მეტი პროლაქტინი – მეტი პრობლემა

გააზიარე:

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის მოწესრიგებული ჰორმონული ფონი რომ აუცილებელია, ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. პროლაქტინი იმ ჰორმონთაგანია, რომლებიც ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე უშუალო გავლენას ახდენს. სისხლში მისი შემცველობის მატებას ამ ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, უშვილობის პრობლემის მქონე ქალისთვის პირველი რიგის კვლევა სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის განსაზღვრა უნდა იყოს. “ავერსის კლინიკის” ექიმი ენდოკრინოლოგი გურანდა მაისურაძე სწორედ ჰორმონ პროლაქტინზე, მისი ჭარბი სეკრეციის მიზეზებსა და შედეგებზე გვესაუბრება:

– ჰიპერპროლაქტინემია ანუ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია ნებისმიერი პროფილის ექიმისთვის, განსაკუთრებით კი ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგისთვის, აქტუალური პრობლემაა. ჩვენს ორგანიზმში პროლაქტინის (PRL) სინთეზის ძირითადი წყარო ადენოჰიპოფიზის – თავის ტვინში მდებარე შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის – ლაქტოტროფული უჯრედებია. გარდა ჰიპოფიზისა, პროლაქტინი წარმოიქმნება პლაცენტის უჯრედებში, თავის ტვინის ნეირონებში, საშვილოსნოს მიომეტრიუმში, სასქესო და სარძევე ჯირკვლებში, ეპიფიზში, თიმუსსა და სხვა ქსოვილებში. მისი სეკრეცია რთული ნეიროენდოკრინული მექანიზმით რეგულირდება. პროლაქტინი მართლაც უმნიშვნელოვანესი ჰორმონია. იგი აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მრავალი ფიზიოლოგიური პროცესის, მათ შორის – წყლისა და ელექტროლიტური ცვლის, ზრდა-განვითარების, მეტაბოლური პროცესების, რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირებისთვის.

ჰიპერპროლაქტინემია ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც. შესაბამისად, პროლაქტინის დონის მომატება ყოველთვის პათოლოგიურ პროცესზე არ მიუთითებს.

ფიზიოლოგიურ ჰიპერპროლაქტინემიას იწვევს ორსულობა, ძუძუთი კვება (წოვის აქტი), სარძევე ჯირკვლის დვრილების გაღიზიანება, ზოგიერთი სამედიცინო მანიპულაცია, ძილი, ჰიპოგლიკემია, სქესობრივი აქტი, ცილოვანი საკვების მიღება.

პათოლოგიური ჰიპერპროლაქტინემიის ძირითადი მიზეზია პროლაქტინომა – ჰიპოფიზის სიმსივნე. პროლაქტინომა ჰორმონულად აქტიურ სიმსივნეთა რიცხვს მიეკუთვნება, მისი უჯრედები დიდი ოდენობით პროლაქტინს გამოიმუშავებს და სისხლში გადაისვრის. სისხლში პროლაქტინის დონის მომატება მოსალოდნელია ჰიპოფიზის სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეების (მაგალითად, სომატოტროპინომის, კორტიკოტროპინომის, გონადოტროპინომის), ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის დაზიანების დროსაც.

გარდა ამისა, არსებობს სიმპტომური ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც სხვადასხვა დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის ფონზეც იჩენს თავს. მაგალითად, ცნობილია, რომ პროლაქტინის სეკრეცია აქტიურდება ზოგიერთი ენდოკრინული და სომატური დაავადების დროს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზიც. პროლაქტინის მომატება ზოგიერთი მედიკამენტის, მათ შორის – მაღალი წნევის, კუჭის წყლულისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატების (რეზერპინი, მეთილდოფა, ჰალოპერიდოლი, ვერაპამილი, ციმერიდინი, იპიოიდები, ესტროგენები) მიღებასაც უკავშირდება. ჩვენ ამას მედიკამენტურ ჰიპერპროლაქტინემიას ვუწოდებთ.

გამოყოფენ პროლაქტინის სიჭარბის სხვა ფორმებსაც:

* უსიმპტომო ჰიპერპროლაქტინემიას – არ გააჩნია გამოხატული სიმპტომატიკა, პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ უშლის;

* ფსიქოგენურ ჰიპერპროლაქტინემიას – ხანგრძლივმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა შესაძლოა პროლაქტინის დონის მომატება გამოიწვიოს;

* ალკოჰოლურ ჰიპერპროლაქტინემიას – ცნობილია, რომ ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებაც უწყობს ხელს პროლაქტინის სინთეზს;

* ჰიპერპროლაქტინემიას პროფესიონალ სპორტსმენებში – მუდმივი ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში პროლაქტინის სინთეზის სტიმულატორია.

– კლინიკურად როგორ ვლინდება ჰიპერპროლაქტინემია?

– ცნობილია, რომ ჰიპერპროლაქტინემია ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან. იმ პაციენტთა 75%-ს, რომლებიც ექიმს სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენის ან მენსტრუაციის უქონლობის გამო მიმართავენ, ჰიპერპროლაქტინემია აღენიშნება. სისხლში პროლაქტინის მაღალი დონე სასქესო ჰორმონებზე მოქმედებს, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის დაქვეითებას განაპირობებს, რასაც, თავის მხრივ, ოვულაციის პროცესის დარღვევამდე ან შეწყვეტამდე მივყავართ, ამიტომ ასეთ ქალებს მენსტრუალური ციკლის მოშლა და უნაყოფობა აღენიშნებათ. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, ქალებთან ჰიპერპროლაქტინემიის ყველაზე გავრცელებული კლინიკური სიმპტომია გალაქტორეა – რძის გამოყოფა, რომელიც არ უკავშირდება ორსულობას ან ძუძუთი კვებას. პროლაქტინის სიჭარბის დროს ქალები ხშირად უჩივიან სიმსუქნეს, საშვილოსნოსა და საშოს ჰიპოპლაზიას (ზომის შემცირებას) და სიმშრალეს, რაც სქესობრივ აქტს მტკივნეულს ხდის. თუმცა არც ის არის გამორიცხული, პროლაქტინის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ქალს გამოხატული ჩივილები არ ჰქონდეს.

ჰიპერპროლაქტინემია მამაკაცებთან შედარებით იშვიათად გვხვდება. მას დამახასიათებელი კლინიკა აქვს: ჰიპოგონადიზმი (სათესლეების მიერ მამაკაცის სასქესო ჰორმონის სეკრეციის შემცირება), უშვილობა, ლიბიდოს დაქვეითება, ორგაზმის უქონლობა, ფრიგიდულობა, ერექციული უკმარისობა, გინეკომასტია, ლაქტორეა, ზოგჯერ – თმოვანი საფარველისა და კუნთოვანი მასის შემცირებაც. როცა ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზი დიდი ზომის პროლაქტინომაა, ეს უკანასკნელი მხედველობის ნერვს აწვება, რის გამოც პაციენტის ჩივილებს თავის ტკივილი და მხედველობის პრობლემები ერთვის.

– როდის მივმართოთ ექიმს და რომელი გამოკვლევები ჩავიტაროთ?

– თუ პაციენტს ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები აქვს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს და სისხლში პროლაქტინის დონე გამოიკვლიოს. ჰიპერპროლაქტინემიის დიაგნოზს მხოლოდ სისხლში პროლაქტინის მაღალი შემცველობა ადასტურებს.

პროლაქტინის ნორმა ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავებულია:

 

ქალებთან:

11-დან 13 წლამდე – 2,5-17 გ/ლ

14-დან 18 წლამდე  – 4,2-25 გ/ლ

19-დან 50 წლამდე –

. ფოლიკულური ფაზა – 2,8-18 გ/ლ

. ლუთეინური ფაზა – 4,4-25 გ/ლ

50 წლიდან: 2,8-25 გ/ლ

 

მამაკაცებთან:

11-დან 13 წლამდე – 2,8-24 გ/ლ

14-დან 18 წლამდე – 2,8-16 გ/ლ

18 წლიდან – 2,1-18 გ/ლ

პროლაქტინის გამოკვლევა ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე გამოკვლევაა. მისი განსაზღვრა სასურველია დილით, უზმოზე, გაღვიძებიდან არა უმეტეს 2-3 საათის შემდეგ. გამოსაკვლევმა პირმა არ უნდა მიიღოს შხაპი. სისხლის აღებამდე სასურველია 30-წუთიანი მოსვენება, გამოკვლევამდე 24 საათის განმავლობაში კი ქალმა, თუ იგი მეძუძურია, არ უნდა აწოვოს ძუძუ. ამ დროს არც სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენის არსებობის შემოწმებაა რეკომენდებული – როგორც უკვე მოგახსენეთ, ძუძუსთავების გაღიზიანება პროლაქტინის სეკრეციას უწყობს ხელს და შესაძლოა, ცრუ დადებითი შედეგი მოგვცეს.

თუ გამოკვლევამ პაციენტის სისხლში პროლაქტინის მაღალი შემცველობა გამოავლინა, ჰიპერპროლაქტინემიის სიმპტომური ფორმების გამორიცხვაა საჭირო. ამაში პაციენტის ანამნეზური და ფიზიკალური გასინჯვის შედეგად მიღებული მონაცემები გვეხმარება. რეპროდუქციული ასაკის ქალებთან უპირველესად ორსულობა უნდა გამოვრიცხოთ. ჰიპოთირეოზის კლინიკის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ვიკვლევთ. პაციენტს ვეკითხებით, წარსულში ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები ხომ არ ჰქონია, რაიმე მედიკამენტს ხომ არ იღებს. თუ ექიმი პროლაქტინომის არსებობას იეჭვებს, შესაძლოა, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ჩატარებაც დაგვჭირდეს. პროლაქტინის მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი (>250 გ/ლ), წესისამებრ, ჰიპოფიზის სიმსივნის დროს გვხვდება, თუმცა მსგავს შემთხვევებში არც მედიკამენტური ჰიპერპროლაქტინემიაა გამორიცხული.

– როგორ მკურნალობენ ჰიპერპროლაქტინემიას?

– მკურნალობის ძირითადი მიზანი პროლაქტინის სეკრეციის ნორმალიზება, რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა და დაავადების სხვა სიმპტომების გაქრობაა. მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია და პრობლემის მიზეზზეა დამოკიდებული.

პროლაქტინომით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ იყენებენ დოფამინის აგონისტებს – ბრომოკრიპტინსა და კაბერგოლინს, რომლებიც ხელს უწყობს დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი, თავის მხრივ, პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს. ამის შედეგად სისხლში პროლაქტინის მაჩვენებელი ნორმალიზდება და დროთა განმავლობაში სიმსივნის ზომაც მცირდება. ამ მედიკამენტებს შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში კარგი შედეგი აქვს. მათ იშვიათად ახასიათებთ გვერდითი ეფექტები – თავის ტკივილი, გულისრევა და თავბრუსხვევა. მათი თავიდან აცილება წამლის დოზის ეტაპობრივი გაზრდით შეიძლება. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ კი წამლის დოზაც ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. ექიმის დაუკითხავად პრეპარატის შეწყვეტა დაუშვებელია – ამან შესაძლოა სიმსივნის რეციდივი გამოიწვიოს. თუ სასურველი შედეგი მედიკამენტური თერაპიის დაწყებიდან 5 წლის შემდეგაც ვერ მივიღეთ, დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ქირურგიული მკურნალობაც უშედეგოა, მკურნალობაში ერთვება სხივური თერაპია. პროგნოზი თითქმის ყოველთვის კეთილსაიმედოა. სიმსივნის მალიგნიზაცია ძალზე იშვიათად ხდება.

თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზია მედიკამენტი, რომელსაც პაციენტი იღებს, ჩვენ მას 3 დღით ამ პრეპარატის შეწყვეტას და ტესტის გამეორებას ვთხოვთ. თუ პროლაქტინის დონე გასწორდა, საქმე მედიკამენტურ ჰიპერპროლაქტინემიასთან გვქონია. ამ შემთხვევაში პაციენტს პრეპარატის ისეთ შემცვლელს ვუნიშნავთ, რომელიც პროლქტინის დონის მატებას არ იწვევს. თუ ასეთი არ მოიძებნება, ვუნიშნავთ დოფამინის აგონისტს. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალიზებაა საჭირო. ჰიპოთირეოზის მკურნალობა, წესისამებრ, ხანგრძლივია, ხშირად მთელი სიცოცხლე გრძელდება.

ხდება ისეც, რომ პროლაქტინის ჭარბი სეკრეციის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ჩვენ ამას იდიოპათიურ ჰიპერპროლაქტინემიას ვუწოდებთ. ასეთ დროს პროლაქტინის დონე ზოგჯერ თავისთავად, მკურნალობის გარეშე უბრუნდება ნორმას. თუ რამდენიმე თვეში მისმა მაჩვენებელმა არ დაიკლო, დოფამინის აგონისტების გამოყენება გვიხდება.

თამარ არქანია

გააზიარე: