რა იწვევს პოდაგრას?
გააზიარე:
პოდაგრა, სხვაგვარად – ნიკრისის ქარი, ართრიტის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელსაც მწვავე ტკივილის მოულოდნელი შეტევები ახასიათებს. ტკივილს ერთვის სახსრის შეშუპება, შეწითლება, მხურვალება, დაჭიმულობა და მოძრაობის შეზღუდვა. პოდაგრა ყველაზე ხშირად ფეხის დიდი თითის სახსარს ითრევს, თუმცა პროცესში შესაძლოა ნებისმიერი სხვა სახსარიც ჩაერთოს.
პოდაგრის შეტევა მწვავე და მოულოდნელია. ტკივილმა შესაძლოა შუაღამისასაც კი გამოგაღვიძოთ. ამ დროს ადამიანი მტკივან სახსარზე მსუბუქი ზეწრის შეხებასაც კი ვერ იტანენ.
პოდაგრას ბევრი ტერფის დიდი თითის ფუძესთან განვითარებულ ძვლოვან წანაზარდს უწოდებს, რაც დიდი შეცდომაა. ამ წანაზარდს მედიცინაში ჰალუს ვალგუსი ეწოდება. ის ტერფის ორთოპედიული პრობლემაა და პოდაგრასთან არაფერი აქვს საერთო.
პოდაგრა ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. მისი შეტევები პერიოდულად მეორდება, თუმცა მათი თავიდან აცილება შესაძლებელია.
პოდაგრის ნიშნები
პოდაგრის შეტევა, როგორც უკვე ვთქვით, მოულოდნელად იწყება. მისი ნიშნებია:
* სახსრის ინტენსიური ტკივილი. ყველაზე ხშირად – ფეხის დიდი თითის სახსრისა, შემდეგ – მუხლის, კოჭის, იდაყვის, მაჯისა და თითის ფალანგების სახსრებისა. ტკივილის ყველაზე მწვავე პერიოდი პირველი 4-12 საათია, შემდეგ მისი ინტენსივობა ნელ-ნელა იკლებს.
* ხანგრძლივი დისკომფორტი. ძლიერი ტკივილი რამდენიმე საათში გაივლის, მაგრამ სახსრებში დისკომფორტის შეგრძნებამ შესაძლოა რამდენიმე კვირაც გასტანოს. რაც უფრო შორსაა წასული პოდაგრა, მით უფრო მეტი სახსარია ჩართული შეტევაში და სიმპტომებიც მით უფრო მეტხანს გრძელდება.
* ანთება და სიწითლე. შეტევაში ჩართული სახსარი ან სახსრები შეშუპებული, დაჭიმული, ცხელი და შეწითლებულია.
* მოძრაობის შეზღუდვა. პოდაგრის პროგრესირებასთან ერთად სახსრის მოძრაობა უფრო და უფრო ძნელდება, ბოლოს კი შეუძლებელი ხდება.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ზემოთ აღწერილმა სიმპტომებმა მოულოდნელად იჩინა თავი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ნებაზე მიშვებულმა პოდაგრამ შესაძლოა ძლიერი ტკივილები და სახსრების პერმანენტული დაზიანება გამოიწვიოს.
თუ სახსრის შეწითლებასა და შეშუპებასთან ერთად სიცხემაც აგიწიათ, დაუყოვნებლივ მიდით ექიმთან – შესაძლოა, ეს ინფექციის ნიშანი იყოს.
რა იწვევს
პოდაგრის შეტევას სახსრებში ჩალაგებული შარდმჟავას მარილები იწვევს, სახსრებში მათი ჩალაგების მიზეზი კი სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებაა. შარდმჟავა ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერებების, პურინების, დაშლის შედეგია. პურინები ზოგიერთი სახის საკვებშიც მოიპოვება, მაგალითად, ხორცსა და თევზში. პურინებით მდიდარია ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით – ღვინო და ლუდი, ასევე – ფრუქტოზით დამტკბარი ტკბილი სასმელები.
ორგანიზმში წარმოქმნილი შარდმჟავა თირკმელების საშუალებით გარეთ გამოიდევნება. ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი შეიძლება დაირღვეს, როცა შარდმჟავა მეტისმეტად ბევრია ან თირკმელები სათანადო რაოდენობით მის გამოდევნას ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში სისხლში შარდმჟავას დონე იმატებს და სახსრებში და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ბასრი, ნემსისმაგვარი კრისტალების ფორმირებას იწვევს, რაც შემდგომ ტკივილის, ანთებისა და შეშუპების მიზეზი ხდება.
რისკები
ორგანიზმში შარდმჟავას მომატებული კონცენტრაციის მქონე ადამიანებს პოდაგრის განვითარების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. კონცენტრაციის მომატებას ხელს უწყობს:
* პურინების შემცველი საკვები - ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები და ალკოჰოლური სასმელები;
* სიმსუქნე - ჭარბის წონის დროს ორგანიზმში უფრო მეტი შარდმჟავა გამომუშავდება და თირკმელებს მისი გამოდევნა უჭირთ;
* ზოგიერთი ქრონიკული დაავადება და სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად, ნებაზე მიშვებული არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, გულისა და თირკმლის დაავადებები;
* ზოგიერთი მედიკამენტი - ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი შარდმდენისა და ასპირინის მცირე დოზას შარდმჟავას დონის აწევა შეუძლია;
* პოდაგრის ოჯახური ისტორია - თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს პოდაგრა აქვს, თქვენი დაავადების რისკსაც იზრდება.
* ასაკი და სქესი - პოდაგრა კაცებს უფრო ხშირად ემართებათ. ეს იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმში შარდმჟავას დონე ბუნებრივადაა უფრო დაბალი, თუმცა მენოპაუზის შემდეგ ის იმატებს და თითქმის კაცისას უტოლდება. ამის კვალობაზე, კაცებს პოდაგრა უმეტესად 30-დან 50 წლამდე ემართებათ, ხოლო ქალებთან სიმპტომატიკა შედარებით გვიან, მენოპაუზის შემდეგ იჩენს თავს;
* ბოლო პერიოდში გადატანილი ოპერაცია ან ტრავმა.
პოდაგრის გართულებები
* განმეორებითი პოდაგრა – პოდაგრით დაავადებულთა ნაწილს პირველი შეტევის შემდეგ სიმპტომები აღარასოდეს უმეორდება, ნაწილს კი შეტევა შესაძლოა წელიწადში რამდენიმეჯერ დაემართოს. არსებობს მედიკამენტები, რომლებითაც პოდაგრის განმეორებითი შეტევების პრევენციაა შესაძლებელი. გახსოვდეთ, ნებაზე მიშვებულმა პოდაგრამ საბოლოოდ შესაძლოა სახსრის ეროზიამდე და დესტრუქციამდე მიგვიყვანოს.
* პოდაგრული კვანძები - თუ პოდაგრა ნებაზე მივუშვით, შარდმჟავას მარილების კრისტალები შესაძლოა კანქვეშ ჩალაგდეს და პოდაგრული კვანძების – ტოფუსების ფორმირება გამოიწვიოს. ტოფუსები ჩნდება ხელებზე, ფეხებზე, თითებზე, იდაყვებზე, აქილევსის მყესის არეში. მტკივნეული არ არის, თუმცა შეტევის დროს შესაძლოა შეშუპდეს და დაიჭიმოს.
* თირკმლის კენჭები - თუ ადამიანს პოდაგრა აქვს, შარდმჟავას კრისტალები შესაძლოა საშარდე სისტემაშიც ჩალაგდეს და თირკმლის კენჭების ჩამოყალიბებას დაუდოს სათავე.
დიაგნოზი
პოდაგრის დიაგნოზის დასადასტურებლად დაგვჭირდება:
* სისხლის ანალიზი. რეკომენდებულია სისხლში შარდმჟავასა და კრეატინინის დონის განსაზღვრა, თუმცა ანალიზის პასუხმა შესაძლოა შეცდომაშიც შეგვიყვანოს. საქმე ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სისხლში შარდმჟავას დონე მაღალი აქვთ, მაგრამ არასოდეს ემართებათ პოდაგრა და პირიქით - ადამიანები, რომლებთანაც აშკარაა პოდაგრის სიმპტომები და ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ სისხლში შარდმჟავას დონე ნორმას არ აღემატება.
* სახსრიდან აღებული სითხის ტესტი. სითხეს ნემსით იღებენ შეტევაში ჩართული ანთებითი სახსრიდან და იკვლევენ. მიკროსკოპით დათვალიერებისას ამ სითხეში ხშირად შარდმჟავას კრისტალების დანახვაა შესაძლებელი.
* რენტგენოგრაფია. სახსრის რენტგენოგრაფიული კვლევა შესაძლოა სახსრის ანთების სხვა მიზეზების გამორიცხვაში დაგვეხმაროს.
* ულტრაბგერა. ექოსკოპიურმა კვლევამ შესაძლოა სახსრებში ან ტოფუსებში შარდმჟავას კრისტალების არსებობა გამოავლინოს. ამ მეთოდს ევროპაში უფრო ფართოდ იყენებენ, ვიდრე ამერიკაში.
* ორმაგი ენერგიის კომპიუტერული ტომოგრაფია. მისი საშუალებით სახსარში შარდმჟავას კრისტალების აღმოჩენა არაანთებითი მდგომარეობის დროსაცაა შესაძლებელი, თუმცა სიძვირის გამო რუტინულ პრაქტიკაში ამ ტესტის გამოყენება ვერ ხერხდება.
მკურნალობა
პოდაგრის მკურნალობისას ხშირად აუცილებელია წამლების მიღება. რომელს მიიღებთ და როგორ – ეს თქვენი ექიმის და თქვენი გადასაწყვეტია თქვენივე ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობისა და თავისებურებების შესაბამისად.
პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ. ერთ ჯგუფს შეტევის კუპირებისთვის იყენებენ, მეორე კი მის თავიდან აცილებაში გვეხმარება და პოდაგრის პროგრესირებას უშლის ხელს.
პოდაგრის შეტევების სამკურნალოდ გამოიყენება:
* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ამ ჯგუფის ბევრი მედიკამენტი, ჩვეულებრივ, ურეცეპტოდ გაიცემა და ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებლებს. ასეთებია, მაგალითად, იბუპროფენი და ნაპროქსენი. თუმცა ამ ჯგუფში შედის შედარებით ძლიერმოქმედი პრეპარატებიც, რომლებიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. მაგალითად, ინდომეტაცინი, ცელეკოქსიბი (ცელებრექსი). მედიკამენტის დოზას ექიმი შეტევის სიმწვავისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის მიხედვით შეარჩევს. გაითვალისწინეთ: მედიკამენტების ეს ჯგუფი ზრდის კუჭის წყლულისა და სისხლდენის განვითარების რისკს.
* კოლხიცინი. პოდაგრის შეტევის კუპირებისთვის და ტკივილის შესამცირებლად ბევრი ექიმი რეკომენდაციას უწევს კოლხიცინის მიღებას. ამ მედიკამენტის ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენებიც, როგორებიცაა ფაღარათი, გულისრევა და ღებინება.
* კორტიკოსტეროიდები, მაგალითად, პრედნიზოლონის აბები ან სახსარშიდა ინექციები. კორტიკოსტეროიდებს მაშინ მიმართავენ, როდესაც პირველი ორი ჯგუფის მედიკამენტები (არასტეროიდები და კოლხიცინი) შედეგს არ გვაძლევს. მათი გვერდითი ეფექტებია სისხლში შაქრის დონის მომატება, არტერიული წნევის მომატება და სხვა.
როდესაც პოდაგრის შეტევა წელიწადში რამდენიმეჯერ ვითარდება ან ტკივილებია მეტისმეტად ინტენსიური, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, მკურნალობაში სხვა ჯგუფის მედიკამენტებიც ჩართოს. ამ მედიკამენტების დანიშნულება პოდაგრის შეტევებისა და მისი გართულებების თავიდან აცილებაში დახმარებაა. მათ მიეკუთვნება:
* შარდმჟავას წარმოქმნის დამთრგუნველი პრეპარატები. ეს წამლები ბოჭავს შარდმჟავს წარმომქმნელ ფერმენტს და, შესაბამისად, ამცირებს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი შარდმჟავის რაოდენობას. ამ ჯფუფში შედის ალოპურინოლი (ალოპრიმი, ლოპურინი, ზილოპრიმი) და ფებუქსოსტატი (ადენურიკი). მათი გვერდითი ეფექტებია კანზე გამონაყარი, გულისრევის შეგრძნება და ღვიძლის ფუნქციების დათრგუნვა.
* ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნის ხელშემწყობი საშუალებები. ეს ჯგუფი აუმჯობესებს თირკმლის უნარს, ორგანიზმიდან გარეთ გამოდევნოს შარდმჟავა. ამ დროს შარდმჟავას დონე სისხლში ქვეითდება, მაგრამ იმატებს შარდში. ეს მედიკამენტებია პრობენეციდი (პრობალანი) და ლესინურადი (ზურამპიკი). მათ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება გამონაყარი, მუცლის ტკივილი, თირკმლის კენჭების გაჩენა.
პოდაგრა ცხოვრების წესია
პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. პოდაგრის შეტევის დროს ადამიანი ზოგჯერ იმდენად შრომისუუნარო ხდება, რომ ყოველდღიური საქმეების შესრულებაც უჭირს, მაგალითად, ფეხით გადაადგილება ან საჭესთან ჯდომა. პოდაგრის დროს საჭიროა სპეციალური დიეტა, რომელიც პურინების შემცველი საკვების შეზღუდვას გულისხმობს. დიეტა პოდაგრას არ კურნავს, მაგრამ განმეორებითი შეტევებისთვის ხელის შეშლა და დაავადების პროგრესირების შეფერხება შეუძლია.
პოდაგრის დიეტის მიზანია:
* ჯანმრთელი წონის შენარჩუნება და ჯანსაღი კვება;
* პურინების შემცველი საკვების მნიშვნელოვნად შემცირებას (თუმცა არა რაციონიდან მთლიანად ამოღება);
* რაციონში ისეთი საკვების ჩართვა, რომელსაც სისხლში შარდმჟავას დონის კონტროლის უნარი შესწევს.
პოდაგრის დროს ძირითადი რეკომენდაციები ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპებს ემყარება, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:
* წონის დაკლება. ჭარბი წონა და სიმსუქნე პოდაგრის განვითარების რისკს ზრდის. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ დღიური კალორაჟის შემცირება და წონის დაკლება, თუნდაც პურინული საკვების შეზღუდვის გარეშე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შარდმჟავას დონის შემცირებასა და პოდაგრის შეტევების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, წონის დაკლება სახსრების დატვირთვასაც ამცირებს.
* რთული ნახშირწყლების (პოლისაქარიდების) მიღება. ტკბილეულისა და ტკბილი სასმელების ნაცვლად მიიღეთ მეტი ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, რომლებიც რთული ნახშირწყლების წყაროს წარმოადგენს.
* წყლის სმა;
* ცხიმების შეზღუდვა. თავი არიდეთ ცხიმიანი ხორცისა და მაღალი ცხიმიანობის რძის პროდუქტების მიღებას;
* ცილების მიღება. არჩევანი მჭლე ხორცზე ან ფრინველის თეთრ ხორცზე შეაჩერეთ, რძის პროდუქტების შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ დაბალი ცხიმიანობის ნაწარმს.
ზოგად რეკომენდაციებთან ერთად პოდაგრის დროს საჭიროა კვების სხვა, უფრო სპეციფიკური წესების დაცვაც:
* რაციონიდან ამოიღეთ ღვიძლი, თირკმელები და ამ კატეგორიის სხვა პროდუქტები – მათში დიდი რაოდენობითაა პურინები, რომლებიც შარდმჟავას დონის მნიშვნელოვან მატებას იწვევს.
* იშვიათად მიირთვით ძროხის, ცხვრისა და ღორის ხორცი. განსაკუთრებით ერიდეთ მათ ნახარშს. ასევე – ძეხვეულს, შებოლილ, დამარილებულ და დაკონსერვებულ პროდუქტებს.
* ფრთხილად შეარჩიეთ ზღვის პროდუქტები. ზოგიერთი სახეობის თევზი, მაგალითად, თინუსი, სარდინი, ხამსა, მდიდარია პურინებით. მაგრამ ვინაიდან თევზეული, საზოგადოდ, ძალიან მარგებელია, მისი ზომიერი მიღება პოდაგრის დიეტის დროსაც ნებადართულია. იკრძალება მხოლოდ თევზის კონსერვი და დამარილებული თევზი.
* ყოველი შემთხვევისთვის, პურინების შემცველ ბოსტნეულსაც ერიდეთ (ასეთია სატაცური, ისპანახი და პარკოსნები), თუმცა კვლევებს არ დაუდასტურებია, რომ მათი მიღება პოდაგრის შეტევის რისკს ზრდის. არასასურველია ბოსტნეულის მწნილი.
* ალკოჰოლი, განსაკუთრებით – ლუდი და ღვინო, მაღლა სწევს შარდმჟავას დონეს და პოდაგრის განმეორებითი შეტევების რისკს. განსაკუთრებით ერიდეთ მათ მიღებას შეტევის დროს.
* შაქრის შემცველი საკვები რაციონიდან ამოიღეთ. ერიდეთ საკონდიტრო ნაწარმს, ტკბილეულს, დამტკბარ ბურღულის ფაფებს, ტკბილ სასმელებს.
* მიიღეთ C ვიტამინი – ვარაუდობენ, რომ ის შარდმჟავას დონის დაქვეითებას უწყობს ხელს.
* სვით ყავა. აქამდე ის მავნე პროდუქტად მიიჩნეოდა, მაგრამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ყავას შარდმჟავას დონის დაქვეითება შესძლებია. რა მექანიზმით აკეთებს ამას, ჯერჯერობით უცნობია. შარდმჟავას დონის დაწევის უნარი როგორც ჩვეულებრივ, ისე უკოფეინო (კოფეინგამოცლილ) ყავასაც შესწევს.
* მიირთვით ალუბალი – ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მას პოდაგრის შეტევების რისკის შემცირება შეუძლია.
ელენე ზურაბიშვილი