია ფუნქციობდა, რომლებიც სხვადასხვა განყოფილებას ეკუთვნოდა. ნიცამ ისინი გააერთიანა და ცენტრალურ ლაბორატორიებად აქცია. მასთან ერთად დავდიოდით მთელ საქართველოში, ვეხმარებოდით კოლეგებს, ვუწყობდით ლაბორატორიებს, ვასწავლიდით. იმ პერიოდში საქართველოში თითქმის ყველა ლაბორატორია მისი ხელმძღვანელობით იყო გამართული.

გარდა ამისა, ასწავლიდა სამედიცინო ტექნიკუმში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. მისი ხელდასხმით ჩვენც გამოვდიოდით აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თემით. როდესაც უცხოეთიდან მნიშვნელოვანი სტუმრები ჩამოდიოდნენ, საუკეთესო თანამშრომლებს აუცილებლად წარუდგენდა.

ხარისხის დაცვა რომ დავაპირე, მითხრა: პრაქტიკოსად დარჩი, ხალხს დაეხმარე, ლაბორატორიებს, კოლეგებს – ყველაფერზე წინ ეს დააყენეო. ხშირად გვიმეორებდა: “დაიმახსოვრეთ, სინჯის უკან ავადმყოფი დგას”. ეს ნიშნავდა, რომ საქმეს ფაქიზად, ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით.

ერთხელ მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ არაფრისდიდებით არ წავიდა შინ. სწორედ იმ დღეს ცნობილი აკადემიკოსი მოვიდა ანალიზისთვის. ნიცამ, რაკი თავს ცუდად გრძნობდა, მისთვის სისხლის აღება მე მთხოვა (მაშინ თითიდან ვიღებდით მსხვილი საჩხვლეტით, რაც საკმაოდ უსიამოვნო პროცედურაა), მაგრამ პაციენტი ცივ უარზე დადგა – მხოლოდ ნიცამ ამიღოსო... მოგვიანებით ბოდიში მომიხადა და წიგნების ორი კარადაც გამომიგზავნა სინანულის ნიშნად – კარგა ხანს გვედგა ლაბორატორიაში.

რუსეთში თუ რამე სიახლეს დანერგავდნენ, აუცლებლად შეატყობინებდნენ. ან მე მგზავნიდა, ან თვითონ მიდიოდა მის გასაცნობად. არც გარდაცვალების შემდეგ დავიწყებიათ. მაგალითად, ბელორუსიის (ახლანდელი ბელარუსის) კლინიკური ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა ვლადიმირ კოლბმა ბიოქიმიის კრებული რომ გამოსცა, პირველი ეგზემპლარი ნიცას გამოუგზავნა; როცა მეორე ტირაჟი გამოვიდა, ნიცა ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ მისდამი პატივისცემის ნიშნად ავტორმა ჩვენს ლაბორატორიას ათი წიგნი აჩუქა.

 

 

სვეტლანა იაშვილი:

– მე რუსულ სექტორზე ვსწავლობდი, ნიცა აბაშიძე კი ქართულ სექტორს ასწავლიდა, თუმცა მიკრობიოლოგიაში პრაქტიკულ მეცადინეობას მასთან, მიხეილის საავადმყოფოში გავდიოდი. სწავლის დამთავრების შემდეგ ქალბატონ ნიცასთან დავიწყე მუშაობა. თანამშრომლებს ხშირად გვიტარებდა ლექციებს.

ძალიან გვიყვარდა. თხოვნაზე უარს არასოდეს გვეტყოდა და, საერთოდ, არ იყო მკაცრი უფროსი, მაგრამ მაინც მისი დიდი რიდი გვქონდა...

 

---

ნიცა 67 წლისა გარდაიცვალა, მეუღლის, პოლკოვნიკ ზვიად გაბუნიას გარდაცვალებიდან სამიოდე წლის შემდეგ, თუმცა პირველ შვილიშვილს, ერთადერთი გოგონას პირმშოს, მოესწრო.

ნიცა აბაშიძემ უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ ლაბორატორიულ მედიცინას. მისი გარდაცვალებიდან 38 წლის შემდეგაც კი მისი სახელი პროფესიონალიზმის სინონიმად რჩება.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: