როგორ ამოვიცნოთ ქვემწვავე თირეოიდიტი?

გააზიარე:

იცოდით,  რომ ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ტემპერატურის მატება, ხმის ჩახლეჩა, ხველა, ყურების ტკივილი და სხვა ერთი შეხედვით რესპირატორული ინფექციისთვის დამახასითებელი სიმპტომები შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სპეციფიკური დაავადების გამომხატველი იყოს? თუ არა, მოდი, გავეცნოთ ამ დაავადების თავისებურებებს და გავიგოთ, როგორ გავუმკლავდეთ მას.

დაავადება, რომელზეც ვსაუბრობთ, ქვემწვავე თირეოიდიტია. "თირეოიდიტი" ფარისებრი ჯირკვლის ანთებას ნიშნავს. ფარისებრი ჯირკვალი რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰორმონს გამოიმუშავებს. ეს ჰორმონები უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ მეტაბოლიზმს, არეგულირებს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას, მონაწილეობს ზრდაში, ფიზიკური და ემოციური რეაქციების განხორციელებაში.

თირეოიდიტის მრავალი ტიპი არსებობს: ავტოიმუნური, წამლისმიერი, რადიაციული, ჩუმი, მწვავე, რიდელის და სხვა. მათი უმრავლესობა ჰიპერთირეოზს ან ჰიპოთირეოზს იწვევს. ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი ჩვეულებრივზე მეტადაა გააქტიურებული და ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონების, ხოლო ჰიპოთირეოზის დროს პირიქით _ მისი აქტივობა დაქვეითებულია და გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობა არ არის საკმარისი.

ქვემწვავე თირეოიდიტი თირეოიდიტის ერთ-ერთი იშვიათი ფორმაა, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის არეში ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნების გაჩენა ახასიათებს. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს თავდაპირველად ჰიპერთირეოზის სიმპტომები უვითარდებათ, მოგვიანებით კი ჰიპოთირეოზისა. ქვემწვავე თირეოიდიტის დროს ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს, წესისამებრ, დროებითი ხასიათი აქვს, თუმცა ნებაზე მიშვებულ ან არასწორად ნამკურნალებ შემთხვევებში დაზიანება შესაძლოა პერმანენტული გახდეს.

 

მიზეზები და რისკის ფაქტორები

თირეოიდიტის სხვა ტიპებისგან განსხვავებით, ქვემწვავე თირეოიდიტის მიზეზად ვირუსულ ინფექციას მიიჩნევენ. მას უმეტესად 40-დან 50 წლამდე ასაკის ქალებთან ვხვდებით. მამაკაცებთან ეს პრობლემა შედარებით იშვიათია. ქვემწვავე თირეოიდიტი, წესისამებრ, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის _ გრიპის, ყბაყურას, ადენოვირუსის, კოქსაკის ვირუსის _ შემდეგ ვითარდება.

 

როგორ ამოვიცნოთ

თირეოიდიტის სხვა ტიპებისგან განსხვავებით, ქვემწვავე თირეოიდიტს ფარისებრი ჯირკვლის ტკივილი ახასიათებს. ზოგ შემთხვევაში ტკივილის შეგრძნება ყელის სხვა ნაწილებზე, ყურებსა და ქვედა ყბაზეც ვრცელდება. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი შეშუპებული და დაჭიმულია და ძალზე მგრძნობიარეა შეხების მიმართ. ტკივილმა შესაძლოა 1-დან 3 თვემდე გასტანოს. ქვემწვავე თირეოიდიტის სხვა სიმპტომებია:

* ცხელება;

* დაღლილობა;

* სისუსტე;

* ხმის ჩახლეჩა;

* ყლაპვის გაძნელება.

ქვემწვავე თირეოიდიტის საწყის ფაზაში ავადმყოფთა უმრავლესობას ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უვითარდება. ესენია:

* გაღიზიანებადობა;

* შფოთვა;

* მოუსვენრობა;

* კონცენტრაციის უნარის შესუსტება;

* დიარეა;

* წონის სწრაფი და უეცარი დაკლება;

* გულისცემის გახშირება ან არარეგულარულობა;

* ჭარბი ოფლიანობა;

* ტრემორი (კანკალი);

* მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

მომდევნო ფაზაში, როგორც ვთქვით, ჰიპერთირეოზს ჰიპოთირეოზი ენაცვლება. ამ ფაზისთვის დამახასიათებელია:

* დაღლილობა;

* თმის ცვენა;

* სიცივესთან შეუგუებლობა;

* ყაბზობა;

* წონის მატება;

* დეპრესია.

ქვემწვავე თირეოიდიტის პირველი ფაზა 3 თვემდე გრძელდება, მეორემ კი შესაძლოა 9-დან 15 თვემდეც გასტანოს.

 

ქვემწვავე თირეოიდიტის ტიპები

განასხვავებენ ქვემწვავე თირეოიდიტის ოთხ ძირითად ქვეტიპს. ესენია:

* ქვემწვავე გრანულომატოზური თირეოიდიტი. ეს ქვემწვავე თირეოიდიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი მიზეზი ძირითადად ვირუსული ინფექციაა.

* პოსტნატალური თირეოიდიტი. თირეოიდიტის ეს ფორმა მშობიარობიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ ვითარდება და საშუალოდ 18 თვეს გრძელდება. მიზეზი ავტოიმუნური დარღვევაა. კლინიკური მანიფესტაცია, ჩვეულებრივ, ორ ფაზად იყოფა: დასაწყისში _ ჰიპერთირეოზის სიმპტომებით, შემდგომ _ ჰიპოთირეოზისა.

* ქვემწვავე ლიმფოციტური თირეოიდიტი. თირეოიდიტის ეს ფორმაც უმეტესად მშობიარობის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს. ჰიპერთირეოზის სიმპტომები ამ დროს მალევე (მშობიარობიდან დაახლოებით 3 თვეში) ვლინდება.

* პალპაციური თირეოიდიტი. მის განვითარებას ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების მექანიკური გაღიზიანება იწვევს, რაც ხშირი გასინჯვისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიძლება მოხდეს.

ქვემწვავე თირეოიდიტის ყველა ქვეტიპს კლინიკური მიმდინარეობის მსგავსი ტენდენცია ახასიათებს, რომელიც ჰიპერთირეოიდული ფაზით იწყება და ჰიპოთირეოიდული ფაზით მთავრდება. განსხვავებებები გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.

 

დიაგნოსტიკა

ექიმი, უპირველეს ყოვლისა, გაგისინჯავთ ყელს და შეამოწმებს, ხომ არ არის ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული ან შეშუპებული, დაგისვამთ კითხვებს სიმპტომებისა და ჩივილების შესახებ, გამოგკითხავთ, ახლო წარსულში ხომ არ გადაგიტანიათ ზედა სასუნთქი გზების რომელიმე ვირუსული ინფექცია.

კლინიკური ანამნეზის შეკრების შემდეგ ექიმი ლაბორატორიულ ანალიზებზე გადავა. ამ დროს საჭიროა სისხლში თირეოიდული ჰორმონების -თირეოტროპინისა (TSH) და თავისუფალი თიროქსინის (FT4) _ დონის შემოწმება. ანალიზის პასუხები იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფაზაშია ქვემწვავე თირეოიდიტი. საწყის ფაზაში, რომლისთვისაც ჰიპერთირეოიდული მდგომარეობაა დამახასიათებელი, FT4-ის დონე მომატებული იქნება, ხოლო TSH-ისა _ დაწეული. მომდევნო ფაზაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჰიპოთირეოიდული მდგომარეობა, პირიქით, FT4-ის დონე იქნება დაწეული, ხოლო TSH-ისა _ მომატებული. ჰიპერთირეოიდულ და ჰიპოთირეოიდულ ფაზებს შორის შესაძლოა იყოს გარდამავალი _ ეუთირეოიდული ფაზაც, რომლის დროსაც TSH-ისა და FT4-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

სისხლის საერთო ანალიზში საყურადღებოა ერიტროციტების დალექვის სიჩქარის _ ედსის მატება და არა ლეიკოციტების მატება (რაც ბაქტერიული ინფექციებისთვისაა დამახასიათებელი).

ქვემწვავე თირეოიდიტის მიმდინარეობის დროს საჭიროა პაციენტის 4 კვირაში ერთხელ ნახვა და თირეოიდული ჰორმონების დონის შემოწმება.

 

მკურნალობა

ქვემწვავე თირეოიდიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი სპეციფიკურ მკურნალობას დაგინიშნავთ, რომელიც ტკივილისა და ანთებითი პროცესის შემცირებისა და სხვა თანდართული მოვლენების თავიდან აცილებისკენ იქნება მიმართული. ეს მკურნალობა მოიცავს:

* კორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, პრედნიზოლონს. თავდაპირველად ინიშნება შედარებით დიდი დოზა, რომელიც ნელ-ნელა მცირდება. კორტიკოსტეროიდები აქრობს ფარისებრი ჯირკვლის ანთებით პროცესს და შეშუპებას და ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას.

* ბეტა-ბლოკერებს. მედიკამენტების ეს ჯგუფი გამოიყენება მაშინ, როდესაც დჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი მოვლენები, მაგალითად, ტაქიკარდია და არტერიული ჰიპერტენზია. ისინი ხელს უწყობენ გულის რიტმისა და არტერიული წნევის დარეგულირებას. ზოგიერთი ექიმი ბეტა-ბლოკერებთან ერთად კალიუმის პრეპარატების მიღებასაც უწევს რეკომენდაციას.

* კუჭის დამცავ მედიკამენტებს. კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია კუჭის დამცავი მედიკამენტების, მაგალითად, ომეოპრაზოლის ან ნექსიუმის მიღება.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ქვემწვავე თირეოიდიტის მოგვიანებით ფაზაში ჰიპოთირეოზი ვითარდება. ვინაიდან ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობის თიროქსინს ვერ გამოიმუშავებს, შესაძლოა საჭირო გახდეს დანაკლისის შევსება ჰორმონის სინთეზური ანალოგით _ ლევოთიროქსინით. ლევოთიროქსინი ბაზარზე ორი _ ეუთიროქსისა და L-თიროქსინის _ ფორმით გამოდის.

ქვემწვავე თირეოიდიტის მკურნალობა სამუდამოდ არ გრძელდება _ მაჩვენებლების ნორმალიზების შემდეგ მედიკამენტური ჩარევა წყდება.

ქვემწვავე თირეოიდიტის დროს მნიშვნელოვანია იოდის დანამატებისა და იოდის შემცველი საკვების (ზღვის წყალმცენარეების, კრევეტების, თინუსის, ვირთევზას, იოდიანი მარილის) მიღებისგან თავის შეკავება _ მათ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესონ.

 

პრევენცია და პროგნოზი

ქვემწვავე თირეოიდიტის პრევენციის კონკრეტული ღონისძიებები არ არსებობს. მისი განმეორების შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, თუმცა პოსტნატალური ჰიპოთირეოზის შესაძლოა მომდევნო ორსულობების დროსაც განმეორდეს.

დაავადების პროგნოზი ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების ხარისხსა და ფორმაზეა დამოკიდებული. როდესაც დაზიანება ძლიერია, შესაძლოა თავი იჩინოს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ფუნქციონირების პერმანენტულმა პრობლემებმა და მისი მუდმივი მეთვალყურეობა გახდეს საჭირო.

 

როგორია გამოსავალი

ქვემწვავე თირეოიდიტის ჩაცხრობას მთლიანობაში 12-დან 18 თვემდე სჭირდება. შემთხვევათა 90-95%-ში შედეგი ძალიან კარგია _ ავადმყოფობა სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა ხდება ისეც, რომ გვიან სტადიაზე ჰიპოთირეოზი პერმანენტულ სახეს იღებს და სამუდამო პრობლემად რჩება. ამერიკის ფარისებრი ჯირკვლის ასოციაციის მონაცემების თანახმად, პერმანენტული ჰიპოთირეოზი ქვემწვავე თირეოიდიტის მქონეთა 5-10%-ს უვითარდება. პერმანენტული ჩიყვი და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ყველაზე მეტად პოსტნატალური თირეოიდიტის შემდეგ არის მოსალოდნელი.

ქვემწვავე თირეოიდიტის თაობაზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოსტირება და დროული მკურნალობა დიდ როლს ასრულებს პერმანენტული დაზიანების თავიდან აცილებაში.

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: