ლევან ანჯაფარიძე - კაცი, რომელმაც მედიცინა ხელოვნებად აქცია

გააზიარე:

1950-1956 წლებში ქართულმა მედიცინამ დიდი დანაკლისი განიცადა – ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ შინაგანი მედიცინის კორიფეები: ალექსანდრე ალადაშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, გრიგოლ დიდებულიძე, თადეოზ მამალაძე და მიხეილ წინამძღვრიშვილი. თუმცა თერაპიულ საზოგადოებას ახალ ლიდერებად არანაკლებ ნიჭიერი ექიმები – ლევან ანჯაფარიძე და გიორგი (გოგი) მხეიძე მოევლინნენ.

გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, რომელმაც არაერთი ცნობილი თუ დღეს უკვე მივიწყებული ექიმის ბიოგრაფია გაგვაცნო, ამჯერად ლევან ანჯაფარიძეზე მესაუბრა. მანვე დამაკავშირა მის ქალიშვილს, საყვარელ ქალბატონ ქეთის, და ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე კიდევ ერთი სახე გაცოცხლდა: საოცარი ხიბლით დაჯილდოებული პიროვნება, შეუცდომელი ინტუიციის მქონე პრაქტიკოსი ექიმი, ფართო აზროვნების მეცნიერი, საინტერესო მოსაუბრე, მგზნებარე მოცეკვავე, ნადირობის დიდი ტრფიალი, უბადლო თამადა, საუკეთესო მეგობარი და გულჩვილი მამა.

  • ცნობილების ოჯახი

– ლევან ანჯაფარიძე 1902 წლის 23 ნოემბერს დაიბადა ქუთაისში, იმ დროს საკმაოდ ცნობილ და შეძლებულ ოჯახში. მამამისი, ივლიანე ანჯაფარიძე, ნოტარიუსად მუშაობდა, დედა, მარიამ მესხი, კოტე მარჯანიშვილის ახლო ნათესავი, მსახიობიც ყოფილა და ერთხანს თურმე ქუთაისის დრამატულ საზოგადოებასაც თავმჯდომარეობდა. ხელოვნების სიყვარული შვილებს დედისგან გამოჰყვათ. ვერიკო ქართული სცენის ლეგენდა გახდა, მერი – კინორეჟისორი, ასევე კინორეჟისორ გიორგი დანელიას დედა.
ანჯაფარიძეების ხუთი შვილიდან ელენე ბავშვობაშივე გარდაიცვალა, ლულუშაც საკმაოდ ახალგაზრდა შეიწირა ტუბერკულოზმა, თუმცა შვილი დარჩა.
ცოლ-ქმარმა ბავშვებს საუკეთესო განათლება მისცა. ლევანმა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. მესამე კლასში იყო, როცა ჭადრაკის კლუბი დააარსა. სამეცადინოდ და სათამაშოდ ბავშვები ანჯაფარიძეების დიდი, ორსართულიანი სახლის სასტუმრო ოთახში იკრიბებოდნენ. სხვათა შორის, მერიმ და კოლია დანელიამ, მოგვიანებით – ცნობილმა მეტრომშენებელმა, სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და თხუთმეტი წლის შემდეგ შეუღლდნენ.

  • ექიმის სარბიელი

– ლევანმა გიმნაზია 1920 წელს დაამთავრა და თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებშივე მუშაობდა ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრაზე, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი სამი წელი – ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ორდინატორად. საქართველოში შინაგანი მედიცინის ფუძემდებელმა სპირიდონ ვირსალაძემ შეამჩნია ნიჭიერი ახალგაზრდა და ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტში ასისტენტად წაიყვანა. ვირსალაძე მალე გარდაიცვალა. ლევანმა მუშაობა თსსუ-ს შინაგან სნეულებათა კლინიკაში გააგრძელა ნიკოლოზ ყიფშიძის ხელმძღვანელობით. ძალიან ჰყვარებია თავისი მასწავლებელი – როცა ნიკოლოზ ყიფშიძე ურეკავდა, პატივისცემის ნიშნად ყოველთვის ფეხზე დგებოდა და ისე ელაპარაკებოდა.
ნიკოლოზ ყიფშიძის გარდაცვლების შემდეგ ლევანი მის ადგილას, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის გამგედ დანიშნეს.
ერთდროულად რამდენიმე ადგილას მუშაობდა: ავჭალის შრომა-გასწორების დაწესებულებაში, ვენეროლოგიისა და დერმატოლოგიის ინსტიტუტში, ჩხარის საავადმყოფოში, მეოთხე გაერთიანებულ დისპანსერში, შინსახკომის პოლიკლინიკაში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში... საკონსულტაციოდაც ხშირად იწვევდნენ.

  • უშეცდომო მკურნალი

– სწორი დიაგნოზის დასასმელად ლევანს ინტუიციაც ჰყოფნიდა. პაციენტს გამოკითხავდა, მოუსმენდა, გასინჯავდა... მის მიერ მხოლოდ პერკუსიის (სხეულზე დაკაკუნების) და აუსკულტაციის (ფონენდოსკოპით მოსმენის) საფუძველზე დასმული დიაგნოზი თითქმის ყოველთვის მართლდებოდა. იმ დროს ასეთი წესი იყო: სტაციონარში გარდაცვლილი პაციენტების გვამებს კვეთდნენ და პათოლოგანატომიურ დასკვნასა და კლინიკურ დიაგნოზს ერთმანეთს ადარებდნენ. დამთხვევის ყველაზე დიდი პროცენტი უმეტესად იმ კათედრას ჰქონდა ხოლმე, სადაც ლევანი მუშაობდა.
ლევანს საბოლოო დიაგნოზის ოსტატად მიიჩნევდნენ და რთული შემთხვევების დროს ხშირად აკითხავდნენ. ყველას ეიმედებოდა – ექიმებსაც და პაციენტებსაც.


ერთხელ, ჯერ კიდევ რეპრესიების პერიოდში, 1939 წელს, ლევანი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში სიძეებთან: კოლია დანელიასა და მიხეილ ჭიაურელთან – და მეგობართან, დავით შოთაძესთან ერთად ქეიფობდა. შუაღამე გადასული იყო, როცა მათ მაგიდას თბილისის მილიციის ყოფილი უფროსი შალიკო წერეთლი მიადგა და ლევან ანჯაფარიძეს გაყოლა სთხოვა. ყველას ეგონა, ლევანს აპატიმრებდნენ. თურმე ლავრენტი ბერიას დედა გამხდარიყო ავად. იმხანად ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. პაციენტი კრემლის ცნობილ ექიმს ვლადიმირ ვინოგრადოვს გაესინჯა, გულის შეტევის დიაგნოზი დაესვა და უამრავი წამალი და წოლითი რეჟიმი გამოეწერა. ბერიამ რატომღაც გადაწყვიტა, დედა სხვა ექიმისთვისაც ეჩვენებინა... ლევანი ჯერ შეშინდა, მაგრამ როცა გაიგო, რაშიც იყო საქმე, დამშვიდდა. პაციენტი გასინჯა, არ შეუშინდა წინამორბედის ავტორიტეტს – გულის შეტევა გამორიცხა, წამლები მოუხსნა და მოსთხოვა, ფეხზე ამდგარიყო.


მას შემდეგ ლევანი ყოველ დილა-საღამოს მანქანით მიჰყავდათ პაციენტის სანახავად. მუშაობაში ხელი ეშლებოდა, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა... ის კი არა, ლავრენტიმ უთხრა: მოსკოვში გადმოსვლა მოგიწევთ, სანდო სპეციალისტი ახლოს უნდა გვეგულებოდესო. ლევანმა ფრთხილად იუარა, თუმცა ყველამ ურჩია, ბერიას წინააღმდეგობას ნუ გაუწევო. ისე მოხდა, რომ კომისარმა რატომღაც ვეღარ მოიცალა ამ საქმისთვის და ლევან ანჯაფარიძე საქართველოში დარჩა.
მკურნალობდა სტალინის დედას კეკესაც, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. კეკეს მისი შვილის, პატარა ქეთევანის მონათვლაც უნდოდა... ნათლობა, რა თქმა უნდა, არ შედგა, თუმცა ამ ნაცნობობის წყალობით ვორონცოვზე, ელიტურ სახლში მიიღეს ბინა. იმ სახლში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ალიო მირცხულავა, ვიქტორ კუპრაძე. ანჯაფარიძეებმა მთელი ცხოვრება იქ გაატარეს.

  • მოყოლილი ამბები

– მართალია, მე თვითონ ლევან ანჯაფარიძეს ვერ მოვესწარი, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ გამიგონია ჩემი ლექტორებისგან. პროფესორი ოქროპირ გოგიბერიძე ამბობდა, ლევანი ვისცერული სიფილისის საუკეთესო დიაგნოსტიკოსად იყო ცნობილი და რომან ლურიასაც კი ჯობდა, რომელსაც ამ ავადმყოფობაზე ექიმებისთვის ვრცელი სამაგიდო წიგნი ჰქონდა გამოქვეყნებულიო, ხოლო ზუგდიდელი თერაპევტი შოთა ჭედია, რომელიც ლევანის ლექციებს ისმენდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ასეთ ამბავს შეესწრო: აუდიტორიაში შეიყვანეს ცნობილი მომღერალი, რომლესაც ხმა ჩახლეჩოდა. საბჭოთა კავშირის საუკეთესო ოტორინოლარინგოლოგებმა და ონკოლოგებმა ვერაფერი უშველეს. ლევანმა აუდიტორიას მისი ფირფიტების ჩანაწერი მოასმენინა, მერე თავად პაციენტი ამღერა ჩახლეჩილი ხმით. დაუსვა ლუესის დიაგნოზი, გამოუწერა უბრალო წამალი – ბიეტის მიქსტურა და ერთი თვის შემდეგ იმავე აუდიტორიაში უკვე თავისი პირვანდელი ხმით ამღერა. დარბაზი ლამის დაანგრია ოვაციებმა.


შოთა ჭედიამ ერთი კომიკური შემთხვევაც გაიხსენა: გურული ქალბატონი, რომელიც, მეუღლის თქმით, ტყვიამფრქვვივით ისროდა სიტყვებს, დადინჯდა, თითო-ოროლა სიტყვას თუ ამოღერღავდა ხოლმე, დასუსტდა, გულისრევა, უმოძრაობა დასჩემდა. ლევანმა ერთი შეათვალიერა პაციენტი, მერე ხელისგულებზე დახედა, ღარებს დააკვირდა და გულმკერდის რენტგენოგრამა მოითხოვა. წინდახედულ პაციენტს ხუთი ძველი რენტგენოგრამა აღმოაჩნდა. ლევანმა ახალიც გადააღებინა და ექიმებს აჩვენა, როგორ უპატარავდებოდა პაციენტს გული დროთა განმავლობაში. ასე დასვა ადისონის დაავადების დაიგნოზი, რომელიც კლინიკურ-ლაბორატორიულმა გამოკვლევამ დაადასტურა. ლევანმა ქალს იმხანად ჯერ კიდევ ახალი პრეპარატი – კორტიზონი დაუნიშნა. პაციენტი მალე მომჯობინდა, გულიც გაეზარდა, ჩვეული სიმკვირცხლეც დაუბრუნდა... ქმარს, რა თქმა უნდა, უხაროდა, მაგრამ ის კი აღარ მოეწონა, რომ ცოლი უწინდებურად ალაპარაკდა.


ექიმთა დახელოვნების ინსტიტუში, სადაც ლევანი კათედრის გამგე იყო, ექიმები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ყველას გაეგონა თბილისელი დიდი თერაპევტის, ბრწყინვალე ლექტორის შესახებ და მასთან მოხვედრას ცდილობდნენ. ერთმა ლენინგრადელმა ლევანს უსაყვედურა – მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობთ ავადმყოფებსა და ექსპერიმენტებზე, საცდელ ცხოველებს კი არაფრად აგდებთო. ამაზე ლევანმა უილიამ ოსლერის ცნობილი გამონათქვამით უპასუხა: საავადმყოფოს პალატები მსოფლიოში უდიდესი სამეცნიერო ლაბორატორიებიაო, – რასაც ექიმების მქუხარე ტაში მოჰყვა.


ერთ ზუგდიდელ პაციენტს, რომელსაც წლების წინ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი დაუსვეს, ჯანმრთელობის შესამოწმებლად ლევანს მრავალი წლის შემდეგაც აკითხავდა ხოლმე. რაკი თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ორიგინალური რამ მოიფიქრა: რკინიგზაზე მუშაობდა, ამიტომ ადვილად იგებდა, როდის მიემგზავრებოდა ლევანი მოსკოვში და სენაკის სადგურზე ძღვენით ხელდამშვენებული დახვდებოდა ხოლმე. ლევანი ვაგონშივე გასინჯავდა, მერე დალევდნენ, დაილოცებოდნენ და სოხუმში დაიშლებოდნენ.

  • კოლეგების საყრდენი

– ლევანს იშვიათი დაავადებების ამოცნობის განსაკუთრებული ალღო ჰქონდა. საქართველოში პირველმა მან დასვა პერიოდული დაავადების დიაგნოზი – მოსკოვიდან ტუბერკულოზური პერიტონიტის დიაგნოზით ჩამოსულ ავადმყოფს დაუდგინა. წითელი მგლურას შემთხვევებიც პირველმა აღწერა. ექიმებმა პირველად მისგან შეიტყვეს უდენ-როემჰელდის სინდრომის შესახებ, რომელიც შემდეგ გაბო ქობულიამ აღწერა. ლევანს უგზავნიდნენ და უგზავნიდნენ ამ სინდრომის მქონე პაციენტებს, ისე რომ, სამასამდე შემთხვევის ისტორია შეუგროვდა.
ლევანი დაავადებების ყოველ დეტალში ერკვეოდა. თავადაც ფლობდა ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს. მგზნებარედ ეხმარებოდა ახალგაზრდებს. როდესაც რთულ შემთხვევას წააწყდებოდა, საჭირო ლიტერატურას მოუძებნიდა და წიგნები საკუთარი ბიბლიოთკიდანაც კი მიჰქონდა ახალბედა ექიმისთვის. ალღოთი გრძნობდა უმცროსი კოლეგების შესაძლებლობებს. მისი შემოვლებისა, ცოტა არ იყოს, ეშინოდათ კიდეც ექიმებს, რადგან ტვინის საჭყლეტი კითხვების დასმა იცოდა, თუმცა მკურნალს პაციენტის არასდროს მისცემდა შენიშვნას. პირიქით, შეაქებდა, რომ პაციენტების თვალში მისი ავტორიტეტი აეწია. ამბობდა, თუ პაციენტის ნდობა ვერ დაიმსახურეთ, ის თქვენს დანიშნულებას არ შეასრულებსო.


თვითონ პაციენტებს გულისხმიერად, ტაქტიანად ეპყრობოდა. მათაც ისე სჯეროდათ მისი, რომ სიტყვითაც კი კარგად ხდებოდნენ. კოლეგებს ეტყოდა ხოლმე: ჩახედეთ ავადმყოფს თვალებში – როცა დაინახავთ, რა იმედით მოელის თქვენგან შველას, უსათუოდ შეგიყვარდებათო.
კონსილიუმზე ლევანის მისვლა ნებისმიერი კლინიკის პერსონალისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ავადმყოფს ყურადღებით გასინჯავდა, ექიმს მოუსმენდა... დამატებით კვლევას არასოდეს ითხოვდა, პირდაპირ იტყოდა დიაგნოზს, რომელსაც შემდეგ გამოკვლევა ადასტურებდა,
უამრავი მიღწევა ჰქონდა, მაგრამ კარიერაზე თითქმის არ ფიქრობდა. ორჯერ გამოიქცა სამკურნალო კომბინატიდან, სადაც თერაპიული განყოფილების გამგედ მუშაობდა (იმხანად იქ მკურნალობდა ბოლშევიკური ელიტა). მესამედაც დანიშნეს. ერთხელ, გვიან საღამოს, სახლში დაურეკეს, სასწრაფოდ მოდიო. ცეკას მდივნის ქალიშვილი მშობიარობდა. წავიდა. ქალის ოჯახს ქვეყანა შეეძრა – სამშობიარო ბლოკთან უამრავი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი დახვდა. ლევანი შიგნით შევიდა, დახედა მშობიარეს, გამოვიდა და თქვა, მე ბებიაქალი არ ვარ, ჩემი ადგილი აქ არ არისო. მას შემდეგ ლეჩკომბინატისკენ აღარც გაუხედავს.

  • მედიცინისთვის

– ქართულ მედიცინას ლევანმა ბევრი რამ შესძინა. გარდა იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობით დახელოვნების ინსსტიტუტში ასეულობით ექიმმა გაიღრმავა ცოდნა, მეცნიერულ მუშაობასაც ეწეოდა. დატოვა 80-მდე ნაშრომი, ყველა – აქტუალური და საინტერესო. არაერთი სიახლეც დანერგა. მაგალითად, გახსნა საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური განყოფილება, რომლის ბაზაზეც ენდოკრინოლოგიური მიმართულება მისმა მოწაფემ, ვაჟა ლეკიშვილმა განავითარა. არის საქართველოში კლინიკური ჰემატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელიც. ჩაატარა გამოკვლევები და არაერთი ნაშრომი დაწერა ანემიებზე, სისხლის გადასხმის საჭიროებასა და ეფექტურობაზე. პირველმა გამოიყენა ღვიძლის პრეპარატები ანემიების სამკურნალოდ. ღვიძლის ექსტრაქტით თბილისის ხორცკომბინატი ამარაგებდა და განსაკუთრებული შედეგი ჰქონდა პერნიციოზული ანემიის დროს. ეს უკანასკნელი მძიმე დაავადებად მიიჩნეოდა და მის სამკურნალოდ ღვიძლის გამოყენებისთვის ამერიკელ მეცნიერს ნობელის პრემია მიენიჭა. საქართველოში ეს მეთოდი ლევანმა დანერგა. მანამდე მიაჩნდათ, რომ ღვიძლის პრეპარატები კიბოს იწვევდა, ისევე როგორც სისხლის გადასხმა. ლევანმა კი გამოთქვა ვარაუდი, რომ კიბოს მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო აქილიური გასტრიტი (როცა მჟავიანობა ნულის ტოლია), ანუ იგივე ფაქტორი, რომელიც ანემიასაც იწვევს.
ლევან ანჯაფარიძემ საფუძვლიანად შეისწავლა კურორტი ლებარდე, მუხურის მინერალური წყლები. დაადასტურა, რომ ისინი ქლორკალციუმს შეიცავს და შესაძლებელია სამედიცინო მიზნით მათი გამოყენება. საქართველოში პირველმა დაიწყო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა და რამდენიმე წელიწადში თავისი გამოცდილება სხვა ექიმებსაც გაუზიარა. პირველად აღწერა პიკის ფსევდოციროზი – გულის პერანგის შეხორცების დროს ღვიძლში მომხდარი ცვლილებები. პაციენტებს ურჩევდა, ჯავშნიანი გულისგან განსაკურნებლად ოპერაცია გაეკეთებინათ. სხვათა შორის, მაშინ ამ ოპერაციას ადგილობრივი ანესთეზიით, ნოვოკაინით ატარებდნენ. ოთარ ჭუმბურიძეს ჰქონდა ბრწყინვალე შედეგები.


ლევანმა აღწერა იშვიათი ეტიოლოგიის სეფსისები და ამ თემაზე დისერტაციაც დაიცვა. შემდეგ ამ მიმართულებას ვახტანგ ბოჭორიშვილი ჩაუდგა სათავეში.
გიორგი მხეიძესთან ერთად გამოსცა რამდენიმე წიგნი ავადმყოფის მოვლაზე და შინაგან სნეულებათა სახელმძღვანელო ორ ტომად. მართალია, მას შემდეგ მედიცინამ დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ ეს გამოცემა მაინც საუკეთესოდ მიიჩნევა, რადგან ექიმების მიერ პირადი გამოცდილების საფუძველზეა დაწერილი.
ლევანი აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებში, ყრილობებში. ჰქონდა შესანიშნავი მსჯელობის უნარი, სხარტი, მოხდენილი მეტყველება. აღიარებულ ლიდერებს ეკამათებოდა და ზოგჯერ დებატებში იმარჯვებდა კიდეც. წლების განმავლობაში იყო თერაპევტთა რესპუბლიკური საზოგადოების თავმჯდომარე. ყველაფერს ასწრებდა.

  • ამოუწურავი ენერგია

– ქალიშვილსაც ეუბნებოდა, სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, ყველაფერი უნდა მოასწრო, ყოველდღე ბოლომდე უნდა დაიხარჯო, დასვენება მერეც გეყოფაო.
თუმცა დასვენებაც იცოდა. კვირაში ერთი დღე ნადირობისთვის ჰქონდა გადადებული. ამბობდა, მთავარი ნანადირევი კი არა, ვაჟკაცობა, სიმამაცე, ამტანობააო.
ჩარჩოებში ვერ ეტეოდა. სიცოცხლით ტკბებოდა. მეგობრების ფართო წრე ჰყავდა. მათთან ერთად ნადირობდა, ფეხბურთს გულშემატკივრობდა, თეატრში დადიოდა. არაფერს აკლდებოდა. მის სახლშიც მუდამ სტუმრები ტრიალებდნენ. თაფლი უსვიაო, ამბობდნენ. შეუცვლელი თამადა იყო, არაჩვეულებრივად ცევკავდა ქართულ ცეკვებს, ხავერდოვანი ბანი ჰქონდა და კარგადაც მღეროდა, თუმცა სიმღერის ტექსტები ხშირად ბოლომდე არც იცოდა.


მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. მეცნიერულ შეკრებებსა თუ სუფრაზე სიცოცხლე, სილამაზე, ამაღლებული განწყობა შეჰქონდა. რიგით შეხვედრასაც კი დაუვიწყარ მოვლენად გადააქცევდა.
ქალები განსაკუთრებით იხიბლებოდნენ მისით, დაუფარავად უგზავნიდნენ სასიყვარულო ბარათებს. ის კი არა, ბევრი ჯანმრთელი ქალბატონიც დაწოლილა საავადმყოფოში, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ მოხვედრილიყო. არაერთ მოქანდაკეს უთხოვია, მათი მოდელი ყოფილიყო. ქეთევან მაღალაშვილსაც დაუპირებია მისი დახატვა, მაგრამ ლევანს უარი უთქვამს, საათობით ჯდომა და პოზიორობა არ შემიძლიაო.


მეგობრობდა ვასო გოძიაშვილთან, აკაკი ხორავასთან, გიორგი ლეონიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან... რა თქმა უნდა, კოლეგებს შორისაც ბევრი მეგობარი ჰყავდა. ეგნატე ფიფიასთან ზოგჯერ დილის 4-5 საათამდე ეჯდა ნარდს, რის შემდეგაც დიდი ქირურგი გუნებაწამხდარი ბრუნდებოდა ხოლმე შინ.
ასეთი მჩქეფარე ენერგიის პატრონი, ურთიერთობაში საოცარი მოკრძალებითა და რიდით გამოირჩეოდა. ყველასთან თავაზიანი და გულისხმიერი იყო, ძვირს არავიზე იტყოდა, არავისი არაფერი შეშურდებოდა, არ სჩვეოდა პირფერობა და ორგულობა, ბავშვივით იმორცხვებდა, როცა საქმე მის პირად კეთილდღეობას ეხებოდა.

  • ოჯახში

– ლევანის ცოლობა ადვილი არ იყო. მისი ცხოვრებით უნდა გეცხოვრა. ამ მხრივ მას ძალიან გაუმართლა. ელენე გოცირიძე, ლენა, მშვიდი, გონიერი, მუდამ მოღიმარი, მიმტევებელი ადამიანი იყო. მისი ხმის აწევა და საყვედური არავის გაეგონა. ლევანი, შინ შესული არ იყო, ლენას ეძებდა. ისიც ღიმილით შეეგებებოდა. მამის სიყვარულში გაზარდა შვილებიც, თემური და ქეთევანი.
ლევანი შვილიც სამაგალითო იყო. დედამისი ვერიკოსთან ცხოვრობდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. თითქმის ყოველდღე დადიოდა მის სანახავად. საწოლთან ჩამოუჯდებოდა, ამბებს გამოჰკითხავდა, თვითონაც მოუყვებოდა, ბალიშის ქვეშ ფულს ამოუდებდა...
დიდი სიხარულით ელოდნენ ხოლმე მოსკოვში, დის, მერის ოჯახში. პატარა გია ბიძაზე გიჟდებოდა. მოგვიანებით ცნობილმა რეჟისორმა ბიძის სახე “არ დაიდარდოში” გააცოცხლა. სერგო ზაქარიაძის მომხიბლავ, ენამოსწრებულ, სიცოცხლისმოყვარე პერსონაჟს სახელიც ბიძისა დაარქვა, თუმცა ფილმში ის შარლატანი იყო, ლევანი კი – საუკეთესო თერაპევტი, ნამდვილი ექიმი.

  • ორატორის განსაცდელი

– ექიმებს შორის დიდ ორატორებად ითვლებოდნენ შალვა მიქელაძე, ზაზა კახიანი, ვახტანგ ბოჭორიშვილი, მაგრამ ვინც ყველა მათგანს შესწრებია, უთქვამს, რომ ლევან ანჯაფარიძეს ვერავინ შეედრებოდა. მისი ანალიტიკური აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და ინტუიცია აუდიტორიას განაცვიფრებდა და აღაფრთოვანებდა. მისი ლექციები მთელი წარმოდგენა იყო: თემას საინტერესო მაგალითებით აცოცხლებდა. დისერტაციის დაცვას აკადემიურ სპექტაკლად აქცევდა. ექიმობაც ხელოვნებამდე აიყვანა. ნამდვილი სანახაობა იყო ლევანი პაციენტის საწოლთან: როგორ სინჯავდა, როგორ ესაუბრებოდა... ხშირად ამბობდნენ, მედიცინის ნაცვლად ხელოვნებას რომ გაჰყოლოდა, მის გვარს კიდევ ერთი დიდი ხელოვანი შეემატებოდაო.
ბედის ირონიით, ინსულტმა მაინცდამაინც მეტყველება დაუზიანა. დიდი თეატრის სოლსიტმა, ცნობილმა ტენორმა ზურაბ ანჯაფარიძემ წაიყვანა მოსკოვში, უპატრონა. რეაბილიტაციის შემდეგ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ მეორე შეტევამ კვლავ წაართვა მეტყველება და 1972 წლის 21 აგვისტოს, 69 წლის ასაკში, დიდი თერაპევტი უსიტყვოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: