რა იწვევს თავის ტვინის ტრავმას?
გააზიარე:
როდესაც ჩვენ თვალწინ ბავშვი ფეხს წამოჰკრავს, უმალვე გაგვიელვებს: “თავი არ დაარტყას!” თავის ტრავმის შიში სრულიადაც არ არის გაზვიადებული _ თავის ტვინის დაზიანებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.
რა იწვევს
თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მიზეზი უმეტესად დაცემა, შერყევა ან შეჯანჯღარებაა. მისი გამოწვევა ასევე შეუძლია ტვინის ქსოვილებში მოხვედრილ უცხო სხეულს, მაგალითად, ტყვიას ან თავის ქალას ძვლის ნამსხვრევს. მსუბუქი ტრავმის დროს ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ადვილად ალაგდება, მაგრამ სერიოზულმა ტრავმამ შესაძლოა ტვინის შეშუპება, სისხლდენა და სხვა მძიმე გართულებები გამოიწვიოს, სიკვდილიც კი.
ტრავმის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
* საწოლიდან გადმოვარდნა, კიბეზე დაგორება, აბაზანაში ფეხის აცურება, ხიდან ჩამოვარდნა;
* ავტომობილის, მოტოციკლის ან ველოსიპედის შეჯახება ფეხით მოსიარულესთან;
* ცემა (მშობლების საყურადღებოდ: ბავშვის უხეში და ძლიერი შენჯღრევისას შესაძლოა თავის ტვინი დაზიანდეს. ამას შენჯღრეული ბავშვის სინდრომი ეწოდება);
* სპორტი, მაგალითად, ფეხბურთი, კრივი, ბეისბოლი, კრიკეტი, სკეიტბორდინგი, ჰოკეი და სხვა ინტენსიური და ექსტრემალური სახეობები. სპორტული თავის ტრავმები განსაკუთრებით ახალგაზრდებშია გავრცელებული;
* აფეთქება. აფეთქების ზემოქმედებით მიღებული თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ვარაუდობენ რომ აფეთქების დროს წარმოქმნილი ძლიერი ტალღა აღწევს თავის ტვინში და აფერხებს მის ნორმალურ ფუნქციობას. ასევე ხშირია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნამსხვრევებითა და დარტყმითი ტალღის დაჯახებით გამოწვეული ტვინის დაზიანების შემთხვევები.
რისკები
თავის ტვინის ტრავმის მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
* ბავშვები, განსაკუთრებით _ 4 წლამდე;
* ახალგაზრდები, განსაკუთრებით _ 15-დან 24 წლამდე;
* 60 წელს გადაცილებულები;
* ნებისმიერი ასაკის მამაკაცები.
რით რთულდება
თავის ტვინის ტრავმას გართულებების საკმაოდ ფართო სპექტრი ახასიათებს. ზოგი მათგანი მაშინვე იჩენს თავს, ზოგი კი მოგვიანებით – რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
ტვინის მსუბუქი დაზიანების სიმპტომატიკა ასეთია:
ფიზიკური სიმპტომები
* გონების ხანმოკლე დაკარგვა (რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე);
* ბუნდოვანების, გაურკვევლობის, დეზორიენტაციის შეგრძნება;
* თავის ტკივილი;
* გულისრევა და ღებინება;
* მოთენთილობა და დაღლილობა;
* მეტყველების გაძნელება;
* ძილიანობა;
* თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა;
მგრძნობელობითი სიმპტომები
* მხედველობის დაბინდვა, ყურების შუილი, პირში ცუდი გემო, ყნოსვის შეცვლა;
* სინათლისა და ბგერების მიმართ მგრძნობელობის მომატება;
კოგნიტიური და მენტალური სიმპტომები
* მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
* განწყობის ცვლილებები;
* დეპრესია და შფოთვა.
ტვინის მსუბუქი დაზიანების ნებისმიერი ნიშანი შესაძლოა ტვინის საშუალო და მძიმე დაზიანების დროსაც გამოვლინდეს, თუმცა ხშირად მათ უფრო რთული სიმპტომებიც ერთვის თან, მაგალითად:
ფიზიკური სიმპტომები
* გონების დაკარგვა შედარებით მეტი ხნით (რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე);
* თავის ტკივილი, რომელიც მუდმივია ან უფრო და უფრო მძიმდება;
* განმეორებადი გულისრევა და ღებინება;
* კრუნჩხვა;
* ერთი ან ორივე თვალის გუგის გაფართოება;
* ცხვირიდან ან თვალებიდან გამჭვირვალე სითხის დენა;
* გამოღვიძების შეუძლებლობა;
* ხელისა და ფეხის თითების დაბუჟება ან დასუსტება;
* კოორდინაციის დაკარგვა;
კოგნიტიური და მენტალური სიმპტომები
* ძლიერი დაბნეულობა და გაურკვევლობა;
* აჟიტირება, ბრძოლისუნარიანობის მომატება ან სხვა უჩვეულო ქცევა;
* გაურკვეველი მეტყველება;
* ცნობიერების მოშლა, კომა.
სიმპტომები ბავშვებთან
ჩვილებს და მცირე ასაკის ბავშვებს შემაწუხებელი სიმპტომების სიტყვიერად აღწერა არ შეუძლიათ. ტვინის ტრავმული დაზიანება მათთან შეგვიძლია ამოვიცნოთ:
* კვებითი ქცევის ცვლილებით;
* უჩვეულო გაღიზიანებით;
* მუდმივი ტირილით;
* ძილის დარღვევით;
* კრუნჩხვებით;
* მოწყენილობით;
* მოთენთილობით;
* საყვარელი სათამაშოს ან თამაშის მიმართ ინტერესის დაკარგვით.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ბავშვს თავის თუნდაც მსუბუქი დარტყმის შემდეგ რომელიმე ზემოხსენებული სიმპტომი ან ქცევის უცნაური ცვლილება შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ: დროული ყურადღებისა და საჭირო დახმარების გარეშე მსუბუქ ტრავმასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.
გართულებები
გართულებებმა, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლოა თავი იჩინოს ტრავმის მიღებისთანავე ან გარკვეული ხნის შემდეგ. რაც უფრო მძიმეა დაზიანება, მით უფრო მაღალია გართულების რისკი.
ცნობიერების ცვლილებები
ტვინის საშუალო და ძლიერმა ტრავმამ შესაძლოა ცნობიერების საკმაოდ ხანგრძლივი ან სამუდამო ცვლილება გამოიწვიოს.
ცნობიერების შეცვლის ფორმებია:
* კომა. კომაში მყოფი ადამიანი უგონოდაა და არავითარ გამღიზიანებელსა და სტიმულზე არ რეაგირებს. ამის მიზეზი ტვინის მრავალი უბნის ერთდროული მძიმე დაზიანებაა. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ადამიანი შესაძლოა გამოვიდეს კომიდან და ვეგეტატიურ მდგომარეობაში გადავიდეს.
* ვეგეტატიური მდგომარეობა. ამ დროს ადამიანს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებში გარკვევა არ შეუძლია, თუმცა ახელს თვალებს, გამოსცემს ხმას, რეაგირებს გამღიზიანებლებზე, მოძრაობს.
* მინიმალური ცნობიერების მდგომარეობა. ცნობიერების ხარისხი ამ დროსაც მკვეთრადაა დაქვეითებული, თუმცა ადამიანს შესწევს გარემოში გარკვევის უნარი. ხშირად ეს გარდამავალი მდგომარეობაა კომას ან ვეგეტატიურ მდგომარეობასა და ცნობიერების დაბრუნებას შორის.
* ტვინის სიკვდილი. ტვინის სიკვდილზე საუბრობენ, როდესაც ტვინისა და ტვინის ღეროს ფუნქციონირების არავითარი ნიშანი აღარ შეინიშნება. ტვინის სიკვდილი შეუქცევადი პროცესია.
ფიზიკური გართულებები
* კრუნჩხვა – ის მოსალოდნელია როგორც ტრავმის ადრეულ სტადიაზე, ისე რამდენიმე წლის შემდეგაც. განმეორებით კრუნჩხვებს პოსტტრავმულ ეპილეფსიას უწოდებენ;
* ტვინის ქსოვილებში სითხის დაგროვება, იგივე ჰიდროცეფალია. თავის ტვინის სივრცეებში (ცერებრალურ პარკუჭებში) მოძრავი თავზურგტვინის სითხის დაგროვება იწვევს ქალასშიდა წნევის მატებას და ტვინის შეშუპებას;
* ქალას ძვლების მოტეხილობამ და გამჭოლმა ჭრილობამ შესაძლოა თავის ტვინის დამცავი შრეების (მენინგეალური გარსების) დარღვევა გამოიწვიოს, ბაქტერიებისთვის კარიბჭე შექმნას და ინფექციის მიზეზად იქცეს. მენინგეალური გარსების ანთება (მენინგიტი) დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა მთელ ნერვულ სისტემაზე გავრცელდეს;
* სისხლძარღვების დაზიანება. მოსალოდნელია ტვინის როგორც წვრილი, ისე მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებაც. ეს დაზიანებები ხელს უწყობს თრომბოზის ჩამოყალიბებას, ინსულტის განვითარებას;
* ხშირი თავის ტკივილი – საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა თავის ტრავმის შემდეგ. შესაძლოა, ტრავმიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც კი დაიწყოს და თვეობით გაგრძელდეს;
* ვერტიგო ანუ თავბრუხვევა.
თავის ქალას ფუძის ტრავმის დროს შესაძლოა თავის ტვინიდან გამომავალი (კრანიალური) ნერვები დაზიანდეს, მათმა დაზიანებამ კი შემდეგი გართულებები გამოიწვიოს:
* სახის კუნთების პარეზი და სახის მგრძნობელობის დაკარგვა;
* ყნოსვის უნარის დაკარგვა;
* გემოს აღქმის უნარის დაკარგვა;
* მხედველობის ცალმხრივი ან ორმხრივი დაკარგვა;
* ყლაპვის პრობლემები;
* თავბრუსხვევა;
* ყურების შუილი;
* სმენის დაკარგვა.
ინტელექტუალური დარღვევები
თავის მძიმე ტრავმის შემდეგ ადამიანთა დიდი ნაწილი უჩივის ინტელექტუალური და კოგნიტიური მახასიათებლების ცვლილებას. მათ ადრინდელზე მეტად უჭირთ რამეზე ფოკუსირება, მეტი დრო სჭირდებათ მოსაფიქრებლად. გარდა ამისა, დაქვეითებული აქვთ:
* მეხსიერების,
* სწავლის,
* დასაბუთების,
* განსჯის,
* ყურადღების კონცენტრირების,
* პრობლემების გადაჭრის,
* რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების,
* ორგანიზების,
* დაგეგმვის,
* გადაწყვეტილების მიღების,
* დავალების დაწყებისა და დასრულების უნარები.
კომუნიკაციის პრობლემები
კომუნიკაციის მოშლა თავის ტრავმული დაზიანების საკმაოდ გავრცელებული გართულებაა. მან შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მომვლელებთან.
კომუნიკაციის პრობლემები კოგნიტიურ და სოციალურ პრობლემებს მოიცავს.
კოგნიტიური პრობლემებია:
* საუბრის ან ნაწერის გაგების გაძნელება;
* მეტყველებისა და წერის გაძნელება;
* აზრებისა და იდეების ჩამოყალიბების გაძნელება;
* დიალოგის მიდევნებისა და მონაწილეობის გაძნელება.
სოციალური პრობლემებია:
* სასაუბრო თემის შერჩევისა და საუბარში ჩართვის სირთულე;
* საუბრისას ტონის, ემოციის გამომხატველი ინტონაციის, მახვილების გარჩევისა და მნიშვნელობათა აღქმის სირთულე;
* არავერბალური ნიშნების აღქმის გაძნელება;
* საუბრის დაწყებისა და დამთავრების სირთულე;
* სიტყვების ფორმირებისთვის საჭირო კუნთების გამოყენების შეუძლებლობა.
ქცევითი ცვლილებები
თავის ტრავმაგადატანილ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ:
* თვითკონტროლის სირთულეები;
* რისკის შემცველი ქცევა;
* სოციალური ურთიერთობების გაძნელება;
* ვერბალური ან ფიზიკური ფეთქებადობა.
ემოციური ცვლილებები
ემოციური ცვლილებები ვლინდება:
* დეპრესიით;
* შფოთვით;
* განწყობის ცვალებადობით;
* ემპათიის უნარის დაკარგვით;
* გაბრაზებით;
* ინსომნიით (უძილობით).
სენსორული პრობლემები
თავის ტრავმის დროს სენსორული დარღვევები გამოიხატება:
* ყურებში განუწყვეტელი რეკვის შეგრძნებით;
* ნივთების ცნობის გაძნელებით;
* თვალისა და ხელის კოორდინაციის დარღვევით;
* მხედველობის ველში ბრმა ლაქების გაჩენით ან გამოსახულების გაორებით;
* პირში მწარე გემოს გაჩენით, ყნოსვის გაძნელებით;
* კანზე ჩხვლეტის, ტკივილის ან ქავილის შეგრძნებით;
* წონასწორობის დარღვევით და თავბრუსხვევით.
ტვინის დეგენერაციული დაავადებები
კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის განმეორებითი ან მძიმე დაზიანება ზრდის ტვინის დეგენერაციული დაავადების რისკს, თუმცა ამის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი. დეგენერაციული დაავადებები ტვინის ფუნქციების თანდათანობით კარგვას იწვევს. მათ შორისაა:
* ალცჰაიმერის დაავადება, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების პროგრესირებადი დაქვეითება;
* პარკინსონის დაავადება, რომელიც მოძრაობით პრობლემებს იწვევს, მაგალითად, კანკალს, კუნთების რიგიდულობას, მოძრაობათა შენელებას;
* მოკრივეთა დემენცია _ დაავადება, რომელიც თავში მიყენებული დარტყმების შედეგია და ასევე მეხსიერების დაქვეითებისა და მოძრაობის პრობლემებთანაა ასოცირებული.
დიაგნოსტიკა
თავის ტვინის ტრავმული დაზიანება უმეტესად გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და დროული დახმარების გარეშე სწრაფად მძიმდება.
თავის ტრავმისა და ცნობიერების ხარისხის შესაფასებელი ერთ-ერთი გავრცელებული და ეფექტური მეთოდია გლაზგოს კომის სკალა. ექიმი მდგომარეობის სიმძიმეს ქულებით აფასებს. ქულები იწერება იმის მიხედვით, შეუძლია თუ არა დაშავებულს, მაგალითად, თვალების გახელა, კიდურების ამოძრავება, მეტყველება, გამღიზიანებლეზე რეაგირება. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 15–ია. რაც უფრო მეტია ქულა, მით უფრო დაბალია დაზიანების ხარისხი.
გლაზგოს სკალით შეფასების შემდეგ ტრავმის მოცულობისა და ზუსტი ლოკალიზაციის გასარკვევად საჭიროა ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება _ ისეთებისა, როგორებიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
ტვინის ტრავმული დაზიანება იწვევს ტვინის ქსოვილების შეშუპებას და ქალასშიდა წნევის მატებას, რაც დამატებით ზიანს აყენებს ტვინს, ამიტომ ქალასშიდა წნევის მაჩვენებელი ტვინის ტრავმული დაზიანების სიმძიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.
მკურნალობა
მკურნალობა ტრავმის სიმძიმესა და ხარისხზეა დამოკიდებული. თავის მსუბუქი ტრავმის დროს ზოგჯერ არავითარი მკურნალობა არ არის საჭირო, გარდა თავის ტკივილის მოსახსნელი მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნისა, თუმცა ამ დროსაც აუცილებელია მდგომარეობაზე დაკვირვება და ყურადღება, რათა ახალი სიმპტომი ან არსებული სიმპტომების დამძიმება არ გამოგვეპაროს. ამისთვის შესაძლოა ექიმთან საკონტროლო ვიზიტებიც დაგჭირდეთ.
როდის შეგეძლებათ სამსახურში ან სასწავლებელში დაბრუნება, თქვენმა ექიმმა თქვენივე მდგომარეობის მიხედვით უნდა განსაზღვროს. კარგი იქნება, თუ მანამდე აარიდებთ თავს ფიზიკურ თუ გონებრივ აქტივობას, სანამ ექიმი არ დაგრთავთ ამის ნებას.
საშუალო სიმძიმის და მძიმე დაზიანებისას ხშირად გადაუდებელი დახმარებაა საჭირო, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დაშავებულის ორგანიზმის ჟანგბადით ადეკვატური მომარაგებისა და სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ამ დროს აუცილებელია არტერიული წნევის მუდმივი მონიტორირება, დაკარგული სისხლის მარაგის შევსება, თავისა და კისრის დამატებითი დაზიანების თავიდან აცილება. თავის მძიმე ტრავმის დროს პაციენტს შესაძლოა დაშავებული ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებიც, რომლებიც ასევე მოითხოვს ყურადღებას. ასეთ პაციენტებს უმეტესად რეანიმაციაში ან ინტენსიური თერაპიის პალატებში მკურნალობენ.
თავის ტრავმული დაზიანების დროს მეორეული გართულებების თავიდან ასაცილებლად მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფი გამოიყენება, მათ შორის:
* დიურეტიკები, რომლებიც ორგანიზმიდან შარდის საშუალებით ჭარბი სითხის გამოდევნას და ქალასშიდა წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს;
* ანტიკონვულსიური პრეპარატები, რომლებიც ტვინის საშუალო და მძიმე ტრავმის შემდეგ ამცირებს კრუნჩხვების განვითარების რისკს;
* კომის გამომწვევი პრეპარატები. მძიმე ტრავმის დროს ზოგჯერ საჭიროა ადამიანის კომურ მდგომარეობაში გადაყვანა, რადგან კომაში მყოფი ტვინი ფუნქციონირებისთვის შედარებით ნაკლებ ჟანგბადს მოიხმარს. ხსენებული პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ქალასშიდა წნევის მატების გამო მიჭყლეტილი სისხლძარღვები სათანადოდ ვერ ახერხებს ტვინის ქსოვილების საკვებითა და ჟანგბადით მომარაგებას.
ტვინის ქსოვილების დაზიანების მინიმუმამდე დასაყვანად ზოგჯერ საჭიროა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. ოპერაციის მიზანია:
* ჰემატომების (შედედებული სისხლის თრომბების) ამოღება;
* ქალას ძვლების მოტეხილობათა ჩასწორება;
* ტვინში არსებული სისხლდენის შეჩერება;
* თავის ქალას ტრეპანაცია – ქალასშიდა წნევის შესამცირებლად ან ჭარბად დაგროვილი თავზურგტვინის სითხის ამოსღებად ძვალში სპეციალური ხვრელის გაკეთება – და სხვა.
რეაბილიტაცია
ტვინის მძიმე დაზიანების დროს მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ადამიანს ხშირად ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მას შესაძლოა ხელახლა მოუხდეს ისეთი საბაზისო უნარების ათვისება, როგორებიცაა სიარული და ლაპარაკი. რეაბილიტაციაში ჩართულნი უნდა იყვნენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები: ფსიქიატრი, რეაბილიტოლოგი, ლოგოპედი, ნეიროფსიქოლოგი...
პრევენცია
ტვინის ტრავმული დაზიანების რისკის შესამცირებლად:
* ავტომობილში ჯდომისას აუცილებლად შეიკარით ღვედი. მცირე ასაკის ბავშვები დასვით მანქანის უკანა სავარძელზე და საიმედოდ დააბით ღვედით ან სპეციალურ მოწყობილობაში _ ქარსითში (ცარ სეატ) ჩასვით. ქარსითი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ზომასა და წონას.
* არავითარ შემთხვევაში არ მიუჯდეთ საჭეს ნასვამი. ავტომობილის მართვას თავი არიდეთ მაშინაც, თუ მიღებული გაქვთ ისეთი მედიკამენტი, რომელიც ძილიანობას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას იწვევს.
* ველოსიპედით, მოტოციკლით, სკეიტბორდით ან სხვა ღია ტრანსპორტით სარგებლობისას, ასევე – სპორტის ისეთი სახეობებით დაკავებისას, რომლებსაც ტრავმის განსაკუთრებით მაღალი რისკი ახლავს თან (თხილამურებით, ციგურებით, სნოუბორდით სრიალი, ჯირითი) აუცილებლად დაიხურეთ ჩაფხუტი.
როგორ შევამციროთ დაცემის რისკი
მოხუცების დასაცავად
* კარგი იქნება, თუ სააბაზანოში ხელის მოსაკიდებლებს დაამონტაჟებთ.
* სააბაზანოს იატაკზე დაფინეთ საფენი, რომელიც არ სრიალებს.
* იატაკიდან აიღეთ მცირე ზომის ფარდაგები – მათი გასრიალების შანსი დიდია.
* აუცილებლად დაამონტაჟეთ სახელურები კიბის ორივე მხარეს.
* ეცადეთ, ყველა ოთახში გქონდეთ კარგი განათება.
* ეცადეთ, იატაკზე და კიბის საფეხურებზე არ ეყაროს მცირე ზომის ნივთები.
* რეგულარულად შეუმოწმეთ მხედველობა.
* წაახალისეთ, რეგულარულად ივარჯიშონ.
ბავშვების დასაცავად
* კიბის თავში დაამონტაჟეთ ბარიერი.
* ეცადეთ, საფეხურებზე არაფერი დააწყოთ.
* ფანჯრებზე დაამონტაჟეთ ცხაური.
* ეზოში ბავშვის სათამაშო ადგილზე დააგეთ სპეციალური რბილი ფილები, რომლებიც დაცემის შემთხვევაში პატარას ტრავმისგან დააზღვევს.
* არ მისცეთ ბავშვებს აივანზე თამაშის უფლება.
ელენე ზურაბიშვილი