მეხსიერება და მისი დარღვევები

გააზიარე:

დემენცია: დრონი მეფობენ

ალცჰაიმერის დაავადება

მეხსიერების სხვა მტრები

დავეხმაროთ მეხსიერებას

 

ზოგს მეხსიერების ფუნქციად მხოლოდ გამოცდებისთვის საკითხების დამახსოვრება ან იმის გახსენება მიაჩნია, სად წაიღო ესა თუ ის ნივთი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა სწორედ მეხსიერებას ეკისრება, მაგრამ ის გაცილებით მეტია, ვიდრე ყოველდღიური წვრილმანები. მეხსიერების წყალობითაა ჩვენი დღევანდელი დღე ისეთი, როგორიც არის და მომავალსაც მისი დამსახურებით ვგეგმავთ და ვაშენებთ. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, მეხსიერება სწორედ წარსული გამოცდილების  სამომავლოდ გამოყენების უნარია. 

მეხსიერება სამი ძირითადი პროცესის – კოდირების, შენახვისა და აღდგენის – ერთობლიობაა. მოგონებების კოდირება უწყვეტი პროცესია, რომელიც მთელი სიცოცხლე გრძელდება.

დამახსოვრება ხანმოკლე მეხსიერებით იწყება. მაგალითად, როდესაც ფეხსაცმლის თასმების შეკვრას ვისწავლით, რამდენჯერმე გამეორების შემდეგ ის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავა და ხელები უკვე თავისით, დაუფიქრებლად შეასრულებენ საჭირო მოქმედებას.

ცოდნის ხანმოკლედან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადასვლისთვის საჭიროა გამეორება ან ახალი ინფორმაცის ადრე მიღებულ ცოდნასთან დაკავშირება. მნიშვნელოვანია მოტივაციაც – იმას, რაც გვაინტერესებს, უფრო ადვილად ვიმახსოვრებთ.

არც კი ვიცით, რა ინახება ჩვენი მეხსიერების სკივრში, ხოლო როცა კონკრეტული ინფორმაცია გვჭირდება, ვიწყებთ ძებნას და ისიც წინა პლანზე გადმოინაცვლებს, ჩვენს გონებაში წამოტივტივდება. მეხსიერებიდან ინფორმაციის გამოხმობას უმეტესად განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება, თუმცა ისეც ხდება, რომ საკმაოდ ვწვალობთ.

მოკლე ხნით

ექსპერტები ხანმოკლე მეხსიერების სხვადასხვა განმარტებას გვთავაზობენ, თუმცა ყველა თანხმდება მის ხანგრძლივობაზე – ის მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. მიიჩნევა, რომ ხანმოკლე აქტიურ მეხსიერებაში 5-9 ელემენტის შენახვა და ადვილად გამოხმობა შეგვიძლია. ადამიანმა, რომელსაც ხანმოკლე მეხსიერების პრობლემა აქვს, შესაძლოა ვერ გაიხსენოს, ხუთი წუთის წინ ვის შეხვდა, მაგრამ კარგად ახსოვდეს წლების წინანდელი ამბები და ბავშვობის მეგობრები.

ხანგრძლივად

ხანგრძლივი მეხსიერება შეიძლება იყოს გაცნობიერებული (ექსპლიციტური) და გაუცნობიერებელი (იმპლიციტური), ავტომატური. ეს უკანასკნელი დაუფიქრებლად გახსენებაში გვეხმარება, განურჩევლად იმისა, როდინდელია ინფორმაცია ან გამოცდილება. გაცნობიერებული მეხსიერება კი პასუხს აგებს რამის გააზრებულად, ძალისხმევის გზით გახსენებაზე.

იმპლიციტური მეხსიერების წყალობით უცბად გადავიანგარიშებთ კვირის დღეებს, მაგრამ იმის გასახსენებლად, რომ მომდევნო ოთხშაბათს მეგობრის დაბადების დღეა, უკვე ექსპლიციტური მეხსიერება უნდა ავამუშაოთ.

ოპერაციულ დონეზე გამოყოფენ მეხსიერების რამდენიმე ფორმას:

* პროცედურულ მეხსიერებას  ახალი უნარების ასათვისებლად და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობისას ვიყენებთ, მაგალითად, სიარულისას, მანქანის მართვისას, ცურვისას, ტანსაცმლის ღილების შეკვრისას, კლავიატურაზე მუშაობისას, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისას, კიბეზე ასვლისას...

* პრაიმინგი პასუხისმგებელია ნახატების, სიტყვების ან სხვა სტიმულის გამოყენებით სიტყვის ან ფრაზის ამოცნობაზე – მწვანე ბალახი, წითელი ვაშლი, სიმღერის სრული ტექსტის გახსენება მისი პირველივე სიტყვების წამღერებისას.

* სემანტიკური მეხსიერება არ უკავშირდება პირად გამოცდილებას. ის საყოველთაოდ ცნობილ ცნობებს მოიცავს: ქვეყნებისა და მათი დედაქალაქების სახელებს, ასოების დასახელებას... სემანტიკურია იმის ცოდნა, რომ ცა ცისფერია; სემანტიკურია დანა–ჩანგლის დანიშნულების ცოდნა, ძაღლის ხსენებისას მისი ზოგადი ნიშან-თვისებების წარმოდგენა.

* ეპიზოდური მეხსიერება განაგებს ადამიანის მოგონებებს, რომლებიც კონკრეტულ მოვლენებს უკავშირდება. მისი წყალობით გვახსოვს, სად ვიყავით და რას ვაკეთებდით, მაგალითად, აგვისტოს ომის დროს, როგორ დავისვენეთ გასულ ზაფხულს, პირველად სად გავემგზავრეთ თვითმფრინავით, სად გვქონდა პირველი პაემანი...

დაბოლოს

გაუგებარია, რატომ ინახება ჩვენი ცხოვრების ზოგიერთი მოვლენა მეხსიერებაში, ზოგი კი იშლება, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამაში გადამწყვეტ როლს ემოციები ასრულებს. ხშირად სწორედ მათი დამსახურებით გვახსოვს ის, რაც გვახსოვს და გვავიწყდება ის, რასაც ვერ ვიხსენებთ.

კიდევ ერთი: მართალია, ადამიანის მეხსიერებას შენახული ინფორმაციის აღდგენა შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ რაღაც-რაღაცები გვავიწყდება. მეხსიერების დაკარგვა ხშირად თან ახლავს სიბერეს, ზოგიერთ დაავადებას, ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტრავმას. შესაძლოა, ტვინზე რომელიმე წამლის ზემოქმედების შედეგიც იყოს... მეხსიერების დაქვეითებით გამოწვეული პრობლემები ზოგჯერ უმნიშვნელოა, ზოგჯერ კი იმდენად დიდი, რომ ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.

დემენცია: დრონი მეფობენ

დემენცია, ჭკუასუსტობა, ტვინის დაზიანების შედეგად განვითარებული სიმპტომების ერთობლიობაა და არა დაავადება. ის ხშირად ემართებათ ხანდაზმულებს, თუმცა სიბერის თანმხლებ ბუნებრივ მოვლენად არ მიიჩნევა. დემენციის მქონე ადამიანს იმდენად უქვეითდება მეხსიერების, აზროვნების, მსჯელობის, ორიენტაციის, დასწავლის და ქცევითი უანარები, რომ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში ხელი ეშლება. დემენცია ართულებს კომუნიკაციას, ცვლის ხასიათს. ამ მდგომარეობის დასაწყისში მეხსიერების ჩავარდნები და აზროვნების დაბინდვა ადამიანს თვითონვე აწუხებს, მოგვიანებით კი მისი ქცევა ტვირთად აწვებათ ოჯახის წევრებს. დროთა განმავლობაში დემენციის მქონე ადამიანს თავის მოვლაც უფრო და უფრო უჭირს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი მთლიანად სხვებზე ხდება დამოკიდებული.

როგორ ვლინდება

სავსებით ნორმალურია, ასაკთან ერთად მეხსიერებამაც გვიღალატოს, გაგვიჭირდეს ინფორმაციის გახსენება, განსაკუთრებით – ბოლოდროინდელისა (მაგალითად, რა ვჭამეთ საუზმეზე), მაგრამ ეს ყოველთვის ჭკუასუსტობაზე არ მიუთითებს. დემენციის მქონე ადამიანს ყველაფერი უფრო ხშირად ავიწყდება, ვიდრე წინათ, ვეღარ იხსენებს ნაცნობი საქმიანობისთვის საჭირო მოქმედებებს, უჭირს ახალი ინფორმაციის ათვისება, არჩევანის გაკეთება, ფულთან ურთიერთობა, საუბრისას იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზებს და ამბებს...

დემენციის დროს ზიანდება:

* მეხსიერება;

* ენობრივი უნარები (მოსმენა, მეტყველება, კითხვა, წერა);

* ვიზუალური აღქმა;

* Პრობლემის გადაჭრის უნარი;

* ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარი;

* ყურადღების კონცენტრირების უნარი.

დემენციის რისკფაქტორებად მიიჩნევა დაბერება, მოწევა, ნებაზე მიშვებული დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება და დემენციის ოჯახური ისტორია.

სიმპტომები

დემენციის სიმპტომები ზოგჯერ ნელ-ნელა იჩენს თავს, ზოგჯერ კი ერთბაშად. ზოგი მას თვითონვე გრძნობს, ზოგს კი გარშემო მყოფები ატყობენ ცვლილებებს. ასეა თუ ისე, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი სიმპტომის არსებობისას, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

დემენციის მქონე ადამიანებს ახასიათებთ:

* ბოლოდროინდელი მეხსიერების დაკარგვა. ჩვეულებრივი ამბავია, რაღაცები დაგვავიწყდეს და მოგვიანებით გაგვახსენდეს, დემენციის მქონე ადამიანებს კი ხშირად ავიწყდებათ რაღაცები და არც არასდროს ახსენდებათ. მაგალითად, შესაძლოა კერძი მოამზადონ, მაგრამ ჭამა დაავიწყდეთ.

* ნაცნობი საქმიანობის შესრულების სირთულე. ადამიანებს, რომლებსაც დემენცია აქვთ, შესაძლოა გაუჭირდეთ ჩაცმა ან დილით ჩაიცვან და რამდენიმე საათის შემდეგ ჩაცმა ხელახლა დაიწყონ, დაავიწყდეთ, როგორ იკვრება ფეხსაცმლის თასმები, ვერ გაიხსენონ, რომ რძე მაცივარში უნდა შეინახონ.

* ენობრივი პრობლემები – მარტივი სიტყვების დავიწყება ან სიტყვების არასწორად გამოყენება, რაც კომუნიკაციას ართულებს.

* დროისა და ადგილის არევა. დემენციის მქონე ადამიანი შესაძლოა საკუთარ ქუჩაზეც კი დაიკარგოს, დაავიწყდეს, როგორ მივიდეს კონკრეტულ ადგილამდე ან როგორ დაბრუნდეს შინ.

* დაბნეულობა. ასეთ ადამიანს შესაძლოა ზამთარში შინიდან გასვლისას პალტოს ჩაცმა დაავიწყდეს, წვიმაში – ქოლგის გახსნა.

* აბსტრაქტული აზროვნების პრობლემები – ადამიანს რიცხვების მნიშვნელობა და მათი დანიშნულებაც კი ავიწყდება.

* საგნების გადანაცვლება – შესაძლოა, უთო საყინულეში შედონ ან მაჯის საათი საშაქრეში ჩადონ, ხოლო როდესაც საჭირო ნივთს ვერ იპოვიან, განაწყენდნენ და სხვები ქურდობაში დაადანაშაულონ.

* პიროვნების შეცვლა – დემენციის მქონე ადამიანი გაღიზიანებულია, ეჭვიანი, დათრგუნული, მფრთხალი.

* ხასიათის ცვლილებები – გუნება-განწყობილება ყველას ეცვლება, მაგრამ დემენციის მქონე ადამიანს განწყობის უეცარი ცვლილებები ახასიათებს. სრულიად მშვიდად მყოფი, რამდენიმე წუთში შესაძლოა ცხარედ ატირდეს ან მრისხანებისგან აფეთქდეს.

* ინიციატივის დაკარგვა – ასეთი ადამიანები პასიურები ხდებიან, შესაძლოა, არ მოისურვონ არსად წასვლა, არავის ნახვა.

რატომ და რისთვის

ტვინში განვითარებული ცვლილებების მიხედვით გამოყოფენ ჭკუასუსტობის რამდენიმე მიზეზს:

* ალცჰაიმერის დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტვინში ამილოიდური კვანძების და ტაუ პროტეინის კონცენტრაცია;

* ლევის სხეულების დემენციას, რომლის დროსაც ტვინის ქერქში პათოლოგიური ცილის გროვები – ლევის სხეულები წარმოიქმნება;

* ფრონტოტემპორალურ (შუბლ-თხემის) დემენციას, რომელიც განაპირობებს ცვლილებებს ტვინის განსაზღვრულ ნაწილებში: შუბლის წილის ცვლილებები ქცევის შეცვლას იწვევს, ხოლო საფეთქლისა – ენობრივ და ემოციურ დარღვევებს;

* სისხლძარღვოვან დემენციას, რომელიც ინსულტის ან ათეროსკლეროზული ცვლილებების შედეგად ტვინის სისხლმომარაგების დარღვევით არის გამოწვეული;

* შერეულ დემენციას – ორი ან მეტი ტიპის დემენციის, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადებისა და სისხლძარღვოვანი დემენციის კომბინაციას.

 

ალცჰაიმერის დაავადება

ჭკუასუსტობის ყველაზე გავრცელებული ფორმა

ალცჰაიმერის დაავადება ხანდაზმულ ასაკში ჭკუასუსტობის ყველაზე ხშირი მიზეზია. მას ტვინის შეუქცევადი პროგრესული დაზიანება იწვევს, რომელიც თანდათანობით ანადგურებს მეხსიერებას და აზროვნების უნარს და საბოლოოდ ართმევს ადამიანს რუტინული ქმედებების შესრულების შესაძლებლობას.

ალცჰაიმერის სიმპტომები უმეტესად 65 წლამდე მჟღავნდება. ექსპერტთა მონაცემებით, დაავადება ამ ასაკს გადაცილებულ 5,5 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს. ამჟამად ის აშშ–ში სიკვდილის მიზეზებს შორის მეექვსე ადგილს იკავებს, თუმცა, ბოლოდროინდელი შეფასებით, შესაძლოა ხანდაზმულთა სიკვდილის მიზეზებს შორის მესამე ადგილზეც კი აღმოჩნდეს.

დაავადება გერმანელმა ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა ალოის ალცჰაიმერმა აღწერა 1906 წელს. მენტალური დარღვევის მქონე ქალის თავის ტვინში მის მიერ აღმოჩენილი ცვლილებები (ნეიროფიბრილარული ანუ ტაუს გორგლები და ამილოიდური ფოლაქები) დღესაც ალცჰაიმერის სადიაგნოზო ნიშნებად მიიჩნევა. დაავადების კიდევ ერთი ტიპობრივი ნიშანია ტვინის ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) შორის კავშირის დაკარგვა. სწორედ ნეირონების საშუალებით ვრცელდება სიგნალები ტვინის ნაწილებს, ისევე როგორ ტვინსა და სხვა ორგანოებს შორის.

რატომ ზიანდება

მეცნიერები ცდილობენ, ამოიცნონ ტვინში მიმდინარე რთული პროცესები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების აღმოცენებასა და პროგრესირებას უდევს საფუძვლად. ვარაუდობენ, რომ ტვინში სპეციფიკური ტოქსიკური ცვლილებები კოგნიტიური პრობლემების გამოვლენამდე ათი წლით და მეტი ხნით ადრეც კი იწყება. ეს ნიშნები სპეციფიკურია – ცილების პათოლოგიური დაგროვების შედეგად მთელ თავის ტვინში ამილოიდური ფოლაქები და ტაუს გორგლები ლაგდება. ამასთან ერთად, ნეირონები, მას შემდეგ, რაც სხვა ნეირონებთან კავშირს კარგავენ, იხოცებიან. თავდაპირველად ზიანდება ჰიპოკამპისა და ენტორინალური ქერქის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია მეხსიერების ფორმირებისთვის. რაც უფრო მეტი ნეირონი ნადგურდება, ტვინის მით უფრო დიდი ნაწილი იჭმუხნება. ალცჰაიმერის უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც დაზიანება ფართოდ არის გავრცელებული, ტვინის ქსოვილი შესამჩნევადაა შემცირებული.

ნიშნები და სიმპტომები

ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანი მეხსიერების დაქვეითებაა. არსებობს ასეთი ცნება: მსუბუქი კოგნიტიური დაქვეითება (MCI). ამ დროს ადამიანს მეხსიერება  უფრო მეტად ღალატობს, ვიდრე ამ ასაკისთვისაა მისაღები, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ხელს არ უშლის (მაგალითად, ხშირად კარგავს ნივთებს, ავიწყდება დაგეგმილ საქმეზე წასვლა, საუბრისას უჭირს შესაფერისი სიტყვების პოვნა). MCI-მ შესაძლოა მოძრაობის გაძნელება და ყნოსვის დაქვეითებაც გამოიწვიოს. მართალია, MCI-ს მქონე ხანდაზმულებს ალცჰაიმერის განვითარების დიდი რისკი აქვთ, მაგრამ ის ყველას არ ემართება, ის კი არა, ზოგს მეხსიერება ნაწილობრივ აღუდგება კიდეც. რაც შეეხება ალცჰაიმერის დაავადებას, მისი ადრეული ნიშნები ასეთია: საჭირო სიტყვების პოვნის სირთულე, სივრცის აღქმის სირთულე, მსჯელობის ან განსჯის უნარის მოშლა.

ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში განვითარებული ადრეული ცვლილებების აღმოსაჩენად მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ, იკვლევენ ბიოლოგიურ მარკერებს (დაავადების ბიოლოგიურ ნიშნებს, რომლებიც ტვინის გამოსახვით სურათებში, ცერებროსპინალურ სითხესა და სისხლში აღმოჩნდება) MCI–ით დაავადებულებსა და კოგნიტიურად ნორმალურ ადამიანებთან, რომლებსაც ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. აღმოჩნდა, რომ დაავადების ადრეული გამოვლენა შესაძლებელია ყოფილა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დრო გაივლის, ვიდრე ეს მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგება.

ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რამდენიმე ეტაპი აქვს: პრეკლინიკური, მსუბუქი, იგივე ადრეული, საშუალო და მძიმე ანუ გვიანი.

* მსუბუქ სტადიაში ადამიანი შესაძლოა ჯანმრთელს ჰგავდეს, მაგრამ სულ უფრო უჭირდეს გარემოს ადეკვატური აღქმა. პაციენტიც და მისი ოჯახის წევრებიც თანდათანობით აცნობიერებენ, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. უკვე იგრძნობა მეხსიერების დაქვეითება, ადამიანს ეკარგება საღი განსჯის უნარი, იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს, უჭირს რთულ სიტუაციაში სწრაფად ორიენტირება და ინიციატივის აღება, დაბნეულია, ხშირად ებნევა გზა, უჭირს ფულთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება (მაგალითად, ნაყიდი ნივთის საფასურის გადახდა), ხშირად იმეორებს შეკითხვებს, ბევრი დრო სჭირდება ყოველდღიური საქმიანობისთვის, იცვლება პიროვნულად და ეცვლება ქცევაც, ადვილად ბრაზდება და ადვილად ერევა დეპრესიული განწყობა, ნივთებს მალავს ან ჰგონია, რომ სხვები უმალავენ.

* საშუალო სიმძიმის სტადია – ამ ეტაპზე ზიანდება ტვინის ის ნაწილები, რომლებიც აკონტროლებს ენობრივ უნარებს, მსჯელობას, სენსორულ აღქმას, ცნობიერ აზროვნებას. მეხსიერება სულ უფრო უარესდება, დაავადებულებს უჭირთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების ცნობა, კითხვა, წერა, რიცხვებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ახლის დასწავლა, ლოგიკური აზროვნება, მრავალსაფეხურიანი მოქმედებების შესრულება, მაგალითად, ჩაცმა, თავს ვერ ართმევენ უცნობ სიტუაციებს, ვერ ახერხებენ ყურადღების მოკრებას. გარდა ამისა, შესაძლოა დაეწყოთ ჰალუცინაციები, ბოდვები, პარანოია, იმპულსური ქცევა (მაგალითად, შეუსაბამო ადგილას გაშიშვლდნენ ან ვულგარული ენა გამოიყენონ). ამავე პერიოდისთვისაა დამახასიათებელი სიბრაზის აფეთქებები, მოუსვენრობა, აგზნება, შფოთვა, ტირილი, ხეტიალისკენ მიდრეკილება, განსაკუთრებით – საღამო ხანს, ერთისა და იმავე ტექსტის და მოძრაობის გამეორება. კუნთების შემთხვევითი მოძრაობები, შეკრთომები.

* გვიანი სტადია – ტვინის ქსოვილი უკვე მნიშვნელოვნადაა შემცირებული. დაავადებულები ვეღარ ურთიერთობენ გარშემო მყოფებთან და მთლიანად სხვის მზრუნველობაზე არიან დამოკიდებულები. თანდათან დროს უდიდეს ნაწილს საწოლში ატარებენ. იკლებენ წონას, აქვთ კრუნჩვები, უჭირთ ყლაპვა, კვნესიან, დიდხანს სძინავთ, კარგავენ შარდვისა და დეფეკაციის კონტროლის უნარს. ამ ადამინების სიკვდილის მიზეზი, როგორც წესი, ასპირაციული პნევმონიაა, როდესაც ყლაპვის მოშლის გამო საჭმლის ან სასმლის ნაწილაკები სასუნთქ გზებში ხვდება. 

თუ ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები ადამიანს დაახლოებით 80 წლის ასაკში გამოაჩნდა, ის დაახლოებით 3-4 წელი კიდევ იცოცხლებს, თუ შედარებით ახალგაზრდას – 10 წელი ან მეტი.

რა იწვევს

მეცნიერებს ჯერაც ვერ გაურკვევიათ, რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას. მათთვის, ვისაც დაავადება ადრეულ ასაკში დაეწყო, მიზეზი შესაძლოა გენეტიკური მუტაცია იყოს, გვიან ასაკში დაწყებულ ალცჰაიმერს კი საფუძლად უდევს ტვინის ცვლილებათა რთული კასკადი, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში ვითარდება. ის მოიაზრებს გენეტიკური, გარემოსა და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორების ერთობლიობას, თუმცა სხვადასხვა ადამიანისთვის ისინი სხვადასხვა როლს ასრულებენ ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში.

საფუძველი

მეცნიერები იკვლევენ ტვინში ჩალაგებულ ამილოიდურ ფოლაქებს, ცილა ტაუს გორგლებს და ალცჰაიმერის სხვა ბიოლოგიურ მახასიათებლებს, აკვირდებიან მის გავრცელებას. ამაში მათ ტვინის გამოსახვითი კვლევები ეხმარება. აკვირდებიან აგრეთვე ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციობის ცვლილებებს, განსაკუთრებით – დაავადების ყველაზე ადრეულ საფეხურზე მომხდარს, რათა სიმპტომების გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე შესაძლებელი გახდეს დაავადების აღმოჩენა. დადგენა. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ნეირონების ნაწილი ისედაც ზიანდება, ტვინის განსაზღვრული ნაწილები ატროფირდება (მცირდება), ზიანი ადგება სისხლძარღვებს, იმატებს არასტაბილური მოლეკულების – თავისუფალი რადიკალების – რაოდენობა და ირღვევა მიტოქონდრიების ფუნქციები, რაც უჯრედული ენერგიის წარმოქმნას უშლის ხელს.

გენეტიკური პასაჟები

ალცჰაიმერიით დაავადებულთა უმეტესობას დაავადება გვიან ეწყება, სიმპტომები დაახლოებით 65 წლის ასაკში იჩენს თავს. ადრეული ალცჰაიმერის დაავადება 30-60 წლის ასაკში იწყება და დაავადებულთა 10 პროცენტზე ნაკლებს უვლინდება. მკვლევრებმა ვერ აღმოაჩინეს სპეციფიკური გენი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების გვიან დაწყებას განაპირობებს. არსებიბს გენი – APOE ε4, რომლის არსებობა ზრდის დაავადების განვითარების რისკს, მაგრამ უმეტესად ადრეულ ასაკში. თუმცა არც ისეა საქმე, რომ APOE ε4 გენის მატარებელ ადამიანს ალცჰაიმერის დაავადება აუცილებლად განუვითარდეს და არც ისე, რომ ვისაც ეს გენი არ აქვს დაზღვეული იყოს ალცჰაიმერის განვითარებისგან.

დადგენილია გენომის ის რეგიონებიც, რომლებიც გვიან დაწყებული ალცჰაიმერის რისკის ზრდასა თუ შემცირებაზე ახდენს გავლენას.

ალცჰაიმერი ემართება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მათ აქვთ 21-ე ქრომოსომის ასლი, რომელშიც მავნე ამილოიდის წარმომქმნელი გენი მდებარეობს.

რა უწყობს ხელს

გარდა გენეტიკისა, არსებობს ჯანმრთელობის, გარემოსა და ცხოვრების წესის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. სწავლობენ კავშირს კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებასა და სისხლძარღვთა მდგომარეობას (გულის დაავადებები, ინსულტი, არტერიული წნევის მომატება) ან მეტაბოლურ დარღვევებს (დიაბეტი, სიმსუქნე) შორის. ტარდება კვლევები იმის დასადგენად, ამცირებს თუ არა ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამ მდგომარეობების რისკფაქტორების შემცირება. თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ სწორი კვება, ფიზიკური და სოციალური აქტიურობა, გონების მასტიმულირებელი საქმიანობა ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ზოგად ჯანმრთელობას კი არ არგებს, არამედ შეამცირებს შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

დიაგნოსტიკა

ალცჰაიმერის დაავადების საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის სიკვდილის შემდეგ კლინიკური ნიშნებისა და ტვინის ქსოვილის შესწავლით მიღებული შედეგების შეფასებით, ამიტომ როდესაც ადამიანს მეხსიერების პრობლემები აქვს, ექიმები სხვადასხვა გამოკვლევის საფუძველზე ასკვნიან, რამდენად დიდია შანსი,  დემენცია ალცჰაიმერის შედეგი იყოს (ამ შემთხვევაში დემენციის სხვა მიზეზებიც განიხილება) ან, თუ დემენციის სხვა მიზეზს ვერ პოულობენ, თვლიან, რომ საქმე აქვთ ალცჰაიმერის დემენციასთან და ისმება დაიგნოზი – "ალცჰაიმერის ტიპის დემენცია".

ალცჰაიმერის დიაგნოზის დასადგენად ექიმი:

* პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ან სხვა დაახლოებული პირების დახმარებით აგროვებს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ, ადგენს, რა მედიკამენტებს იყენებს, როგორ იკვებება, რა სამედიცინო პრობლემები ჰქონია, რამდენად შეუძლია ყოველდღიური საქმიანობის შესრულება და შეიცვალა თუ არა რამე მის ქცევასა და პიროვნებაში.

* პაციენტს უტარებს მეხსიერების, პრობლემების გადაჭრის, ყურადღების, ანგარიშისა და ენობრივი უნარის ტესტებს.

* პრობლემის სხვა შესაძლო მიზეზების დასადგენად ატარებს სისხლის, შარდის და, საჭიროებისამებრ, სხვა ანალიზებს, იკვლევს ტვინს კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT), მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის (MRI) ან პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფიის (PET) დახმარებით.

რამნდენიმე ხნის შემდეგ ეს ტესტები შესაძლოა გამეორებით ჩატარეს, რათა გაირკვეს, რამდენად იცვლება პაციენრის მეხსიერება და სხვა კოგნიტიური ფუნქციები.

ექიმმა უნდა გამორიცხოს მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითების სხვა მიზეზები, მაგალითად, ინსულტი, სიმსივნე, პარკინსონის დაავადება, ძილის დარღვევა, მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ინფექცია, არაალცჰაიმერის დემენცია. ზოგიერთი მათგანი ექვემდებარება მკურნალობას და შესაძლოა, შექცევადიც იყოს.

ნებისმიერ შემთხვევში კარგია, როდესაც ალცჰაიმერის ტიპის დემენციის დაიგნოსტიკა ადრეულ ეტაპზევე ხდება და მკურნალობაც იწყება. ეს ხელს უწყობს ადამიანის ყოველდღიური ფუნქციობის შენარჩუნებას გარკვეული ხნით. თუმცა პროცესის ბოლომდე შეჩერება შეუძლებელია. ადრეული დიაგნოზი ოჯახებს მომავლის დაგეგმვაში ეხმარება. მათ შეუძლიათ, იზრუნონ ფინანსურ თუ იურიდიულ საკითხებზე, განიხილონ უსაფრთხოების და ცხოვრების წესის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.

გარდა ამისა, ადრეული დიაგნოზი ადამიანს კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს.

როგორ მკურნალობენ

ალცჰაიმერის თანამედროვე მკურნალობა ორიენტირებულია ადამიანის გონებრივი ფუნქციის შენარჩუნებაზე, ქცევითი სიმპტომების მართვასა და ზოგიერთი დარღვევის, მაგალითად, მეხსიერების დაკარგვის, შენელებაზე. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ შეიმუშავებენ სპეციფიკურ მკურნალობას, რომელიც მიზანმიმართულად იმოქმედებს გენეტიკურ, მოლეკულურ და უჯრედულ მექანიზმებზე.

ალცჰაიმერის სიმპტომების სამკურნალოდ რამდენიმე მედიკამენტია მოწოდებული, თუმცა ეს წამლები პროცესზე გავლენას ვერ ახდენს. ისინი ყველა პაციენტისთვის არცაა ეფექტური და თუ ეფექტურია, მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში.

ალცჰაიმერის ქცევითი სიმპტომების მკურნალობა პაციენტსაც უკეთ აგრძნობინებს თავს და მომვლელებსაც უადვილებს საქმეს. ამიტომაა საჭირო წამლებითა თუ სხვა დამხმარე საშუალებებით უძილობის, აგზნების, შფოთვის, აგრესიის მართვა.

ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ რთულია ალცჰაიმერის დაავადების მქონე მოხუცებზე ზრუნვა. მათ დაეხმარებათ მსგავსი პრობლემების მქონე ადამანებთან კომუნიკაცია – საშუალება მიეცემათ, გამოთქვან თავიანთი წუხილი, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ასეთი დამხმარე ჯგუფები მრავალ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია.

 

მეხსიერების სხვა მტრები

გარდა დემენციისა, რომლის უხშირესი მიზეზიც ალცჰაიმერის დაავადებაა, მეხსიერებას სხვა მდგომარეობებიც ემუქრება. თუ არ გვინდა, ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე პრობლემებს შევეჯახოთ და სხვა დარღვევებთან ერთად მეხსიერების დაქვეითებამაც გაგვირთულოს ცხოვრება, შეძლებისდაგვარად მათ თავიდან აცილებაზე უნდა ვიზრუნოთ. მანამდე კი, მოდი, გავიგოთ, რომელი დაავადებები შედის ამ ჩამონათვალში.

ინსულტი

ინსულტი ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა. როდესაც თავის ტვინის განსაზღვრულ ნაწილს სისხლი აღარ მიეწოდება, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე დარჩენილი მისი უჯრედები რამდენიმე წუთში იღუპებიან, ამიტომ ინსულტი შესაძლოა უნარშეზღუდულობისა და სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს.

არსებობს ორი ტიპის ინსულტი: იშემიური, რომელსაც სისხლძარღვში თრომბის დაცობა იწვევს, – ათიდან რვა შემთხვევაში ინსულტი სწორედ ასეთია, – და ჰემორაგიული, რომლის დროსაც ტვინში ცვლილებების მიზეზი სისხლძარღვის დაზიანების გამო განვითარებული სისხლჩაქცევაა.

ინსულტის მსგავსი მდგომარეობაა გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), რომელსაც ზოგჯერ მინიინსულტს უწოდებენ. ამ დროს სისხლის მიწოდება მხოლოდ მოკლე ხნით იბლოკება და ტვინის უჯრედების დაზიანების უკუქცევა შესაძლებელია. თუმცა TIA-ს მქონე ადამიანს ინსულტის მაღალი რისკი აქვს.

ვის ემუქრება

ინსულტის ძირითადი რისკფაქტორებია მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, გულის დაავადებები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც თრომბების წარმოქმნას იწვევს, მაგალითად, წინაგულების ფიბრილაცია, ასევე - მოწევა (ის სისხლძარღვებს აზიანებს), ინსულტის ან TIA-ს პირადი ან ოჯახური ისტორია, ასაკი (მასთან ერთად ინსულტის რისკიც იმატებს).

ინსულტის განვითარებას ხელს უწყობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, უმოძრაო ცხოვრება, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე, არასწორი კვება, ჭარბი წონა...

ნიშნები

ინსულტის სიმპტომები, წესისამებრ, უეცრად ვითარდება. ესენია:

* სახის, ხელის ან ფეხის დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით – სხეულის ცალ მხარეს;

* ცნობიერების დაქვეითება, მეტყველების ან სხვისი ნათქვამის აღქმის გაძნელება;

* მხედველობის გაუარესება ცალ ან ორივე თვალში;

* სიარულის გაძნელება, თავბრუხვევა, წონასწორობის დაკარგვა ან კოორდინაციის დარღვევა;

* თავის ძლიერი ტკივილი.

ამ სიმპტომების შემჩნევისას სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე. რაც უფრო მალე დაიწყება ინსულტის მკურნალობა, მით მეტია ზიანის აღმოფხვრის შანსი.

იშემიური ინსულტის სიმტომების აღმოცენებიდან რამდენიმე საათში შეიძლება სპეციალური მედიკამენტის – ქოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის – გადასხმა, რომელიც ახალწარმოქმნილ თრომბს შლის. არსებობს ისეთი მედიკამენტებიც, რომლებიც ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას და თრომბების წარმოქმნას. ზოგჯერ საჭირო ხდება თრომბის დაშლა  და მისი ენდოსკოპიურად ამოღება (თრომბექტომია).

ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, სისხლდენას აჩერებენ, რისთვისაც ზოგჯერ ოპერაციული ჩარევაც ხდება საჭირო.

თუ პაციენტი დროულად ვერ მოხვდა კლინიკაში და მაინც განუვითარდა ტვინის შეუქცევადი დაზიანება, სამკურნალო არსენალში რჩება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, რომლის მიზანია, ადამიანმა მაქსიმალურად დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს, ამისთვის კი საჭიროა, შეძლებისდაგვარად აღდგეს ის უნარები, რომლებიც ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას შეეეწირა.

როგორ ავიცილოთ თავიდან

თუ გაქვთ ინსულტის განვითარების მაღალი რისკი, შეგიძლიათ, ცხოვრების ჯანსაღი წესით მისი განვითარება თავიდან აიცილოთ. ამისთვის:

* იკვებეთ დაბალანსებულად, ჯანსაღად;

* მიაღწიეთ და შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;

* მართეთ სტრესი;

* რეგულარულად დაიტვირთეთ ფიზიკურად;

* თავი დაანებეთ მოწევას;

* აკონტროლეთ არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტეროლის დონე. 

დეპრესია

დეპრესია – აშლილობა, რომელიც მუდმივ მოწყენილობას და ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვას იწევევს – გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე, ფიქრებზე, ქცევაზე და შესაძლოა, ემოციური და ფიზიკური პრობლემების წყაროდ იქცეს.

დეპრესია უბრალო უგუნებობა არ არის, რომელსაც ადვილად დააღწევთ თავს – მას შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს. თუმცა მკურნალობა, წესისამებრ, შედეგიანია.

მიზეზები

დანამდვილებით არ არის ცნობილი, რა იწვევს დეპრესიას. შესაძლოა, მის პათოგენეზში რამდენიმე ფაქტორი იყოს ჩართული, მათ შორის – ბიოლოგიური, ქიმიური, ჰორმონული (მშობიარობა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, მენოპაუზა), მემკვიდრეობითი.

დეპრესია ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს. მის განვითარებას ხელს უწყობს:

* განსაზღვრული პიროვნული თვისებები, მაგალითად, დაბალი თვითშეფასება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი;

* ტრავმული ან სტრესული მოვლენები, მაგალითად, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, საყვარელი ადამიანის სიკვდილი ან დაკარგვა, რთული ურთიერთობები, ფინანსური პრობლემები;

* დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობის, ალკოჰოლიზმის ან თვითმკვლელობის ისტორია სისხლით ნათესავებში;

* სქესობრივი პრობლემები;

* ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა დარღვევები: შფოთვითი აშლილობა, კვებითი დარღვევები, პოსტტრავმული სტრესი;

* ალკოჰოლი, ნარკოტიკები;

* ქრონიკული ტკივილი, ქრონიკული სნეულებები: კიბო, ინსულტი, გულის დაავადებები;

* ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – წნევის დამარეგულირებელი და საძილე საშუალებები. 

სიმპტომები

შესაძლოა, ადამიანს ერთხელ დაემართოს დეპრესია, მაგრამ უმეტესად მას მრავალი ეპიზოდი ახასიათებს. დეპრესიის ნიშნებია:

* მწუხარების, სიცარიელის ან უიმედობის შეგრძნება;

* სიბრაზე, წვრილმანების გამოც კი გაღიზიანება;

* საყვარელი საქმიანობისადმი, სქესობრივი ურთიერთობისადმი და ა.შ. ინტერესის დაკარგვა, მათგან სიამოვნების მიღების უუნარობა;

* ძილის დარღვევები: უძილობა ან ზედმეტი ძილი;

* დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა (მცირე საქმეც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს);

* მადის დაქვეითება და წონის კლება ან მადის გაძლიერება და წონის მატება;

* შფოთვა, აგზნება ან მოუსვენრობა;

* აზროვნების, მეტყველების, მოძრაობის შენელება;

* უღირსობის, დანაშაულის განცდა, წარსულ წარუმატებლობაზე ჩაციკვლა;

* აზროვნების, კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღების, ახალი ინფორმაციის დამახსოვრების გაძნელება;

* ფიქრი სიკვდილზე, თვითმკვლელობაზე;

* ფიზიკური პრობლემები, მაგალითად, ზურგის ან თავის ტკივილი, რომელსაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია.

დეპრესიით დაავადებულთა უმრავლესობას სიმპტომები იმდენად მძაფრად აქვს გამოხატული, რომ ხელი ეშლება ყოველდღიურ საქმიანობაში: მუშაობაში, სწავლაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ზოგი მათგანი ვერც ხვდება, რატომ გრძნობს თავს ასე უბედურად.

დეპრესია ხშირად იქცევა ასაკოვანი ადამიანების მეხსიერების დაქვეითებისა და პიროვნული ცვლილებების მიზეზად. დეპრესიის დროს ხანდაზმული ადამიანები სახლში იკეტებიან, თავის მოკვლაზე ფიქრობენ, აქვთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, კარგავენ მადას, ერღვევათ ძილი.

დეპრესია არ არის ნორმალური სიბერისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, ამიტომ მის მიმართ ყურადღება გვმართებს. სამწუხაროდ,  ხანდაზმულ ადამიანებთან დეპრესიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა იშვიათად ხდება.

გართულებები

დეპრესიას შეუძლია, დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანს და მთელ მის ოჯახს. მკურნალობის გარეშე ის, წესისამებრ, მძიმდება და ემოციურ, ქცევით და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. მაგალითად, შესაძლოა, იქცეს ჭარბი წონის ან სიმსუქნის მიზეზად, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულის დაავადებების, დიაბეტის და სხვა სნეულებების რისკს, იწვევს ტკივილს, ალკოჰოლისკენ, ნარკოტიკებისკენ ლტოლვას, შფოთვას, პანიკურ აშლილობას ან სოციალურ ფობიას, ოჯახურ კონფლიქტებს, ურთიერთობის სირთულეებს, პრობლემებს სამსახურსა თუ სასწავლებელში, სოციალურ იზოლაციას, სუიციდურ განწყობას, თვითმკვლელობის მცდელობას, თვითდასახიჩრებას...

SOS

თუ გგონიათ, რომ დეპრესია გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოჯახის ექიმს, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. თუ მკურნალობა არ გინდათ, ესაუბრეთ მეგობარს, ახლობელს, მოძღვარს – ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ენდობით.

პრევენცია

დეპრესიის თავიდან აცილების უტყუარი გზა არ არსებობს, თუმცა შესაძლოა, შედეგი გამოიღოს შემდეგმა სტრატეგიებმა:

* ყველაფერი იღონეთ, რომ შეძლოთ სტრესის გაკონტროლება, საკუთარი გამძლეობისა და თვითშეფასების ამაღლება;

* მიმართეთ ოჯახს და მეგობრებს, განსაკუთრებით – კრიზისულ პერიოდებში, რათა მათ გადალახვაში დაგეხმარონ;

* მკურნალობა დეპრესიის ნიშნების გაჩენისთანავე დაიწყეთ, რათა მდგომარეობის გაუარესება თავიდან აიცილოთ;

* ჩაიტარეთ გრძელვადიანი შემანარჩუნებელი მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ სიმპტომების რეციდივი.

თავის ტრავმა

თავის ტვინს დაზიანებისგან თავის ქალა იცავს, თუმცა ყოველთვის ვერა. ძლიერმა ტრავმამ შესაძლოა თავის ქალას მოტეხილობა, ტვინის შერყევა ან თავის ტვინის ტრავმული დაზიანება გამოიწვიოს.

თავის ტრავმა ღიაც შეიძლება იყოს და დახურულიც. დახურული დაზიანების დროს თავის ქალას მთლიანობა არ ირღვევა, ხოლო ღიას დროს ქალაც ზიანდება და ტვინიც, თუმცა ისიც შესაძლოა, დახურული ტრავმის დროს ტვინის დაზიანება უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ღიას შემთხვევაში.

ტრავმის მიზეზი, წესისამებრ, დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა ან ძალადობაა. საკმაოდ ხშირია სპორტული ტრავმაც.

დაზიანების ტიპები

* შერყევა – ეს თავის ტვინის სერიოზული დაზიანებაა. ადამიანი უმეტესად გონებას არ კარგავს, შესაძლოა, იგრძნოს გაბრუება ან მცირე ხნით დაკარგოს მხედველობა ან წონასწორობა.

* კონტუზია – ეს არის ტვინის შეშუპება, რომელიც მასში მცირე სისხლდენის გამო ვითარდება.

* თავის ქალას მოტეხილობა – ის თავის ქალაზე ნაპრალის გაჩენას გულისხმობს. შესაძლოა, მოტეხილმა ძვლებმა დააზიანოს ტვინის ქსოვილი და სხვა ტიპის დაზიანებაც გამოიწვიოს.

* ჰემატომა, სისხლჩაქცევა, სისხლგროვა თავის ტვინში.

სიმპტომები

თავის ტრავმის შემდეგ ჩვეულებრივი ამბავია თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. ამას შესაძლოა დაერთოს თავბრუხვევა ან დეზორიენტაცია, ფოკუსირებისა და მეხსიერების პრობლემები, ყურების შუილი, კისრის ტკივილი, მხედველობის გაუარესება. ეს სიმპტომები უმეტესად რამდენიმე კვირაში გაივლის, მაგრამ  თუ დაზიანება მძიმეა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

მიმართეთ ექიმს

თავის საშუალო ან მძიმე დაზიანების  ნიშნების გაჩენისას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოთ. ეს ნიშნებია:

* ისეთი სიმპტომების დამძიმება, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა ან დაღლილობა;

* ხშირი ღებინება;

* ქცევის მკვეთრი უმიზეზო ცვლილება – ბრაზი, დაბნეულობა;

* თვალის გუგის`გუგების გაფართოება;

* სიარულის ან მეტყველების გაძნელება;

* სუნთქვის დარღვევა;

* სისხლიანი ან სეროზული გამონადენი ყურებიდან ან ცხვირიდან;

* მკლავების ან ფეხების სისუსტე ან დაბუჟება;

* გონების დაკარგვა;

* კრუნჩხვა.

დიაგნოსტიკა

ექიმი გამოიკითხავს, როგორ მოხდა დაზიანება, რა გაწუხებთ და ჯანმრთელობის რა პრობლემები გქონდათ აქამდე. შესაძლოა გკითხოთ, რა გქვიათ,  კვირის რა დღეა და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში გამოსახვით გამოკვლევასაც (კომპიუტერულ ტომოგრაფიას,  მაგნიტურ-რეზონანსულ ვიზუალიზაციას) დაგინიშნავთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან

თავის ტრავმის თავიდან აცილების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ რისკის შემცირება შესაძლებელია. ამისთვის:

* მანქანაში ყოველთვის გაიკეთეთ ღვედი;

* ჩაფხუტის გარეშე ნუ დაჯდებით მოტოციკლეტსა და ველოსიპედზე;

* ნებისმიერი სპორტული აქტივობისას გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და მოხუცებს – მათ დაცემის მაღალი რისკი აქვთ.

მკურნალობა

თავის მსუბუქ დაზიანებას შესაძლოა არ დასჭირდეს მკურნალობა, მაგრამ არ უნდა გამოგეპაროთ ნიშნები, რომელთა არსებობისას სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

როგორ დავეხმაროთ

თუ შეესწარით სიტუაციას, სადაც ადამიანმა თავის ძლიერი ტრავმა მიიღო, დარეკეთ 112–ზე, მანამდე კი:

* თუ დაშავებულს სისხლი სდის, შეეცადეთ შეაჩეროთ სისხლდენა. ამისთვის გამოიყენეთ ბინტი, პირსახოცი ან ტანსაცმლის ნახევი. ჭრილობას არ დააწვეთ, მით უმეტეს, თუ ღიაა; უბრალოდ, დააფარეთ ქსოვილი.

* თუ დაშავებულს აღებინებს, შეეცადეთ,  ვერტიკალური მდგომარეობა შეუნარჩუნოთ, თუ  წევს, გვერდზე გადაატრიალეთ, რომ ამონაღებმა მასამ არ დაახრჩოს.

* თუ დაშავებული გონზეა, გააფრთხილეთ, რომ არ გაანძრიოს თავი – ეს ხერხემალსა და ტვინს შემდგომი დაზიანებისგან დაიცავს.

* თუ დაშავებული უგონოდაა, მაგრამ სუნთქავს, შეეცადეთ, კისერი და თავი ხერხემლის ხაზის გასწვრივ დაუფიქსიროთ.

* თუ დაშავებული უგონოდაა და არ სუნთქავს, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

შედეგები

ადამიანთა უმრავლესობა თავის ტრავმის შემდეგ ჯანმრთელობის არავითარ პრობლემას არ უჩივის, თუმცა არსებობს მეხსიერების დაკარგვის რისკი. შესაძლოა, დაშავებულს დაავიწყდეს, რა მოხდა უბედურ შემთხვევამდე, მის დროს და მის შემდეგ. მკურნალობის შედეგად უმეტესობას უბრუნდება დასწავლისა და დამახსოვრების უნარი, თუმცა განმეორებითმა თავის ტრავმამ, რომელიც ხშირია  მოკრივეებსა და ფეხბურთელებში, შესაძლოა მეხსიერების პროგრესული დაკარგვა გამოიწვიოს.

წარმონაქმნები ტვინში

თავის ტვინის სიმსივნე ანუ ტვინის ქსოვილში პათოლოგიური უჯრედების გამრავლება კეთილთვისებიანიც შეიძლება იყოს და ავთვისებიანიც. ზოგი სიმსივნე პირდაპირ ტვინში აღმოცენდება (ტვინის პირველადი სიმსივნე), ზოგი კი სხეულის სხვა ნაწილებიდან გადმოდის (მეტასტაზი, მეორეული სიმსივნე).

ნიშნები

ტვინის სიმსივნეს შეუძლია გამოიწვიოს:

* თავის ტკივილი, ხშირად – დილაობით;

* გულისრევა და ღებინება;

* მეტყველების, სმენის ან მხედველობის პრობლემები;

* წონასწორობის ან სიარულის გაძნელება;

* აზროვნების ან მეხსიერების პრობლემები;

* სისუსტის ან ძილიანობის შეგრძნება;

* განწყობის ან ქცევის ცვლილებები;

* კრუნჩხვები.

ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის ტარდება ნევროლოგიური და სხვა გამოკვლევები, მათ შორის – MღI, ჩთ სკანირება და ბიოფსია. მკურნალობა მოიცავს დაკვირვებას, ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას და მიზნობრივ თერაპიას. ეს უკანასკნელი იყენებს ნივთიერებებს, რომლებიც თავს ესხმის მხოლოდ კიბოს უჯრედებს და სხეულის ნორმალურ უჯრედებს ნაკლებ ზიანს აყენებს. ხშირად მიმართავენ სხვადასხვა მეთოდით კომბინირეულ თერაპიას.

და კიდევ

მეხსიერების დაკარგვას ზოგჯერ ერთი მიზეზი იწვევს, ზოგჯერ – რამდენიმეს კომბინაცია. სხვა მიზეზებად განიხილება:

* მედიკამენტები (როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გასაცემი): საძილე აბები, ანტიჰისტამინური საშუალებები, შფოთის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, შიზოფრენიის სამკურნალო საშუალებები და ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც იყენებენ ოპერაციის შემდეგ;

* ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება – მან შესაძლოა გამოიწვიოს B1 ვიტამინის (თიამინის) დეფიციტი, რაც, თავი სმხრივ, ზიანს აყენებს მეხსიერებას. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს შეუძლია შეცვალოს თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებების შემცველობა და გავლენა მოახდინოს მეხსიერებაზე;

* სტრესი. მას შეუძლია, მეხსიერების დაკარგვა გამოიწვიოს, ექსტრემალურ შემთხვევებში – ფსიქოგენური ამნეზიაც, როდესაც ადამიანს აღარ ახსოვს სახელი, დაბადების თარიღი ან სხვა ძირითადი ინფორმაცია საკუთარ თავზე;

* აივ ინფექციით, ტუბერკულოზით, სიფილისით, ჰერპესით და სხვა ინფექციით გამოწვეული ტვინის ანთება;

*ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისად ან ზედმეტი აქტიურობა (ეს მდგომარეობა ხელს უშლის ბოლოდროინდელი მოვლენების გახსენებას);

* ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები;

* ხარისხიანი ძილის ნაკლებობა;

* B1 და B12 ვიტამინების ნაკლებობა. მკურნალობა შესაძლებელია ამ ნივთიერებების მიღებით – დალევით ან ინექციით.

დავეხმაროთ მეხსიერებას

ხომ არ დაგავიწყდათ, სად დადეთ მანქანის გასაღები? იქნებ მაღაზიაში წახვედით, საყიდლების სია კი შინ დაგრჩათ? ან იქნებ შვილის მასწავლებლის სახელს ვეღარ იხსენებთ? უპირველეს ყოვლისა, დამშვიდდით – თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვისაც ასეთი რამ სჭირს; დროდადრო, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ყველას გვავიწყდება რაღაც. მაგრამ თუ  გულმავიწყობა შემოგეჩვიათ და მეხსიერებას გაუარესებას ატყობთ, აჯობებს, ამ ამბავს სათანადო ყურადღებით მოეკიდოთ.

ხანში შესვლისას მეხსიერების პრობლემებს რომ არ შევეჯახოთ, მასზე ახალგაზრდობიდანვე უნდა ვიზრუნოთ. არსებობს კვლევებით დადასტურებული რეკომენდაციები, რომლებიც ბევრს მეხსიერების არა მხოლოდ შენარჩუნებაში, არამედ გაუმჯობესებაშიც დაეხმარა.

ფიზიკური დატვირთვა

ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, მათ შორის – ტვინშიც. ამერიკის ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტი (Department of Health and Human Services) გვირჩევს, კვირაში 150 წუთი მაინც დავუთმოთ ზომიერ აერობულ აქტივობას, მაგალითად, სწრაფ სიარულს, ან კვირაში 75 წუთი – ენერგიულ აერობულ აქტივობას, მაგალითად, სირბილს. სასურველია, დატვირთვა მთელ კვირაზე განაწილდეს. მაგალითად, შეიძლება, კვირაში ხუთი დღე გამოყოთ ნახევარსაათიანი სწრაფი სიარულისთვის ან თხუთმეტწუთიანი სირბილისთვის. ისიც შეიძლება, დატვირთვა რამდენიმე ათწუთიან ეტაპად დაანაწევროთ.

გონების სტიმულაცია

ფიზიკური დატვირთვა სხეულის ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება. იმავეს აკეთებს ტვინისთვის გონების მასტიმულირებელი აქტივობები, ამიტომ ხშირად შეავსეთ კროსვორდი, სუდოკუ, ააწყვეთ პაზლი, ითამაშეთ ჭადრაკი, შაში, ბრიჯი, თუ საკუთარ ავტომობილს მართავთ, ხშირად იარეთ ალტერნატიული მარშრუტით, ისწავლეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

სოციალური ურთიერთობები

სოციალური ურთიერთობები დეპრესიისა და სტრესისგან გვიცავს, ეს ორი კი  მეხსიერების მტერია, ამიტომ ეცადეთ, არ აჰყვეთ ნერვებს. მისდიეთ იოგას, ხშირად გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან – ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად. ეს გაგაბედნიერებთ კიდეც და კარგი მეხსიერების შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

ორგანიზება

თუ ნივთები ადვილად გეკარგებათ, უპირველეს ყოვლისა, შეეცადეთ, ყველაფერს თავისი მუდმივი ადგილი მიუჩინოთ, განსაკუთრებით – საფულეს, გასაღებს, სათვალეს.

ჩამოწერეთ ყველა გასაკეთებელი საქმე: შეხვედრები, სატელეფონო ზარები, – და სპეციალურ წიგნაკში, ტელეფონში, პლანშეტში ჩაინიშნეთ... შეგიძლიათ, თითოეული ჩანაწერი ხმამაღლა გაიმეოროთ, ეს მის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ უკვე შესრულებული დავალებების მონიშვნა.

კონცენტრაცია

ერიდეთ ფაქტორებს, რომლებიც ყურადღებას გაგიფანტავთ. ერთდროულად ბევრ რამეს ნუ გააკეთებთ. თუ იმ ინფორმაციაზე, რომლის დამახსოვრებაც გინდათ, ყურადღებას გაამახვილებთ, მოგვიანებით მას უფრო ადვილად გაიხსენებთ. შეგიძლიათ, დასამახსოვრებელი ინფორმაცია საყვარელ სიმღერას ან ნებისმიერ სხვა, კარგად ნაცნობ რამეს დაუკავშიროთ.

ძილი

პრიორიტეტად დაისახეთ საკმარისი ძილი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციის შენახვაში. გაითვალისწინეთ, რომ ზრდასული ადამიანების უმეტესობას შვიდიდან ცხრა საათამდე ძილი სჭირდება. ძილის დროს ზოგი რამ იშლება გონებიდან, ზოგი კი ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის და ინახება. უძილობის დროს ნერვულ კავშირებზე, სინაფსებზე, ცილები გროვდება, რაც ართულებს აზროვნებას და დასწავლის უნარს. ძილის მუდმივი უკმარისობა კი ხანდაზმულ ადამიანებში კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას განაპირობებს.

ექიმის დანიშნულება

თუ გაქვთ დეპრესია, მაღალი არტერიული წნევა, ჭარბი ქოლესტერინი, ჭარბი წონა, დიაბეტი, ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები. რაც უკეთესად მოუვლით თავს, მით უკეთეს მეხსიერებას შეინარჩუნებთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი გავლენას ახდენს მეხსიერებაზე და რეგულარულად გადაავლეთ თვალი დანიშნულ წამლებს ექიმთან ერთად.

ჯანსაღი კვება

იკვებეთ ჯანსაღად. მიირთვით ხილი, ბოსტნეული და საღი მარცვლეული. შეარჩიეთ ცილის უცხიმო წყაროები (თევზი, ლობიო, კანგაცლილი ფრინველი). ზომიერად სვით ალკოჰოლიანი სასმელები.

რეკომენდებულია დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები – მათში შემავალი ნახშირწყლები მაქსიმალურად ნელა იშლება გლუკოზად. ჩართეთ რაციონში მეტი ბოჭკოვანი პროდუქტი. ზომიერად მიიღეთ ცხიმი და ცილა. ერიდეთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებს – ტკბილეულს და თეთრი სახამებლის შემცველ პროდუქტებს. ასეთი კვება ტვინს ენერგიის უფრო საიმედო ნაკადით ამარაგებს, რაც მის ხანგრძლივ ჯანმრთელობას და სრულფასოვან მუშაობას განაპირობებს.

მიირთვით ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები, მათ შორის – შავი მოცვი, ვაშლი, ბანანი, მწვანე ბოსტნეული, ნიორი, სტაფილო. ანტიოქსიდანტები მოლეკულებია, რომლებიც ადვილად იკავშირებს და ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რათა ისინი სისხლში არ დაგროვდნენ და ტვინის უჯრედები არ დააზიანონ.

მიირთვით შოკოლადიც – ის მდიდარია ანტიოქსიდანტ ფლავანოლით, ოღონდ ნუ გადააჭარბებთ, ვინაიდან მასში უხვადაა ნაკლებად სასარგებლო ნივთიერებებიც – შაქარი და ნაჯერი ცხიმი. გონებრივ მუშაობას ენერგიის დეფიციტიც აუარესებს. მკაცრმა დიეტამ შესაძლოა ტვინი დააზიანოს,  გამოიწვიოს ყურადღების გაფანტვა, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება.

განსაკუთრებული საკვები

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ანტიოქსიდანტებითა და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ საკვებს შეუძლია, დადებითი გავლენა მოახდინოს ტვინის ჯანმრთელობაზე და მეხსიერება გააუმჯობესოს. აი, რამდენიმე პროდუქტი, რომელთა დადებითი გავლენა ტვინის რუხ ნივთიერებაზე კვლევებით არის დამტკიცებული:

კაკალი

იქნებ არ არის შემთხვევითი, რომ კაკლის გულს ტვინის ფორმა აქვს? ერთ-ერთი კვლევის შედეგების თანახმად, იმ ვირთხების ტვინში, რომელთა რაციონის ორ პროცენტს კაკალი შეადგენდა, შემცირდა დაბერების ნიშნები, გაუმჯობესდა ტვინის ფუნქციობა და ინფორმაციის დამუშავების უნარი. სხვა კვლევის მონაცემები კი მოწმობს, რომ კაკლით კვებამ ალცჰაიმერით დაავადებულ თაგვებს გაუუმჯობესა დასწავლის უნარი, მეხსიერება და მოტორული კოორდინაცია.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კაკალს ამ უნარს ანტიოქსიდანტები ანიჭებს, რომლებიც მასში უხვადაა. შეგახსენებთ: ეს მოლეკულები ტვინის უჯრედების დნმ-ს სხეულში მოცირკულირე თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს.

სტაფილო

აღმოჩნდა, რომ სტაფილო არა მხოლოდ თვალებს, არამედ ტვინსაც უხდება. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ნივთიერება ლუტეოლინს. ეს ნივთიერება ამცირებს ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების დეფიციტს და ანთებით პროცესებს თავის ტვინში. კვლევის დროს თაგვებს, რომელთა ყოველდღიურ რაციონს ემატებოდა 20 მილიგრამი ლუტეოლინი, ტვინის ანთება შეუმცირდათ და მეხსიერება ახალგაზრდა თაგვების მეხსიერების დონემდე აღუდგათ.

ლუტეოლინით მდიდარია ზეითუნის ზეთი, წიწაკა და ნიახურიც.

კენკრა

მოცვი და მარწყვი, რომლებიც ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ამცირებს უჯრედების დაბერების პროცესს და აუმჯობესებს ტვინში იმპულსების გადაცემის უნარს.  12 კვირის განმავლობაში ველური მოცვის წვენის ყოველდღიური მიღების შედეგად მეხსიერების პრობლემების მქონე ცხრა მოზარდს შესამჩნევად გაუუმჯობესდა მეხსიერება და შეუმცირდა დეპრესიის სიმპტომები იმ მოზარდებთან შედარებით, რომლებსაც მოცვის წვენი არ მიუღიათ. 

თევზი

ომეგა-3-ით და სხვა შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზი აფერხებს კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას, რაც დაბერების თანმხლები ჩვეულებრივი მოვლენაა, ამცირებს დეპრესიას.

65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ მაინც მიირთმევდნენ თევზს, კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება 13 პროცენტით შეუნელდათ მათთან შედარებით, ვინც ზღვის ნობათს იშვიათად შეექცეოდა, ხოლო ადამიანებს, რომლებიც კვირაში ერთხელ რთავდნენ მას საკუთარ რაციონში – ათი პროცენტით.

რაც შეეხება ომეგა 3-ის დანამატის სახით მიღებას, მისი ეფექტიანობის შესასწავლად ჩატარებულმა გამოკვლევებმა განსხვავებული შედეგები აჩვენა, ამიტომ აჯობებს, ის მაინც ბუნებრივი სახით  მიიღოთ სელის თესლიდან, თხილეულისგან, ცხიმიანი თევზიდან, ბალახისმჭამელი ცხოველების ხორციდან.

ყავა და ჩაი

ყავა და ჩაი გაცილებით მეტია, ვიდრე გამოფხიზლების საშუალება.  ეს სასმელები აფერხებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას და აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.

მკვლევრები კოფეინის შემცველი ყავას აძლევდნენ თაგვებს, რომლებიც გენური ინჟინერიის დახმარებით ისე იყვნენ დაპროგრამებულები, რომ ალცჰაიმერის დაავადება დამართვოდათ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზოგ თაგვს დაავადების პროგრესირება შეუნელდა, ზოგს კი ის საერთოდ აღარ დამართვია.

ჩაიმ ტვინის დაცვის ეფექტი გამოავლინა. 55 წელს გადაცილებულმა ჩაის მოყვარულებმა უკეთესად გაიარეს მეხსიერების და ინფორმაციის დამუშავების ტესტები, ვიდრე ჩაის არამსმელებმა.

ისპანახი

მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, განსაკუთრებით – ისპანახი, დიდი რაოდენობით შეიცავს  C და E ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებას.

ვირთხებს, რომლებსაც E ვიტამინს აძლევდნენ, რვა თვის განმავლობაში ტვინის მოცულობა შესამჩნევად გაეზარდათ, ამასთან, მოემატათ დოფამინის – სიამოვნების ქიმიური მარკერის – გამოყოფა, რომელიც ტვინის სხვადასხვა ნაწილში ინფორმაციის ნაკადსაც აკონტროლებს.

დაბერებულ ვირთხებს, რომლებსაც ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების პრობლემა და მოტორული დარღვევები აღენიშნებოდათ, ისპანახით, მარწყვით ან მოცვით კვების შედეგად ორივე მხრივ უკეთესობა დაუდასტურდათ. ზოგიერთი კვლევა კი საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ მეხსიერებას კევის ღეჭვაც აუმჯობესებს.

მეხსიერების გაუმჯობესების სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ როგორც მუშა, ისე ხანგრძლივ მეხსიერებსას ძალიან უხდება როზმარინის არომატი, ამიტომ შეგიძლიათ, ეს მცენარე ფანჯრის რაფაზე გაახაროთ, კერძებსაც გააგემრიელებთ და მეხსიერებასაც გაიუმჯობესებთ.

თუ მეხსიერების პრობლემები ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს. ის სათანადო გამოკვლევასაც ჩაგიტარებთ და პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

 

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: